აჯობე წარსულს! - თავი 18 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 18

2022-03-26 10:01:01+04:00


წინა თავი

_ ცუდი რაც იყო, უკან დარჩა. შენ უკვე გაიმარჯვე შენს დემონებზე, კირა, დაამარცხე ისინი, _ თქვა მან და ხელები მხრებზე მომხვია, _ რატომ არ გინდა ცოტა მეტი დრო დაუთმო შენს თავს, დარჩე აქ, სანამ საბოლოოდ არ გაითავისებ ამ აზრს? ნანას გაუხარდებოდა.

_ არა, არ შემიძლია!

უცებ მეძგერა და მაკოცა. უკვე იმედი აღარ მქონდა, რომ ოდესმე კიდევ შევიგრძნობდი მისი ტუჩების გემოს. ეს იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რომ უნებურად ოხვრა აღმომხდა.

_ დარჩი… შენ ხომ გინდა დარჩენა! _ მითხრა, როცა ჩემს ტუჩებს მოსწყდა და დაბინდული მზერით გამომხედა, _ ხომ იცი, საკმარისია შეგეხო და ორივეს ცეცხლი გვედება.

_ ჰო, ვიცი, _ უმწეოდ ჩავიჩურჩულე.

_ მაშინ დარჩი! _ მომთხოვნი ტონით წარმოთქვა, _ დარჩი საფრანგეთში.

სიგიჟემდე მინდოდა დავმორჩილებულიყავი, დავთანხმებოდი ყველაფერზე, რასაც ის მთხოვდა, მაგრამ ვდუმდი.

_ ჩვენ კარგად ვიქნებით, კირა, _ ხმა ჩაეხრინწა, _ დამიჯერე. როცა ჩემი გახდები, ამას ისე გავაკეთებ, თითქოს პირველი ქალი იყო ჩემთვის, მე კი პირველი მამაკაცი შენთვის. აი, ნახავ… ირგვლივ ყველა გაქრება და მხოლოდ მე და შენ დავრჩებით მთელ სამყაროში…

_ არ გინდა, ფაბიენ…_ მაგრამ მან ჩემი სუსტი პროტესტი კოცნით ჩაახშო.

_ ხედავ? _ ისევ დაჟინებით დამაცქერდა, _ ხედავ რას ართმევ შენს თავსაც და მეც? მაგრამ ეს ხომ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომავალში იქნება, როცა მარტონი დავრჩებით და მთელი ღამე მხოლოდ ჩვენს განკარგულებაში იქნება. მინდა გეხებოდე, გეფერებოდე, გკოცნიდე, შენი სხეულის თითოეული სანტიმეტრი შევიგრძნო… მინდა წაგიყვანო სამყაროში, სადაც დრო გაჩერებულია, სადაც მხოლოდ გრძნობები და ვნებებია…

მივხვდი, რომ მართლა ვუნდოდი. ეს არ იყო შეცოდება, როგორც ადრე ვფიქრობდი, ეს ნამდვილი გატაცება იყო _ ვნებიანი და აღვირახსნილი. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ჩემი სხეულის ნაწიბურები მისთვის არაფერს ნიშნავდა. ახლა უკვე ვიცოდი ეს, მაგრამ…

_ მაგრამ მე შენ არ გიყვარვარ!

ეს სიტყვები უნებურად გამექცა, უბრალოდ, ხმამაღლა გავიფიქრე, თუმცა სინანული გვიან იყო. ოდნავ გვერდზე გავიწიე, რომ მისი სახე დამენახა.

_ სიყვარული ილუზიაა, კირა, თუკი რჩეულებს არ ჩავთვლით. _ მოიღუშა, _ ის, რაც მე და შენ გვაერთიანებს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო რეალური _ ეს ჩვენი სხეულების მიზიდულობაა…

_ სიყვარული ილუზია არ არის, ფაბიენ, _ მტკიცედ ვუთხარი.

ვიცოდი, რომ ამის წარმოთქმით ჩვენს ურთიერთობას წერტილს ვუსვამდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. რომ დავთანხმებოდი იმ ყველაფერს, რასაც მთავაზობდა, მაშინვე უტვინო თოჯინად გადავიქცეოდი, რომელსაც იგი თავისი სექსუალური მადის გაღვიძებისას გამოიყენებდა. ასე რომ, დროა, ეს ყველაფერი დამთავრდეს და რაც მალე, მით უკეთესი.

