ქოსემ სულთანი, ასევე ცნობილი, როგორც მაჰფეიქერი, ოსმალეთის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ქალად ითვლება. ქოსემმა თავისი საქმეებით დაჩრდილა თავისი წინამორბედი ჰიურემი, რომელიც იყო პირველი მონა, რომელმაც მოახერხა და სულთანზე დაქორწინდა. ქოსემს ხშირად ადარებენ ჰიურემს, თუმცა თურქეთში ამბობენ, რომ სიძლიერითა და გავლენით ქოსემი ბევრად მაღლა იდგა.
ქოსემი გახლდათ ოსმალეთის სულთნის, აჰმედ პირველის ცოლი და სულთან მურად მეოთხისა და იბრაჰიმ პირველის დედა. შვილების მმართველობის დროს იყო ვალიდე სულთანი, ხოლო შემდგომ თავი რეგენტად გამოაცხადა და გახდა პირველი ქალი, რომელიც ღიად მართავდა იმპერიას.
სულთანი იყო ბერძნული წარმომავლობის, ტინოსის კუნძულზე მცხოვრები მღვდლის ქალიშვილი. მისი ნამდვილი სახელია ანასტასია. იყიდეს, როგორც მონა, 15 წლის ასაკში და გაგზავნეს კონსტანტინოპოლში, თოფქაფის სასახლეში. ჰარამხანაში მოხვედრისა და ისლამის მიღების შემდეგ მას უწოდეს მაჰფეიქერი, ხოლო მოგვიანებით აჰმედ სულთანმა ქოსემი, ანუ წინამძღოლი შეარქვა. ქოსემმა აჰმედს 5 ვაჟი და 5 ქალიშვილი გაუჩინა.
აჰმედ I-ის მმართველობის ადრეულ წლებში ჰარემში იერარქიული წყობა შეიცვალა. საფიე სულთანი, აჰმედის ძლევამოსილი ბებია, რომელიც აგრძელებდა ჰარემის მმართველობას, სულთნის ბრძანებით, 1604 წლის იანვარში ძველ სასახლეში გააძევეს. ერთი წლის შემდეგ, 1605 წელს, ჰარემის მმართველი სულთნის დედა ჰანდან სულთანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ვალიდე სულთნის გარდაცვალებამ ქოსემს ჰარემში ძალაუფლებისკენ გაუხსნა გზა. ცნობილია, რომ აჰმედ I-მა ქოსემზე იქორწინა. ქოსემის, როგორც ჰასეკი სულთნის მთავარი საზრუნავი, მისი შეჰზადეების (უფლისწულების) დაცვა იყო. ასევე მას უდიდესი წვლილი მიუძღვის აჰმედის ძმის, მუსტაფა I-ის შეწყალებაში. როგორც ჰასეკი სულთანი, ქოსემი გასამრჯელოდ დღეში იღებდა 1000 აქჩეს. აჰმედის გარდაცვალების შემდეგ ქოსემს შეეშინდა, რომ თუ ტახტზე სულთნის უფროსი ვაჟი ოსმანი ავიდოდა, იგი ძმებს სიკვდილით დასჯიდა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ქოსემმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ტახტზე აჰმედ I-ის უმცროსი ძმა მუსტაფა ასულიყო. მუსტაფას ტახტზე ასვლის შემდეგ, ქოსემი გააძევეს ძველ სასახლეში, სადაც ცხოვრობდა მუსტაფა I-ისა და ოსმან II-ის მმართველობის დროს.
