უკრაინული კულტურა არის უკრაინელი ხალხის მატერიალური და სულიერი ფასეულობების შემადგენლობა, რომელიც ჩამოყალიბდა მისი ისტორიის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ხშირად იბრძოდა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მისმა ხალხმა მოახერხა შეენარჩუნებინა თავისი კულტურული საკუთრება. უკრაინულმა კულტურამ მნიშვნელოვანი აღორძინება განიცადა 1991 წელს დამოუკიდებლობის დამყარების შემდეგ.
უკრაინულ კულტურას მოუწია მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა, რათა გადარჩენილიყო და შეენარჩუნებინა თავისი ორიგინალობა, რადგან უცხო ძალები და იმპერიები, რომლებიც წარსულში დომინირებდნენ ქვეყანასა და მის ხალხზე, ხშირად ახორციელებდნენ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მოსახლეობის ასიმილაციას საკუთარ მოსახლეობაში; ასევე, ისინი ცდილობდნენ მათი კულტურის ელემენტების აღმოფხვრას. უკრაინაში აღნიშნავენ ტრადიციულ დღესასწაულებს, მაგალითად, ივან კუპალას დღე აღინიშნება უკრაინაში, რუსეთსა და სხვა სლავ ხალხებში, ზაფხულის ბუნიაობის დროს, 7 ივლისს ახალი სტილით, თუმცა ბევრი მას ძველი სტილით აღნიშნავს 24 ივნისს. მასლენიცა დიდი მარხვის ბოლო კვირას აღინიშნება და ის მხიარული მოვლენაა. ხალხი ყოველდღე ახლად გამომცხვარ ბლინებს მიირთმევს, დადიან ერთმანეთთან სტუმრად და ცხოვრებით ტკბებიან.
ტრადიციულ უკრაინულ საქორწილო ზეიმებს აქვს მრავალი რიტუალი, რომლებიც მოიცავს მუსიკას, ცეკვასა და ქეიფს. ქორწილი შედგება სამი ცალკეული ნაწილისგან, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის განმავლობაში. ჯერ ნიშნობაა, შემდეგ ცერემონია, რასაც მოჰყვება დიდი ზეიმი.
კოროვაი ტრადიციული უკრაინული, რუსული, ბულგარული და რუმინული პურის სახეობაა, რომელსაც იყენებენ ქორწილებში, სადაც მას აქვს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა. ის გამოიყენება სტუმართმოყვარეობისა და სადღესასწაულო ჩვეულებების გამოსახატავად.
უკრაინის სხვადასხვა რეგიონს აქვს ხალხური არქიტექტურის საკუთარი გამორჩეული სტილი, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ ტრადიციებსა და თაობებს შორის გადაცემულ ცოდნას. პერეიასლავში მდებარეობს ხალხური არქიტექტურისა და ცხოვრების წესის მუზეუმი. ღია ცის ქვეშ აქ შეხვდებით ეროვნული არქიტექტურის 122 ნიმუშს და 30 000-ზე მეტ ისტორიულ-კულტურულ ობიექტს.
ზეპირი ისტორიის დიდი ნაწილი დაიკარგა უკრაინის რუსიფიკაციის ბოლო 300 წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინული კულტურა და ენა აკრძალული იყო. ორგანიზაციები, როგორებიცაა ივან ჰონჩარის მუზეუმი, პისანკას მუზეუმი და უკრაინის მუზეუმი, ეძღვნება ისტორიის შენარჩუნებას. უკრაინის სხვადასხვა რეგიონს აქვს საკუთარი ტრადიციული ორნამენტი სტილისა და მნიშვნელობის საკუთარი ვარიაციით.
უკრაინული ტრადიციული ჩაცმულობის ნაწილი არის ვიშივანკა, ანუ ნაქარგიანი პერანგი. ბევრმა უკრაინულმა ბრენდმა შექმნა საკუთარი ინტერპრეტაცია მისი ფორმის, ფერისა და სიგრძის შესახებ, რითაც ის პოპულარულ ნივთად აქცია მთელ მსოფლიოში.
ტექსტილის ხელოვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინულ კულტურაში, განსაკუთრებით, უკრაინულ საქორწილო ტრადიციებში. უკრაინული ნაქარგები, ქსოვა და მაქმანები გამოიყენება ტრადიციულ ხალხურ სამოსსა და ტრადიციულ დღესასწაულებში. უკრაინული ნაქარგები განსხვავდება წარმოშობის რეგიონის მიხედვით და დიზაინებს აქვს მოტივების, კომპოზიციების, ფერების არჩევანის და ნაკერების ტიპების დიდი ისტორია. ფერის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია და მას ფესვები აქვს უკრაინულ ფოლკლორში.
არაერთმა მწერალმა შეიტანა წვლილი ქვეყნის ლიტერატურის განვითარებაში. უკრაინულ ლიტერატურას რთული განვითარება ჰქონდა, რადგან უკრაინის ტერიტორიებზე მუდმივი უცხოური ბატონობის გამო ხშირად მნიშვნელოვანი განსხვავება იყო სალაპარაკო და წერილობით ენას შორის. ზოგჯერ უკრაინული ენის გამოყენება ნაწილობრივ აკრძალულიც კი იყო. საბჭოთა რეპრესიების მიუხედავად, უკრაინელმა ავტორებმა შეძლეს მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის შექმნა.
უკრაინული სამზარეულო მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა. თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე სამზარეულო ერთგვაროვანია როგორც საკვები პროდუქტების ნაკრებით, ისე მათი დამუშავების საშუალებებით. უკრაინული სამზარეულოს ზოგიერთმა კერძმა სხვა ხალხთა შორისაც ფართო გავრცელება ჰპოვა, განსაკუთებით კი, სლავურში.
უკრაინული სამზარეულო ცნობილია თავისი მრავალფეროვნებითა და მაღალი გემოვნებითი მახასიათებლებით. უკრაინული სამზარეულო კერძების ასობით რეცეპტს მოიცავს: ბორში და პამპუშკა, პალიანიცა და გალუშკები, სოკოს იუშკა, ანუ ბულიონი, სოკოს სოუსი, ბანუში, ვარენიკები, თაფლისა და ხილისგან დამზადებული სასმელები და შემწვარი კერძები, რომლებიც ცნობილია უკრაინის საზღვრებს გარეთაც. ზოგიერთ კერძს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგალითად, უკრაინული ბორში. ჯერ კიდევ 5-6 ათასი წლის, წინ ტრიპოლის კულტურის დროს, უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მოჰყავდა მარცვლეული კულტურები — ხორბალი, ქერი და ფეტვი. ჭვავი გაცილებით გვიან გამოჩნდა, დაახლოებით ათასი წლის წინ. მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენებამ, ნადირობამ და თევზჭერამ უკრაინული სამზარეულოს მენიუ მრავალფეროვანი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ხორცისგან დამზადებული კერძები ხალხში სადღესასწაულოდ მიიჩნეოდა.
თანამედროვეობისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა რჩება უაღრესად ტრადიციულ ქვეყნად, სადაც გარკვეული წეს-ჩვეულებებისა და პრაქტიკის დაცვა მთავარ როლს თამაშობს მის კულტურაში.