აჯობე წარსულს! - თავი 14 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 14

2022-03-22 10:02:28+04:00


წინა თავი

- კირა…

მან მაჯაში ხელის ჩავლება დამიპირა, მაგრამ უკან გავხტი. ფაბიენს ხელი ჰაერში გაუშეშდა. ჩემთვის სულერთი იყო, საით გავიქცეოდი, ოღონდაც მისგან შორს ვყოფილიყავი. ალმურმოდებული ტუალეტში შევვარდი.

აკანკალებული ხელები აცრემლებულ თვალებზე მივიფარე, კაფელაკრულ კედელს მივეყრდენი და იატაკზე დავეშვი…

მას შემდეგ უკვე თვე-ნახევარი გავიდა. მიუხედავად ამისა, იმ სცენის ყოველ გახსენებაზე გული საშინლად მეკუმშება. ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ასე მოვიქეცი. მართალია, ამ ზომამდე თვითონ მიმიყვანა, მაგრამ მაინც. რა მინდოდა, რა მრჯიდა? ვინ მეკითხებოდა? რატომ ვავალდებულებდი, როგორც შეყვარებულს, ისე მომქცეოდა? შემპირდა რამეს თუ?

არ მახსოვს, ის საღამოს რამდენ ხანს დავყავი ტუალეტში - ოცი წუთი თუ ორი საათი. მაგრამ იქიდან რომ გამოვედი, კარგად დავარცხნილ-დატუშული ვიყავი, მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ ფაბიენი უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა. მაგრამ გამოვედი და ადგილზე გავშეშდი. ის დერეფნის მეორე ბოლოში იდგა და კედელს მიყრდნობილი მე მიცდიდა.

არ ვიცოდი, რა მელოდა - მომხდარში დადანაშაულება, განრისხება თუ სიძულვილით სავსე გამოხედვა.

მივუახლოვდი და შიშნარევი მზერით შევხედე. ის კი, უბრალოდ, მოშორდა კედელს და ჩემკენ წამოვიდა.

- წავედით? - სრულიად მშვიდი ხმით შემეკითხა, - კრისტიანს დავურეკე, ვუთხარი, ყველაფერი კარგადაა და შეგიძლია დაიძინო-მეთქი.

- კარგად მოქცეულხარ. - მივუგე და გამიკვირდა, ისე მტკიცედ ჟღერდა ჩემი ხმაც. არადა, შიგნიდან მთელი სხეული მიცახცახებდა. ფაბიენი კი, როგორც ყოველთვის, უშფოთველი იერით იდგა.

მთელი გზა, სანამ შინ დავბრუნდებოდით, სამარისებურ სიჩუმეში გავატარეთ. ამიტომ დროის იმ მონაკვეთში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, დამშვიდობებისას რა მეთქვა. შეიძლება არ უნდა მეყვირა მისთვის, მაგრამ ამის გამო ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებდი. უფრო სწორად, ახლა არ შემეძლო ეს. არადა, წესით, მქონდა ბოდიში მოსახდელი. ახლა, როცა განრისხების პირველმა ტალღამ გამიარა, გამახსენდა, როგორ მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, მერე როგორ ეჭირა ჩვილი ხელში და რა სახით დასცქეროდა. აშკარად გადავამლაშე…

როცა სახლთან მივედი, მანქანიდან მის დაუხმარებლად გადმოვედი და მშრალად დავემშვიდობე:

- მადლობა… ღამე მშვიდობისა.

ისიც თავაზიანად დამემშვიდობა, მაგრამ ისთი სიძლიერით მიიჯახუნა მანქანის კარი, ნებისმიერ სიტყვაზე მეტყველი იყო. "ჰოდა, ძალიან კარგი, - გავიფიქრე, - ყოველ შემთხვევაში, უსიამოვნო ლაპარაკს ავცდით".

ვინ იფიქრებდა, რომ ფაბიენი მეორე დილით დამირეკავდა?!

ძალიან ადრე იყო, მთლად ახალი გათენებული. სახლში ყველას გვეძინა. მერიმ კარზე მომიკაკუნა და გამაღვიძა. ოღონდ ძლივს გამაღვიძა, რადგან მხოლოდ გამთენიისას შევძელი ჩაძინება.

