აჯობე წარსულს! - თავი 15 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 15

2022-03-23 09:52:50+04:00


წინა თავი

- აი, ხედავ? შენ გარდა ყველამ იბანავა დღეს, პატარა კვიცო, - ფაბიენმა ნელი მოძრაობით მოიხსნა სათვალე და მზის მკვეთრი შუქის მოხვედრის გამო თვალები მოჭუტა, - პიერი და ნანა თვითონ მიხედავენ თავიანთ ბავშვებს, შენ კი ცოტა გაგრილება არ გაწყენდა.

სიტყვა "გაგრილება" აშკარად იდუმალ აზრს მოიცავდა იმ ხანძარზე, ჩემში რომ გიზგიზებდა. გაბოროტებულმა შევხედე მის ლამაზ სახეს, თითქოს ის იყო დამნაშავე იმაში, რომ თავი გავეცი.

- ეჭვიც არ მეპარება, რომ მიხედავენ, - დავეთანხმე, - მაგრამ მე საბანაოდ არ ვარ გამზადებული, - ვთქვი და ტანსაცმელზე დავიხედე, - გარდა ამისა, საშინლად მშია. ახლა რომ არ ვჭამო, შეიძლება გული წამივიდეს. ნანა, ხომ არ დავუძახოთ მერის, რამე მოგვიტანოს? - ნანას მივუბრუნდი და წამოვდექი.

- მეც წამოვალ. სარდაფში რამდენიმე ბოთლი ღვინოა, ხორცს მოუხდება. ბიჭებო, თქვენ ხორცი შეწვით, დანარჩენი ჩვენზე იყოს. ფაბიენ, რას იტყვი?

- არაა პრობლემაა, - ხელები გაშალა ფაბიენმა და სათვალე ისევ გაიკეთა.

პრობლემა არ არის? ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო. ნანას უკან მივდევდი, მზე თავზე მაცხუნებდა, ჰაერი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობდა - ვეებერთელა, დაუჯერებელი, გადაუწყვეტი! და ეს მდგომარეობდა არა მხოლოდ იმაში, რომ ფაბიენს თავისი ცხონებული ცოლი დღემდე უყვარდა…

გადასარევად ვიცოდი, რომ ერთმანეთს უფსკრული გვაშორებდა. ის მდიდარი იყო, დაჯილდოებული გამჭრიახი გონებით, ელიტურ წრეში გარეული ცინიკური ადამიანი, რომელსაც, გარდა თავისი მომნუსხველი გარეგნობისა, დამატებით კიდევ ჰქონდა რაღაც, რაც მაგნიტივით იზიდავდა ქალებს. გარდა ამისა, მას რამდენიმე წელი ცოლად ჰყავდა ზღაპრული სილამაზის ქალი, რომლის მშვენიერებას ენა ვერ აღწერს და რომელსაც აღმერთებდა. მე კი… მე ზღაპრულად ლამაზი კი არა, საერთოდ არ ვიყავი ლამაზი…

რატომ მოვუნდი იმ საღამოს? შევკრთი, როცა ერთადერთი შესაძლო პასუხი გამოვძებნე: ხელმისაწვდომი ვიყავი და იმიტომ. უბრალოდ, მის სიახლოვეს მე აღმოვჩნდი და ეგ იყო. ამის გააზრება მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ თავის მოტყუებას მიჩვეული არასდროს ვყოფილვარ. ყველაფერი, რაც მან თქვა და გააკეთა იმ მომენტში, მოწმობდა იმას, რომ ეს იყო მისთვის გართობა მხოლოდ ერთი ღამით - სასიამოვნო, მაგრამ არაფრით მნიშვნელოვანი… და ჩემთვის? მე არ შემეძლო დავნებებოდი მას და შემდეგ მშვიდად დავშორებოდი, როგორც თვითონ ელოდა. ეს, უბრალოდ, ბოლოს მომიღებდა.

ფაბიენისთვის მე მხოლოდ ერთ გასართობ თავგადასავალს წარმოვადგენდი, ჩემთვის კი ის გახლდათ ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებოდა. კომპრომისი შეუძლებელი იყო.

დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა: ვილაპარაკეთ, ვიმხიარულეთ, როგორც ზაფხულის შაბათ დღეს შეეფერებოდა ისე, გატარებულს მეგობრულ ატმოსფეროში. მაგრამ მოგვიანებით, როცა ყავის დასალევად დავსხედით, მივხვდი, - კიდევ ერთი წუთი რომ დავრჩენილიყავი ოთახში, დავიწყებდი ყვირილს, ღრიალს, თმას დავიგლეჯდი.

- უკვე გვიანაა, - ნელა წამოვდექი, ვცდილობდი, ნერვული შემოტევა დამეფარა, - კრისტიანი, მგონი, ისევ აუზშია. წავალ, წამოვიყვან.

- შენ იყავი, მერის გავგზავნი, - ჩემი შეჩერება სცადა ნანამ.

- არა, ჯობია, მე წავიდე. რაღაც თავი ამტკივდა, ცოტა ხნით სუფთა ჰაერსაც ჩავყლაპავ, -ვთქვი და ყველას გავუღიმე. ეს ღიმილი ბოლო კვირებში გამოვიმუშავე, - თქვენ დაამთავრეთ ყავის სმა, მე მალე მოვალ.

როგორც იქნა, გარეთ გამოვედი და სახე ღამეს მივუშვირე. ჰაერი თბილი იყო და საღამოს ნიავი ისე მელამუნებოდა, თითქოს მეალერსებოდა.

რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავემგზავრო აქედან! ყველაფერი, რაც ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული, გულს მიბზარავდა - სადღაც სულის სიღრმეში მიძვრებოდა და მოსვენებას მიკარგავდა, ეს კი აუტანელი ხდებოდა.

ნანა მშვენივრად ართმევდა თავს ბავშვების მოვლას. გარდა ამისა, უამრავი დამხმარე ჰყავდა, მე უკვე აღარ ვჭირდებოდი. დაქალისთვის ჩემი აქ ყოფნა მშობიარობის წინა თვეებში იყო აუცილებელი და ბავშვების გაჩენის შემდეგ პირველ დღეებშიც, მაგრამ აწი უკვე აღარ. ის მოკეთდა, სუსტად აღარ იყო, ძველებურად თავდაჯერებული გახდა და მშვენივრად უძღვებოდა თავის საქმეს.

ასე რომ, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და აუზისკენ ავიღე გეზი. ისე გავწამდი, რომ უკვე აღარ მინდოდა აქ დარჩენა.

მოულოდნელად განწირული ხმა შემომესმა.

- მიშველეეეეთ!

წამით ადგილზე გავიყინე, შემდეგ კი ადგილს მოვწყდი და ყვირილის ხმას მივყევი.

- მიშველეეეთ! - ეს კრისტიანი იყო.

- კრისტო! კრისტო! მოვდივარ! გამაგრდი!..

არ ვიცოდი, ბავშვი რამდენ ხანს ფართხალებდა წყალში, მაგრამ მისი ტკივილით დაღმეჭილი სახე რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ კრუნჩხვა ჰქონდა. როგორც ჩანს, ფეხის ძარღვი გაენასკვა და კიდისკენ გაცურვა ვერ შეძლო. და უცებ, ჩემ თვალწინ ბიჭი წყალქვეშ გაუჩინარდა.

ტანსაცმლიანად გადავეშვი წყალში. ვხედავდი, რომ ფსკერამდე ჯერ არ იყო ჩასული, ამიტომ ჩავყვინთე და კრისტიანს ეგრევე ქვეშ მოვექეცი. ერთი ხელი მკერდზე მივაბჯინე, მეორით კი ზემოთ ამოსვლას შევეცადე.

როგორც იქნა, რის ვაივაგლახით ამოვყავით თავი წყლის ზედაპირზე, თან ვახველებდით და ვიფურთხებოდით, მაგრამ კრისტოს კრუნჩხვითი მოძრაობები და ჩემი ქვედაბოლო წყლის ზემოთ გაჩერებაში ხელს მიშლიდა. პანიკაში ჩავარდნილმა ბავშვმა კისერში მტაცა ხელი, თან ჩამიყოლია და ერთად ჩავეშვით წყალში.

