აჯობე წარსულს! - დასასრული - Marao

აჯობე წარსულს! - დასასრული

2022-04-01 10:11:12+04:00


წინა თავი

- მე უკვე შევხვდი ადამიანს, ვისი შეყვარებაც შემიძლია, - ეს სიტყვები ჩუმად და რბილად იყო წარმოთქმული, მაგრამ ისე სევდიანად, რომ შემამცივნა, - შენ დაიპყარი ჩემი გული მაშინვე, როგორც კი დაგინახე. აქ, ამ აეროპორტში. არასდროს დამავიწყდება შენ სახე, მზისკენ მიმართული, შენი ბზინვარე თმა, - და ეს ყველაფერი ამ საშინელი ხმაურისა და ფუსფუსის ფონზე! - მან თავი გააქნია, - ვებრძოდი, დიდხანს ვებრძოდი ჩემს გრძნობებს. "სიყვარული ილუზიაა", ასე გითხარი, გახსოვს? მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვგრძნობდი, რომ მიყვარდი, თუმცა ისე მეშინოდა, საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი ამაში. მერე კი შენ თვითონ მითხარი, მიყვარხარო, თან ისე გულწრფელად, ისეთი სასოებით… მინდოდა ჩემი გული დამერწმუნებინა იმაში, რომ რაც ჩვენ შორის ხდებოდა, მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა იყო, ის, რასაც სხვა ქალების მიმართაც განვიცდიდი დროდადრო. მაგრამ სურვილს ერთხელ თუ დაიკმაყოფილებ, მაშინვე გიქრება სხვის მიმართ ლტოლვა. შენთან კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა… მე შენ მიყვარხარ, კირა.

- მაშინ… მაშინ, ფაბიენ… ჩვენ შეგვიძლია…

მაგრამ იგი მოულოდნელად წამოხტა.

- არა, კირა, არ შეგვიძლია. მე მშიშარა, ვარ, ნუთუ ვერ ხედავ? შენ მიყურებ და ფიქრობ, რომ ძლიერი მამაკაცი ვარ. რაინდი, რომელსაც სიყვარულის გულისთვის თავის გაწირვა შეუძლია. მაგრამ ბოლო ორმა კვირამ დაამტკიცა, რომ მხდალი ვარ… მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მეტად აღარ შემიძლია ჩემს თავზე პასუხისმგებლობის აღება სხვა ადამიანის სიცოცხლეზე.

- ეს არც არის საჭირო! - მეც წამოვდექი და სწრაფად ავლაპარაკდი, მეშინოდა, უცებ არ გატრიალებულიყო და წასულიყო, ამიტომ მისი ხელი კვლავ ჩავბღუჯე, - ისიც საკმარისია, რომ ერთმანეთი გვიყვარს. ყველაფერი კარგად იქნება…

- არა, - ამოხვნეშით წარმოთქვა, - მე არ მაქვს უფლება, ჩემი ჯოჯოხეთის თანაზიარი გაგხადო. იმ ჯოჯოხეთის, რომელშიც ვცხოვრობ. არ მომიტყუებიხარ, როცა გეუბნებოდი, სიყვარული არ არსებობს-მეთქი. ახლა უფრო დაზუსტებით გაგიმეორებ: ის ჩემთვის არ არსებობს. მე იგი არასდროს გამომიცდია არც მშობლების, არც ცოლის მიმართ…

- მაგრამ პიერი და ნანა… კრისტიანიც… მათ უყვარხარ.

- ეს სულ სხვაა. ისინი მე არ მიცნობენ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ. ისინი ხედავენ მხოლოდ იმას, რის დემონსტრირებასაც ვახდენ. სინამდვილეში მე სულ სხვა ვარ.

