ტყუილის ილუზია - თავი 2 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 2

2022-04-05 10:11:10+04:00


წინა თავი

მის გაფითრებულ სახეზე ნაცრისფერი თვალები უზარმაზარი მეჩვენა. იქნებ განრისხებისას უფართოვდებოდა თვალის გუგები?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს, ქალბატონო! - კბილებშუა გამოსცრა.

მან ფეხით მიხურა კარი და უდარდელად მიეყუდა, თან ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, თითქოს თავად ყოფილიყო აქაურობის ბატონ-პატრონი, მე კი სტუმარი. რაც მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ქართველი არ იყო, თუმცა მშვენივრად ლაპარაკობდა ქართულად. გარდა ამისა, კანის ფერიც არ ჰქონდა ჩვენებური - რაღაცნაირი ბრინჯაოსფერი დაჰკრავდა მის სხეულს. "ან გარუჯულია, ან მუსლიმანი", - რატომღაც ეს გავიფიქრე. მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო მისი ვიზიტის მიზეზიც და ასე გაცოფებისაც.

მისმა გამჭოლმა მზერამ კიდევ ერთხელ მოიარა ჩემი სხეული.

- საყურებლად მშვენიერი ყოფილხართ, - საქმის მცოდნესავით ჩაილაპარაკა. ასე ლალიმ იცოდა ახალმოსული მოდელი გოგონების შეთვალიერება.

ვიგრძენი, რომ წამოვწითლდი, მან კი ჩაიცინა.

- რამდენი წლის ხართ, თვრამეტის? ცხრამეტის?

შუბლი შევიკარი.

- ოცდაერთის, მაგრამ ეს რა თქვენი საქმეა?

- მალე გაიგებთ, ფისუნია!

ამაზე მთლად გადავირიე. ვინ ოხერია, კატას რომ მადარებს და ასე დამცინის? რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? რა მიჰქარა ნეტავ გვანცამ, ასე რომ გააგიჟა ეს უცხო კაცი?

- იმ დღიდან, ჩემს ნათესავს კლანჭები რომ გამოსდეთ, თქვენ და ყველაფერი, რაც თქვენთანაა დაკავშირებული, ჩემი ინტერესების სფეროში მოხვდა. ღამის კლუბში ხშირი ვიზიტებიც და უაზრო ცხოვრების წესიც.

- ერთი მომისმინეთ! - სახე ზიზღისგან დამემანჭა, მხრებში გავიმართე და ხმას ავუწიე, - არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ და არც მინდა ვიცოდე. ცხოვრებაში პირველად გხედავთ, თქვენ კი უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, სახლში შემომეჭრათ და შეურაცხყოფა მომაყენოთ!

უცნობმა არც კი მიპასუხა, ისე შემიშვა ხელი და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა. შიშმა ისევ დამრია ხელი, ადგილს მივეყინე.

- მობრძანდით, დაბრძანდით, - დამცინავად მიმიპატიჟა ჩემსავე ბინაში, - საერთოდ, დიდად არ მიყვარს ქალებთან ჩხუბი, მაგრამ ჩვენ ორმა რაღაც-რაღაცები უნდა გავარკვიოთ. ამიტომ გირჩევდით, ცოტა ხანს კრინტი არ დაძრათ და ენა გააჩეროთ.

- მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, - მედიდურად მივუგე, გვერდი ფრთხილად ავუარე და სავარძელში ჩავეშვი.

რატომ გავუღე კარი? მართლა კრეტინი ვარ. რა მრჯიდა? როდის იყო, უცხოს ასე უკითხავად ვუშვებდი სახლში? სად გაქრა ჩემი ჩვეული სიფრთხილე? ეჰ, ისე იმოქმედა ექვსსაათიანმა მგზავრობამ, როგორც ჩანს, ტვინი გამომილაყა. ისე ამოვიოხრე, თითქოს მთელი მსოფლიოს სიმძიმე მე მაწვა ზურგზე, თან მალულად ვაკვირდებოდი მამაკაცს, შინაურულად რომ ათვალიერებდა ჩემს ბინას.

- რამდენადაც ვხვდები, მარტონი ვართ, - მრავლისმეტყველად შენიშნა უცნობმა, რამაც გამაგიჟა.

- კი მაგრამ, ვის ნახვას ელოდით აქ?

უხალისოდ გაიცინა.

- წვრილმანებს ნუ ჩავუღრმავდებით, ძვირფასო გვანცა. შეიძლება ასე მოგმართოთ? როგორც ვხვდები, თქვენთან დიდი ცერემონიები არ მჭირდება.

