ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ერთმანეთი 1863 წლის იანვარში გაიცნეს. მათი სიყვარულის ამბავი იმჟამინდელი საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. ოლღას ძალიან შეძლებული მამა ჰყავდა. მისი მამულები ავჭალამდე ყოფილა გადაჭიმული. ილიას და ოლღას ჯვრისწერა საიდუმლოდ მოხდა 1863 წლის 10 აპრილს. ჯვრისწერის შემდეგ ოლღას მამა ავჭალაში დასახლდა, საგურამოს მამულები კი თავის ორ ქალიშვილს - ოლღას და ეკატერინეს დაუტოვა მზითევში.
ოლღას ძალიან უყვარდა ილია და სიცოცხლის ბოლომდე მხარში ედგა მას. გაცნობის მერე პირველი ინიციატივა ოლღას გამოუჩენია. მან თავისი მეგობრის, ნინო ორბელიანის (ყაფლანაშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
„მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ.“ (16 იანვარი, 1863 წ.) – ეს არის პირველი წერილი ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს ოლღასათვის გაგზავნილი იმ 240-მდე წერილიდან, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია.
მოდით, რამდენიმე წერილი გავიხსენოთ:
[18 იანვარი, 1863 წ.]
სადაც ნაბრძანები მქონდა ყოფნა, იქ ვიყავი, მაგრამ ვერავინ ვნახე, ყველაფერი ჩვენი საერთო მეგობრის ბრალია. მან ექვს საათზე გადმომცა წერილი, შვიდის თხუთმეტ წუთზე კი მე უკვე სიცივისაგან ვკანკალებდი ჭიშკართან. ორჯერ უნდა შევხვედროდით. მერმე ბ-ძესთან გასათბობად მივედი, შემდეგ ისევ, თუ არა ვცდები, ათი წუთი ვიდექი გარეთ, კვლავ უშედეგოდ.
ხვალ შუადღისას, სრულ პირველ საათზე, ბ-ძესთან მოვალ; ხომ შეიძლება გნახოთ, თუნდაც აივანზე? რომ არ გაიყინოთ. გაფრთხილებთ, სრულ პირველ საათზე ვიქნები. თუკი თქვენი ნახვა არ მოხერხდება, შეეცადეთ ყოველ შემთხვევისათვის დამანახვოთ ბარბარე, რომელსაც, როგორც გაგებული მაქვს, ყველაფერს ენდობით. რამეს რომ მივაღწიოთ, საჭიროა გავიცნო მისი ღირსეული ფიზიონომია. შეიწუხოს თავი და ინებოს ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიაროს ეზოში, უკანა კიბის მხარეს, - ალბათ ბედი მეწვევა და ვეღირსები ფანჯრიდან მის დანახვას.
მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ. მეშინია, ვაითუ სიჩქარით ყველაფრის თქმა ვერ მოვასწრო, თანაც თქვენთვისაც მოუხერხებელი იქნება ყურის გდება, სადაც პატარა შარიშურმაც კი შესაძლოა შიში გამოიწვიოს და ყურადღება წაგართვათ. ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისგან მოშორებით, თუნდაც, მაგალითად, ტაძარში. მაგრამ, რასაკვირველია, ნება თქვენია, მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია.
P. S. რაც უფრო ადრე ვნახავთ ერთმანეთს, მით უკეთესია, - ბევრი რამ მინდა გადმოგცეთ. დღესვე მიპასუხეთ ამ ნაჩქარევ წერილზე. გვარი მოაწერეთ, რისი გეშინიათ? ერთხელ თუკი მენდეთ, მაშინ სრულად და ბოლომდე მომენდევით.
გთხოვთ, წერილი დააბრუნოთ, მიზეზს, როცა შევხვდებით მაშინ აგიხსნით.
ი. ჭ.
***
[6 თებერვალი, ღამის სამი საათი, 1863 წ.]
ჩემო კარგო ოლიკო! რა კეთილი ხარ, ასე ხშირად რომ მახარებ შენი მხიარული წერილებით. გეფიცები, მთელი დღე შენით ვსულდგმულობ. სტამბაშიც-კი, ამ მოსაწყენ სტამბაში, გამუდმებით თვალწინ მიტრიალებ. ჩემთვის ის დღე რა დღეა, თუ შენი წერილით არ გამითენდა და შენი წერილითვე არ დამიღამდა. შენც იმდენ ყურადღებას იჩენ, რომ იშვიათად, ძალზე იშვიათად მითენდება მოსაწყენი დღე. მადლობას მოვახსენებ ამისათვის ჩემს ძვირფას ოლიკოს. იმედი მაქვს, მერმეც ასეთ ყურადღებას გამოიჩენ შენი ილიკოს მიმართ!
