ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე 4 ათეულ წელზე მეტია, რაც მოქანდაკე დონ გუმერზეა დაქორწინებული. ერთ-ერთ ინტერვიუში მერილი ამბობდა, რომ მას საუკეთესო ქმარი ჰყავს და ამაში ძალიან გაუმართლა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი სიყვარულის ისტორია მართლაც ლამაზია, ყველაფერი არც ისე ლამაზად დაიწყო. მანამ, სანამ მერილი გუმერს შეხვდებოდა, მას თავდავიწყებით უყვარდა მსახიობი ჯონ კაზალე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა კიდეც. მოულოდნელად, 1977 წელს, ჯონს ფილტვის კიბო დაუდგინდა და დაავადება მალევე მოედო მთელ სხეულს. მერილ სტრიპი მას გვერდიდან არ შორდებოდა და მუდმივად ზრუნავდა მასზე. მსახიობი გარდაიცვალა 1978 წლის 12 მარტს ნიუ-იორკის Memorial Sloan Kettering-ის საავადმყოფოში. სტრიპი მაშინ 29 წლის იყო. როცა მომაკვდავი ჯონის პალატაში შეიყვანეს, მან გულზე ხელი დაადო, ჯონმა კი უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის შესახებ წერს შულმანი წიგნში Her Again - Becoming Meryl Streep.
წიგნის მიხედვით, სტრიპი კაზალეს გარდაცვალების შემდეგ მეგობართან დასარჩენად კანადაში გაემგზავრა. მოგვიანებით კი ნიუ-იორკში დაბრუნდა, რადგან გაიგო, რომ მას იმ ბინიდან ასახლებდნენ, სადაც კაზალესთან ერთად ცხოვრობდა. ნივთების წამოსაღებად მერილს ძმა, ჰარი გაჰყვა, რომელმაც თან მეგობარი, დონ გუმერი გაიყოლა.
ექვსი თვის შემდეგ, 1978 წლის 30 სექტემბერს, წყვილმა იქორწინა. ცერემონია გაიმართა სტრიპის მშობლების სახლის ბაღში, მეისონის კუნძულზე, კონექტიკუტში. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჰენრი, მემი, გრეისი და ლუიზა. მემი და გრეისი დედის კვალს გაჰყვნენ და მსახიობები გახდნენ, ჰენრი მუსიკოსია, ლუიზა კი - მოდელი.
2012 წელს სტრიპმა "ოსკარის" ერთ-ერთი ჯილდოს მიღებისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქმარს - კაცს, რომელმაც მას სიცოცხლე მეორედ აჩუქა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო დონს და მინდა მან იცოდეს, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მან მაჩუქა“.