პირი გავაღე, რათა გამეპროტესტებინა, მაგრამ მან მუქარით ასწია ხელი და შემაჩერა.

- მოდი, მოვილაპარაკოთ: მე არავის შევჭრივარ სახლში, როგორც თქვენ თქვით, მით უფრო, თავს არ დაგსხმივართ, როგორც ფიქრობთ. და თავს თუ შეურაცხყოფილად გრძნობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ იძულებული ვარ, ახლოდან შევხედო ისეთ ეგოისტურ პეპელას, როგორიც თქვენ ხართ.

კი მივხვდი, რომ გვანცაში ვეშლებოდი, მაგრამ პასუხის გაცემასაც რომ არ მაცლიდა? ნეტავ რა ჩაიდინა ამ თავქარიანმა გოგომ ასეთი? უკვე ვნანობდი, ჩემს ბინაში ცხოვრების ნება რომ დავრთე. მარტო ყოფნა მომენატრა, ჩემებმა სისხლი გამიშრეს, მამა დედას წარამარა ეჩხუბება და აგინებს, ცოტა ხნით მშვიდად დასვენება მინდაო, მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარი. თანაც, საშინელი დეპრესია ჰქონდა, ადგილი რომ დაკარგა სააგენტოში.

- აჰა, მგონი, უკვე გონს მოდიხართ, - აღნიშნა უცნობმა, - საზრიანი სახე გაქვთ და არა ისეთი, როგორსაც ველოდი.

თვალები ბრაზით დავაკვესე, მაგრამ პასუხი არ გავეცი. ცივად ჩაიცინა.

- დღეიდან მოგიწევს პასუხი აგო შენს შეცდომაზე, გოგონი. მადლობა თქვი, რომ ჩემნაირი ადამიანი შეგხვდა. შენს გრძელ სიას ამიერიდან კიდევ ერთი პატარა თავგადასავალი დაემატება, - მოულოდნელად "შენობით" დამიწყო ლაპარაკი.

- მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ. რაღაც უნდა აგიხსნათ. თქვენ გეშლებათ, მე…

მაგრამ მოუთმენლად შემაწყვეტინა:

- არ ვაპირებ შენ მოსმენას! - მისი თვალები ყინულივით ცივად შემომცქეროდნენ, - აჯობებს გაჩუმდე და მე მომისმინო. არ მიყვარს ერთი და იმავეს გამეორება!

აშკარად მიჩვეული იყო მბრძანებლობას. მე კი ისე ვიყავი გამოფიტული და ყველაფრისგან გადაღლილი, შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა. შეშინებული თაგვივით მივიკუნჭე ჩემი სავარძლის კუთხეში. მას ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვია. არ ვიცი, რა იფიქრა, ალბათ შევეცოდე, ამიტომ, როცა ისევ ალაპარაკდა, ისე ცივად აღარ მოუმართავს, როგორც მანამდე.

- მე ვარ ლუკას მარკოპულოსი საბერძნეთიდან, გეორგიოს ვასილიადისის, ასე ვთქვათ, ბიძა, - დაიწყო მან და როცა ამ სახელ-გვარებზე რეაქცია არ მქონია, კვლავ გაღიზიანდა, - იმედია, გახსოვს გეორგიოსი, არა?

არც ახლა მიპასუხია, რამაც უარესად გააღიზიანა.

- როცა მასთან ურთიერთობა გაწყვიტე, გაგიჟებული დაბრუნდა საბერძნეთში, თავის თავს არ ჰგავდა. კაცი ჭკუაზე არ არის, არ ჭამს, არ სვამს, არ მუშაობს. გესმის მაინც, რა უქენი? ნუთუ ეს კმაყოფილებას განიჭებს? - ჩემი დუმილით გაცოფებულმა ხმას ისევ აუწია.

რა უნდა მეპასუხა? მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.

- ტყუილად ვხარჯავ შენთან დროს, - ამოხვნეშით წარმოთქვა, უცაბედად წამოხტა და ფანჯარასთან მიიჭრა. ეს ისეთი მოძრაობით და ჟესტით გააკეთა, თითქოს ჩემი ყურება მეტად აღარ შეეძლო. ჩემკენ ზურგშექცეულმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ახალგაღვიძებულ თბილისს გახედა. მისი ვეებერთელა სხეულის შეხედვა ჟრუანტელს მგვრიდა.

