ტყუილის ილუზია - თავი 1 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 1

2022-04-04 10:03:35+04:00


დამღლელი გზის მერე ეგრევე ჩამეძინა. შუაღამე იყო, რომ ჩამოვედი. მორჩა, ეს უკანასკნელი დღე იყო ჩემთვის ძველ სამსახურში, დავიხურე ქუდი და გამოვიხურე სააგენტოს კარი. აღარ მინდა მოდელებთან მუშაობა. მით უფრო, რომ არც ისე ცნობილია ჩვენი სამოდელო სააგენტო. ერთადერთი მოდელი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობას ეღირსა, გვანცა ლაღიძე აღმოჩნდა, ჩემი უახლოესი მეგობარი და იმანაც ვერ გაამართლა. ცხრა თვის მუშაობის შემდეგ დაითხოვეს და უკან გამოუშვეს. ზედმეტად დაიფასა თავი. აქაოდა, მე ვარ რჩეულიო, ეგონა, ყველაფერი გაუვიდოდა. ძირითადად რეკლამებში იღებდნენ. ერთხელ ფეხები გაფშიკა თურმე, ასეთ ვარცხნილობას ნუ მიკეთებთ, შუახნის ქალს ვემსგავსებიო. მერე აიჩემა, ასეთი მაკიაჟი არ მიხდება, თქვენ ჩემს სილამაზეს აუბრალოებთო და რა ვიცი, მიზეზები არ დაელია. ამიტომაც კონტრაქტი შეუწყვიტეს და დაემშვიდობნენ, ჩვენს სააგენტოს კი საყვედურით სავსე წერილი გამოუგზავნეს. საწყალი ლალი, ჩვენი ხელმძღვანელი, გაგიჟდა, ლამის ინფარქტმა დაარტყა, წერილი რომ წაიკითხა. ამიტომაც, როცა გვანცამ მიაკითხა, არც მოუსმინა, ისე გამოაბუნძულა სააგენტოდან. ერთხანს ჩემთან ცხოვრობდა, ჩემს ბინაში. ბოლო ერთი კვირაა, რაც გადავიდა. კიდევ კარგი, აქ არ დამხვდა, თორემ, ალბათ, ჩემი ხელით მოვკლავდი. რა დღეში დამახვედრა სახლი. როგორც ჩანს, მთელი თვეა ცოცხი არ აუღია ხელში და არც ჭურჭელი დაურეცხავს. ნიჟარაზე ტონა თეფში დამხვდა დახვავებული. მაგრამ ისე ვიყავი გადაღლილი, არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომ ვიბანავე თუ არა, ეგრევე ლოგინში შევწექი, ნამგზავრს თვალები მეხუჭებოდა. მთელი თვე დავყავით ბათუმში, გადაღებებზე და მოსამზადებელი ეტაპი ყოველ გადაღებაზე ჩემს კისერზე გადადიოდა. ლოკაციების მოძიება, დიზაინერებთან მოლაპარაკება, რეკვიზიტების მომზადება, ფოტოგრაფებთან შეთანხმება, მოდელების მოწესრიგება… მენეჯერი კი მერქვა, მაგრამ აუტანელი ის იყო, რომ მოდელების კვებაც მე მევალებოდა და ყავის მოდუღებაც ჩემს კისერზე იყო… საშინლად რუტინული სამუშაო მქონდა. ჰოდა, მორჩა, ეს ბოლო იყო. ხვალიდან სრულიად თავისუფალი ვარ. როცა მინდა დავიძინებ, როცა მინდა გავისეირნებ და თვალს წყალს დავალევინებ.

უკვე ჩაძინებული ვიყავი, ლალიმ რომ დამირეკა.

- ნაკა, მშვიდობით მიხვედი?

- კი, ლალი, მადლობა, უკვე ვწევარ.

- კარგი, ჩემო ლამაზო. იცი? სულ ვფიქრობ, ჩვენგან რომ წახვედი. ვიფიქრე, ვიფიქრე და… ისე, მოდელობა ხომ არ გეცადა? არაჩვეულებრივი ფიგურა გაქვს, საოცარი სახე. სიმაღლეც ხელს გიწყობს, აღნაგობაც და რა ვიცი, ყველაფერი… არ მინდა შენთან განშორება, გესმის?

- მესმის, ლალი, დიდი მადლობა, მაგრამ უარი უნდა გითხრა. ჯერ ერთი, მოდელობაზე არასდროს მიფიქრია. მეორეც, არ მაქვს მაგის გამოცდილება და მესამეც… დიდად არ მხიბლავს ეგ პროფესია. არ გეწყინოს, კარგი? უკვე სხვა გეგმები მაქვს, ახალ სამსახურს მთავაზობენ და გადაწყვეტილებაც მივიღე. ასე რომ…

- გასაგებია, გასაგები. კარგი, მაშინ დაგემშვიდობები, ჩემო ოქრო. იმედია, უკმაყოფილო არ დამიტოვებიხარ.

- როგორ გეკადრება, პირიქით, შენი უზომოდ მადლობელი ვარ. ჩემი შემცვლელი ყოჩაღი გოგო ჩანს, ვფიქრობ, იმედებს არ გაგიცრუებს.

- ეჰ… სად შენ და სად სხვა… რა ვიცი, ცუდი გოგო არ ჩანს, მაგრამ როდის ეგ თავს მოაბამს რამეს… დრო უნდა, შენც კარგად იცი.

- უცებ მიეჩვევა. ეს დღეები სულ გვერდით მედგა და სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.

- კარგი, კარგი. აბა, შენ იცი. არ დამივიწყო, იცოდე. ხანდახან შემოგვიარე, გაგვიხარდება.

