„არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია.... "ძალიან შემიყვარდა დ 19 წლისა ცოლად გავყევი“ - ირმა სოხაძე პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ - Marao

„არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია.... "ძალიან შემიყვარდა დ 19 წლისა ცოლად გავყევი“ - ირმა სოხაძე პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ

2022-04-20 13:33:09+04:00


ვარსკვლავური ბავშვობა ჰქონდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, კონსერვატორია - წითელ დიპლომზე. ყოველთვის მომხიბვლელი გახლდათ და დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. შეიძლება ბევრისთვის რთული დასაჯერებელიც იყოს, რომ ქალბატონ ირმა სოხაძეს გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები აწუხებდა...

- თქვენი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- საკმაოდ გვიან. ბავშვობაში ძალიან საყვარელი ვიყავი - ჩემდა საბედნიეროდ, ეს ნახევარ საქართველოს ახსოვს. 4-5 წლისა უკვე სცენაზე ვიდექი. ახლა ჩემი ბავშვობის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და ფოტოებს რომ ვუყურებ, იმ ბავშვთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ - ძალიან საყვარელი, მოსაფერებელი, "ჩასაყლაპია"! მაშინ ბევრი კომპლიმენტი მივიღე და მერეც, როცა 8-10 წლის გახლდით... შემდეგ გარდამავალი პერიოდი, გარდატეხის ასაკი დაიწყო, რაც ჩემს ხმას, სიმღერასაც დაეტყო. თინეიჯერობა ყველა გოგონასთვის საკმაოდ მძიმეა (არავინ თქვას, რომ მხოლოდ ბიჭები განიცდიან), რადგან ორგანიზმში რაღაცები იცვლება, გოგონას ამასთან ადაპტაცია სჭირდება... როგორც ხდება, ქალიშვილობის ამპლუაში უმტკივნეულოდ ვერ შევედი: 13-14 წლისამ ცოტათი წონაში მოვიმატე. საკუთარი თავი არ მომწონდა... 17-18 წლისას უკვე არა მიშავდა, მაგრამ თავად ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი (იღიმის). საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა - ბევრ ბიჭს მოვწონდი, რაც გულწრფელად ვამბობ, ცოტა არ იყოს, მიკვირდა, რადგან იმ პერიოდში ჩემში ბევრ ისეთ თვისებას ვერ ვხედავდი, რომ ბიჭი მომეხიბლა. მერე რეზო შემხვდა. ძალიან შემიყვარდა. საბედნიეროდ, ჩემ მიმართ მანაც იგივე გრძნობა გამოავლინა და 19 წლისა ცოლად გავყევი. 20 წლისას უკვე სალომე მყავდა... არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია, პირიქით - ამან ბევრი დადებითი მომიტანა: პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შემძინა. რეზო მართლა არაჩვეულებრივი ბიჭი, სანიმუშო, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველა გოგოს მოსწონდა. ასეთი ბიჭის გვერდით მეც თავი კარგად და ამაყად ვიგრძენი. კომპლექსების მოხსნაში ოჯახი, კონკრეტულად - რეზო დამეხმარა... შემდეგ, თანდათან, 25-26 წლისა უკვე ჩემს თავს "მოვერგე", საკუთარი გარეგნობა მომწონდა, თუმცა ახლა ჩემს სურათებს რომ ვუყურებ, 35 წლამდე ზედმეტად გამხდარი ვიყავი. ესეც პარადოქსია, რომ 50 წლის შემდეგ მივხვდი, ქალს რა სჭირდება, რომ შინაგანად ბედნიერი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს, არ ჰქონდეს ეჭვები, კომპლექსები და პრობლემები.

- რა სჭირდება ქალს ამის მისაღწევად?

- უკვე "გონში ვარდები" და ხვდები: რაც ღმერთმა საკმაოდ უხვად მოგამადლა, ეს ზომაზე მეტია და საკუთარ თავში აღარ ეძებ ხინჯებს, აღარ ებრძვი რაღაცებს... წინათ ბევრ გოგონას უნდოდა, ბრიჟიტ ბარდოს მსგავსი ყოფილიყო. ახლა სურთ, ანჯელინა ჯოლის ჰგავდნენ. არასოდეს მინდოდა, ვინმეს მსგავსი ვყოფილიყავი. კატრინ დენევზე ვგიჟდები, ისე მომწონს, მაგრამ ერთი-ორჯერ ჩემსა და მას შორის რაღაც პარალელი რომ გაავლეს, არ აღვფრთოვანებულვარ: აუცილებელი არაა, ვინმეს ჰგავდე. კარგია, თუკი თვითკმარი, საკუთარი თავით ბედნიერი ადამიანი ხარ. ამის შეგრძნება მოგვიანებით "მოვიდა". "რეცეპტს" ვერავის მივცემ, თუ რა არის ამისთვის საჭირო, ალბათ - საკუთარი თავის ნაკლები კრიტიკა, მეტი მიმღებლობა, ყველაფრის ცოტათი ფილოსოფიურად შეხედვა, რომ აუცილებელი არაა, ყველაფერში ყველაზე კარგი იყო. საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები ცოტათი უნდა შეამსუბუქო და ვერ წარმოიდგენ, რამდენად უკეთესი ხდები...

იხილეთ სრულად