გიხარია, კახეთში გამგზავრებაზე უარს რომ ვამბობ? თუ მართლა გიხარია, იცი, ამ სიხარულს ვის უნდა უმადლოდე? შენს ბარბარეს. იმან მართლაც შემაშინა, მითხრა, რომ ჩემ გამგზავრებაზე ფიქრით თურმე შენ თავს აღარ ეკუთვნი, რომ მთელი დღე მოწყენილი ხარ, დარდობ, მიზეზიანობ, ბრაზობ, და ა. შ. ეს რომ აღარ გაგრძელდეს, მაშინვე გადავწყვიტე, თუნდაც კახეთში ყველაფერი ყირაზე დადგეს, აღარ გავემგზავრო. დავრჩები, რომ ჩემი გიჟი და მიზეზიანი ოლიკო დავამშვიდო. შენ, ჩემო მეგობარო, რაცა გსურს მიბრძანე, გეფიცები, შენი ილიკო ყველაფერს შენებურად გააკეთებს. რატომ არ ამიკრძალე გამგზავრება გუშინვე, როცა გამგზავრების ამბავი გითხარი? ეს არაა შენი მხრით კარგი, ეს ნიშნავს, - შენ თითქოს ჩემი ხარ, ამასთანავე თითქოს ბოლომდე არა ხარ ჩემი, არ იყენებ შენს უფლებებს, რომლებიც მოგენიჭა მას შემდეგ, რაც ჩემი თავი შენად ვაღიარე, შენი კი - ჩემად. როგორც ამბობ ხოლმე, შენ მარტო ჩემი მომავალი მეუღლე კი არა, ჭეშმარიტი მეგობარიცა ხარ. მაშ რატომ არ უნდა უთხრა მეგობარს, რა გწყინს, რა გიხარია. არ იფიქრო, ოლიკო, თითქოს ვჯავრობდე. მე ისე კი არ მიყვარხარ და ისე კი არა გცემ პატივს, რომ ნება მივცე ჩემ თავს გაჯავრებისა. მაგრამ ცოტათი არ მესიამოვნა, - შენ არ გინდოდა ჩემი გამგზავრება და არ კი მითხარი თითონვე გუშინ. ერთი გებრძანებინა და დაუნანებლად დავრჩებოდი, შეიძლება მხოლოდ ერთხელ ზედმეტად მეკოცნა ამისათვის.
ჭამის მადა კიდევ არა გაქვს? ნუ წუხარ, ჩემო კარგო, მეც არა მაქვს ჭამის მადა. ეს ჭეშმარიტად ერთ-ერთი აუცილებელი შედეგია სიყვარულისა და არა კარჩაკეტილი ცხოვრებისა, როგორც შენი ექიმი გარწმუნებს. დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით - სიყვარულით. აბა, იმ ექიმს სად შეუძლია მიხვდეს, თუ რა სენია ეს სენი, რომელსაც ზოგჯერ ბედნიერებას უწოდებენ.
დე, იმან ისე იფიქროს, როგორც მოისურვებს, ჩვენ კი მადის დაკარგვა სიყვარულის პოვნას მივაწეროთ. ისინი, როგორცა ჩანს, ერთ არსებაში ვერა რიგდებიან. შენ როგორა ფიქრობ, ჩემო ჭკვიანო ქალო, რომელი სჯობია: მადა თუ სიყვარული? ხედავ, ჩემო მეგობარო, ერთი აუცილებლობა მეორეს როგორ გამორიცხავს, რომელი ვამჯობინოთ? მე წინასწარ ვგრძნობ შენს ღიმილსა და შენს პასუხს, ამ უცნაურ კითხვაზე, - შენ გინდა მითხრა: სიყვარული სჯობიაო. იყავნ ნება შენი, ჩემო ანგელოზო!
შენი უკუნითი უკუნისამდე
ილიკო ჭ(ავჭავაძე).
***
[20 თებერვალი, 1863 წ.]