- არა, არა, არ ხარ მართალი! - ახლა კი ვიყვირე, - ჩვენ ყველას გვაქვს დაფარული შიში, რაც ღამღამობით გვაღვიძებს, მოსვენებას გვიკარგავს, მაგრამ მერე რა? სწორედ ამისთვისაა საჭირო ადამიანი, ვინც შეგიყვარებს და გვერდით გეყოლება, გაგამხნევებს, ბოლომდე გამოგყვება. შენმა ბავშვობამ და ოჯახურმა ატმოსფერომ კვალი დააჩნია შენს ცხოვრებას, ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ…

- ამაზე ბევრი მიფიქრია, კირა, - შემაშინებელი სიმშვიდით გამაწყვეტინა, - და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივედი. შენ გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა იყოს. შენ ამას იმსახურებ.

- ნუთუ არ გესმის, რომ შენ ძლიერი ხარ? - უმწეოდ ამოვთქვი, რადგან ვგრძნობდი, ვერაფერს შევაგნებინებდი, - ასეთი რამეების გადატანა მხოლოდ ძლიერ ადამიანს თუ შეეძლო. შენ კი შეძელი და არ გატყდი. ოჰ… შეწყვიტე, ბოლოს და ბოლოს, წარსულის ქექვა! მე შენ მიყვარხარ, გესმის? მიყვარხარ! ნუთუ შენთვის ეს არაფერს ნიშნავს? - ცრემლები ჩამორბოდნენ ჩემს ღაწვებზე, - როგორ შეგიძლია ასეთი უგრძნობელი იყო?

ფაბიენი ერთხანს ყოყმანობდა, მერე კი მკერდზე მიმიკრა ისეთი სიძლიერით, რომ ჩემმა ძვლებმა ლამის ღრჭიალი გაიღო. ეს ჩახუტება არც ნაზი იყო და არც ვნებიანი. მასში მხოლოდ სასოწარკვეთა იგრძნობოდა. რამდენიმე მტანჯველი წამის შემდეგ ფაბიენმა ხელი შემიშვა და უცნაური მზერით ჩამხედა თვალებში.

- ზედმეტად ძლიერ მიყვარხარ, რათა ჩემთან დაგტოვო. ოდესმე მიხვდები, რომ მართალი ვიყავი. შენ ისეთი მამაკაცი გჭირდება, ვისაც ცხოვრების შავი ლაქა არ აუშნოებს. მე კი ბებერი ვარ შენთვის, სულიერად ბებერი.

- ტყუილია! - იმედდაკარგული მაინც იმედს ვებღაუჭებოდი.

- მოდი, ასე ვთქვათ: ჩვენ საერთო მომავალი არა გვაქვს, კირა, ამიტომაც ხელს არ შეგიშლი, საფრანგეთი დატოვო.

- ფაბი! მიყვარხარ! - არ ვიცოდი, კიდევ რა მეთქვა, ყველა სიტყვა ამაო იყო, - არ შემიძლია ამ ყველაფრის მოსმენა!

- და მაინც მოგიწევს. უნდა გამიგო. შენ ახალგაზრდა ხარ, ჯერ ცხოვრება წინ გაქვს. ოდესმე შეხვდები ღირსეულ მამაკაცს. შეიყვარებ, ცოლად გაჰყვები. არ მინდა გაემგზავრო, არ მინდა, მაგრამ უნდა წახვიდე! შენ უსაშველოდ ლამაზი ხარ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. შენზე ლამაზი ქალი არასდროს შემხვედრია.

- მაგრამ საკმარისად ლამაზი არ აღმოვჩნდი იმისთვის, რომ გადაგაფიქრებინო. ასე არ არის?

- შენ სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში. სამუდამოდ! მე არასდროს მოვიყვან ცოლს და არასდროს არავის შევიყვარებ…

- გეყოფა! - მთელი ხმით ვიყვირე და ხელი ისე ძლიერად ვკარი, რომ შეტორტმანდა, - შენ გგონია, ეს ორივესთვის უკეთესი იქნება? ძალიან ცუდად მიცნობ! როცა ვამბობ, მიყვარხარ-მეთქი, ეს არ არის საკმარისი, მხოლოდ შენს გულში ვიყო. მინდა ყოველდღე გხედავდე, შენ გვერდით ვიღვიძებდე, შენ გვერდით ვიძინებდე, ვიზრუნო შენზე, სადილები გიკეთო, შვილები გაგიჩინო!.. მე შენ მთლიანად მჭირდები, ფაბიენ!