- გირეკავენ, მადმუაზელ, - ჩურჩულით მამცნო, - მესიე მორელს თქვენთან საუბარი სურს.

გულგახეთქილი წამოვხტი, ალბათ, ნანას რაღაც გაურთულდა და ასე ადრე იმიტომ მირეკავს-მეთქი.

- ალო? - ნამძინარევი, მაგრამ შეშინებული ხმით ჩავძახე ყურმილში.

- მაპატიე, ასე ადრე რომ გირეკავ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ვერ დავტოვებთ ამ ყველაფერს ისე, როგორც არის. ნანა ბავშვებიანად მალე დაბრუნდება სახლში, მე კი მისი განერვიულება არ მინდა. - ის ცივად და მოწყვეტით ლაპარაკობდა, - ამიტომ გთავაზობ, საღამოს ერთად ვისადილოთ და ყველაფერი გავარკვიოთ.

- ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, ფაბიენ, - გადაჭრით მივუგე, არადა, თითებს ისე ვუჭერდი ყურმილს, ნუნები გამითეთრდა, - არც მე მინდა ნანას ნერვიულობა, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩვენი ურთიერთობა როგორ უნდა აისახოს ამ ოჯახის ატმოსფეროზე.

ნუთუ ჰგონია, რომ მე გავიქცევი და ყველაფერს ნანას ჩავუკაკლავ? მაშინ, როცა ის ასე სუსტადაა?

- ის, რაც გუშინ საღამოს მოხდა, მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება. დარწმუნებული ვარ, ორივე შევძლებთ თავშეკავებას და სხვების მოსაჩვენებლად ერთმანეთთან ნორმალურად დალაპარაკებას.

- ესე იგი, უარს ამბობ ჩემთან ერთად სადილობაზე?

- უკვე გითხარი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ-მეთქი. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ნანა და ბავშვებია. ჩემი ერთადერთი საზრუნავი! - ხაზი გავუსვი, - ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ნანა ჩემგან ვერაფერს გაიგებს. კარგად ბრძანდებოდე!

ამ სიტყვებით ყურმილი დავკიდე და… ავტირდი…

ნანა მეექვსე დღეს უკვე სახლში იყო. თავს მშვენივრად გრძნობდა, თუმცა მალე იღლებოდა და ამიტომ ძირითადად მე მიწევდა ბავშვების მოვლა. დილიდანვე, როგორც კი დედა მათ ძუძუს მოაწოვებდა, ორივე ეზოში ჩაგვყავდა ორადგილიანი საბავშვო ეტლით, იქვე ჩრდილში მივდგამდით ეტლს და ჩვენც აქეთ-იქიდან შემოვუსხდებოდით. თან ვსაუბრობდით, თან მორიგეობით ვარწევდით ჩვილებს.

როგორც აღვნიშნე, თვე-ნახევარი გავიდა იმ ამბიდან. მე და ნანა ეზოში ვისხედით საბავშვო ეტლის გარშემო და ვსაუბრობდით. ვცდილობდი, მზერა არ გამქცეოდა იმ მხარეს, სადაც მინდორში ორი მამაკაცი კრისტიანთან ერთად ბურთის თამაშით იყო გართული. საკუთარი თავის იმედი რადგან არ მქონდა, ზურგი შევაქციე მოთამაშეებს, ნანას ხელს ხელი დავადე და ვუთხარი:

- ბავშვებს გემრიელად სძინავთ. სულ ნუ არწევ, თორემ მიეჩვევიან და მერე სულ უნდა არწიო და არწიო.

- ვიცი, კირა, განა არ ვიცი, მაგრამ წარამარა მინდა მათი არსებობა შევიგრძნო. აი, ხომ სძინავთ, მე კი ერთი სული მაქვს, როდის გაიღვიძებენ და აღნავლდებიან.

- რა სულელი ხარ, - გამეცინა.

- როგორც იქნა, მივაჩვიე პიერი, რომ ძუძუ უნდა ვაწოვო. რა საჭიროაო, ტვინი შემიჭამა. ჩვენთან ყველა ხელოვნური კვებით იზრდებაო. შე მამაცხონებულო, მადლიზა რძე მაქვს, ხელოვნურად რატომ უნდა გავზარდო ბავშვები?

- მესმის მისი. ამით შენ გიცავს, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთო.

