დედის დღე საქართველოში, ამერიკასა და არაბეთის ქვეყნებში აღინიშნება. საქართველოში ეს დღე პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1991 წელს დაარსდა. ქვეყანაში ეს დღე სიმბოლურად 3 მარტს, ცივი ზამთრის შემდეგ აღინიშნება.
დედის დღე პირველად ამერიკაში დაარსდა, 1910 წელს იგი პირველად აღინიშნა ვირჯინიის შტატში, ხოლო 1914 წელს ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა და მის ფუძემდებლად მოქალაქე ანა ჯავისი ითვლება.
თუმცა დედის დღე არსად აღინიშნება ისე მასშტაბურად, როგორც ეს საქართველოში ხდება. 3 მარტი ქართველებისთვის ნაციონალური დღესასწაულია და ამ დღეს ოჯახის წევრები ტკბილეულსა და გაზაფხულის ლამაზ ყვავილებს ცვლიან.
თავდაპირველად, დედის დღის დაარსებით 8 მარტის დღესასწაულის ჩანაცვლება იყო დაგეგმილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი დიდ დღესასწაულად იქცა.
წლების განმავლობაში დედის დღე სულ უფრო პოპულარული გახდა და ბარათებისა და საჩუქრების გაცემის ამჟამინდელი ტრადიციებიც გაიზარდა. ამბობენ, რომ დედის დღის კომერციალიზაციამ მისი შემქმნელი ანა ჯავისი აღაშფოთა, რადგან გრძნობდა, მისი ჩანაფიქრი, ყოფილიყო ეს დღე ოჯახური და თბილი, ბიზნესმენების სურვილებმა ჩაანაცვლა და მათთვის დედის დღის ბარათების გაყიდვა სარფიან ბიზნესად იქცა.
ცნობილია, რომ ანა ჯავისი დედა არასდროს ყოფილა. მისი დიდი სურვილის მიუხედავად, ანას შვილი არ შეეძინა, ამიტომ დედის დღეც მხოლოდ დედისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოსახატ საშუალებად დარჩა.
1914 წელს პრეზიდენტმა ვილსონმა დედის დღედ მაისის მეორე კვირა გამოაცხადა, შესაბამისად, განსხვავებით საქართველოსგან, ამერიკაში დედის დღე მაისში აღინიშნება.