6 მარტს კრემლის სასახლეში გაიმართება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნი საზეიმო კონცერტი, რომელშიც რუსი ესტრადის მომღერლებთან ერთად, წარმოშობით ქართველი შემსრულებლებიც იმღერებენ.
სასახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის თანახმად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ გვერდწითელი, დიანა ღურწკაია, სოსო პავლიაშვილი, ჯგუფი A'Studio (სოლისტი ქეთა თოფურია), ლარისა დოლინა, ლევ ლეშჩენკო, ნიკოლაი ბასკოვი, იგორ ნიკოლაევი და სხვები.
„რუსული ესტრადის პოპულარული ვარსკვლავების მიერ შესრულებული საყვარელი და ცნობილი სიმღერები 8 მარტის წინა დღეს შექმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს.
ამ კონცერტის ბილეთები საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი შეყვარებულისთვის, მეუღლისთვის, დედისთვის, დისთვის და თუნდაც უფროსისთვის!
პოპვარსკვლავები ყველა ლამაზ ქალს მიულოცავენ ამ დღეებს!“, - იტყობინებიან კონცერტის ორგანიზატორები და დასძენენ, რომ საკონცერტო პროგრამა შეიძლება შეიცვალოს.