- აუცილებლად, აბა რა! - ღიმილით წარმოვთქვი და ტელეფონი გავთიშე.

ჯერ გათენებულიც არ იყო, როცა კარზე ჯერ ზარის ხმა გაისმა, მერე კი ისეთი ბრახუნი ატყდა, გული შემიქანდა. ასე დილაადრიან არავის ველოდი, მით უფრო, ასეთი ხმაურით.

- ქალბატონო გვანცა! ვიცი, რომ სახლში ხართ! ზუსტად სამოცი წამი გაქვთ, რომ კარი გამიღოთ! გამიღეთ, თორემ შემოვამტვრევ!

ელდა მეცა. ვინ უნდა ყოფილიყო? ძლივს წავართვი ძილს თავი. ჯერაც ძილბურანში მყოფი გავედი ჩემს პატარა ჰოლში. გულის გამაწვრილებელი ბრახუნი პირდაპირ ყურებში მიწიოდა. მუხის კარი კი ისე ზანზარებდა, ალბათ ცოტაც და ანჯამები ვეღარ გაუძლებდა. კედლის საათს ავხედე. ჯერ ექვსიც არ იყო. წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს მეზობლებს ამ ხმაურის გაგონებაზე. თანაც, ეს ვიღაც გვანცას ეძებდა და არა მე.

- რახან ასეა, ახლა მიყურეთ! - გაისმა კარს იქიდან ზუსტად იმ მომენტში, როცა ჯაჭვი ჩამოვხსენი და საკეტი გადავატრიალე, - მერე არ თქვათ, არ გამაფრთხილაო!

კარი გავაღე და უცებ უზარმაზარი მამაკაცი შემომივარდა ბინაში. ეს ისე სწრაფად მოხდა, ალბათ დაუპატიჟებელი სტუმარი არ ელოდა კარის გაღებას, ამიტომაც ცოტა დააკლდა, იატაკზე გაშხლართულიყო. როცა გონს მოვიდა, მხრებში მეცა და კედელს ამაკრა.

- კრეტინი გოგო!

გაოგნებული და შეშინებული მივჩერებოდი უცნობს. ქართულად კი ლაპარაკობდა, მაგრამ რაღაცნაირი აქცენტით. თავიდან მეგონა, მეგრელი იყო, ისე არბილებდა ლ-სა და რ-ს.

- ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ? - ძლივს ამოვილუღლუღე, როცა სახიდან ჩემი თითქმის ვერცხლისფერი თმა თავის გაქნევით უკან გადავიყარე.

- ასე ვინ აღებს კარს? ნუთუ ამ პატარა თავში ტვინის არც ერთი ნაოჭი არ გაქვთ?

მისმა უხეშობამ შიში გამიქრო და მოთმინებაც დამაკარგვინა. წამში ავიყვანე თავი ხელში.

- როგორ მიბედავთ! - საკმაოდ თამამად შევძახე, - რამდენი ხანია, გიჟივით ურტყამთ ჩემს კარს მუშტებს და წიხლებს, შემომეჭერით და ახლა შეურაცხყოფასაც მაყენებთ? თქვენ… თქვენ…

- შესაფერის სიტყვას თუ ეძებთ ჩემ გასალანძღად, ტყუილად ირჯებით. თქვენი ქათმის ტვინი მაგდენს ვერ მოიფიქრებს! - დაცინვა და მუქარა ერთდროულად გაისმა მის ხმაში, -აჯობებს იმით დაინტერესდეთ, ვინ ვარ. თუ დილის ექვს საათზე უცხო კაცისთვის კარის გაღება თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია? მიჩვეული ხართ ამას?

ნაცრისფერმა, ფოლადივით ჩასმულმა თვალებმა თავხედურად ჩამათვალიერა თავიდან ფეხებამდე. უცნობს ტუჩები ბრაზით მოეკუმა, მზერა კი, მტრისას, მძვინვარე ვეფხვს მიუგავდა.

- ჩემთვის სულერთია, ვინ ხართ, - არცთუ ხმამაღლა გამომივიდა, რადგან ვიგრძენი, როგორ დამსუსხა, თითქოს ჭინჭარი დამიშინეს ზურგზე.

ჩემი ფუმფულა პირსახოცის ხალათი მყის გადაიხსნა, როგორც კი კედელს ხელი მივარტყი და ლამის გამჭვირვალე პიჟამას ამარა დავრჩი, რომელიც თითქმის ვერ მალავდა ჩემს სიშიშვლეს. როგორც კი მისი გამჭოლი მზერა დავიჭირე, ჩემს ერთობ მიმზიდველ მკერდს რომ ათვალიერებდა, შევეცადე, ხალათის კიდეები გამესწორებინა და აკანკალებული ხელებით შემოვიჭირე ქამარი.

- მალე აღარ იქნება თქვენთვის სულერთი. დამიჯერეთ, ქალბატონო გვანცა, თქვენთვის ნამდვილად აღარ იქნება სულერთი! - მუქარით წარმოთქვა.

კარი ჯერ კიდევ ღია იყო და ფრთხილად გავიხედე სადარბაზოში, მაგრამ მივხვდი, რომ მან ჩემი ჩანაფიქრი გამოიცნო. ამიტომ კვლავ კედელს ამაკრა. გაქცევა შეუძლებელი ჩანდა. ღმერთო, იმდენად ძლიერი იყო ეს კაცი, გული შემეკუმშა, განძრევის საშუალება მომისპო. ასეთებს არასდროს შევხვედრივარ. რა, რკინისგანაა ჩამოსხმული?

- რა გინდათ? - ნერვიულად შევკარი მუშტები და კუშტად მივაჩერდი.

გაგრძელება იქნება