ტყუილის ილუზია - თავი 20 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 20

2022-04-26 11:20:38+04:00


წინა თავი

- ისე, უბრალოდ, - შევეცადე, გულგრილად გამომსვლოდა.

- ასე რომ, დღეს ლაყბობით გული ვიჯერეთ.

- ჰო-ო? - ოდნავი ირონიით ვკითხე. ვერ ვხვდებოდი, ჩვეულებრივ სიტუაციაში ძალზე გამჭრიახი ადამიანი როგორ ვერ ამჩნევდა სხვა ქალის მხრიდან ჩემდამი აშკარად მტრულ დამოკიდებულებას, - თუმცა ეს ჩემი საქმე სულაც არ არის.

ვეღარ გავუძელი მის მზერას, გავტრიალდი და შევეცადე სახეზე ჩვეულებრივი გამომეტყველება გამომესახა. ამ დროს კვლავ გაისმა კარას ტკბილი კრუტუნი:

- ღამე მშვიდობისა, ნაკა. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა. ხვალ კიდევ ვისაუბროთ და უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.

- ღამე მშვიდობისა, კარა, - მეც დავემშვიდობე და შემპარავად დავამატე, - ვშიშობ, ხვალ საღამომდე ვერ მოვიცლი. საქორწინო სამზადისში ვიქნები ჩაფლული. თუ გინდა, შენც შემოგვიერთდი.

ჭაღის შუქზე მწვანე თვალებმა გაიბრწყინა.

- არაფერია, - მხიარულად მომიგო, - მაშინ ლუკასს ვთხოვ, სადმე გამასეირნოს. რა საჭიროა ბევრი ფული, თუკი მას საკუთარი სიამოვნებისთვის არ დახარჯავ?

ლუკასმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.

ცოტა არ იყოს, ლუკასის თავის გაქნევა გამიკვირდა. ვერ მივუხვდი, ამით რისი გამოხატვა სურდა.

- სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, კარა! მთელი კვირა არ ვიყავი, ამიტომაც აქ უამრავი საქმე დაგროვდა. ნაკა მადლობელი დაგრჩება, თუ დაეხმარები. სხვათა შორის, ეს შენც გეხება, გვანცა. დროა, ცოტათი შენც გაანძრიო ხელი, - ბოლოს გვანცას მიუბრუნდა და ქართულად დამოძღვრა.

კიდევ კარგი, ინგლისურ ენას კარგად ვფლობდი, თორემ ხომ გავგიჟდებოდი, კარასა და ლუკასის დიალოგიდან ვერაფერი გამეგო. სხვათა შორის, მოგვიანებით ეს გვანცამაც აღნიშნა. ინგლისურად ისიც შესანიშნავად საუბრობდა. როცა გეორგიოსი გაიცნო, სანამ გაიგებდა, რომ ქართული იცოდა, თურმე ინგლისურად ელაპარაკებოდა.

ჩემი მეგობარი სიტყვის უთქმელად ავარდა კიბეზე, რითაც ყველას გვაგრძნობინა, რომ დასახმარებლად მზად იყო. რაც შეეხება კარას, ძლივძლივობით შეძლო ტუჩებზე თავაზიანი ღიმილის გამოსახვა.

გულში გამეცინა. ასეთი კმაყოფილი კარგა ხანია არ დავრჩენილვარ.

- მაგრამ ჯერ გული ვერ მოვიოხე შენთან საუბრით, - მუდარის ნოტები გაურია ხმაში სტუმარმა, - სულ რამდენიმე საათით გნახე, ისიც თვითმფრინავში. მთელი კვირის განმალობაში ჩემთან სალაპარაკოდ ერთი საათიც კი ვერ გამონახე, - გაბუტული სახე მიიღო.

- კარა, მე ამერიკაში საქმეებზე ვიყავი, - მოთმინებით აუხსნა ლუკასმა. - დილის შვიდი საათიდან გვიან ღამემდე ვმუშაობდი. უბრალოდ, თავისუფალი დრო არ მქონდა.

