„დაწინდული“ ქალი საპატარძლო იყო და მას თავსაბური - „ჩიქილა“ უნდა ეტარებინა“ - როგორ ქორწინდებოდნენ საქართველოში ძველად - Marao

„დაწინდული“ ქალი საპატარძლო იყო და მას თავსაბური - „ჩიქილა“ უნდა ეტარებინა“ - როგორ ქორწინდებოდნენ საქართველოში ძველად

2022-03-01 10:01:27+04:00


ქორწინება და საქორწინო წეს-ჩვეულებანი, ისევე, როგორც საოჯახო ურთიერთობის ფორმები, შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. მიუხედავად მკვეთრი ტრანსფორმაციისა, იგი დღემდე ინარჩუნებს ეთნიკურ სპეციფიკას, სიმბოლიკასა და ტრადიციულ რიტუალურ ელემენტებს.

აკრძალვები

მექორწინე წყვილთა შორის ნათესაობის გამორიცხვა აუცილებელ, სავალდებულო წინაპირობად ითვლებოდა. წარსულში ამ ფაქტორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მას იცავდა არა მხოლოდ ხალხური, არამედ საეკლესიო სამართალიც.

წყვილთა დაქორწინების წინასავალდებულო პირობებს შორის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებოდა ოჯახის სოციალურ სტატუსს, წოდებრივ მდგომარეობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს. თავადი არათუ გლეხის, არამედ აზნაურის ქალსაც არ შეირთავდა.

ყველა თავისი წრის, სოციალურად და წოდებრივად თანასწორს ეძიებდა. გამონაკლისის შემთხვევაში ეს „დოგმა“ ირღვეოდა და ძალიან ხშირად არასასურველი შედეგებით მთავრდებოდა. ამიტომაც იგი მკაცრად და უპირობოდ იყო დაცული. ასევე მკაცრად იყო დაცული ტერიტორიული პრინციპიც. განსაკუთრებით, მთაში აკრძალული იყო თემის წევრებს შორის ქორწინება, უფრო მეტიც, თანასოფლელ ქალ-ვაჟთა ქორწინება მიუღებელი იყო.

მექორწინე წყვილთა შერჩევა - „გაჩხრეკა“

ტრადიციულად, საქართველოში მექორწინე მხარეთა შორის ურთიერთობის დამყარება წყვილთა წინასწარი შერჩევის, ანუ მათზე ინფორმაციის შეკრებით, „გაკითხვით“/„გაჩხრეკით“ იწყებოდა. ეს ჩვეულება გულისხმობდა სრულასაკოვანი, ანუ საქორწილოდ მოღერებული“ (მომწიფებული) ქალ-ვაჟის ფიზიკური, მორალური და სოციალური მდგომარეობის შემოწმებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ აქტივობას ვაჟის ოჯახი და მისი ნათესაობა იჩენდა. ამოწმებდნენ არა მხოლოდ ქალის ავკარგიანობას (შრომის უნარს, ხელსაქმეს), არამედ ხასიათს, ჩვევებს; ასევე - ვაჟის შესაძლებლობებსაც, რადგან მას თავისი ძალით უნდა შესძლებოდა ოჯახის რჩენა და სხვაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.

საქორწინო ასაკი განსხვავებული იყო მთასა და ბარში. მთაში იგი გაცილებით მაღალი იყო - ვაჟისთვის 30 წელი, ქალისთვის კი - 21-25. ყოველივე ეს წმინდა გეოგრაფიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული. ქალ-ვაჟის გაცნობა და მეწყვილეთა შერჩევა ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე, ხატობა-დღეობებსა და ქორწილებში ხდებოდა. ვაჟი რომელიმე დღეობაზე ქალს „თვალს დაადგამდა“, თავის სურვილს მშობლებს გაუმხელდა. მშობლებიც იწყებდნენ ქალის გაკითხვას, ანუ როგორც ხევში ამბობდნენ, „გაჩხრეკას“. თუ რამე მიზეზით მშობლები ქალს დაიწუნებდნენ (ოჯახიშვილობით ან პირადი თვისებების გამო), ვაჟი წინააღმდეგობას ვერ გასწევდა.