- სწორედ ეს მაშინებს, კირა… მშვიდობით!

ადგილზე გავქვავდი. ის წასვლას აპირებდა. ღმერთო, მომეცი ძალა, შევაჩერო, მიკარნახე სიტყვები, რათა მოვაბრუნო… ტკივილი ისე მიჭერდა გულთან, სუნთქვა მიჭირდა… ის სამუდამოდ ტოვებდა ჩემს ცხოვრებას…

წვიმამ არა და არ გადაიღო. უკვე მერამდენე დღეა, ასხამდა, მიუხედავად იმისა, რომ შუა აგვისტო იდგა. თბილი ტანსაცმელიც კი გამოვიღე.

ახლა უკვე მარტო ვცხოვრობდი. ჩამოვედი თუ არა საფრანგეთიდან, ნანამ დამირეკა, პიერმა ფული გადმოგიგზავნა და შენთვის ბინა იყიდეო. ავხტი, დავხტი, მაგრამ რას გავაწყობდი. უარის თქმა მეგობრების განაწყენებას ნიშნავდა. ავდექი და ვიყიდე პატარა, ერთოთახიანი კოხტა ბინა, რომელსაც რემონტი არ სჭირდებოდა და გადავედი. ჩემთვის საკმარისი იყო, რომელი ქმარ-შვილით დახუნძლული მე ვიყავი?

მიუხედავად ამისა, არაფერი მიხაროდა. ყოველთვის ვოცნებობდი, საკუთარი ბინა მქონოდა, ჩემები არ შემეწუხებინა და რძლებს ყელში არ ამოვსვლოდი. ახლა მქონდა და მაინც მოუსვენრობა მახრჩობდა. ჩემთვის ყველაფერს ნაცრისფერი დაედო. ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად… უიმედოდ ცუდად. ღამეები ვტიროდი, დღეები კი ვცდილობდი, ჩემი ტკივილი სადმე გულის კუთხეში მიმემალა და ცხოვრება გამეგრძელებინა. საქართველოში ჩამოსულმა პირველი, რაც გავაკეთე, დედას ჩავეკარი გულში და ყველაფერს მოვუყევი. ოდნავი შვება ვიგრძენი, მაგრამ ვერ დავიცალე. ის კი არა, დედაჩემიც გავანერვიულე, ახლა მასაც მოემატა სადარდებელი.

ბინის ყიდვის შემდეგ რაც ფული მომრჩა, ბავშვთა დახმარების ფონდის გახსნას მოვახმარე. უმწეო ბავშვების დახმარება გადავწყვიტე და ესეც შევძელი. ვეხმარებოდი ისეთებს, ვისაც ძვირად ღირებული მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ზედმიწევნით ვიკვლევდი ყველა პაციენტის მდგომარეობას, რათა თაღლითობის შემთხვევები გამომერიცხა. ამასთან, ბევრი სირბილი მიწევდა თანხების მოსაძიებლად, თუმცა ვახერხებდი. ვიღლებოდი, მაგრამ ჩემი ახალი საქმე მსიამოვნებდა. ახალი საქმე ძველ ტკივილს მიყუჩებდა.

ყველაზე მეტად ღამით მიჭირდა. მარტო დარჩენილი საათობით ვიწექი, ჭერს მივჩერებოდი და ვტიროდი, რის გამოც ჩემი ბალიში მუდამ ცრემლით იყო დანამული. ძნელი იყო იმის გააზრება, რომ ფაბიენსაც ვუყვარდი, მაგრამ მაინც გამიშვა ხელი და მცირედი იმედიც კი არ დამიტოვა. ხანდახან ვნანობდი, რომ წამოვედი, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ არც იქ დარჩენას ექნებოდა აზრი. ზოგჯერ იმასაც ვნანობდი, დროებით ურთიერთობაზე მაინც არ მეთქვა უარი, იქნებ მერე ასე მტკივნეული არ ყოფილიყო ჩვენი განშორება? იქნებ უფრო ადვილად გადამეტანა? ვერა, ვერ გადავიტანდი, ამიტომ სწორად მოვიქეცი. როცა ამას დავასკვნიდი, კვლავ მცირეოდენ შვებას ვგრძნობდი. უნდა მესწავლა შევგუებოდი იმას, რაც გარდაუვალი იყო. ასე იქნებოდა თუ ისე, ბოლოს ხომ მაინც დავშორდებოდით…