- ო კეი, ძვირფასო, - მოულოდნელად კაპიტულაცია გამოაცხადა კარამ, სახე გაუბრწყინდა, ლუკასს მაჯაში თითბით ჩააფრინდა და მეორე სართულის კიბისკენ წაათრია, - გპატიობ, მაგრამ ამის კომპენსირება მოგიწევს. მხოლოდ მუშაობა და არავითარი გართობა… - მელიასავით ცბიერი ღიმილი მესროლა და დააყოლა, - უთხარით ვარდოს, რომ საუზმე ოთახში ამომიტანოს, კარგი, საყვარელო?

ჰმ… ამისთვის ახლა საყვარელი ადამიანიც გავხდი! იმდენი გაგიხმა ეგ ამერიკული თავი! - გავიფიქრე გაბრაზებულმა, თუმცა თავი მაინც დავუქნიე. სულ რამდენიმე საათში შეძლო ამ მეტიჩარამ ჩემი მსახურის რანგამდე დაქვეითება, მაგრამ ვარდოს მისი თხოვნა მაინც გადავეცი, თუმცა არც ჩემი თანამემამულე დარჩენილა დიდად აღფრთოვანებული. სამაგიეროდ, ჩემგან განსხვავებით, კარამ იცოდა, რასაც აკეთებდა. მას ძალზე ჭკვიანურად შეეძლო ადამიანებით მანიპულირება. მეორე დილას და ყოველ მომდევნო დღეს პოზიცია გაიმაგრა. ყველას შოკი მოჰგვარა მისმა ქმედებამ, როცა საუზმეზე პენუარის ამარა ჩამოვიდა, მაგრამ ლამაზად გაკეთებული მაკიაჟით. მას შემდეგ, როგორც კი მამაკაცები ქარხნისკენ გაეშურნენ, ისიც გაუჩინარდა. შუადღისას კვლავ გამოჩნდა, ლეილას გვერდით მოკალათდა ლანჩზე, შემდეგ კი ბაღში დაიწყო ხეტიალი და როცა ეს მოჰბეზრდა, სახლი დაიარა. მერე კარგა ხანს ათვალიერებდა ილუსტრირებულ პრიალა ჟურნალებს და წარამარა იხმობდა ვარდოს, რათ მისთვის დროდადრო ცივი წვენი ან ალკოჰოლიანი სასმელი მოეტანათ. უნაკლოდ იყო ჩაცმული, თმიდან ერთი კულულიც არ ჩამოვარდნია და ყოველ ჯერზე, როცა მე შემომხედავდა, თვალები ცივად გაუბრწყინდებოდა. ალბათ, მისთვის ცოტათი გამაღიზიანებელი იყო, მასთან შედარებით გამხდარი რომ ვიყავი. მასზე ნაკლები ფიგურა ნამდვილად არ მქონდა, უბრალოდ, ზედმეტად არ ვიპრანჭებოდი და არც მისნაირი გამომწვევი მაკიაჟით ვიწონებდი თავს. მე ჩემი ბუნებრივი სილამაზეც მაკმაყოფილებდა. ეს კი, როგორც ჩანს, აცოფებდა.

მე და გვანცა მაშინვე შევთანხმდით, რომ მისთვის გამორჩეული ყურადღება არ მიგვექცია, თითქოს ვერც ვამჩნევდით, მაგრამ არ გამოვიდა. კარამ რატომღაც ამომიჩემა და მოსვენებას არ მაძლევდა. მისი მტრული მწვანე მზერა სულ თან დამყვებოდა. ეს კიდევ არაფერი, განსაკუთრებით მისი მწარე ენა და ხავერდოვანი ხმით წარმოთქმული "სასარგებლო რჩევა" მაღიზიანებდა.