ოლიკო! მე შევიტყვე, რომ ამ ჩემს წიგნსა შენს გარდა სხვა მკითხველიც ეყოლება. ამის გამო მე ბევრს არაფერს მოგწერ, თუმცა სათქმელი ბევრია. ცუდად დატრიალდა ჩვენი საქმე, როგორცა ვხედავ, - არ ვიცი - შენ მოგწონს თუ არა ეს ჩვენი ყოფა? მე კი, სწორედ მოგახსენო, ვერაფრათ მეჭაშნიკა. მართლა, ქალო, კვირაში ორჯერ უნდა ვწეროთ ხოლმე და მეტი არა? ეგ ვერაფერი ხუმრობაა. შენი პორტრეტი გამოგზავნე. რამკა ვიყიდე კიდეც.
შენი ილიკო ჭავჭავაძე.
P.S. პასუხი მოიწერე.
***
დილის ხუთი საათი [28 თებერვალი, 1863 წ.]
შენი სულისა ოლიკოჯან! სად, როდის და საიდან შემამჩნიე გუშინ? ნუთუ ისეთი უბედური აღმოვჩნდი, რომ ხელიდან გაუშვი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ნახვის შესაძლებლობა!.. უცნაურია და გაუგებარი: საღამოს 5 საათამდე შინ ვიყავი: 5-ზე გამოვედი შენს სანახავად, მაგრამ საუბედუროდ შენ არსად ჩანდი. როდისღა დამინახე? მომწერე - მაინტერესებს! რატომ გუშინდელ წერილს არ მიბრუნებ, ხომ არ მოგეწონა?
ოჰ, ოჰ, ოჰ! რა ძვირფას რამეებს მაფიცებ, რომ გიორგისთან გავემგზავრო. კეთილი, ჩემო ანგელოზო, მე მივალ, მაგრამ, მართალი გითხრა, წარმატების იმედი არა მაქვს, რადგან ჩემი ოფიციალური წინადადება მისთვის მეტად ცივი იქნება, როგორც ყველაფერი, რასაც ოფიციალური ეწოდება. თუკი იმდენად მოწყალე იქნება, რომ გაიგებს ღარიბი კაცის სიტყვას - ხომ კარგი, თუ არა და, რაც ამას ცუდი მოჰყვება, ჩემს ანგელოზს დავაბრალებ, დე მან აგოს პასუხი საკუთარი თავის წინაშე. ვინ გეჩიჩინება გიორგისთან ჩემს მიგზავნაზე? ვინც ამას გეუბნება, იგი არ არის ჩვენდამი კეთილად განწყობილი. მთელი ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მე გიორგისა არა მჯერა, იგი არ მოისურვებს ჩვენი საქმის კეთილად დაგვირგვინებას. მუხრანბატონმა, ვეჭვობ, თავი დაიმციროს და ჩემთან დანათესავება ინდომოს. ასე რომ მოხდეს, დაუჯერებელი იქნება.
განა მარტო ის არის ასე განწყობილი? მთელი შენი ნათესაობა, ყველაზე ახლობლით დაწყებული და ყველაზე შორეულით გათავებული, ერთნაირად არიან თითქოს ელექტრონით დამუხტულნი ჩვენი საქმის საწინააღმდეგოდ. თუ ვინმე ახლა გეთანხმება, ეს იმას არ ნიშნავს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, თითქოს მაშინაც დაგეთანხმონ: ისინი აუცილებლობასა და, წარმოიდგინე, შენს ენერგიას ემორჩილებიან, რადგან იმედი აქვთ, თავზე დაგახვევენ ბრწყინვალე ახალგაზრდობას, და ყოვლის მომსპობი დროისა და შენს ირგვლივ მოფუსფუსეთა მოქნილი ოსტატობის წყალობით, თანდათან მოიშორებ ჩემით გატაცებას, მერე საბოლოოდ ამოიგდებ გულიდან ამ სისულელეს, ე. ი. მე. მერწმუნე, არც ერთი, რომელიც თქვენი ნათესაობის დიდი ჯაჭვის თუნდაც უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს, არ მოქმედობს წრფელად და პატიოსნად, როგორცა ფიქრობ. გატყუებენ, არ გეწინააღმდეგებიან ამჟამად, დროს უცდიან, რომ უფრო ადვილად მიაღწიონ მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შენ თანდათან განელდე და დაივიწყო ეს საქმე, რასაც ახლა ასე მხურვალედ ეკიდები. მართალია, ზოგიერთ შენ ახლობელს იმიტომ უნდა ამ საქმის ჩაშლა, რომ შენთვის ბედნიერება სურს, რადგან დარწმუნებულნი არიან, ჩემთან უბედური იქნები, ე. ი. არც სიმდიდრე და არც წარჩინება გექნება. სხვებს ეს ზნეობრივი მამოძრავებელი მიზეზიც არა აქვთ, მათ ამოძრავებს მხოლოდ ტრფიალი ხელოვნებისა - ავნონ მოყვასთ. აი, ესენი არიან ზიზღის ღირსნი. შენ მეტის-მეტად კეთილი ხარ, ჩემო ანგელოზო, რომ შეამჩნიო ეს ოსტატურად დაგებული მახეები, მე კი, საუბედუროდ, არ შემიძლია ეს დავიკვეხო: მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ენა შენთა ნათესავთა ერთს ამბობს, ხოლო მათი გული სხვა რამეს უკარნახებს. ეს მეტად სამწუხარო ჭეშმარიტებაა, და მე ძალზე არ მსიამოვნებს, მაგრამ რას ვიზამ? სჯობია იცოდე სამწუხარო ჭეშმარიტება, ვიდრე სასიხარულო სიცრუე. მგონი, არა ვცდები.
