მომღერლები, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს, რუსეთში იდევნებიან - მათ შორის ვალერი მელაძე და ვერა ბრეჟნევაც არიან - Marao

მომღერლები, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს, რუსეთში იდევნებიან - მათ შორის ვალერი მელაძე და ვერა ბრეჟნევაც არიან

2022-03-07 11:07:20+04:00

სამი დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრიმადონა ალა პუგაჩოვამ, ოჯახთან ერთად, ქვეყანა დატოვა. მომღერალი მეუღლესთან და უმცროს შვილებთან ერთად კერძო თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალიშვილ კრისტინა ორბაკაიტესთან გაფრინდა, რომელიც ამ ქვეყანაში წლებია ცხოვრობს.

ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთი დატოვა მომღერალმა ზემფირამ, მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ და ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმაც. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების ფაქტი დაგმეს და ახლა რუსეთის რეჟიმს გაექცნენ.

გუშინ ორგანიზაციამ, სახელწოდებით "რუსული მედია ჯგუფი“, განცხადება გაავრცელა. ჰოლდინგში შედის რუსულენოვანი სადგური "რუსული რადიო“ და ტელეარხი RU.TV. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი თანამშრომლობას წყვეტენ რუსეთში მოღვაწე პოპულარულ მომღერლებთან: პოტაპთან, ივან დორნთან, მაქს ბარკისთან, ნასტიასთან, ვერა ბრეჟნევასთან და ვალერი მელაძესთან. ასევე - რუსულ ჯგუფებთან: "აკვარიუმი“ და Маша 2.

"გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონი და სცენაზე მუსიკოსების რუსეთისა და მათი კოლეგების მიმართ მკვეთრი განცხადებები გახდა. "რუსული მედია ჯგუფის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა არსებული კონტრაქტები ზემოთ დასახელებულ მუსიკოსებთან...“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰოლდინგი მომღერლების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს აგრესიულად აფასებს და წერს, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელება მომავალში გარემოებებიდან გამომდინარე გადაიხედება.

ვალერი მელაძის რუსმა მხარდამჭერებმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. ისინი უკმაყოფილოები არიან მომღერლის დაბლოკვით. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვალერი მელაძე მოხსნეს ყველა კონცერტიდან, კონცერტებზე გაყიდული ბილეთები კი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა უკან დააბრუნა.

იგივე შემთხვევა იყო ალა პუგაჩოვას მეუღლის, მაქსიმ გალკინის შემთხვევაში. როდესაც ასტრახანში ჩანიშნულ კონცერტზე მაყურებელმა ბილეთები დემონსტრაციულად კამერების წინ დააბრუნა უკან, რაც აშკარად ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.

 

იხილეთ სრულად