- გადავიტვირთო კი არა, ეშინია უფრო არ გავსუქდე, - ატკარცალდა ნანა, - მსუქან ქალებს ხომ ვერ იტანს ეგ და ჰგონია, სულ ასე გასიებული ვიქნები.

- უყვარხარ, ბატონო და მაგის ბრალია, - გავამართლე სიძე ბატონი და გავიღიმე.

- შეამჩნიე, კრისტოს როგორ შეუყვარდა ბავშვები? ერთი სული აქვს, როდის მოვა და ხელში აიყვანს. იმანაც ქართულად დაუწყო მოფერება. ჩვენ ხომ სულ ქართულად ვლაპარაკობთ, როცა მარტონი ვართ, ჰოდა, ესმის, როგორ ვეფერებით მათ და ისიც იმეორებს: "ლაო, პატალა, გშია?" "ლაო, ლამაზო?" იცი რამდენი სიტყვა ისწავლა უკვე?

- ჰო, მეც მეკითხება, ეს როგორ არის ქართულად, ის როგორ არისო… ჟაკოსაც რომ ასწავლის, იცი?

- კიიი, იმ დღეს შევესწარი და გავგიჟდი, - ნანა აღტაცებით ალაპარაკდა, - და როგორ უყურებს ჟაკო ბავშვებს, დაკვირვებიხარ? ვერ წარმოვიდგენდი, ფრინველებს ასეთი რამე თუ შეეძლოთ.

- მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჟაკო უფრო მეტია, ვიდრე ფრინველი.

- შენ კი არა, მე ვთქვი ეგ პირველად, - არ დამითმო ნანამ.

- ნუ, ხო, რა მნიშვნელობა აქვს, მეც ხომ ვამბობ.

- შენ იცი ის ამბავი? ჟაკო რომ არა…

- არ ვიცი… რაზე მელაპარაკები? მოხდა რამე? - დავინტერესდი.

- ჟაკო რომ არ ყოფილიყო, შეიძლება კრისტიანს არც კი ეცხოვრა ჩვენთან. - ხმადაბლა ალაპარაკდა ნანა, - არ ვხუმრობ. იყო მომენტი, მე და პიერი მთლად დავიბენით, არ ვიცოდით, როგორ მივდგომოდით ბავშვს. ჟაკო კი სიტუაციის განმუხტვაში დავგვეხმარა. მართალია, პიერი დამცინის, მაგრამ მე მგონია, რომ ჟაკოს ფიქრიც შეუძლია და განსჯაც. ის ბევრ ადამიანზე უფრო ჭკვიანია.

- აი, მაგაში კი არ ცდები, - ჩავიცინე.

თუთიყუში მომენტს არ უშვებდა ხელიდან, როგორც კი დამინახავდა, მაშინვე ფაბიენს და კირას გაჰყვიროდა. პიერი და ნანა კი მიმტკიცებდნენ, ჟაკო ბავშვების სახელებს გაიძახისო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო, რადგან იგი პატარების დაბადებამდე გაჰკიოდა კირას და ფაბიენს. ბოლოს კი დიდი მონდომებით დაამატებდა: "მმმ", თითქოს ფრინველმა ჩემი გულის საიდუმლო იცოდა, რის გამოც თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი.

მიუხედავად იმისა, რომ თავს ვარწმუნებდი, ფაბიენი ჩემთვის უკვე არაფერს ნიშნავს-მეთქი, ბოლო ექვსი კვირა წამებად გადამექცა. იმ ავად მოსაგონარი ღამის შემდეგ რატომღაც მეგონა, რომ ფაბიენი პიერის სახლში ვიზიტებს მინიმუმამდე შეამცირებდა, რათა ცოლ-ქმარი არაფერს მიმხვდარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მან ჩვენთან ჩასახლება გადაწყვიტა.

