ტყუილის ილუზია - თავი 3 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 3

2022-04-06 09:57:42+04:00


წინა თავი

ისე ჩაიცინა, რომ გამაჟრჟოლა, მეგონა, სისხლი გამეყინა ძარღვებში.

- აი, აიღეთ, - თქვა უცებ, ხელი გაშალა და ხელისგულზე დადებული ორი თეთრი აბი გამომიწოდა.

შეშინებული სავარძლის საზურგეს მივაწყდი. მეგონა, რამე ნარკოტიკულ ნივთიერებას მტენიდა.

- ეს რა არის? - შეძრწუნებულმა თვალები დავაფახულე, - საიდან გაქვთ? რას მიპირებთ?

მან ამოიხვნეშა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად ჩანდა, აფეთქებისგან თავს იკავებდა.

- რაზე ფიქრობ, სულელო გოგო? რა გგონია, ნარკოტიკს გაძლევ? არც ეგეთი გამოშტერებული ვარ. ეს ასპირინია, შენი სამზარეულოს კარადიდან ავიღე, წამლების ყუთში იდო. მე სერიოზული საქმოსანი ვარ და ბევრნაირ ბიზნესს ვატრიალებ, მაგრამ მერწმუნე, ნარკოტიკები და მონებით ვაჭრობა ჩემი ინტერესების სფეროში არ შედის. - ამ სიტყვებით ისევ გამომიწოდა აბები. აცახცახებულმა მის ხელს ხელი ვკარი და წამალი ძირს დაიპნა. ლუკასმა ისევ შეიკავა თავი, ხმის ამოუღებლად დაიხარა და ორივე აბი აიღო. მერე კვლავ სამზარეულოს მიაშურა და რამდენიმე წამის შემდეგ იქიდან ასპირინის მთელი შეკვრით დაბრუნდა.

- ამას მოვახიე, - ორი თითით ასწია ფირფიტა და ცხვირწინ ამიფრიალა, - აჯობებს დალიოთ, რომ თავის ტკივილმა გაგიაროთ. - ისევ "თქვენობითზე" გადავიდა.

- მე თავი არ მტკივა, - წავიბუტბუტე და გვერდზე გავიხედე გაწითლებულმა.

- თქვენ მე რა უნდა გამომაპაროთ, გუშინდელო ბავშვო! - კბილებში გამოსცრა, - მოხარშულს ვიცნობ თქვენნაირებს. ვიცი, ქართველი ქალები როგორებიც ხართ, ჩემი ლეილას გამოკლებით. საბერძნეთი სავსეა თქვენნაირი თაღლითებით. ოღონდ კი მდიდარი ბერძენი მამაკაცი ჩაიგდონ ხელში და უკან არაფერზე დაიხევენ.

ო, როგორ გავმწარდი. წარმოვიდგინე ყველა ის ქალი, მომვლელებად, დამლაგებლებად და მოსამსახურეებად რომ იყვნენ გადაკარგულები სხვადასხვა ქვეყანაში და უმძიმესი შრომით თავს იმცირებდნენ ლუკასისნაირი უცხოელების წინაშე. ეს კაცი ყველას ერთ ქვაბში ხარშავდა - კარგსაც და ცუდსაც. აშკარა იყო, ის ლეილაც, თავის დად რომ მოიხსენიებდა, სავარაუდოდ, ერთ დროს აქედან წასული მომვლელი ან მოსამსახურე იქნებოდა, რომელიც, ალბათ, მერე სახლის პატრონს შეუყვარდა და ცოლად ითხოვა.

- მაშინ რისთვის უნდა წამიყვანოთ? არ ჯობია, აქ დავრჩე? პირობას გაძლევთ, თქვენს გეორგიოსს ახლოსაც არ გავეკარები. ისედაც არ მაქვს მასთან არანაირი ურთიერთობა! - ეს მართლა გულწრფელად ვთქვი, რადგან გონზე არ ვიყავი, ვინ იყო გეორგიოსი და რა საერთო უნდა მქონოდა მასთან.

- დედამისი რომ არა, გგონია, წაგიყვანდი? მას უმადლოდე, რომ ასე ადვილად შეძელი ამ ამბიდან გამოძრომა, თორემ… - აქ შეყოყმანდა, აშკარად საჭირო სიტყვებს ეძებდა, - თორემ… ტყავს გაგაძრობდი! ასე რომ, შეუშვი მაგ თავში, რომ ჩემთან ერთად წამოსვლა ყველა ვარიანტში მოგიწევს! არანაირი უარი არ განიხილება! - ისე იყო განრისხებული, ხან "შენობით" მელაპარაკებოდა, ხან "თქვენობით".

მისი მუქარით ნათქვამი სიტყვები ისე ხმადაბლა გაჟღერდა, მეგონა, ჭიანჭველების მთელი არმია დამასხდა ზურგზე. რას არ მივცემდი, ოღონდ ამ საშინელი ბერძნის სახე მეტად აღარასდროს მენახა! მაგრამ ისეთი მამაკაცური იყო და ისეთი მომნუსხველი გარეგნობა ჰქონდა, რაღაცნაირად უცნაურად მოქმედებდა ჩემზე. ჰოდა, ვხვდებოდი, რომ ჩემი ასე მისავათება მხოლოდ გადაღლილობის ბრალი არ იყო.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მოულოდნელი ზარისგან შევხტი, მაგრამ არ დავიბენი და მაშინვე საძინებლისკენ გავიქეცი, რომ მისთვის დამესწრო და მობილურისთვის მეპასუხა. ტელეფონი ტუმბაზე მქონდა შემოდებული. ოთახში შევვარდი თუ არა, კარი მივხურე, ფეხით მივაწექი და მობილურს ხელი ვტაცე. მეგონა, ისევ ლალი მირეკავდა.