ქოსემმა ძალაუფლება დაიბრუნა, როდესაც მისი ვაჟი მურად IV ტახტზე ავიდა, 1623 წლის 10 სექტემბერს. მისი შვილის მცირეწლოვნობის გამო იგი არა მხოლოდ ვალიდე სულთანი იყო, არამედ იმპერიის ოფიციალური რეგენტი და 1623 წლის 10 სექტემბრიდან 1632 წლის 18 მაისამდე ერთპიროვნულად მართავდა იმპერიას. მურადის მმართველობის ადრეულ წლებში ქოსემი მისი სახელით მართავდა იმპერიას, ესწრებოდა საბჭოს კრებებს ფარდის მიღმა, იღებდა სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს, როგორც რეგენტი. ამ პერიოდში იმპერიაში სრული ქაოსი გამეფდა. ირანმა დაიპყრო ერაყი, ანატოლიის ჩრდილოეთი აჯანყებულებმა დაიკავეს, 1631 წელს აჯანყებული იანიჩრები სასახლეში შეიჭრნენ და დიდ ვეზირთან ერთად სხვა სახელმწიფო მოხელეები დახოცეს. მურადს ეშინოდა,რომ მასაც მისი ძმა ოსმანივით მოკლავდნენ. ამიტომ გადაწყვიტა ძალაუფლების ხელში აღება და ამ მიზეზით ქოსემს 1632 წლის 18 მაისს რეგენტის ტიტული ჩამოართვა. ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ მურადმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ ანარქიასა და ქაოსს, სასტიკად დასაჯა ყველა დამნაშავე და სულთნის უზენაესი ხელისუფლება ხელახლა დაამყარა.
ქოსემმა მეორედ გამოაცხადა თავი რეგენტად და იმპერიას ღიად მართავდა 1648-51 წლებში. შემდეგ კი იმპერიის სათავეში 7 წლის სულთანი აღმოჩნდა. მეჰმედის ტახტზე ასვლით, მისი დედა თურჰან ჰატიჯე სულთანი გახდა ვალიდე სულთანი. თურჰანის გამოუცდელობისა და ახალგაზრდობის გამო მისი გავლენა მთლიანად იფარებოდა ქოსემ სულთნის მიერ, რომელიც ორჯერ იყო ვალიდე სულთანი მისი შვილების მმართველობის დროს. მეჰმედ IV-ის მმართველობის დროს მას მოიხსენიებდნენ, როგორც „დიდი ვალიდე“.
თურჰან ჰატიჯე სულთანი ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ქოსემს ღიად დაუპირისპირდა. საბოლოოდ სწორედ ის გახდა ქოსემ სულთნის სიკვდილის მიზეზი. როდესაც თურჰანი იყო 12 წლის, იგი ყირიმის ხანმა საჩუქრად გააგზავნა სულთნის სასახლეში. ითვლება, რომ თურჰანი ქოსემმა გაუგზავნა იბრაჰიმს, როგორც ხარჭა. თურჰანი მეტისმეტად ამბიციური ქალი გამოდგა. იგი ბრძოლის გარეშე არ აპირებდა ამხელა ძალაუფლების დათმობას. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში თურჰანს მხარს უჭერდნენ დიდი ვეზირი და სასახლის შავკანიან საჭურისთა მეთაური, მაშინ, როცა ქოსემის ხელში იანიჩართა არმია იყო. ქოსემმა გადაწყვიტა მეჰმედ IV-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი სხვა უფლისწულით შეცვლა. მას სურდა, ისეთი უფლისწული აეყვანა ტახტზე, რომელსაც უფრო ადვილად დასამორჩილებელი და ნაკლებად ამბიციური დედა ეყოლებოდა. მაგრამ გეგმა ჩაიშალა. ქოსემის ერთ-ერთმა მსახურმა, მელექ ხათუნმა, ქოსემის გეგმის შესახებ თურჰან ჰატიჯე სულთანს უთხრა. ქოსემი მისი რეგენტობის მესამე წელს მოკლეს. სასახლეში სწრაფად გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ქოსემის მოკვლის ბრძანება თურჰანმა გასცა. 1651 წლის 2 სექტემბრის ღამეს ქოსემი საკუთარ ოთახში ფარდით დაახრჩო შავკანიანმა საჭურისმა - „მაღალმა“ სულეიმანმა. ვოიცეხ ბობოვის თქმით კი, ქოსემი საკუთარი თმით დაახრჩვეს. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული თოფქაფის სასახლიდან ძველ სასახლეში წაიღეს, ხოლო შემდეგ მისი მეუღლის აჰმედ I-ის მავზოლეუმში დაკრძალეს.
ქოსემის სიკვდილს მთელი კონსტანტინოპოლი სამი დღე გლოვობდა.