გიჟური დღე მქონდა, გადარბენაზე ვიყავი. ერთი პაციენტის პრობლემა უნდა მომეგვარებინა და ცხრაასი ინსტანცია მოვიარე. როგორც იქნა, საღამოსკენ ყველაფერი მოვაგვარე და ამოვისუნთქე. შინ ყოველთვის ფეხით მივდიოდი. როგორმე უნდა შემეგროვებინა მანქანის საყიდელი ფული, თორემ ასე დიდხანს ვერ გავქაჩავდი. ტაატით მივუყვებოდი გზას, არსად მეჩქარებოდა, ოღონდ ამჯერად ჩემებთან მივდიოდი, რადგან დედამ დამირეკა, აუცილებლად გამოდი, მჭირდებიო. უკვე აღარ წვიმდა და მეც საღამოს გრილ ჰაერს ხარბად ვისრუტავდი. უეცრად წინ ვიღაც გადამიდგა და დამტვრეული რუსულით მკითხა:

- უკაცრავად, საჭირო მისამართს ვერ ვპოულობ და ხომ ვერ დამეხმარებით?

რა თქმა უნდა, მზად ვიყავი დასახმარებლად. ამასობაში უცნობი მომიახლოვდა. შევხედე… შევხედე და ვიგრძენი, როგორ გადავფითრდი… მერე… მერე გავიქეცი… ისე სწრაფად, თითქოს ჩემი სიცოცხლე სიჩქარეზე იყო დამოკიდებული. მერე ძლიერმა ხელმა მაჯა დამიჭირა და გამაჩერა.

- კირა! - მის ხმაში ისეთი ვედრება გამოსჭვიოდა, სახე კი, რომლის დანახვის იმედი უკვე დაკარგული მქონდა, ისეთი ახლობელი და საყვარელი იყო, რომ მივხვდი, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი.

- რატომ ჩამოხვედი? რისთვის? რა გინდა ჩემგან?

ბოლო კვირების სიცარიელე, იმის გააზრება, რომ სამუდამოდ დავკარგე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, რომ არასდროს გავთხოვდებოდი და არც შვილებს გავაჩენდი, - ეს ყველაფერი სულაც არ შეესაბამებოდა იმ უცნაურ მისალმებას, რომელიც მას ვაღირსე. მიუხედავად ამისა, ფაბიენმა მოთმინებით აიტანა ჩემი რისხვა.

- გეყოფა, ძალიან გთხოვ, მომისმინო, ჩემო მონატრებულო!

აი, მაშინ კი ავტირდი - უმწეოდ და მწარედ. თითქმის არ მიგრძნია, როგორ ამიყვანა ხელში. გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა მანქანაში აღმოვჩნდი და გავიფიქრე, ალბათ ამწუთას რა საშინლად გამოვიყურები-მეთქი.

ბავშვობიდან არ გამომდიოდა ლამაზად ტირილი, როგორც სხვა ქალებს შეუძლიათ. მაშინვე ცხვირი მიწითლდებოდა, თვალები მიშუპდებოდა და სახე ისე მეღმიჭებოდა, საშინელი სანახავი ვხდებოდი.

ჩანთიდან იმწუთასვე დავაძრე ერთჯერადი ხელსახოცი და პირველ რიგში, ჩემს ცხვირს ვეცი, მერე თვალები ამოვიმშრალე. ჩამოსვლის დღიდან მაკიაჟს არ ვწყალობდი. რა მემაკიაჟებოდა, როცა ცეცხლი მეკიდა და სიკვდილს ვნატრობდი.

- დაწყნარდი? უკეთ ხარ? - მკითხა ფაბიენმა და მეც შევხედე, რაც უდიდესი შეცდომა იყო. ის უწინდებურად მომნუსხველად გამოიყურებოდა, თუმცა დაღლილი ჩანდა.

