„სიყვარული პატივისცემაა, ზრუნვა და ბედნიერებაა, თუ გაუფრთხილდები, არსად წავა... მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ შეყვარებულია“ - ცისანა სეფიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ - Marao

„სიყვარული პატივისცემაა, ზრუნვა და ბედნიერებაა, თუ გაუფრთხილდები, არსად წავა... მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ შეყვარებულია“ - ცისანა სეფიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ

2022-02-25 15:30:07+04:00


ცისანა სეფიაშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. მისი ურთიერთობები თუ კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მან საკუთარი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან “ ბლიც ინტერვიუში ისაუბრა:

პროფესია: თეატრმცოდნე, პიარსპეციალისტი, მომღერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობას მახსენებს და დღემდე ძალიან მიყვარს ჯემალის გაკეთებული მოხალული ფქვილის ფაფა. არ ვიცი როგორ, მაგრამ სხვის მომზადებულს მაშინვე ვხვდებოდი და არ ვჭამდი.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– საავადმყოფოში მოლარე. ჩემს ბავშვობაში დიდი სალაროს აპარატები იყო, რომელსაც დიდი ხმაც ჰქონდა ხოლმე და ეს მომწონდა. მერე ექიმობა მინდოდა და გადავწყვიტე, ორი პროფესია შემეთავსებინა – საავადმყოფოს შესასვლელში ვყოფილიყავი მოლარე (იცინის).

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, რომელიც არა მარტო თავის პროფესიაშია შემდგარი, არამედ ყველგან – პიროვნულად, ოჯახში, მეგობრებში... არის კეთილშობილი, ავკარგიანი, ადამიანური. წარმატებულ ადამიანს ძალიან ბევრი რამე შემიძლია, მივაკუთვნო, ძირითადად, ეს ყოველივე ადამიანობასთან და სულიერ სისუფთავესთანაა დაკავშირებული.

– მწამს...

– ყოველთვის ვამბობ: ყველაფერი არის ძალიან კარგად და კიდევ უფრო კარგად იქნება-მეთქი. მწამს იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ოპტიმისტი ვარ და ასე ვცხოვრობ. ვფიქრობ, სევდა და პესიმიზმი უინტერესოა.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი არის სიყვარული. მის არსებობას ყველგან ვგრძნობ, თუნდაც ის, რომ ორი დღის წინ ნუში აყვავდა, ესეც ღმერთის ნება იყო. ყველაფერში არის მისი ნება და ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება.

– მეშინია...

– მშიშარა ვარ, ბევრი რამის მეშინია, მაგალითად, სიბნელის, კიდევ – ქალური შიშები... გლობალურად რწმენაში არ ვარ ისეთი გაძლიერებული, რომ სიკვდილის არ მეშინოდეს და ეს ძალიან ცუდია.

– ქალური ბედნიერება...

– შენი შვილების ჯანმრთელობა და მათი სილაღეა ბედნიერება. ქალური ბედნიერება რომ სრულყოფილი იყოს, შენ ირგვლივ ყველა ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს: მეგობრები, ოჯახის წევრები, შვილები, საყვარელი ადამიანები... ქალის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ეყვარება, ქალს უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმე. ბედნიერებისთვის ეს მთლიანი წრე უნდა შეიკრას. ზოგადად, ბევრი რამეა დამოკიდებული სრულყოფილ ბედნიერებაზე და ქალური იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს – რაც შეეხება სრულყოფილ ბედნიერებას, თორემ ისე, მე ყველაფერი მაბედნიერებს და ყოველ წუთს შემიძლია, ვიყო ბედნიერი. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ამ ბუნებით დამაჯილდოვა.

– ვრისკავ...