_ მე ვიცი ეს, რადგან მიყვარხარ, _ უსიცოცხლო ხმით მივუგე, გაოგნებულმა იმით, რომ ამის აღიარება შევძელი, ოღონდ კი არ ვეწამებინე.

ფაბიენი წამით გაქვავდა. მე კი ეს წამი მარადისობად მომეჩვენა. მერე მან თავი გადააქნია:

_ შენ ცდები, კირა. ფიზიკური სურვილი სხვა რამეში გეშლება, იმაში, რაც მხოლოდ პოეტებმა და რომანტიკოსებმა გამოიგონეს, სინამდვილეში კი ჩვენნაირი უმრავლესობისთვის არ არსებობს.

_ მეც მინდა ასე ვფიქრობდე, ფაბიენ, _ ნელა წამოვდექი შეზლონგიდან და ზემოდან დავხედე, გული თითქოს სისხლისგან მეცლებოდა, _ რა კარგი იქნებოდა, შენი მჯეროდეს, მაგრამ ვიცი, რომ ეს მართალი არ არის. არ მკითხო, საიდან ვიცი, რომ მიყვარხარ და რატომ მიყვარხარ. სულერთია, მაინც ვერ გიპასუხებ. ეს სადღაც აქაა, შიგნით, სიღრმეში. ეს ისევე ბუნებრივია ჩემთვის, როგორც სუნთქვა.

_ მაგრამ შენ ხომ მაშინაც გეგონა, რომ ის… ფრიდი თუ ვიღაც გიყვარდა… მის ცოლობასაც კი აპირებდი.

_ ის სულ სხვა იყო! ფრიდონი ცუდად მომექცა, მე კი მოვტყუვდი. სულელი ვიყავი. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ალბათ აუცილებელი იყო სიყალბეს შევჯახებოდი, რომ ნამდვილი გრძნობის არსი შემეგრძნო. შენ ფრიდონი არ ხარ. შენ ყოველთვის გულწრფელი იყავი ჩემთან _ საშინლად გულწრფელი! ასე რომ, მე ილუზია არა მაქვს. ვიცი, რომ ჩემი შეყვარება არ შეგიძლია, სწორედ ამიტომ ვერ დავრჩები. მაპატიე. შენ არაფერში ხარ დამნაშავე. და არც არავინაა დამნაშავე. უბრალოდ, მე არ შემიძლია.

_ შენ გარბიხარ…

_ არა! _ თავი უკან გადავხარე და ჯიქურ მივაჩერდი, _ არ გავრბივარ. მე მივემგზავრები, ეს კი სულ სხვა რამეა. არ ვაპირებდი შენთვის ამ ყველაფრის ახსნას, თუმცა…

_ მე გიბიძგე, _ პირქუშად შენიშნა.

_ იქნებ ასე უკეთესია, _ თვალები დავხარე, _ დაე, ჩვენ შორის უთქმელი არაფერი დარჩეს. გამიგე, თუ მე ახლა წავალ, ორივეს შეგვეძლება ღირსების შენარჩუნება. თუკი დავრჩები… ერთ-ერთ იმ ქალად ვიქცევი, ვინც ყოველთვის მეჯავრებოდა, _ სათამაშოდ, მარიონეტად, ვინც მთელ ცხოვრებას იმ ერთი ზარის მოლოდინში ატარებს, რომლითაც საწოლში მიიპატიჟებენ…

ამის თქმაზე შემაკანკალა…

ფაბიენმა გამომცდელად შემომხედა და მცირე პაუზის შემდეგ ხმადაბლა თქვა:

_ სულაც არ იქნებოდა ასე, _ და შუბლზე ჩამოშლილი თმა მოუთმენლად გადაიწია, _ ჩვენ შეგვეძლო ახლო მეგობრები გავმხდარიყავით. ეს მხოლოდ სექსი არ იქნებოდა…

