„ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, დეპრესია... როგორც გარედან ჩანს, ყველაფერი ისეთი ბრწყინვალე არ არის, ბევრი სირთულე გავიარე...“ - ქეთი ხატიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ - Marao

„ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, დეპრესია... როგორც გარედან ჩანს, ყველაფერი ისეთი ბრწყინვალე არ არის, ბევრი სირთულე გავიარე...“ - ქეთი ხატიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ

2022-02-28 14:12:05+04:00

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა ბავშვობა უკრაინაში გაატარა და ტანვარჯიშზეც იქ დაიწყო სიარული. ,,სარკეს” უყვება, რომ 4 წლის გოგონა პუტკუნა იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისგან შესანიშნავი ტანმოვარჯიშე დადგებოდა. გასართობად დაწყებული ვარჯიშები თანდათან შეუყვარდა. 6 წლის ასაკიდან სერიოზულად დაიწყო სპორტული ცხოვრება, რომელიც საქართველოში გადმოსვლისთანავე ინტენსიურად გააგრძელა. 14 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო. ახლა მთელ დღეს ტანვარჯიშის აკადემიაში ატარებს, სადაც უამრავი პატარა გოგონა ვარჯიშობს.

პირად ცხოვრებაში კი ჰქონდა რთული ეტაპი. რამდენიმე წლის წინ მისი ქორწინება ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიასთან დასრულდა. მარტო ზრდის გოგონას. ქეთის და მორაგბე და პარლამენტის დეპუტატ დავით კაჭარავას რომანი დაფარული აღარ არის, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობენ, მხოლოდ ერთად გადაღებულ ფოტოებს დებენ. 

– როგორია ახალგაზრდა ლამაზი ქალის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

– როგორც გარედან ჩანს – ლამაზი კაბები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, გაღიმებული ფოტოები – ისეთი ბრწყინვალე არ არის. ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.

– ოჯახის დანგრევის მერე გაგიჭირდათ მარტოს შვილის გაზრდა?

– მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი.

ჟურნალი "სარკე"