ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროფესიონალი მოცეკვავე ირა კვიტინსკაიამ მალევე შეძლო მაყურებლისთვის თავის შეყვარება. ის და მისი მეწყვილე, სპორტსმენი გიგა კვეტენაძე, პროექტის სამ ფინალისტს შორის მოხვდნენ, ამის შემდეგ კი ირას კარიერა თუ პირადი ცხოვრება განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
ირა კვიტინსკაია 24 წლისაა. დაამთავრა ბიზნესტურიზმის კოლეჯი, სასტუმროების მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მოცეკვავეა და გატაცებულია კრივით.
- ირა, ცხოვრებაში შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?
- ცეკვას, რომელიც მაბედნიერებს და საშუალებას მაძლევს, უფრო მეტი გავაკეთო და ყველაფერში განვვითარდე.
- ბევრი დრო დაგჭირდა, რომ გაგეცნობიერებინა - ცეკვა ზუსტად ის საქმე იყო, რაც გჭირდებოდა?
- კი. ცეკვა ძალიან გვიან დავიწყე - 12-13 წლის ვიყავი. 15-16 წლისა მივხვდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ვემსახურებოდი. თან 16 წლისამ უკვე ბავშვებთან მუშაობა დავიწყე. როცა მათ ვასწავლიდი და შედეგსაც ვხედავდი, მეტ მოტივაციას ვიღებდი, რომ ცეკვით უფრო მეტად დავინტერესებულიყავი.
- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?
- ეს ცოტათი რთული საკითხია (იღიმის): ჩემს სამუშაო რეჟიმზეა დამოკიდებული. ვცდილობ, 6-7 საათი მაინც დავიძინო, მაგრამ ძირითადად, 4-5 საათი მძინავს.
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- სახლში ისეთი დაღლილი მოვდივარ, რომ იშვიათად მესიზმრება რამე, მაგრამ თუ სიზმარს ვხედავ, ყოველთვის კარგ რაღაცებს - თითქოს სადმე დასასვენებლად მივდივარ. ალბათ, დასვენება მაკლია და ამიტომ (იცინის)...
- როცა გამოძინებას ვერ ახერხებ, ენერგიას რა გაძლევს?
- ცეკვის მიმართ ჩემი სიყვარული, რადგან ყოველთვის ვცდილობ, საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთო, როგორ ხასიათზეც და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო.
- შენი ფავორიტი მოცეკვავე ვინ არის?
- ჩემი მწვრთნელი - სალომე ჭაჭუა, რომელიც ყოველთვის მაძლევს ძალას, რომ საქმე გავაგრძელო. ასევე, სალომე ჩემი მეგობარიც არის. ყოველთვის გვერდით მიდგას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
- ახლა, როცა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს, როგორ გულშემატკივრობ? ეკონტაქტები?
- ყველანი ძალიან ვგულშემატკივრობთ, სულ "კონტაქტზე ვართ"...
- საქართველოსთან შედარებით, უფრო დაძაბული რეჟიმით ხომ არ მუშაობს?
- თითქმის იგივე რეჟიმია. იქაურობაც ძალიან მოსწონს, აღფრთოვანებულია... უბრალოდ, იქ მაინც განსხვავებული გარემოა, სხვა ქვეყანაა, სხვა ემოციები აქვს...
- შენი მწვრთნელისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე?
- ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ არასდროს დავნებდე და ყველაფერი ბოლომდე გავაკეთო. სალომე ყოველთვის ამას მეუბნებოდა, ჩემი მოტივატორი იყო. საერთოდ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე...
- შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი "ვარსკვლავი" ვინ არის, ვისთვისაც ტელეპროექტში პარტნიორობა გაგიწევია?
- ალბათ - გიგა კვეტენაძე. ყველა პარტნიორი ძალიან კარგი მყავდა. უბრალოდ, ბოლო მეწყვილის აღნიშვნა იმიტომ შემიძლია, რომ ფინალამდე საკმაოდ კარგად მივედით, კარგად ვიშრომეთ...
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ეკონტაქტები?
- ჩემს მოსწავლეებს (იცინის), ასე გამოდის.
- ცეკვის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?
- ასე ვერ გამოვყოფ, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო, ვისწავლო... მაგალითად, კერძების მომზადება მიყვარს, როცა თავისუფალი დრო მაქვს.
- ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდის?
- შტრუდელის.
- საჭმელიდან ყველაზე მეტად რა გიყვარს?
- შტრუდელი (იცინის).
- ოდესმე დიეტა დაგიცავს? წონის პრობლემა გქონია?
- კი, წონის პრობლემა მქონია. სწორი კვების რეჟიმს დღემდე ვიცავ - საკუთარ თავს რაღაცებში ვზღუდავ.
- დაგვისახელე საყვარელი ფილმი...
- "თანაკლასელები". როცა ცუდ ხასიათზე ვარ, სულ ამ ფილმს ვუყურებ, რადგან კომედიური ჟანრისაა და ჩემთვის სახალისოა.
- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომლის გახსენების დღესაც გრცხვენია?
- არა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სცენაზე წავქცეულვარ (იცინის)... სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ლაივზე", უშუალოდ ცეკვისას, შარვალი გამეხა, ფეხსაცმელზე წამომედო და შუა "ლაივის" დროს წავიქეცი.
- მაყურებლებმა შენიშნეს?
- ისე ავდექი და გავაგრძელე, რომ ბევრს ეგონა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში სერიოზულად "დავილეწე" (იცინის).
- ცხოვრებაში შენი მთავარი მოტივაცია რა არის?
- აი, ახლა ჩემი მეწყვილე მისმენს და მანიშნებს - მთავარი მოტივაცია მე ვარო (იცინის)... გაგრძელება