– ხშირად. რისკიანი ვარ და ეს ყველაფერში გამოიხატება. „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ – ასეთი დევიზივით მაქვს. ტყუილუბრალოდ არ გვეგზავნება რაღაცები. არის შემთხვევები, როცა უნდა გაბედო. ყოფილა სიტუაცია, გამირისკავს, რადგან შესაძლოა, მეორე შანსი აღარ მქონოდა. რომ გითხრათ, ყოველთვის გამიმართლა-მეთქი – არა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, თავისი შეცდომებით. თუ არ გარისკე, ისე არაფერი გამოდის.

– მაკვირვებს...

– არაფერი აღარ მაკვირვებს. იმიტომ, რომ უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა და სიტუაციამ გამაკვირვა და მატკინა. აღარ მაკვირვებს, მაგრამ იმას ვერ გეტყვით, არ მტკივა და არ განვიცდი-მეთქი.

– ვერიდები...

– სულ ვცდილობ, რომ ადამიანებს გული არ ვატკინო და ისე არ მოვექცე, როგორც თვითონ იქცევიან. ბევრჯერ ყოფილა, უთქვამთ: ის რომ ასე მოგექცა, შენ რატომ არ უპასუხეო. მისი პრობლემაა, რომ ასეთია, მე ხომ მას არ ვგავარ.

– ბედისწერა...

– მჯერა მისი არსებობის, მაგრამ პარალელურ რეჟიმში იმისიც მწამს, რომ ჩვენი ფიქრები და პოზიტიური განწყობა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას. სამყარო გვიბრუნებს იმას, რაზედაც ვფიქრობთ და როგორც ვცხოვრობთ. სამყაროში ვაგზავნით ფიქრებს, კადრებს, სიუჟეტებს და ეს ყოველივე უკან გვიბრუნდება. ამიტომ ვეცადოთ, ყოველთვის პოზიტიური ფიქრებით ვიყოთ დატვირთული.

– რთული პერიოდი...

– ძალიან ბევრი რთული პერიოდი მქონია, მეტსაც გეტყვით, ახლაც ძალიან რთული პერიოდი მაქვს. ხანდახან ვხუმრობ: „ამტანებში“ ვთამაშობ და ტურებს გავდივარ, ფინალური ტური კი ძალიან რთული ყოფილა-მეთქი. ბევრი რთული მისია აქვს ადამიანს, მაგრამ ჩემი საყვარელი ფრაზაა „ყველაფერი გაივლის“.

– სიყვარული...

– ჩემთვის ყველაფერია. მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ შეყვარებულია სიყვარულზე.

– დრო და სიყვარული...

– გრძნობას არაფერი ემართება, თუ ის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ვინც ერთმანეთისთვისაა შექმნილი. სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე უნდა კვება. მცდარი აზრია, როცა ამბობენ: უფ, არსად წავა! ეს ტყუილია, ყველა წავა, რადგან სიყვარული ურთიერთპატივისცემა, ურთიერთზრუნვა და ბედნიერებაა, რომელიც ერთმანეთს უნდა აჩუქონ. თუ მას გაუფრთხილდები, მაშინ არსად წავა, ოღონდ ერთი ფასეულებების, ერთი მისწრაფებების ადამიანები უნდა იყვნენ ერთად. შენი ადამიანი უნდა იპოვო და გრძნობა კვებო: პატივისცემით, ბედნიერებითა და ურთიერთზრუნვით.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ტყუილი არ მიყვარს. 10-15 წლის წინ შეიძლება, ჩამომეთავალა, რა იყო უპატიებელი, მაგრამ ცხოვრება განახვებს, რომ ბევრი რამის პატიება შეიძლება. ჩემთვის ტყუილი რთული საპატიებელია, თუმცა, ვიდრე ტყუილს დაიჯერებ, უნდა მიხვიდე იმ ადამიანთან, დაელაპარკო და თვალებში ჩახედო. საუბრის დროს ბევრი რამე ირკვევა, მაშინ გაიგებ სიმართლეს და გადაწყვეტ, აპატიო თუ არა.

– შემშურებია...