შენი ახლობლების ეს დაგებული მახეები ჩემს წინათგრძნობას აკრთობენ და უბედურებას უქადიან. მაგრამ არა უშავს რა, რაც მოსახდენია, მოხდეს! მე სხვა ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, ბედნიერებას შეუძლია სიცოცხლე შემმატოს, მაგრამ უბედურებას არ შეუძლია ჩემი მოკვლა. უბედურებამ შეიძლება ცოტათი შემარყიოს, მაგრამ რომ წამაქციოს, - ვერასოდეს! ჩემ წინ დიდი გზაა გაშლილი, თუ ამ გზაზე არ მეღირსა ჩემ რჩეულთან ერთად გავიარო, ე. ი. თუ ოლიკომ გადაიფიქრა ჩემთან ერთად დაადგეს ამ გზას, - რაც ღმერთმა ნუ ქნას! - მაშინ, ყველაფრის დამკარგველს, დამრჩება ერთი იმედი - ვიცხოვრო იმ წმიდათა-წმიდა მიზნისათვის, რომელიც მე დიდი ხანია ავირჩიე. ერთი სიტყვით, მექნება ის, რითაც დაკარგულ ბედნიერებას დავიტირებ, სუნთქვის საშუალება შემრჩება.
ეს მძიმე ფიქრები უკვე სამი დღეა უწესრიგოდ ირევიან ჩემ სულელ თავში და ახლა ასევე უწესრიგოდ დალაგდნენ ქაღალდზე. ძალა არ მყოფნის, გადავიკითხო და ხელახლად დავუბრუნდე ამ ფიქრებს, რომლებიც მინდა რაც შეიძლება მალე მოვიშორო თავიდან.
როდესაც წერას ვიწყებდი, მეგონა, ეს ფიქრები გამეფანტებოდა. როგორც ხედავ, ამ სტრიქონებშიაც ჩამოწვნენ ისინი ნისლად, თუმცა შესაძლოა არა ისეთი სიხშირით, და მგონი მათ მაინც შერჩათ ის განწყობილება, რომელიც ჰქონდათ მათ შენი ილიკოს მტკივან გულში. დიახ, ეს სამი დღეა რაღაც მაწვება მძიმედ! ღმერთმა ჰქნას, რომ მხოლოდ ამით დასრულდეს!
ფიზიოლოგები, ჩემო ანგელოზო, ამბობენ, ვინც გამუდმებით მხოლოდ ერთ საგანზე ფიქრობს, მას გიჟი ეწოდებაო. თუ ეს სიმართლეა, მაშინ მეც გავგიჟებულვარ და ეგ არის, რადგან ყოველ წუთს შენითა ვარ გართული და შენზე ვფიქრობ. წინ რა მომელის არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ერთი რამ, სულით მოვისწრაფი შენდამი, რომ მოგეხვიო და კოცნით დაგფარო.
ნახვამდის, ჩემო ძვირფასო მეგობარო! აი, უკვე მეორედ დაათენდა შენი წერილის წერაში საუკუნოდ შენს
ილიკო ჭ[ავჭავაძეს].
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალ სერიაში, რომელიც ილიას 185 წლის იუბილეს ეძღვნება და 4 ტომისაგან შედგება, პირველი ტომი სწორედ ოლღასადმი დაწერილ წერილებს აერთიანებს.
ილია ჭავჭავაძის წიგნების სერია 11 აპრილიდან, თვეში ერთხელ გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. პირველი ტომი - „პროზა, წერილები ოლღას“ 11 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, წიგნების შეძენას შეძლებთ ონლაინ www.palitral.ge საიტიდან და ისარგებლებთ სახლში მიტანის სერვისით.