სარძლოდ შერჩეული, ანუ ხელდადებული, ქალის „გაკითხვის“ („გაჩხრეკის“) შემდეგ ტრადიციულ ქართულ საქორწინო ურთიერთობაში გარკვეული ადგილი ეჭირა მოციქულის, იმავე შუამავლის, მოგვიანებით კი „მაჭანკლის“ როლს. შუაკაცის უარით გასტუმრება ვაჟისა და მისი ოჯახის „დამცირებას“ ნიშნავდა და ამიტომ ცდილობდნენ, საქმე ისე წარმართულიყო, რომ ოჯახს სირცხვილი არ ეჭამა. XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ნათესავი შუამავალი პროფესიონალმა „მაჭანკალმა“ შეცვალა. იგი იმდენად დახელოვნდა, რომ კარგად გარიგებული საქმისთვის სარფიან შემოსავალს იღებდა.

დაწინდვა

საქორწინო ურთიერთობის მრავალსაფეხურიან სისტემაში დაწინდვა „ქალის დაბევების, ანუ დასაკუთრების“ პირველი ეტაპია. საქართველოში დაწინდვა სრულდებოდა როგორც მცირეწლოვანი, ისე ასაკად მოსული ქალ-ვაჟის შემთხვევაში. მიიჩნევენ, რომ დაწინდვა უფრო ძველი ტერმინია ქალის დათავისების ფორმებში, ვიდრე ნიშნობა.

როგორც ჩანს, დაწინდვა, როგორც მცირე ნიშნობის ფორმა, თანდათან დიდ ნიშნობაში გადაიზარდა. დაწინდვის რიტუალი მარტივი იყო. მას შემდეგ, რაც „მოციქულობა“ დამთავრდებოდა, ვაჟის მხარის წარმომადგენლები (ვაჟის მამა, ბიძა/დედის ძმა, ნათლია და სხვ.) ქალის ოჯახში წავიდოდნენ და თან „წინდს“, „ბეს“, ანუ რამე ნიშანს წაიღებდნენ (ბეჭედს, საკაბეს, მოსაკითხ პროდუქტს, არაყს, ღვინოს, თაფლს და ა.შ.).

„ხელმოცემის“ ცერემონიალის შემდეგ იშლებოდა სუფრა, სადაც პირველ სადღეგრძელოს დამოყვრებისას იტყოდნენ. ვაჟიანთ მხარე „ბელგაში“ მოტანილ ნივთებს ქალის დედას გადასცემდა. სტუმრები მცირე ხნით ისაუბრებდნენ, ნიშნობასა და ქორწილზე შეთანხმდებოდნენ და შინ კმაყოფილი გაბრუნდებოდნენ. პირობის გატეხა, ანუ „დაწინდული“ ქალის სხვაზე გათხოვება, დაუშვებლად ითვლებოდა. ამიერიდან ის საპატარძლო იყო და თავსაბური „ჩიქილა“ უნდა ეტარებინა.

ბელგა, ანუ პატარა ნიშნობა

ნიშნობა საქორწინო ურთიერთობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ საფეხურს წარმოადგენს. ის დაწინდვის შემდგომი საფეხურია და არცთუ დიდი ხნის წინ ქალ-ვაჟის ოჯახებს შორის დაწყებული სამოყვრო ურთიერთობის გადამწყვეტ ეტაპად ითვლებოდა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში შემორჩა მისი კნინობითი ფორმა, ე. წ. პატარა ნიშნობა, რომელიც მასშტაბითა და შინაარსობრივადაც განსხვავდებოდა დიდი ნიშნობისგან. იგი ქალის სახლში იმართებოდა და ვაჟის ოჯახის მხრიდან მას რამდენიმე კაცი ესწრებოდა: სასიძოს მამა, ბიძა, უფროსი ძმა, მოციქული, დედა ან დეიდა და ბიძაშვილები, დაახლოებით 9-10 კაცი. სასიძოს ამ ცერემონიალზე დასწრება, როგორც წესი, მიუღებელი იყო. დაწინდვისგან პატარა ნიშნობა იმით განსხვავდებოდა, რომ აქ, პატარა ნიშნობაში მეტი რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა და მოსაკითხიც მეტი მოჰქონდათ.

