ერთხელ მითხრა, - ყველას ჰგონია, ცხოვრების ნებიერი ვარ, "რძეში ვბანაობ"... ეს იმიტომ, რომ არასოდეს დამიწუწუნია, არ მითქვამს, "მიჭირს", არ მითხოვია არაფერი...
ცხოვრების მეცხრე ათეულ წელში გადამდგარი ისევ ისეთი იყო: არ წუწუნებდა, არც გადატანილ ავადმყოფობაზე ლაპარაკობდა, არც - სულიერ ტკივილზე.
მასთან ყველა ოთახში შვილებისა და შვილიშვილების ფოტოები ეწყო. ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანები შორს ჰყავდა...
2014 წლის 8 ივლისს ქალბატონი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა. ჩვენ დაგვრჩა მის მიერ შესრულებული როლები და ბევრი ამბავი - უკვე ლეგენდის ტოლფასი. გავა დრო და როცა ვინმე იკითხავს, მაინც როგორი იყო ლიანა ასათიანიო, შეგიძლია მშვიდად, სრულიად დარწმუნებულმა უპასუხო: ძლიერი!.. ეს მისი ცხოვრებითაც კარგად ჩანს.
- დედაც მსახურობდა, მამაც. შინ მარტო მტოვებდნენ. მიყვარდა ფანჯრის რაფაზე დაწოლა. მივიტანდი მუთაქას და დავწვებოდი. ერთი უხერხული გადატრიალება და გადავვარდებოდი. ალბათ, არ ვიყავი განწირული და არ გადავვარდნილვარ.
ვცხოვრობდით ოპერის უკან. ეს სახლი ოპერაში ჩამოსული პრიმადონების საცხოვრებლად ქირავდებოდა, სასტუმროს ნაცვლად აქ ცხოვრობდნენ. ბინა პატარა გვქონდა, მაგრამ შედარებით კეთილმოწყობილი. მთელ სახლში მარტო ჩვენ გვქონდა ცალკე საპირფარეშო.
მამა სახელმწიფო დაგეგმარებაში მუშაობდა. დედაჩემი - მერი ბურდული, ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მუშაობდა რედაქციებში, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აშუქებდა. სკოლიდან რომ მოვიდოდი, ვხედავდი, გაზეთებს როგორ ატარებდნენ და ყვიროდნენ: იყიდეთ მერი ბურდულის სასამართლოო... ასე უწევდნენ რეკლამას.
მყავდა 6 წლით უმცროსი ძმა - რეზო. ხან ვამბობ, ბავშვობა არც მახსოვს-მეთქი. სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, დაკავებული ვიყავი მისი მოვლით. ჩვილი რომ იყო, მაშინ, ცხადია, მე ვერ მოვუვლიდი, მაგრამ ცოტა წამოიზარდა თუ არა, ხელში აყვანილი დამყავდა ეზოში. საღამოობით გავიდოდი ბაღში, ჩამოვჯდებოდი, კალთაში რეზო მეჯდა... გულდაწყვეტილი ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ჩემი ტოლები დახუჭობანას, დაჭერობანას. მე არ შემეძლო, ძმას ვერ დავტოვებდი.
რეზო ძალიან ცელქი ბიჭი იყო... მაგრამ დარდიანიც. 6 წლის რომ იყო, მაშინ გაშორდნენ მშობლები ერთმანეთს. მე დედამ წამიყვანა. რეზო დატოვა მამასთან. მას კი არავინ უნდოდა დედის გარდა. სულ დედა ენატრებოდა.
მერე როგორღაც მოახერხა დედამ და სუვოროვის სასწავლებელში მოაწყო. ჯერ მახინჯაურში სწავლობდა, მერე პეტერბურგში გადაიყვანეს.
იხილეთ სრულად