ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელიც რუსეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ალა პუგაჩოვას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თავად ალა არის რუსეთი.
„ამას წინათ სოციალურ ქსელში მოხვდა ჩემი საყვარელი სასულიერო პირის ქადაგება, სადაც ის გამოხატავდა სიხარულს იმის გამო, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა. ამასთან დაკავშირებით ჩემმა მეგობარმა თბილისიდან დამირეკა და მკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ამბავი. მას შემდეგ, რაც დავუდასტურე, იკითხა: „როგორ, რუსეთი რუსეთიდან წავიდა?“ მილიონობით ადამიანისთვის საქართველოში ალა პუგაჩოვა რუსეთის სიმბოლოა, ის თავად არის რუსეთი.“ - წერს მომღერალი.
ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. გავრცელდა ჭორები, თითქოს პუგაჩოვა საცხოვრებლად თბილისში აპირებდა გადმოსვლას, თუმცა მომღერალი ამჟამად, სავარაუდოდ, ამერიკაში იმყოფება და ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანას აირჩევს მომავალში შვილებთან ერთად საცხოვრებლად.