ნეტავ რატომ ჩამოვიდა? იქნებ საქმე გამოუჩნდა საქართველოში? ეს ძნელი დასაჯერებელი იყო. მან უჩემოდ ვერ გაძლო. მოზღვავებულმა სიხარულმა წამლეკა.

- ვერ გიტან… - ჩავიჩურჩულე და თავი მის მკერდში ჩავრგე.

როგორ კი შევეხე, მთელი სამყარო შეიკუმშა, შაგრენის ტავივით დაპატარავდა და დაილია, მერე კი ყველაფერი ერთმანეთში აიგლისა, - ჩემი ბავშვობაც და მშობლებიც, ავარიაც და ფრიდონიც, ქარველებიც და ფრანგებიც, კრისტიანის მასწავლებელი დამიანიც და პიერისა და ნანას საცურაო აუზიც…

მან მჭიდროდ მიმიხუტა, თმაზე მაკოცა, კარგა ხანს ასე მდუმარედ ვყავდი გულში ჩაკრული, მერე კი მანქანა დაქოქა.

- ღვედი შეიკარი.

- რა?

- ღვედი შეიკარი და ასე ნუ მიყურებ, თუ შეიძლება, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. რა გინდა, აქვე, ამ ნაქირავებ მანქანაში მიგაწვინო და მთელმა თბილისმა დაგვინახოს?

- წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. - გულწრფელად ვაღიარე.

- სამაგიეროდ, შენი ძმები გააპროტესტებდნენ და, ალბათ, აქედან ცოცხალს არ გამიშვებდნენ. ნახევარი საათის წინ ჩემ ზურგს უკან ვგრძნობდი მათ გახშირებულ სუნთქვას, როცა შენს დედ-მამას ვესაუბრებოდი.

- შენ ჩემებთან იყავი? - შევცბუნდი.

- რა თქმა უნდა. აბა, ისე როგორ გავიგებდი, სად მუშაობ?

უცებ სასწაულად გავხალისდი. გული მიგრძნობდა, რაღაც ცუდად დაწყებული კარგად უნდა დამთავრებულიყო. ის ხომ ჩემ სანახავად ჩამოვიდა! ესტუმრა ჩემს მშობლებს, ელაპარაკა ჩემს ძმებს, მერე ჩემ საძებნელად გამოეშურა… ჰო, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება!

ფაბიენმა ცოტა მანძილი გაიარა და კორპუსებს შორის გააჩერა მანქანა, სადაც ხალხი ნაკლებად მოძრაობდა.

- ახლა კი გადმოდი მანქანიდან! ცოცხლად! - მან მანქანას შემოუარა და ჩემი კარი გამოაღო, -უნდა გელაპარაკო, ყველაფერი აგიხსნა და პატიება გთხოვო.

- ფაბი…

გადმოვედი, მაგრამ სიხარულისგან ფეხები მეკეცებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა, სუნთქვა მიძნელდებოდა. იქვე, ხეებქვეშ მდგარ ძელსკამზე დავსხედით.

- მე შენ მიყვარხარ, კირა და უშენოდ სიცოცხლე აღარ შემიძლია! ოღონდ არ შემაწყვეტინო, მაცალე, ბოლომდე ვთქვა ჩემი სათქმელი. შენთვის ადვილი არ იქნება ჩემ გვერდით ყოფნა, ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინო. რა თქმა უნდა, ცუდია, ასეთი პირობებით რომ გთხოვ ხელს და გთავაზობ ჩემს გულს, მაგრამ რა ვქნა? შენ ხომ თავად ხარ სიწმინდე, სითბო და სინათლე, მე კი… ჩემს გულში ჯერაც სიბნელეა.

- შენ რა, მთავაზობ, ცოლად გამოგყვე? - ჩემი გონება უარს ამბობდა ამის დაჯერებაზე.

- გახსოვს, რომ მითხარი, აჯობე წარსულს, სძლიე შენს თავს და წარსულში ნუ იქექებიო?