შევცდი. ხაზს იქით გვანცას ხმა გაისმა:

- ნაკა, რა კარგია, სახლში რომ ხარ! ერთი სული მქონდა, როდის ჩამოხვიდოდი, წუთებს ვითვლიდი, - რატომღაც, სწრაფად ლაპარაკობდა ჩემი მეგობარი, თან ნამტირალევი ხმით, -რომ იცოდე, რა ცუდ ისტორიაში გავეხვიე!

ამ დროს ლუკასი კარს გარედან მოაწვა და შემოვარდა.

განზე გავხტი, თან ყურზე მიდებულ ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი.

- როგორმე უნდა მიშველო, როგორც ყოველთვის! - აგრძელებდა გვანცა.

ბერძენი მტრულ მზერას არ მაშორებდა, თუმცა მოახლოება არ უცდია. კართან იდგა თავისი დაკუნთული სხეულით და გამომცდელად მაკვირდებოდა.

- ნინო, გამარჯობა, - მის გასაგონად წამოვიწყე, - როგორც ყოველთვის, დილაუთენია უნდა დამირეკო, არა? არ მაცლი გამოძინებას. რამდენჯერ გაგაფრთხილე, თორმეტზე ადრე არ დამირეკო-მეთქი, ჰა? შენი ბედი, რომ ფეხზე ვარ, თორემ არ ვიცი, რას გიზამდი გაღვიძებისთვის, - თან გავიღიმე, - რა? სასწრაფოდ მიძახებენ? - დავაყოლე და ლუკასს მზერა ავარიდე, ჩემს გონებაში შემოჭრას და ჩემი აზრების წაკითხვას რომ ლამობდა.

- ნაკა, კარგად ხარ? ვინ გყავს გვერდით ამისთანა, ასე რომ მელაპარაკები? მარტო არ ხარ, ხომ? - პანიკაში ჩავარდნილი გვანცა ჩურჩულზე გადავიდა.

კინაღამ გამეცინა, როცა მისი სახე წარმოვიდგინე. წარსულის ერთი ამბავი გამახსენდა. მე და გვანცა პარკში ვთამაშობდით, რომელსაც გვერდზე არხი ჩაუდიოდა. ახალი ნაწვიმარი იყო, მე ფეხი დამისხლტა და კინაღამ წყალში ჩავვარდი, მაგრამ გვანცამ დროზე დამიჭირა. მის ხმაში მაშინაც სწორედ ისეთი პანიკური კილო გაჟღერდა, როგორიც ახლა, მაშინაც ჩურჩულით მეუბნებოდა, არ შეგეშინდეს, ხელს არ გაგიშვებო. არადა, რომ ჩავვარდნილიყავი, ალბათ დახრჩობა არ ამცდებოდა. მას მანამ ვეჭირე ხელით, სანამ ვიღაცებმა არ მოირბინეს და არ მიეშველნენ. ამას როგორ დავუკარგავდი ჩემს მეგობარს. სწორედ ეს ამბავი ამომიტივტივდა გონებაში და აბა, ახლა როგორ არ დავხმარებოდი მას, როცა თვითონაც უჭირდა? ამ ულმობელი ბერძნის ხელში როგორ ჩამეგდო?

- ნინო, მაპატიე, რა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ლაპარაკი მიჭირს. მგონი, გავცივდი და სიცხე მაქვს.

- მიმანიშნე მაინც, რა ხდება, - ისევ ჩურჩულით ლაპარაკობდა გვანცა.

- ჰო, რა თქმა უნდა, მალე გნახავ. ახლა უნდა წავიდე. თან საბერძნეთიდან ნათესავი ჩამომივიდა, წარმოგიდგენია?

წყვეტილმა ზუმერმა მიმახვედრა, რომ გვანცამ ძალიან კარგადაც წარმოიდგინა ყველაფერი. ისე შეშინდა, რომ მაშინვე გამითიშა.

- აბა, კარგად, მერე დაგირეკავ, - ამჯერად არა ჩემს მეგობარს, არამედ დაკავების სიგნალს მივმართე და მობილური ხალათის ჯიბეში ჩავიცურე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ლუკასი გულგრილ მზერას არ მაშორებდა.

- ო კეი? - მკითხა მან და თუმცა ვერ გავიგე, რატომ მომმართა ასე, მაინც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

- ჩემი დაქალი იყო, ნინო, - ვუთხარი ხმადაბლა.

- ეგ არ მაინტერესებს. ახლა რაც მაინტერესებს ისაა, რომ გაემზადოთ. ჩანთა ჩაალაგეთ, რაც დაგჭირდებათ, წამოიღეთ. მერე აქედან ერთად გავალთ და გასამგზავრებლად საბუთებს მოვამზადებთ. ასე რომ, დროს ნუ დაკარგავთ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ექიმთანაც გამოგყვებით. თუ ამის საჭიროება არ არის, მაშინ თავი წესრიგში მოიყვანეთ, სამსახურში დარეკეთ, უთხარით, რომ ერთი-ორი კვირა აუცილებლად უნდა გახვიდეთ ქალაქიდან.

- ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, - თავი გადავაქნიე, - მე სამსახური მაქვს, სახლი, კარი. ნუთუ ფიქრობთ, რომ მე…

- ვფიქრობ, ვფიქრობ, - ისეთი მსუსხავი მზერით შემომხედა, ოფლმა დამასხა, - ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებიან.

- კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ ასეთი, რომ მე მიბრძანოთ? - ძალაწართმეულმა ვუყვირე.

კმაყოფილი გამომეტყველებით ჩაიცინა.

გაგრძელება იქნება