ტყუილის ილუზია - თავი 4 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 4

2022-04-07 10:01:43+04:00


წინა თავი

- უკვე გითხარით, ვინც ვარ. თქვენ კი ვინ ხართ, მე ისედაც ვიცი. მოდელი ბრძანდებით, ასე არაა? თანაც მოთხოვნადი, როგორც გავიგე. დარბიხართ საზღვარგარეთ, კონტრაქტებს გიფორმებენ. ასე რომ, თქვენთვის უცხო არ არის გასამგზავრებლად მომზადება. თუნდაც ასე არ იყოს, არ მაინტერესებს. აი, ჩემი და კი ძალიან მაინტერესებს. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას სიმშვიდე შევუნარჩუნო. ასე რომ, მოგიწევთ შეყვარებული საპატარძლოს როლის თამაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

მასთან კამათისას ისეთი გრძნობა მქონდა, ალბათ, სულ რომ კედლისთვის მეხალა თავი, მაინც ვერაფერს დავუმტკიცებდი.

- თქვენ გეშლებათ.

მან ცალი წარბი ასწია.

- მართლა? - და როცა პასუხი დავუგვიანე, თვალები ბრაზით მოჭუტა, - იქნებ იმან მაინც გაცდუნოთ, რომ სამსახურში გაცდენილ დღეებსაც აგინაზღაურებთ? გნებავთ, სხვა ხარჯებსაც. ვინმესთვის ვალი ხომ არ გაქვთ დასაბრუნებელი? მითხარით, რა თანხაზეა საუბარი და ახლავე გადაგიხდით. ორი ათასი დოლარი გეყოფათ?

თვალები შუბლზე ამიცვივდა გაოცებისგან. ისე დამცირებულად ვიგრძენი თავი, წამოვჭარხლდი.

- თქვენ რა, გინდა ამით მომისყიდოთ? ჩემი ყიდვა გადაწყვიტეთ? - გაოგნებული შევაჩერდი. - საინტერესოა, რა ტიპის ხალხთან გაქვთ საერთოდ ურთიერთობა?

ამის გაგონებაზე სახე გაუქვავდა, თითქოს ნიღაბი მოირგოო.

- არ გირჩევთ ასე ღრმად შეტოპვას, გოგონი. აჯობებს, ჩემი მეგობარი იყოთ, ვიდრე არამეგობარი. პირველზე პასუხისგება არ მოგიწევთ, მაგრამ ღმერთს შეევედრეთ, რომ მეორე არ მოხდეს!

იგი ჩემკენ დაიძრა. მუხლები მომეკვეთა. ვიცოდი, რომ ვერ გავუმკლავდებოდი. ამას აზრი არ ჰქონდა. ადგილს ისე მივეჯაჭვე, დაძვრა არ შემეძლო, თითქოს მახრჩობელა შემომეხვია და მგუდავდა.

- არ მომიახლოვდეთ, არ მომიახლოვდეთ! - ისე ვიყვირე, საკუთარი ხმა არ მეცნო.

- თქვენ არ ხართ იმ მდგომარებაში, მე მიბრძანოთ. - სახე უარესად გაუმკაცრდა, - ვერ ხვდებით ამას?

- იაზრებთ მაინც, რას მთხოვთ? რას აკეთებთ? უარი რომ გითხრათ, რას იზამთ, მცემთ? მომკლავთ? რახან კაცი ხართ და ძალა გერჩით, გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ? პირუტყვივით იქცევით!

- ვინ მოგცათ უფლება, ასეთი სიტყვებით შემამკოთ? თქვენ რა იცით ჩემ შესახებ? - აიჯაგრა.

სასტიკად ვიყავი შეშინებული, მაგრამ მაინც არ დავუთმე:

- არც თქვენ იცით, მე ვინ ვარ!

- ძალიან კარგადაც ვიცი! - დაიღრიალა უცებ, მომვარდა და ზურგით კედელს ამაკრა. ახლა უკვე აშკარად მის ხელში ვიყავი.

- ბევრი საშუალება არსებობს, თქვენნაირ მაწანწალა კატას ჭკუა ვასწავლო, - ბოღმიანად ლაპარაკობდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მეხლებოდა.

გაფითრებული ვცდილობდი ამ რკინის კაცს ხელებიდან დავსხლტომოდი, ის კი ჩემს წინააღმდეგობაზე ხმამაღლა იცინოდა, - რა, არ მოგეწონათ? თქვენ ხომ გიყვართ, როცა გაღმერთებენ, როცა თქვენ წინაშე მუხლებზე დგებიან კაცები? საწყალი გეორგიოსიც ხომ ამ დღეში ჩააგდეთ და ბოლოს შანსიც აღარ დაუტოვეთ. ახლა მე მიყურეთ.

და უეცრად ტუჩებში მეტაკა. კოცნა დამიწყო და მე ჩემი დამემართა. თითქოს ცხელი ნაკვერჩხალი დამადეს პირზე. ცხოველურმა შიშმა შემიპყრო. ვიკლაკნებოდი, მთელი სხეულით ვიბრძოდი, რომ როგორმე მომეშორებინა, ის კი არა და არ მიშვებდა.