გამუდმებით ვეკითხებოდი ჩემს თავს. რატომ მოუხშირა აქ სიარულს? ნუთუ ბავშვებს მიეჯაჭვა და იმის ბრალია? იქნებ კარგი ამინდების გამო? ყოველდღე ან ფეხბურთს თამაშობენ, ან ბადმინტონს, ან ბარბექიუს აწყობენ მინდორში, ან აუზში ნებივრობენ. ამის გაგება, რა თქმა უნდა, არ შემეძლო, მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით ვიცოდი - შინ, ცარიელ სახლში მარტო გამოკეტვას ფაბიენი მეგობრებთან ყოფნას ამჯობინებდა. ან კი საიდან გამოუჩნდა ამდენი დრო ბიზნესმენს? ნუთუ საქმეები გამოელია? თუ სხვები დატვირთა თავისი მოვალეობებით? არც ამას მეტყოდა ვინმე, რადგან ვერც ვერავის ვკითხავდი და, შესაბამისად, არც არავინ იყო პასუხის გამცემი.

ასე იყო თუ ისე, არაფერი მშველოდა, დამხმარებოდა სიყვარულთან ბრძოლაში, რომელიც, მიუხედავად ჩემი უდიდესი ძალისხმევისა, დღითი დღე უფრო ძლიერდებოდა. იმ თაგვივით ვგრძნობდი თავს, კატის სუნს რომ გრძნობს და შეშინებული სოროდან ვერ გამოდის.

ახლაც, როცა ნანას ვესაუბრებოდი, სწორედ ამგვარად ვგრძნობდი თავს. მაინც გავაპარე თვალი და იქითკენ გავიხედე, სადაც ფეხბურთის თამაშის შემდეგ აუზთან შეზლონგებზე წამოწოლილი მამაკაცები მეგულებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით სამოცი მეტრი მაინც მაშორებდა აუზს, ფაბიენის მაგნიტურ ძალას თავს ვერ ვაღწევდი და ვიძაბებოდი.

რატომაა ასე საშინლად მიმზიდველი ეს კაცი? ლამაზი ფრანგი მამაკაცი იშვიათად მინახავს. ალენ დელონის დრო დიდი ხანია, წავიდა, თანაც, სიმართლე რომ ვაღიარო, დიდად არც მომწონდა, ზედმეტად ნაზი მეჩვენებოდა ყოველთვის. ეს კი… ეს ლამაზიც იყო, ვაჟკაცურიც, როგორც ჩვენ, ქართველ ქალებს გვიყვარს თქმა, მამაკაცურიც და, ყველა სიკეთესთან ერთად, სექსუალურიც. ერთი სიტყვით, "დაცემა" კაცია! ეს, ალბათ, მისი გენების ბრალია. დედა ხომ იტალიელი ჰყავდა… თუ ესპანელი. დიდად არც დავინტერესებულვარ ამით, რათა ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამთვლოდა. მის მამაკაცურობას შერწყმული ქალური სილამაზე კი მაღიზიანებდა. მე მასთან რას მოვიდოდი! ცოლ-ქმრის ამპლუაში რომ გავჩითულიყავით, ჩემზე იტყოდნენ, რა კაცი დაუთრევია ამ ქალსო… ნეტავ დაგრეხილი ფეხები მაინც ჰქონდეს… ან უშნო და გრძელი ცხვირი, ან… რა ვიცი, რაღაც მაინც, რაც ფიზიკურ ნაკლად ჩაეთვლებოდა. რაც უფრო ვაკვირდებოდი ბოლო კვირების განმავლობაში, როგორ ურთიერთობდა პიერთან, ბავშვებთან, კრისტიანთან, ნანასთან, მით უფრო მიყვარდებოდა. ცივი ცინიზმისა და გულგრილობის ნიღაბს მიღმა აშკარად ჩანდა მისი სხვა სული - ღრმა, გულწრფელი და გრძნობებით სავსე. მხოლოდ ჩემთვის არ იყო ამ სულში ადგილი…

ეს ყველაფერი ცუდი იყო, ძალიან ცუდი… ვერც ვერსად დავიმალებოდი, რადგან ნანას ვჭირდებოდი, მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ თავს ობობას ქსელში გაბმულ პეპელასავით ვგრძნობდი.

უცებ დავინახე, კრისტიანი როგორ გადაეშვა თავით წყალში, პიერი და ფაბიენი კი ჩვენკენ გამოეშურნენ. სხეული ერთიანად დამეჭიმა, თავის ხელში აყვანას ვერ ვახერხებდი.

