რატომ არის სტაფილო ჯანმრთელობისთვის კარგი? ბევრს ჰგონია რომ ის ორგანიზმს A ვიტამინით ამარაგებს და ეს სიმართლეა, თუმცა, სტაფილოს ასევე შეუძლია ჩვენი კანი გახადოს ლამაზი და ელასტიური, ხოლო თმა ბზინვარე და ძლიერი.
ვიტამინი A მნიშვნელოვანი ელემენტია თვალის დაავადებების პროფილაქტიკაში. სტაფილოს ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს, მათ შორის თვალებისთვისაც, მაგრამ ვარაუდი, თითქოს მას მხედველობის აღდგენა შეუძლია, მხოლოდ მითია. თუ გაინტერესებთ როგორ ავიცილოთ თავიდან სიბრმავე და კატარაქტი, მაშინ სტაფილოს გამოყენება ნამდვილად გამართლებულია. ფაქტია, რომ ვიტამინი A, რომლითაც მდიდარია სტაფილო, გადამწყვეტ როლს ასრულებს სინათლის მიმართ მგრძნობიარე ნივთიერების, რეტინოლის ფორმირებაში. A ვიტამინის ნაკლებობით ვითარდება ეგრეთ წოდებული „ღამის სიბრმავე“, ზოგიერთ შემთხვევაში კი კატარაქტის საწყისი სტადია.
ხშირად, სტაფილოს სარგებლიანობაზე საუბრისას, მიუთითებენ მასში კაროტინოიდების მაღალ შემცველობაზე - ბუნებრივ ორგანულ პიგმენტებზე. კაროტინოიდები მონაწილეობენ ფოტოსინთეზში, უზრუნველყოფენ წყლისა და ჟანგბადის ბალანსს ორგანიზმში და ბოლოს, სტაფილო მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, რითაც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
სტაფილო სასარგებლოა არა მხოლოდ სხეულის ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი გარეგანი სილამაზისთვისაც. ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობა აძლევს კანს ელასტიურობას და ღია რუჯის ტონს. ხოლო თუ ახლახან დაბრუნდით შვებულებიდან, მაშინ იგივე ბეტა-კაროტინი დაგეხმარებათ სამხრეთ მზის ქვეშ შეძენილი რუჯის დიდხანს შენარჩუნებაში.
კოსმეტოლოგები ყურადღებას ამახვილებენ სტაფილოში ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობაზე, რომლებიც აკავშირებენ თავისუფალ რადიკალებს და ანელებენ კანის დაბერების პროცესს.
თუმცა, სტაფილო დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ კანის ლამაზ ფერსა და მის ელასტიურობაზე, არამედ თმის ჯანმრთელობაზეც. პირველ რიგში, სტაფილო შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც წარმატებით აღადგენს თმის ძირების სტრუქტურას, რაც ამცირებს თმის ცვენას. გარდა ამისა, ვიტამინი A კვებავს თმას მთელ სიგრძეზე, ხდის მას უფრო ჯანსაღს და ბზინვარეს. ასევე უაღრესად სასარგებლოა კაროტინის თმის ნიღაბი – დაბანამდე 20-30 წუთით ადრე წაისვით თავის კანზე ახლად გამოწურული სტაფილოს წვენი.
სხვათა შორის, სტაფილოს არჩევისას და ჭამის დროს, არსებობს რამდენიმე ხრიკი. მოხარშული სტაფილო უფრო ჯანსაღია, ვიდრე უმი - თერმული დამუშავების დროს უჯრედის მემბრანები ნადგურდება და მეტი ბეტა-კაროტინი გამოიყოფა.
და კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა: ორგანიზმის მიერ ბეტა-კაროტინის სრულად ათვისებისთვის რეკომენდებულია სტაფილოსთან ერთად მცირე რაოდენობის ცხიმის (მაიონეზი, ზეითუნის ზეთი, ხაჭო) მიღება.