ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი უკრაინაში ყოფნის გამოცდილებასა და მიმდინარე კონფლიქტზე საუბრობს. ნინო სუხიშვილი 70 მოცეკვავესთან ერთად უკრაინაში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა აეროპორტი დაბომბა. როგორც თავად იხსენებს, უკრაინელ ხალხს არ ეგონა, რომ კონფლიქტი ამხელა მასშტაბებით გავრცელდებოდა და უკვე ომის სახეს მიიღებდა.
„ძალიან მძიმე იყო, როცა აღმოვჩნდი ქვეყანაში ომის დროს. ჩვენ მოგვიწია შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყების წინა დღეს. უკრაინაში ყოველ წელს დავდივართ. 2014 წლიდან ამ ქვეყანაში სულ არის არეულობა. არ შეგვიწყვეტია კონცერტები. აღარ დავდიოდით ყირიმში, დონეცკსა და მიმდებარე რეგიონებში. თვითონ უკრაინელებს ეგონათ, რომ ეს იყო პრობლემის გაგრძელება და საომარი მოქმედებები არ გასცდებოდა უშუალოდ რეგიონს. ქალაქ ლუცკში ჩვენ გავიღვიძეთ ბომბების ხმაზე, როდესაც აეროპორტი აფეთქდა და ხალხი მაინც გვირეკავდა, არკვევდნენ, ხომ ნამდვილად ჩავატარებდით კონცერტს, იმდენად არ ჰქონდათ ამის შეგრძნება, რომ ამხელა მასშტაბით გაგრძელდებოდა საომარი მდგომარეობა. ძალიან დიდი სირთულე იყო უკრაინიდან გამოსვლა. პოლონეთი იყო 200 კილომეტრში. ხალხი უკვე გარბოდა, ზოგი ფეხით - ბავშვებთან ერთად. ნამდვილად სასწაულად მოვახერხეთ უკრაინის დატოვება. არ შემიძლია არ აღვნიშნო არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, როგორ გვწერდა საქართველოდან უცნობი თუ ნაცნობი. ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი საელჩოებს უკრაინასა და პოლონეთში, ჩვენი ქვეყანა დაგვიდგა გვერდში. გვქონდა უამრავი წერილი და ზარი სამინისტროებიდან, ყველანაირად გვთავაზობდნენ დახმარებას და ხელშეწყობას. 14-15 საათს ვიყავით გზაში. ვარშავაში მოგვიწია 4 დღე-ღამით ყოფნა და ველოდებოდით გამოფრენას. ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ყველა ქალაქში, ყველასთან მაქვს კონტაქტი. გაუსაძლის დღეში არიან. რამდენიმე ქალაქიდან აღარ მპასუხობენ. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ვეღარც ვიხილო ისინი ცოცხლები. უკრაინელი ხალხი, რომელიც თავის ქვეყანას იცავს, არის გმირი ერი, ბევრი ერი ვერ დაიკვეხნის ქვეყნის ასეთ დაცვას. ქალები, ბავშვები, იბრძვის ყველა, ვისაც იარაღის ხელში დაჭერა შეუძლია. ყველაფერს უძლებენ. არ ვიცი, როგორ გაუძლებს ქვეყანა. არავის ეგონა, რომ უკრაინა ამდენს გაუძლებდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს უკრაინელი ხალხის შინაგანი სიძლიერის. მიხარია, რომ ქართველი ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, უკრაინელებმა იციან, რომ საქართველო მათ გვერდითაა. ილიკოს 50 წლის იუბილეს აღნიშვნა კიევში იყო დაგეგმილი, მაგრამ მთავარია, ქვეყანა გადარჩეს და აუცილებლად ჩავატარებთ კონცერტს თბილისში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ძალიან ბევრი უკრაინელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ბევრი საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენი ხალხი მათ ეხმარება და მეამაყება ჩვენი ხალხის. მე ვთვლი, რომ უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. არ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს გაიგივებული რუსეთის მეგობრების სიაში და ეს ძალიან მაწუხებს, მტკივა და მრცხვენია. არ მინდა ვიყო რუსეთის მეგობარი, მე ვარ უკრაინის მეგობარი. თუმცა ძალიან რთულია განსაზღვრო, ვინ რა განწყობით შემოდის ჩვენთან. ბევრი რუსი ყიდულობს სახლს საქართველოში და მე ეს მგონია ძალიან საშიში“ - ამბობს ნინო სუხიშვილი.