კარგა ხანს იდგა ასე. უკვე გვარიანად ინათა, ქუჩიდან ხმაურმაც იმატა. გზააბნეულმა ბერძენმა ისე დამშოკა, რომ გაუნძრევლად ვიჯექი და ცივი გონებით ვცდილობდი, მისი ნაამბობის ცალკეული ფრაგმენტები როგორმე შემეკოწიწებინა. გვანცამ ამჯერადაც რაღაც სისულელე ჩაიდინა და ახლა მე მიწევს ამის გამოსწორება. უკვე მერამდენედ. ადრეც ბევრჯერ ყოფილა, თაყვანისმცემელი თავიდან რომ მოეშორებინა, მე მთხოვდა ტელეფონზე დალაპარაკებას, შენ ჭკვიანი ხარ და საჭირო სიტყვებს უკეთ იპოვიო. მისი სასიყვარულო თავგადასავლები ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით მთავრდებოდა - ისე ამოიკვეთდა გულიდან, როგორც ქირურგი დაზიანებულ ორგანოს პაციენტის სხეულიდან - სწრაფად, მთლიანად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ოჰ, გვანცა, გვანცა! რამდენჯერ გავაფრთხილე, ადამიანებს ასე ნუ ექცევი-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა? ყოველი მორიგი რომანის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული იერით დადიოდა, რომ თვითონ გაწყვიტა ურთიერთობა და არა იმან, ვისაც ხვდებოდა. თითქოს თამაშობდა მამაკაცებზე და ეს სიამოვნებას ანიჭებდა. აი, შედეგიც. ახლა მთლად გადარეული შეხვდა, რომელიც დათმობას არ აპირებდა და თავისი საქციელისთვის პასუხს სთხოვდა.

მაგრამ მე რა შუაში ვიყავი? ან კი რანაირად უნდა გამომესწორებინა გვანცას შეცდომა? წესიერად არც ვიცოდი, რა ხდებოდა. ან ეს ბერძნები საიდან გამოჩხრიკა? ვითომ იტალიაში ყოფნისას გაიცნო? წარმოდგენა არ მქონდა.

ისე გადავერთე საკუთარ ფიქრებში, რომ როგორც კი ლუკასი ფანჯარას მოშორდა და ისევ ალაპარაკდა, შევხტი.

- პატიებას გთხოვთ ჩემი საქციელისთვის, - ისევ თავაზიანობითი ფორმა არჩია, - არ ვაპირებ ჩემი აზრები და შეხედულებები თავს მოგახვიოთ. ამას თქვენთან საერთო არაფერი აქვს.

ვერაფერს მივხვდი. ნეტავ რისი თქმა უნდოდა? თუ ქართულმა ენამ არ მისცა საშუალება, უფრო გასაგებად გამოეხატა სათქმელი?

- ჩემგან რას ითხოვთ? - შემპარავად ვკითხე, რადგან უკვე მივხვდი, რომ ჩემ წინ ძალაუფლებას მიჩვეული კაცი იდგა, რომელიც ასე ადვილად არ მომეშვებოდა და საჭიროების შემთხვევაში შეეძლო ლეოპარდივით დამსხმოდა თავს.

- მე მჭირდება… თქვენი დახმარება, - ამჯერად ყოველ სიტყვას ზედმიწევნით არჩევდა, - გეორგიოსის დედა ძალიან ნელა გამოდის მდგომარეობიდან. იმაზე ნელა, ვიდრე ჩვენ ველოდით. - ჩემი კითხვით სავსე მზერა რომ დაიჭირა, რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე ისევ გააგრძელა, - თქვენ რა, არაფერი იცით ჩვენი ოჯახის შესახებ? - ცივი ხმით შემეკითხა და უარყოფის ნიშნად თავი რომ გავაქნიე, გაკვირვება ვერ დამალა, - კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას. როცა გეორგიოსმა თქვენი ურთიერთობის შესახებ მამცნო, მეგონა, ყველაფერი იცოდით. ჩვენთან ასეა მიღებული. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და საქმე დაქორწინებამდე მიდის, ერთმანეთისგან არაფერი აქვთ დამალული. როგორც ვიცი, გეორგიოსმა ბეჭედიც კი გაჩუქათ დანიშვნის მიზნით.

ამის გაგონებაზე თვალები შუბლზე ამივიდა. გვანცას ძალიან კარგად ვიცნობდი. გათხოვება მის გეგმებში არასდროს შედიოდა. რაც შეეხება ბეჭდის ჩუქებას, ეს, უბრალოდ, სასაცილოც კი იყო. როგორც ჩანს, მართლა ღრმად შეუტოპავს. “რა ჩაიდინე, შე სულელო? ან მე რატომ უნდა ვაგო პასუხი შენ გამო?" - გავიფიქრე გაგულისებულმა.

