მართალია, მაჰიდევრან სულთანი უმეტესობისთვის ნაკლებად საყვარელი პიროვნებაა, რადგან სულთან სულეიმანის საყვარელ მეუღლედ ჯერ კიდევ ჰიურემს განიხილავენ, ხოლო მაჰიდევრანი მის ნომერ პირველად მტრად აღიქმება, თუმცა ისტორიულად მაჰიდევრანი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად და სულთნის პირველ ხარჭადაა ცნობილი, რომელმაც სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე, პრინცი მუსტაფა გააჩინა.
მაჰიდევრან გულბაჰარ სულთანის ნამდვილი წარმოშობა ან სახელი ისტორიაში ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც წყაროებიდან ვიცით, წარმოშობით ჩერქეზული გვარის, კანუკოვების შთამომავალი იყო და სახელი მაჰიდევრანიც სულეიმანმა შეარქვა, მანამ, სანამ ეჭვიანობის ნიადაგზე მისი საყვარელი ქალის, ჰიურემის მოწამვლას გადაწყვეტდა და სამუდამოდ მანისაში გადაასახლებდნენ.
ასევე ვარაუდობენ იმასაც, რომ პირველი ხარჭა, რომელმაც სულთანს ბავშვი გაუჩინა, იყო-ფიულანე. ბიჭი ყვავილისგან გარდაიცვალა 1521 წელს, ხოლო თვითონ ფიულანე 1550 წელს მოკვდა.
ამბობენ, რომ მაჰიდევრანის ერთადერთი მხარდამჭერი სულეიმანის დედა, ვალიდე ჰაფსა სულთანი იყო, თუმცა მისმა გარდაცვალებამ სამუდამოდ განამტკიცა ჰიურემის ძალაუფლება.
მანისაში გადასახლების შემდეგ პრინც მუსტაფას ღალატში დასდეს ბრალი და საკუთარი მამის გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასაჯეს. მაჰიდევრანის ცხოვრება კიდევ უფრო აირია, თუმცა იგი მოესწრო როგორც ჰიურემისა და სულეიმანის, ასევე მათი ყველა შვილის გარდაცვალებასაც. არსებობს ვარაუდიც, თითქოს სულთან სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ მაჰიდევრანი სტამბულში დაბრუნდა.
არსებობს წყაროები, რომელთა მიხედვითაც მაჰიდევრანს სულთნისგან კიდევ ერთი გოგონა ჰყავდა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.
ჰიურემთან მტრული ურთიერთობის მიუხედავად, ჰასეკი ჰიურემ სულთანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსებად თურქები მიიჩნევენ იმასაც, რომ მან თავისი შვილები მაჰიდევრანისადმი პატივისცემითა და მოწიწებით აღზარდა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ პრინც სელიმის ტახტზე ასვლის შემდეგ დაპირებული ,,პენსია’’ დაუნიშნა მაჰიდევრანს.
საბოლოოდ, იგი გარდაიცვალა 1581 წლის 3 აგვისტოს. დაკრძალულია შეჰზადე მუსტაფას მავზოლეუმში, მურადიეს მეჩეთში.
ელენე ასათიანი