დიდი ნიშნობა

დიდი ნიშნობა პატარა ნიშნობის განვითარებული სახეა. შესაბამისად, დიდ ნიშნობაში იზრდებოდა მონაწილეთა რაოდენობა, ამ რიტუალის ფორმა და მასშტაბი. ვაჟის ოჯახის მხრიდან მას ხშირად 30-40 კაცი ესწრებოდა და რიგ შემთხვევაში ქორწილს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. დიდ ნიშნობაში, ისე, როგორც პატარა ნიშნობაში, სასიძო არ მონაწილეობდა. ეს საქართველოს ყველა რეგიონში დადგენილ წესად ითვლებოდა და ძალიან გვიანობამდე იქნა შემონახული. ნიშნობის დღეს მექორწინე მხარეები წინასწარ ათანხმებდნენ, არჩევდნენ კეთილ, არაკვიმატ დღეებს (ხუთშაბათს ან შაბათ-კვირას), წელიწადის დროს (შემოდგომას), მთვარის ფაზებს (ძველ მთვარეს) და ა.შ.

მ. კაჩუხაშვილის ქორწილი. 1886 წ. ა. მიხაილოვის ფოტო

წინასაქორწილო პერიოდი

ნიშნობიდან ქორწილამდე შეიძლებოდა დიდი დრო გასულიყო. სამეგრელოში ამ პერიოდს „საჭყუდო თუთას“ (სამზითვო თვეს) უწოდებდნენ ანდა „საჭყუდო წანას“ (სამზითვო წელს), სასიძოსთვის „სინჯაში სახარჯოდ დინორინად“ (სიძის სახარჯოდ ყოფნას). როგორც ირკვევა, ეს დრო მთლიანად ხმარდებოდა ქალის მხრივ მზითვისა და საქორწინო ლხინისთვის საჭირო ხარჯების გაწევას.

შერჩეულ „გადასაწყვეტ დღეს“ („გინაჭყვადალი დღა“) კი მექორწინეთა შორის ქორწილის დროზე, მაყრიონის რაოდენობასა და ე. წ. საკამპანიოზე (საქორწილოზე) მიდიოდა მოლაპარაკება. დანიშნულ დღეს ვაჟის ოჯახი საქორწილო ხარჯების გადასაწყვეტად სასძლოს სახლში გზავნიდა რამდენიმე ახლო ნათესავს, უპირატესად სასიძოს მამის ან დედის ძმებს - „გადამწყვეტებს“, რომელთაც ეს საქმე უნდა მოეგვარებინათ. მათ მასპინძელი სუფრას უშლიდა. შეთანხმდებოდნენ თუ არა ქორწილის დღეზე, საქორწილო ხარჯის რაოდენობასაც განსაზღვრავდნენ. ხარჯები „საქორწილო“, იგივე „საკამპანიო“ მექორწილე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულების საკმაოდ გავრცელებული ფორმა იყო საქართველოში. ქართლის მასალების მიხედვით, მასში შედიოდა კოკა ღვინო, ღორი, ცხვარი, ლიკან-ლავაში, შოთი ან მრგვალი პურები.

მზითვები

მზითვი საქორწინო ურთიერთობაში შემავალი ქალის ქონებრივი კუთვნილებაა, ის დაგროვილი მატერიალური დოვლათი, რომლის შექმნაშიც მშობლებთან ერთად თვითონაც მონაწილეობს. მზითვში ძირითადად შედიოდა ქალის პირადი ნივთები და საოჯახო საგნები: რამდენიმე ხელი ლოგინი, სპილენძის ჭურჭელი, ტანსაცმელი, სოციალურად დაწინაურებულ წრეებში ძვირფასეულობა და მიწის ნაკვეთი, თავისი შემოსავლითა და ნამატით. ზოგჯერ მზითვად გლეხებსაც კი გაიყოლებდნენ.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო) მზითვების მომზადებას ქალის ოჯახი დიდ ყურადღებას უთმობდა. ქალს თუ კარგი მზითვი ჰქონდა, უფრო მალე თხოვდებოდა, ზოგჯერ კი კარგი თვალტანადი და კეთილთვისებიანი ქალი უმზითვობის მსხვერპლი, გაუთხოვარი რჩებოდა. იყო შემთხვევები, როცა ქალი არ იყო ვაჟის შესაფერი, მაგრამ მდიდარი მზითვის გამო მაინც უთხოვიათ. ადგენდნენ მზითვის წიგნსაც. მასში ჩამოთვლილი იყო ყველა ის საგანი, რაც ქალს უნდა წაეღო ქმრის ოჯახში. ვისაც მზითვის წიგნი ჰქონდა, ეს იურიდიული საბუთი იყო მისი საკუთრებისა და გაყრის შემთხვევაში ვერავინ შეედავებოდა.