- დედამისი, ანუ ჩემი და ლეილა, სხვათა შორის, ქართველია, ქუთაისელი, - დაამატა მაშინვე, - ძალიან სერიოზულადაა ავად. ძვლის ქსოვილების დაშლა გაგიგიათ? ქართულად არ ვიცი, რა ჰქვია ამ დაავადებას. მეც იმიტომ ვლაპარაკობ ქართულად ასე კარგად, რომ აქ დავიბადე და მერე, საბერძნეთში რომ აღმოვჩნდი, ლეილამ არ დამავიწყა და გეორგიოსსაც ასწავლა. ჩემი და ბოლო დროს ცოტათი გამომჯობინდა და ჩვენც იმედი მოგვეცა, რომ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს. თუმცა ტკივილები ისევ აწუხებს და ძლივძლივობით გადაადგილდება. ექიმები ამბობენ, დროთა განმავლობაში ეს გაუვლისო. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრების აზრი არ დაკარგოს და ბრძოლა გააგრძელოს. სამწუხაროდ, წამალს, რომელსაც ის სვამს, გვერდითი ეფექტები ახასიათებს და დეპრესიას იწვევს.

თანაგრძნობის ნიშნად თავი დავაქნიე.

- როცა გეორგიოსმა გამოაცხადა, ქართველი გოგო მიყვარსო, დედამისს თან გაუხარდა, თან არა, რადგან მოდელი რძალი სულაც არ უნდოდა. მაგრამ შვილს წინ არ აღუდგა, დღევანდელი ახალგაზრდები ხომ თვითონ აკეთებენ არჩევანს, თუმცა მერე კი ნანობენ ხოლმე თავიანთ შეცდომას.

ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა და მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა. აშკარად მაგრძნობინა, გეორგიოსის არჩევანი შეცდომააო.

- ჰოდა, ჩემი დაც ბედს შეურიგდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, გაიცნოს გოგო, რომელმაც მის შვილს თავი შეაყვარა და ოჯახში რძლად უნდა შემოვიდეს. სურს დარწმუნდეს იმაში, რომ თავის ერთადერთ ვაჟს სანიმუშო ცოლი ეყოლება და სამაგალითო ოჯახს შექმნის. სწორედ ამ ამბავმა გაუღვიძა ცხოვრების ინტერესი, რაც მას ახლა მართლა ყველაზე მეტად სჭირდება.

“თუკი გვანცამ მისი დისშვილი ასე უგულოდ მოისროლა, ამას რისი იმედი აქვს? რისთვის გამოიარა ასობით კილომეტრი, რისი მიღწევა სურს?" - გავიფიქრე გაოგნებულმა.

- ლეილას ერთი სული აქვს, როდის გაგიცნობთ. მე კი მისი იმედების გაცრუებას არ ვაპირებ, - დაასრულა ლუკასმა.

ახლა კი მივხვდი, რაც უნდოდა და თავზარდაცემულმა თავი ავწიე, მაგრამ მაშინვე მისი ნაცრისფერი თვალების მკაცრ მზერას წავაწყდი. მან თავი დააკანტურა.

- სწორედაც, - მშვიდი ტონით დამეთანხმა, ჩემი გაოცება რომ შეამჩნია, - თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ საბერძნეთში და ჩემი დისთვის სპექტაკლს გაითამაშებთ. უნდა დაარწმუნოთ იგი, თუ როგორ გიყვართ მისი ვაჟი, როგორ შექმნით მასთან ერთად მტკიცე ოჯახს და შვილებს გაუჩენთ.

- ხომ არ გაგიჟდით! - ძლივს ამოვილუღლუღე დაშოკილმა, - თქვენ მართლა გაგიჟებულხართ, თუ ფიქრობთ, რომ სადმე წამოვალ!

უცნაური ის იყო, რომ ლუკასი ჩემი რეაქციით კმაყოფილი დარჩა. ჩემ პირდაპირ მოკალათდა, თავისი გრძელი ფეხები გაშხლართა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და უკან თავგადაგდებულმა თითები ერთმანეთში ჩახლართა.

- სამაგიეროდ, დანაშაულს გამოისყიდით. გზის ფულს და სხვა ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებ. ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარი გამოცდაა თქვენთვის, რომელიც თავად მოუწყვეთ საკუთარ თავს.