სიმართლე რომ ვთქვა, მამაკაცებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება არ მქონია. ერთი-ორჯერ თუ ვიყავი პაემანზე და მხოლოდ მსუბუქი კოცნა თუ გამომიცდია. მაგრამ ასე პროფესიონალურად ჯერ არავის უკოცნია ჩემთვის. ჰო, პროფესიონალურად, სხვა სახელს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. როგორც ჩანს, ასაკს თავისი ხიბლი აქვს. სად პატარა, ოცი წლის ბიჭი რომ გაკოცებს და სად ამხელა, სავარაუდოდ, ოცდაათს გადაცილებული მამაკაცი? რაღაც სხვა ვნება იგრძნობოდა მასში, რაც ადრე არ განმეცადა. კი ვუძალიანდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მისი ტუჩების შეხება მსიამოვნებდა. თითქოს ცხელმა ტალღამ დამიარა თავიდან ფეხებამდე. იმწუთას მისი ძალადობის კი არა, მისგან მოგვრილი სიამოვნების უფრო შემეშინდა. ბოლოს ისე გადამიწვინა მკლავზე, მეგონა, წელში გადავტყდებოდი და ხელი ჩავჭიდე, არ დავეცე-მეთქი…

ერთხანს გავიტრუნე, მაგრამ როგორც კი ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, მეტად ვეღარ მოვითმინე და ზურგზე მუშტები დავუშინე. ამგვარი რამისთვის მზად არ ვიყავი.

- არ გინდათ, ძალიან გთხოვთ, არ გინდათ! - განწირული ხმით ვიყვირე.

მან თავი ნელა ასწია.

- როგორც ჩანს, გულწრფელი ხართ. - გაოცებულმა ჩაილაპარაკა.

- ჰო, ჰო! - მეტი ვერაფერი ვთქვი, გული ამოვარდნაზე მქონდა.

თვალებზე თითქოს ბინდი გადამეკრა, უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ მის ძლიერ მკლავებს ვგრძნობდი, მძლავრად რომ ვყავდი ჩაბღუჯული.

მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და შეშინებულ თვალებში ჩამხედა. გამომცდელად, დაკვირვებით.

- მეგონა, თქვენ უკვე ზრდასრული გოგო იყავით, - რბილად ჩაილაპარაკა, თვალები რატომღაც, უცნაურად უბრწყინავდა, - კინაღამ დამარწმუნეთ იმაში, რომ კაცისგან ასეთი მოქცევა თქვენთვის სიახლეა.

- თქვენ მე მატკინეთ, - ძლივძლივობით წავიჩურჩულე და აცახცახებული თითებით თმა უკან გადავიწიე.

- რას მელაპარაკებით, მართლა?! - სკეპტიკურად შემათვალიერა, თითქოს ჩემს სახეს შეისწავლიდა, - როგორც ჩანს, კვალიფიკაციას ვკარგავ. ჩვეულებრივ, ქალები ასე არ რეაგირებენ ჩემს კოცნაზე.

ამაში წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი. იმ წუთების განმავლობაში, მის მკლავებში რომ ვიყავი მოქცეული, ჩემში იმ ქალურმა გრძნობებმა გაიღვიძა, სიამოვნებით რომ ნებდებიან მამაკაცების ძალას. ჯერაც ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ მაინც გავერიდე. მან ხელები კი ჩამოუშვა, მაგრამ თვალებში მაინც უცნაური ნაპერწკლები უელავდა.

- მაშ ასე… - უეცრად ისევ ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა. შეტევა გრძელდებოდა, - მე მოვაგროვო თქვენი ნივთები თუ თქვენი ნებით მიხედავთ ამ საქმეს?

სახეგახურებულმა მხრები უმწეოდ ავიჩეჩე. მართლაცდა, რა მოხდება, რომ გავემგზავრო? ჯანდაბას ყველაფრის თავი. სხვა თუ არაფერი, ჩემს საოცნებო საბერძნეთს მაინც ვნახავ. ვგიჟდები ამათ კუნძულებზე. სურათების თვალიერებისას რამდენჯერ მინატრია, კლდეზე აშენებულ სახლებს შუა ერთხელ მეც გამევლო და კლდეში გამოკვეთილი კიბის საფეხურებით ზღვასთან აღმოვჩენილიყავი. ამას მაინც ხომ ვეღირსებოდი? რაღაცას მაინც ხომ უნდა გამოვრჩებოდი ამ გოლიათს? როცა ნახავს, რომ შეეშალა და გვანცას ნაცვლად მე წამიყვანა, შემეშვება, აბა, რას იზამს? ბოლოს და ბოლოს, ძალით მივყავარ, ჩემი ნებით ხომ არ მივდივარ? განა რას მიზამს? წარმომიდგენია, რა დღეში ჩააგდებდა გვანცას, ჩემ მაგივრად რომ დახვედროდა აქ. ალბათ, ვერც გადაურჩებოდა მის რისხვას. მე კი თავის დაძვრენა მშვენივრად მეხერხება და არც საპასუხო სიტყვას დავესესხები ვინმეს.

გაგრძელება იქნება