_ მე არ შემიძლია შენი მეგობარი ვიყო, ფაბიენ, _ ვიგრძენი, რომ თითქმის ვყვიროდი და ხმას დავუწიე, თან აღელვებული თითებს წარამარა ხან მუშტებად ვკრავდი, ხან ვშლიდი, _ ნუთუ არ გესმის? მე რაღაც უფრო მეტი მინდა, გაცილებით მეტი. არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ფრანგი მამაკაცისთვის ეს, ალბათ, მთლად გასაგები ვერ იქნება… არა, არა, ნუ გამაწყვეტინებ… ისე არ გამიგო, თითქოს ფრანგებს შეურაცხყოფას ვაყენებდე. უბრალოდ, საქართველოში ცოტა სხვანაირადაა ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ამბავი. მით უფრო, რომ მე ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. შენთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ იმ ფრიდონთან, რომელზეც მოგიყევი, სექსი არ მქონია… არც არავისთან მქონია… _ ამის თქმაზე ისე შემახურა, თითქოს თაკარა მზემ ამიწვა კანი გასარუჯად სანაპიროზე გაწოლილს, _ იმიტომ კი არა, რომ ჩვენთან ქალები ყველანი წმინდანები არიან… მთლად ასეც არ არის საქმე, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ…

ჩემმა სიტყვებმა ისე შეაცბუნა, დაბნეულმა თვალები აახამხამა, ხელები კი უცნაურად გააქნია, თითქოს არ იცოდა, რა მოეხერხებინა მათთვის.

მე კი ამით ვისარგებლე და გავაგრძელე:

_ ვიცი, ბოლოს და ბოლოს, შენთვის ტვირთი გავხდები. შენ მოგბეზრდები, შესაძლოა მეც მომბეზრდე ან, სულაც, შემძულდე… შემძულდე ისევე ძლიერად, როგორც ახლა მიყვარხარ… _ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაგრამ ლაპარაკი არ შემიწყვეტია, თან ვცდილობდი, დამეძლია ის ტკივილი და წყენა, რომელიც მან მომაყენა, _ შენ მე მთლიანად მჭირდები და არა ნახევრად. მე უნდა ვიყო ერთდროულად შენი მეგობარიც, საყვარელიც, შენი შვილების დედაც და ცოლიც _ ყველაფერი ერთად მინდა ვიყო. თუ ამას გაიგებ, ხომ კარგი, თუ არადა…

როგორც ჩანს, ჩემმა ნათქვამმა თავზარი დასცა. გაოგნებული მომაშტერდა. სახეზე ისე გადაფითრდა, ნაცრისფერი დაედო. ასეთი მანამ არასდროს მენახა, მაგრამ ახლა ამაზე დაკვირვების დრო არ იყო, საქთმელი უნდა დამემთავრებინა:

_ დამიჯერე, კარგად მესმის, რომ შენი გული მიშელთან ერთად დაიმარხა. ის, რაც მე შენგან მინდა, მასაც უნდოდა, მაგრამ არ დასცალდა… _ წარმოვთქვი და ვეღარ გავაგრძელე, ტირილისგან უკვე ვიხრჩობოდი. უცებ ადგილს მოვწყდი და გავიქეცი ისე ჩქარა, თითქოს ამ გაქცევაზე ყოფილიყო მთელი ჩემი ცხოვრება დამოკიდებული…

ყველაზე დიდი გულუბრყვილობა ჩემი მხრიდან ის იყო, რომ გაქცეულსაც კი მქონდა იმედი, საცაა დამეწეოდა, გამაჩერებდა, მეტყოდა, ყველაფერი გასაგებია, მიგიხვდი, რისი თქმაც გინდა, ამიტომ მომეცი შანსი, ვიყო შენ გვერდით და შეგიყვაროო…

მაგრამ ჩემს იმედს ასრულება არ ეწერა…

_ კირა, რამე მოხდა? კარგად ხარ? _ ნანას ხმის გაგონებაზე ფანჯარას მოვცილდი, სადაც საათზე მეტხანს ვიდექი და იმის ძალაც არ შემწევდა, გულიანად მეტირა.