- მზე უკვე აჭერს, - ფაბიენს შავი მზის სათვალე ეკეთა, ამიტომ ძნელი მისახვედრი იყო, ვის მიმართავდა - მე თუ ნანას. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემს ფეხებთან დაეშვა და მოხერხებულად დაჯდა მიწაზე. ბანაობის შემდეგ თმა სველი ჰქონდა, - სწორად იქცევი, როცა შენს ნაზ ქართულ კანს მზისგან ასე იცავ და ჩრდილს ეფარები.

- არც ისეთი ნაზია ჩემი კანი, - სხარტად მივუგე, რადგან მის ხმაში ჩვეული ირონია შევიგრძენი, - მე ხომ ცისფერთვალება და ქერა არა ვარ.

- უფრო პატარა ნერვიული კვიცი ხარ, ხავერდივით თვალებითა და რბილი ტყავით, -ხმადაბლა წარმოთქვა, მაგრამ სრულიად გულგრილი ტონით.

- კარგი, "კვიცი" რომ მიწოდე, შენს სინდისზე იყოს, არაფერს ვიტყვი, მაგრამ "ნერვიულს" ნამდვილად არ ვეთანხმები. - გავაპროტესტე.

სინამდვილეში ამ შედარებამ ტკივილი მომგვარა. ამით ფაბიენმა შემახსენა, რომ სულაც არ ვგავდი იმ მგრძნობიარე ქალებს, ზღვის სანაპიროზე რომ დააბიჯებდნენ ჩემი გულის გასახეთქად და ზაფხულის დადგომასთან ერთად ფუტკრებივით მრავლდებოდნენ. თვალს ვერ ვაშორებდი მათ მინიატურულ ბიკინებს, ძლივს რომ ფარავდნენ ჩამოსხმული სხეულის ინტიმურ ნაწილებს. ასეთი საცურაო კოსტიუმები ნამდვილად არ იყო ჩემთვის - და ეს სამუდამოდ ასე იქნებოდა. ჩემს დასერილ მუცელს მსგავსი ბიკინი ვერასდროს ეღირსებოდა. გარდა ამისა, ისინი, რატომღაც, ძალზე თავდაჯერებულ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მე კი ასეთი არასდროს ვყოფილვარ… ავარიამდეც კი.

- ჰო… დღეს განრისხებულ ვეფხვს უფრო ჰგავხარ, - ხმადაბლა შენიშნა ფაბიენმა. მზის სათვალე ისევ ისე უფარავდა თვალებს, ამიტომ ვერ ვხვდებოდი, როგორც ყოველთვის, დამცინოდა თუ, უბრალოდ, მეუხეშებოდა.

- განრისხების რა მოგახსენო, მაგრამ ნერვიული ნამდვილად არ ვარ. ვერ ვხვდები, ეს საიდან მოიტანე, - ისევ ჩემსას მივაწექი, თან ვატყობდი, ნელ-ნელა როგორ ვიფოფრებოდი.

- ჰმ… - ამოიხვნეშა, - თუ ასეა, მზად ვარ, ჩემი სიტყვები უკან წავიღო, ჩემი მხრიდან არ იყო თავაზიანი, ასეთი შედარება მომეყვანა.

- სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის. როდის ერთხელ შეგიკავებია თავი ჩემ დაცინვაზე? - წამომცდა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ უნდა გავჩუმებულიყავი.

- ო! სულ დამავიწყდა, რომ კვიცებსაც შეუძლიათ ხანდახან წიხლის ამორტყმა, თუ მათ პროვოცირებას შეეცდები!

დაბალი, ხრინწიანი ხმით ჩაიცინა, რამაც გულისცემა ამიჩქარა. სრულიად მოულოდნელად წამომიარა სურვილმა, დავტაკებოდი და მისი სახე კოცნით დამეფარა… სახემოღუშულმა თავიც კი გავაქნიე, რომ ეს უადგილო, სრულიად მიუწვდომელი სურვილი გონებიდან როგორმე განმედევნა.

- წამო, ვიცურაოთ, - უცებ, თითქოს არაფერი, შემომთავაზა და მივხვდი, რომ წეღანდელი საუბარი მხოლოდ პრელუდია იყო ამ გამოწვევისთვის, - წყალი საოცრად თბილია.

- ფაბიენ, წყალი ცივია, - ჩაერია ნანა, - მეც ვიბანავე დღეს და კინაღამ გავიყინე.

გაგრძელება იქნება