ქეთევან ასათიანი მეუღლესა და შვილებთან ერთად ამ სახლში საცხოვრებლად 2007 წელს გადმოვიდა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებული სიხარული და მის დიზაინზე ზრუნვის სასიამოვნო განწყობა არ ჰქონია.
2007 წელს მამა გარდაეცვალა, არჩილ ასათიანი - ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფიზიოლოგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი (1985-1990 წწ.). მამის მოულოდნელი დაკარგვა მისთვის დიდი ტრაგედია იყო. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ბინის მოწყობაშიც ვერ ჩაერთო და ის ძირითადად მისმა მეუღლემ მოაწყო. როგორც იხსენებს, ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა: დიდი მისაღები ოთახი ყოფილიყო სახლში. მისი სურვილი ნამდვილად შესრულდა.
სახლში ბევრი ნივთია, რომლებიც დიასახლისის ძვირფას მოგონებებს უკავშირდება: „ყველა ნივთი, რაც აქ არის, ჩემთვის უზომოდ ძვირფასია, რადგან ამ ყველაფერში გავიზარდე... შეიძლება სამკაული არ მომინდეს, არც ბრენდებზე ვგიჟდები, ინტერიერის ნივთები კი მიყვარს. საზღვარგარეთ სადაც კი ვაწყდები ძველებურ ნივთებს, იქიდანაც ერთი-ორი აუცილებლად ჩამომაქვს“.
ქალბატონი ქეთევანის სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივად, არ არის განსაზღვრული. დილა იწყება 7 საათზე და სრულდება გვიან ღამით. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს სამზარეულოში ტრიალს და გემრიელი კერძების მომზადებას, თუმცა არც აქ ღალატობს სწორი, ჯანსაღი კვების პრინციპებს.
ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოთახია როგორც უფროსებისათვის, ასევე სამივე შვილისათვის. აქ თავმოყრილია მდიდარი სამეცნიერო, მხატვრული და ა.შ. ლიტერატურა. წიგნების ერთ-ერთ თაროზე ქეთევანის მამის, არჩილ ასათიანის სურათია, რომელიც უძვირფასესია მისთვის: - როდესაც სერიოზული სირთულის წინაშე აღმოვჩნდები, რჩევისათვის ყოველთვის მას მივმართავ. ვცდილობ, ისე გავიაზრო ესა თუ ის პრობლემური საკითხი და ისე მოვიქცე, როგორც ის მოიქცეოდა.
- ბავშვობიდან იცოდით, მედიცინის რომელ მიმართულებას გაჰყვებოდით?
- ბავშვობაში არა, თუმცა IX-X კლასში სწავლისას უკვე დავიწყე ფიქრი სპეციალობაზე. ოჯახურმა ტრადიციამ სერიოზული გავლენა იქონია და გადავწყვიტე, მედიკოსი, კერძოდ, პედიატრი გამოვსულიყავი, მაგრამ მამამ გადამაფიქრებინა. მითხრა, რომ მე იმდენად ემოციური პიროვნება ვიყავი, პაციენტი ბავშვი რომ გარდაცვლილიყო, ჩემზე მძიმედ იმოქმედებდა. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ასე იქნებოდა.
- ის ინფორმაცია, ემოცია, რომელსაც პაციენტებისგან იღებთ, არ გამძიმებთ?
- პაციენტისათვის მდგომარეობის შემსუბუქება, ზოგადად, მკურნალის მოვალეობაა. პირადად მე, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში, ხშირად ღამის 10 საათამდე კლინიკაში ვარ. პაციენტების მიერ განცდილ ტკივილსა თუ განსაცდელს, სხვადასხვა ისტორიას, რომელსაც ისინი მიზიარებენ, შინ არასდროს ვყვები, ჩემთან რჩება. ამიტომ ვფიქრობ, თუ ექიმისათვის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ მან მედიცინას თავი უნდა დაანებოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ღრმად მწამს, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელიც სიღრმისეულად ესადაგება და ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს ჩემს სურვილს - განვკურნო ადამიანი, შევუმსუბუქო მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბევრი მეუბნება: ჩემთვის მხოლოდ ენდოკრინოლოგი კი არა, ფსიქოთერაპევტიც ბრძანდებითო. პაციენტებისგან ისეთ სითბოს ვგრძნობ, ყოველი მათი მადლიერი სიტყვა მარწმუნებს პროფესიის არჩევის სისწორეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან ჩემი მეუღლეც ექიმია, მას ძალიან კარგად ესმის ჩემი სამსახურის სპეციფიკა.
- როდის გაიცანით მეუღლე და რით მიიპყრო თქვენი ყურადღება?
- 1992 წელს გავიცანი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. გამოირჩეოდა პიროვნული თვისებებით, ქალთან მოქცევის წესით, ეტიკეტის დაცვით, საოცარი სურვილით, რომ პროფესიას სრულფასოვნად დაუფლებოდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მან შეძლო წასულიყო მოსკოვში და ასპირანტურაში გაეგრძელებინა სწავლა. იმხანად რუსული ოფთალმოლოგიური სკოლა სკოლა იყო. ყოველივე ეს ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე ძალიან მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა, საოცრად თავაზიანი და ყურადღებიანი იყო...გაგრძელება