რა სულელი ვარ! რატომ ვუთხარი ეს ყველაფერი ფაბიენს? რატომ ვერ შევიკავე თავი? მაგრამ სინანული უკვე გვიან იყო _ ვუთხარი და ყველაფერს წერტილი დაესვა! სხვანაირად, სულერთია, ვერ მოვიქცეოდი. რომც არ მეთქვა, მის წინადადებას მაინც ვერ მივიღებდი. გული იმაზეც კი მეთანაღრებოდა, მასაც რომ შევუყვარდე, ფრანგ მამაკაცს ცოლად რატომ უნდა გავყვე ქართველი ქალი-მეთქი და საყვარლად გავუხდებოდი? არასდროს! არა, არა და არა! ეს იყო ერთადერთი საშუალება, მიმეხვედრებინა ფაბიენი, რატომ ვაპირებდი გამგზავრებას ისე, რომ უკან აღარასდროს მოვბრუნებულიყავი. ყოველ შემთხვევაში, ამ ოჯახში, სადაც მასთან შეხვედრა აუცილებლად მომიწევდა.

ოხ, ფაბიენ… თავი სიმწრით გადავაქნიე. ალბათ ცხრაას უარეს დამცირებას ავიტანდი, ოღონდ მისთვის თავი შემეყვარებინა… ოღონდ კი ეს შემძლებოდა…

_ კირა… _ ნანამ შეშინებულმა შემათვალიერა, _ რა მოხდა? ფერი არ გადევს. არ მიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ შენ ჩემთვის სხვა არ ხარ, თვითონაც იცი. პიერმა მითხრა, ისე აირბინა თავის ოთახში, თითქოს უკან ვიღაც მოსდევდაო. ფაბიენი კი არც დაგვემშვიდობა, ისე გაშპა. ხომ არ იჩხუბეთ? გაწყენინა რამე? _ ქართულად ნათქვამმა სიტყვებმა ერთგვარი შვება მომგვარა, თავი რაღაცნაირად მშობლიურ გარემოში ვიგრძენი.

_ არა, ნანა, არ უწყენინებია, _ დაღლილი ხმით მივუგე, _ მე თვითონ ვაწყენინე… საშინელება მოხდა… უფრო ჩემთვის, ვიდრე მისთვის. მოდი, დაჯექი, თუ დრო გაქვს. მინდა ყველაფერს მოგიყვე…

_ მისმინე, კირა… თუ გიძნელდება რამის მოყოლა, შეგიძლია არაფერი მითხრა. ხომ იცი, არ მეწყინება, _ ნანამ ხელი გადამხვია და ჩამეხუტა.

მისი სითბო მომენტალურად გადმოვიდა ჩემს სხეულში.

_ არა, უკეთესი იქნება, თუ შენ ყველაფერი გეცოდინება. ბოლოს და ბოლოს, ფაბიენი ხომ პიერის საუკეთესო მეგობარია. ალბათ, შენთვის უფრო ადრე უნდა მომეყოლა ეს ამბავი, მაგრამ შენი განერვიულება არ მინდოდა. თუმცა ახლა მაინც მიწევს. ფაქტი ასეთია: მე მიყვარს ფაბიენი, მას კი არ ვუყვარვარ. მგონი, სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა.

_ ოხ, კირა! _ ნანა საწოლზე დაეხეთქა, თითქოს ფეხები მოეკვეთაო, _ მერედა, მან იცის? ანუ იცის, რომ გიყვარს?

_ ახლა იცის. ზუსტად ამის გამო მოვრბოდი, მას გამოვექეცი, ის კი მე გამექცა…. დღევანდლამდე იცი, რა ეგონა? რომ ჩემთან ცოტას მაინც გაერთობოდა. ანუ სანამ აქ ვიქნებოდი, ერთად გავერთობოდით. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ? ან კიდევ რას გენაზები, პირდაპირ გეტყვი _ სექსი უნდოდა ჩემთან. დროებითი კავშირი შემომთავაზა, ურთიერთობა, რომელიც ისევე მსუბუქად დამთავრდებოდა ერთ მშვენიერ დღეს, როგორც დაიწყო და საბოლოოდ კარგ მეგობრებად დავრჩებოდით. მე კი ასე არ შემიძლია.

_ ბებიამაგისას! _ კოპები შეიკრა ნანამ, _ შემწვარი წაბლი არ უნდოდა?.. კი ვატყობდი, რაღაც რომ ხდებოდა, მაგრამ აღარ ჩაგეძიე. ვიფიქრე, თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში, თუ რამე ხდება-მეთქი. ოხ, რა არიან ეს კაცები! გინდ ქართველი იყოს, გინდ ფრანგი და გინდ ესპანელი! ყველანი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და არა იქ, სადაც ჩვენ, ქალები.

გაგრძელება იქნება