რაღაც სასწაულით მოვახერხე ქვედაბოლოს გახდა და იმით ვისარგებლე, რომ კრისტომ წამით შემიშვა ხელი, მაშინვე თმაში ვწვდი და ისევ ზედაპირზე ამოვატივტივე.

- მოდუნდი! ხელი არ მომკიდო! მოდუნდი! - დავუყვირე, როგორც კი ზემოთ აღმოვჩნდით და ჰაერის ჩაყლაპვა მოვასწარი, - მომისმინე, ხელი არ მომკიდო, თორემ ორივე დავიხრჩობით!

მაგრამ არა მგონია, მას ჩემი გაეგონა. ძლივს სუნთქავდა, პირს უაზროდ აღებდა და მუწავდა, თან ისე იკრუნჩხებოდა, რომ გააზრების უნარი დაკარგული ჰქონდა. მან კვლავ მტაცა ხელი და ფსკერისკენ ჩამითრია. ახლა კი მასზე არანაკლებ შევშინდი.

მივხვდი, რომ მეტს ვეღარ გავქაჩავდი. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე გასაბრძოლებლად და სწორედ ამ დროს ვიგრძენი, რომ ვიღაცამ თმაში ჩამავლო ხელი და ზემოთ ამისროლა.

- კირა, კარგად ხარ?

ლაპარაკი არ შემეძლო, მძიმედ ვსუნთქავდი, მაგრამ თავის დაქნევა კი შევძელი.

მერე რა ხდებოდა, ცუდად მახსოვს. აშკარა იყო, ფაბიენმა კრისტიანი ძალზე სწრაფად ამოიყვანა წყლიდან. მერე კი ისევ ჩემთან დაბრუნდა.

- კარგად ვარ, მე თვითონ… - ძლივს ამოვთქვი, მაგრამ ფაბიენმა ჩემს პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და აუზიდან ამოსვლაში დამეხმარა.

პიერი უმცროს ძმას უკვე ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, ცოტაც და, კრისტომ ამოახველა.

- კირა, ვაიმე, კირა!.. - ნანა ისტერიკას შეეპყრო, - ღმერთო, ჩვენ არაფერი გაგვიგია, არც შენი ხმა, არც კრისტიანის… ფაბიენი წამოხტა უცებ და ტყვიასავით გამოვარდა. ღმერთო, შეიძლება დამხრჩვალიყავი, ორივენი დამხრჩვალიყავით! - ნანა ჩვენ გვერდით მუხლებზე დაეშვა, - რანაირად მოხდა ეს ყველაფერი?

- ბავშვს ფეხი გაეკვანძა, - ჩურჩულით ამოვთქვი თვალებდახუჭულმა.

ნანა მოთქმით ტიროდა.

- გეყოფა, ნანა, - მშვიდად უთხრა ფაბიენმა, - ყველაფერი კარგადაა. აჯობებს, წახვიდე და ორივესთვის თბილი აბაზანა და ცხელი ჩაი მოამზადო. ჩვენ მალე მოვალთ. პიერ, კრისტიანს მარტო მოერევი?

პიერი აშკარად შოკში იყო - ამას ნათლად აჩენდა მისი გაფითრებული სახე. მას ძმა მკერდზე მიეხუტებინა და წინ და უკან ირწეოდა მუხლებზე დაცემული. მან უსიტყვოდ დაუქნია ფაბიენს თავი, წამოდგა და ხელში აყვანილი ძმა სახლისკენ გააძუნძულა.

ფაბიენი ისევ ჩემკენ დაიხარა და სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, რომ ყველაზე ცუდი ახლა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. წამში ყველაფერი გადამავიწყდა - კრისტიანიც და ჩემი დახრჩობის შიშიც… მე ქვედაბოლო არ მეცვა, მოკლე ტრუსი კი ჩემს მუცელს თითქმის მთლიანად აჩენდა…

არ შეიძლება ფაბიენს არ დაენახა ჩემი დასერილი მუცელი. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეზე შეცბუნება არ შემიმჩნევია, ვიგრძენი, სიმწრისგან როგორ გავწითლდი.

- ჩემით წავალ, დახმარება არ მინდა.

გაგრძელება იქნება