თავი დავუქნიე. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. გასაკვირი იყო, მას ცოლად ვუნდოდი. ახლა ეს იყო ჩემთვის მთავარი, სხვა დანარჩენმა მნიშვნელობა დაკარგა.

- ჰო, ეს შენი სიტყვებია და როცა მითხარი, მეხივით დამატყდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ შემიყვარდი, წარსული არ მასვენებდა. ხელახლა შეყვარების, ცოლის მოყვანის და ოჯახის შექმნის სასტიკად მეშინოდა. ასე გავხდი მხდალი და ასეთადვე დავრჩი, სანამ შენ არ გამომაფხიზლე. მეგონა, თუ ნიცადან წამოხვიდოდი, დავწყნარდებოდი, შენი სიყვარული გამინელდებოდა და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ის ფრაზა გონებიდან არ მშორდებოდა. აღმოჩნდა, რომ უშენოდ ჩემი ცხოვრება აზრს სამუდამოდ კარგავდა. არ შემეძლო არც დაძინება, არც ჭამა, არც მუშაობა. ერთადერთი, რაც მსიამოვნებდა, შენზე ფიქრი იყო. ბოლოს გადავწყვიტე, ჯობს, ვიყო მხდალი შენთან ერთად, ვიდრე შენ გარეშე. ამიტომ თუ კიდევ გჭირდები, მე აი, აქ ვარ. თუ გამაგდებ, იცოდე, ჭკუიდან შევიშლები.

- არ ვაპირებ შენ გაგდებას…

- მე შენ წარსულისგან გამათავისუფლე, კირა! მე მინდა ჩემი იყო, ჩემთან იყო, მაგრამ რთული ასატანი ვიქნები. სხვა ყველაფერთან ერთად, ეჭვიანიც ვარ. აიტან ასეთ ადამიანს?

- მთელი ცხოვრება! - წამოვიძახე.

- ერთადერთი, რასაც შემიძლია დაგპირდე, ისაა, რომ სიკვდილამდე მეყვარები. შენ იქნები ჩემი ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ, ჩემი მზე, რომელიც მათბობს, მთვარე და ვარსკვლავები, გზას რომ მინათებს, ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა… შენ იქნები ჩემი ნაწილი, ჩემი მეორე ნახევარი! - ამ სიტყვებით კვლავ ხელში ამიტაცა, მანქანაში ჩამსვა და დაქოქა.

- სად ჩქარობ ასე, ფაბი? - გავოცდი.

- რას ნიშნავს, სად? სად და შენებთან. როგორც წესი და რიგია, ისე არ უნდა ვთხოვო შენს მშობლებს შენი ხელი? ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ქართველი არ ვარ, ფრანგი ვარ და ჩემი საქციელით უნდა შევუქმნა შენებს წარმოდგენა ფრანგებზე. ხომ უნდა იცოდნენ, ვის ხელში ჩავარდება მათი ქალიშვილი? თავის შერცხვენას არ ვაპირებ. მერე კი რაც შეიძლება სწრაფად საფრანგეთისკენ. მინდა რაც შეიძლება მალე გახდე ჩემი, ალერსით დაგაოსო და მერე ისევ თავიდან დავიწყო. მინდა ყოველ წამს ვხედავდე შენს სახეს, შენს ღიმილს, სიცილს, გაბრაზებას, შენს ყოველ მიხრა-მოხრას… მინდა წარამარა ვიძირებოდე შენს სითბოში…

- იქ ჩასული სხვა ხასიათზე რომ დადგე და ისევ გადაიფიქრო? - ეშმაკურად გავხედე.

- გამორიცხულია! მე უკვე ვაჯობე წარსულს! ეს ყველამ გაიგო. ჟაკომაც კი იცის ეს. ისიც გველოდება.

- კირრრა და ფაბბიენი! ფაბბიენი და კირრრა. - მხიარულად გამოვაჯავრე ჟაკოს. ამწუთას მხოლოდ ის გამახსენდა და გამეცინა.

ვინ იფიქრებდა, ბებერი ბრძენი თუთიყუში ყველაზე ჭკვიანი თუ აღმოჩნდებოდა…

დასასრული