ერთი საათის წინ, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, ასე ძლიერ ვინმე თუ შემძულდებოდა. თავი ისე ამტკივდა, საფეთქელთან პულსის დარტყმებს ვგრძნობდი. ამასთან, უკვე გულიც მერეოდა. სავარაუდოდ, ეს გადაჭარბებული ნერვიულობის ბრალი იყო. უნდა მეთქვა ამ მანიაკისთვის, რომ ის არ ვიყავი, ვისაც ეძებდა, სხვანაირად თავს ვერ დავიძვრენდი. წამოვდექი, მაგრამ მოულოდნელად ოთახი ყირამალა ატრიალდა და შევქანდი.

- არ ღირს ასე ნერვიულობა, - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ჩემმა ძალად სტუმარმა, მხრებში ხელი ჩამავლო და კვლავ სავარძელში ჩამსვა, - გატყობთ, ზედმეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევით, ასე რომ გადაღლილხართ. ხედავთ? თავსაც ვერ იმაგრებთ.

თვალწინ უფერო ბრჭყვიალა ბუშტუკებმა დაიწყეს ლივლივი, ცოტა დამაკლდა და ავტირდებოდი. უმწეოდ დავხუჭე თვალები და მხოლოდ იმას ვნატრობდი, ცრემლები არ წამსკდომოდა.

ერთ რამეში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული - ამ კაცს გვანცა არათუ რეალურ ცხოვრებაში, ფოტოზეც კი არ ჰყავდა ნანახი. მართალია, ჩვენ ერთი ასაკის ვიყავით და დაახლოებით ერთი სიმაღლისაც, მაგრამ სხვა ყველაფერში ისე განვსხვავდებოდით, როგორც ცა და დედამიწა. გვანცას ჟღალი ხუჭუჭა თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა, მე კი, როგორც სხვები მახასიათებდნენ, ნამდვილი კოლხური გარეგნობა. ხომ არის ღირსი, ავდგე და მართლა გავყვე ამ იდიოტს. წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება, როცა ნახავს, რომ შეცდა. ისე, კი იმსახურებს ამას ეს თავის თავში შეყვარებული კრეტინი!

დაჯდომამ მიშველა, თავბრუსხვევამ გამიარა და ფრთხილად გავახილე თვალები. ის ჩემ წინ ჩამუხლულიყო და ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს სახეს. როგორც კი ნახა, საშიშროება არ მემუქრებოდა, მაშინვე ადგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ასე გააგრძელა ჩემი ცქერა. შევამჩნიე, რომ სახეზე გაკვირვება გამოეხატა. გარუჯულ ლოყაზე კუნთი უტოკავდა.

- მშვიდად იჯექით, - მიბრძანა, თვითონ სამზარეულოში გავიდა და უცერემონიოდ დაიწყო კარადებში ხელის ფათური.

- თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში! - გესლიანად გავძახე, მაგრამ არა ისე უხეშად, როგორც მინდოდა.

ჩემდა მოულოდნელად, ცოტა ხნის მერე სამზარეულოდან ცხელი ჩაით გამოვიდა, სკამი მოაჩოჩა და ფინჯანი ზედ დადო.

- აი, თქვენ, ცხელი ჩაი, ყველანაირი ნერვიულობის პანაცეა, - თქვა მან და მეც უნებლიეთ გავიშვირე ხელი ფინჯნისკენ, - კარგად რომ ვერ ხართ, ვხედავ, მაგრამ რატომ, ამას ვერ ვხვდები, - მან მხრები აიჩეჩა, - ვწუხვარ. თუმცა ეს არ გათავისუფლებთ ვალდებულებისგან. მე ხვალვე მოვაწესრიგებ თქვენს საბუთებს, ავიღებ ორ ბილეთს საბერძნეთამდე და ერთად გავფრინდებით. ამას აუცილებლად გავაკეთებ, სულ რომ ხელში აყვანილს მომიხდეს თქვენი ტრაპამდე მიყვანა.

- არსად გაფრენას არ ვაპირებ, - ძალაგამოცლილმა მივუგე, ჩაი გემრიელად მოვსვი და შევეცადე, აზრებისთვის თავი მომეყარა.

- ეგ არაფერს ცვლის, რადგან თქვენი გადასაწყვეტი არ არის, წამოხვალთ თუ არა. მე რა, კი არ გიწვევთ საბერძნეთში, იძულებით მიმყავხართ.

- მართლა? ბრძანებების გაცემას ხართ მიჩვეული? თუ გგონიათ, რომ ჩემ შეშინებას შეძლებთ, მწარედ შემცდარხართ, - მტკიცე ხმით გამოვუცხადე. "და სულელის როლში გამოჩნდებით", - გულში დავამატე, თან გამომწვევად მივაჩერდი მის შეუვალ სახეს.

გაგრძელება იქნება