– ერთ ძალიან ჭკვიან და ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ არ შემშურებია-მეთქი. მიპასუხა: არ არსებობს, ყველა ადამიანს აქვს შურის განცდაო. დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ვერ გავიხსენე, როდის შეიძლებოდა შემშურებოდა. უფრო მომნდომებია და მითქვამს: უფ, როგორ მინდა, ასეთი მანქანა-მეთქი, მაგრამ ის, რომ შურის შეგრძნებას შევეპყარი – არა. შური და ბოღმა ძალიან ცუდი რამაა, ის ადამიანი, რომელსაც ეს თვისებები ახასიათებს, ძალიან ცოდვაა.

– სამაგიეროს გადახდა...

– ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც არ ავიწყდება არც სიკეთე და არც ტკივილი. ჩემი სამაგიეროს გადახდა არის, რომ არ ვივიწყებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოღმით ვცხოვრობ – თაროზე შემოვდებ და მორჩა. აღარ ვარჩევ, რა როგორ იყო, ვდგები და მივდივარ, რადგან ვიცი, დროსთან ერთად ყველაფერი გაირკვევა. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ზედმეტად იმართლებენ თავს, შესაბამისად, მეც არავისთან ვიმართლებ თავს. მოვა დრო და გაიგებს ის ადამიანი, რა როგორ იყო, როცა მართალი ვარ, არსად მეჩქარება.

– ბოდიშის მოხდა...

– როგორ შეიძლება, გიჭირდეს ბოდიშის მოხდა, როცა დამნაშავე ხარ. არ მიყვარს, როცა ბოდიშს ვიხდი, თუ ამას ვაკეთებ და არგუმენტებით გისაბუთებ, რატომ დავაშავე, ეს ჩემთვის იმდენად მტკივნეული და მძიმეა, რომ იგივეს აღარასოდეს გავიმეორებ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ბოდიშს იმ წუთას იხდიან, რათა აპატიონ, მერე აგრძელებენ ცხოვრებას და ხვალაც იმავეს აკეთებენ. ეს ჩემთვის მიუღებელია.

– თავისუფლება არის...

– სულიერი სიმშვიდე, რომელიც უნდა იყოს ყველგან. როცა ხარ მშვიდი, ნიშნავს, რომ შენ ირგვლივ ყველა ბედნიერია და პირადიც არის ლამაზი.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– გლობალურად არაფერს შევუცვლივარ, არ მჯერა, როცა ამბობენ, მძიმე ცხოვრებამ შეცვალაო. არა, ის იყო ასეთი, უბრალოდ ნიღაბი მოსძვრა და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. დროსთან ერთად რაღაცების მიმართ უფრო ფრთხილი გავხდი, თუმცა, რაც წლების წინ მტკიოდა, დღესაც მტკივა. იმიტომ, რომ ყველაფერს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვუყურებ, ისე, როგორც მე გავაკეთებდი. თუმცა, ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ არა უშავს, მირჩევნია, ისევ ასეთი ვიყო და ახალი სიმძიმეები არ მომემატოს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– როცა 19 წლის ვიყავი და ვთხოვდებოდი, მაშინ მამამ თქვა: ხუთჯერ რომ გათხოვდეს ჩემი შვილი, მეექვსედ გავათხოვებ ჩემი ხელით, თუ არ ვნახავ, რომ ის ბედნიერიაო. საზოგადოებისთვის ეს მაშინ ცოტა გაუგებარი ფრაზა იყო, მამას ეს როგორ უნდა შვილისთვისო. უბრალოდ, სიტყვების სწორად გაგებაა საჭირო. მამის სურვილი არ არის, რომ მის შვილს ბევრი ოჯახი ჰქონდეს, მისი ერთადერთი სურვილია, მისი შვილი იყოს ბედნიერი. მამას მხოლოდ ის უნდა, რომ ჩემი თვალებიდან მზე მოდიოდეს.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“