საქორწილო სამზადისი

საქართველოში, თითქმის ყველა კუთხეში, მიღებული იყო, საქორწილო ლხინი გვიან შემოდგომით ან ზამთარში გადაეხადათ. ამ დროს ჭირნახული დაბინავებული იყო და ქორწილისთვის ხელის შემშლელი პირობები არ არსებობდა. ქორწილის გასამართავად დღეები წინასწარ შეირჩეოდა. კვიმატ დღეებში (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) ქორწილს არ გადაიხდიდნენ; სამშაბათი და ხუთშაბათიც, მიუხედავად მათი კეთილობისა, შუა კვირისა იყო, სამუშაო დღე. ამიტომაც ყველაზე ოპტიმალურად შაბათ-კვირა ითვლებოდა.

გლეხის ქორწილი, ჩვეულებრივ, ერთ ან ორ დღეს არ აღემატებოდა, თავად-აზნაურები კი სამ დღეს და ზოგჯერ მთელ კვირას მოილხენდნენ. ქართლში საქორწილო სამზადისი პურების გამოცხობით იწყებოდა. „ხაბაზი“ ქალები ფქვილს გაცრიდნენ, ცომს მოზელდნენ, თონეს გაახურებდნენ და პირველ ამოხდილ პურს გატეხდნენ, „საცრის სუფრას“ გაშლიდნენ და ნეფე-პატარძლის შეუღლების სადღეგრძელოსაც პირველად აქ იტყოდნენ.

მეზობლის ოჯახში საქორწილო რიტუალური პურების გამოცხობის ტრადიცია სრულიად საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. ნეფე-დედოფლის პური მზადდებოდა დაახლოებით ისე, როგორც ქართლში. ცხიმი იზილებოდა რძესა და შაქარში, ზედაპირზე წასმული ჰქონდა კვერცხის გული. გარდა ამისა, ცალკე ჩვეულებრივი ცომისგან გამოჰყავდათ მომცრო ზომის ქალისა და კაცის გამოსახულებიანი ფიგურები, რომელთა შორის კეცზე გამოცხობისას ჯვარს დასვამდნენ.

ქორწილი

საქორწილო სუფრა დილამდე გრძელდებოდა, დილით კი მაყარი ეზოში გამოვიდოდა და იწყებდა განადირებას, შინაური ფრინველი ან ცხოველი რომ მოეკლათ. სამცხე-ჯავახეთში ამ წესს „ნეფის განადირებას“ უწოდებენ, სამეგრელოში კი - „ეშაკათუას“. „განადირება“ იცოდნენ ქართლშიც, გურიაშიც, რაჭაშიც. განადირებისას მაყრებს შეეძლოთ ერთი სული პირუტყვი ან რამდენიმე ქათამი მოეკლათ. ოჯახი ამას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, თუმცა ზოგიერთი ზარალის ასაცდენად ეზოში წინასწარ ხეზე ქათამს ჩამოკიდებდა, მონადირე რომ შორს არ წასულიყო.

მახარობელი (მახარე) კეთილი მისიის შემსრულებელი მაცნეა, მაყრიონის გამორჩეული წევრი, მაგრამ როგორც უცხოს, მას თავიდან უპატივცემულოდ ეპყრობიან, მერე კი - სიკეთითა და წყალობით. ამდენად, ამ ჩვეულებაში ჩანს ძველი საკრალური ქორწინების ელემენტები, რომელსაც დადებითი და უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ფაქტია, რომ მახარობლის ჩვეულება სიმბოლური მნიშვნელობით ყოფას დღემდე შემორჩა. მოხდა მისი გადააზრება და საქორწილო რიტუალში ის აისახება, როგორც სანახაობრივი აქტი. ასეთივე ძალადაკარგული და სახეშეცვლილი არქაული ელემენტებითაა აღბეჭდილი პატარძლის დახსნის ჩვეულებაც, რომელიც ქალის ოჯახიდან სრულუფლებიანი წევრის გამოსყიდვის იმიტაციურ ქმედებას უკავშირდება.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული უამრავ ძალიან საინტერესო და უცნობ ფაქტს ინახავს, რომლებიც თავს ახალ, უნიკალურ პროექტში - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ მოიყრის. 21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევარის ავტორობით, გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი. ასევე, 21 თებერვლიდან პირველი ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.