- ვფიქრობ, ლუკასის საშინლად მადლობელი უნდა იყოთ, ნაკა, - შეგონება დამიწყო, - მისი გულუხვობა უნდა დააფასოთ, ასე არ არის? ოდნავ მაინც, - ეს იმ დღეს მითხრა, როცა ბერძნული ენის არცოდნით გაწამებული საჩუქრების სიაში აღნიშვნებს ვაკეთებდი.

- რას გულისხმობთ? - მშვიდად შევეკითხე და ნელა ჩავისუნთქე, რათა თავი ხელში ამეყვანა და წყობილებიდან არ გამოვსულიყავი.

კარამ თუთუნი აიღო, გრძელ მუნდშტუკში ჩაყარა და შეანჯრია. ამავდროულად, თავისი წითელლაქიანი ფრჩხილები ცხვირწინ გამიქნია და ბოროტული სარკაზმით წარმოთქვა:

- კარგად მესმის, რა საშინლად გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც თქვენმა მეგობარმა მოხერხებულად გააბა გეორგიოსი მახეში. ყოველივე ამის შემდეგ კი უსასრულოდ დიდხანს დარჩეთ აქ კვირიდან კვირამდე… ეს წარმოუდგენელია!

ეს ყველაფერი იმდენად შორს იყო სიმართლისგან, რომ სრულიად გულგრილად შევხედე მის ლამაზ, მაგრამ ბოროტ სახეს.

- სულაც არა, - საბოლოოდ მაინც მოვახერხე პასუხის მშვიდად გაცემა, - გეორგიოსსა და გვანცას ერთმანეთი უყვართ, მე კი ლუკასმა მთხოვა დარჩენა, რათა საქორწინო სამზადისში ლეილას მივეხმარო.

- რას ამბობთ! - საზიზღრად გაიცინა კარამ და გაღიზიანებულმა გააგრძელა ჟურნალის გვერდების გადაფურცვლა.

საღამოები კიდევ უფრო აუტანელი იყო. როგორც კი ლუკასი შინ დაბრუნდებოდა, კარა მაშინვე მიახტებოდა და ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდა. თან არტისტულად ამოიოხრებდა, აქაოდა, მთელი დღის მუშაობით დავიღალეო. წარმოუდგენლად დაღლილის იმიტაციას იქმნიდა, არადა, თითს არ ანძრევდა.

იმ პირველი დასამახსოვრებელი საღამოს შემდეგ ყველანაირად ვერიდებოდი ლუკასთან სიახლოვეს, სადილის შემდეგ ჩემს ოთახში ავდიოდი და იქ ვიმალებოდი, დილით კი მანამ არ გამოვდიოდი, სანამ მისი მანქანის ძრავას ხმას არ გავიგონებდი.

მისი დაბრუნების დროს კი თითქოს ვქვავდებოდი - თვითშენარჩუნების ინსტინქტი იწყებდა ამუშავებას. კარას ჩამოსვლის პირველ ღამეს ტირილში შემომათენდა, გაჭირვებით ჩამეძინა და მას მერე თითქოს გაურკვევლობაში ვარსებობდი. ვიცოდი, რომ ამით კარას წისქვილზე ვასხამდი წყალს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, საკუთარ სისუსტეს ვერ ვუმკლავდებოდი.

მეგონა, ლუკასი ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ მეოთხე საღამოს, როცა ჩემს საძინებელში ავედი და დასაწოლად მოვემზადე, კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა. ვიფიქრე, ალბათ ვარდოა, რომელმაც ჩვეულებისამებრ, ჭიქა რძე ამომიტანა-მეთქი, რასაც ლეილა ყოველთვის ასე დაჟინებით მოითხოვდა. მას მიაჩნდა, რომ მე წონაში დავიკელი, ზომაზე მეტად გავხდი და ყოველ საღამოს თითო ჭიქა რძე აუცილებლად უნდა მიმეღო.

შიშველ სხეულზე ხალათი შემოვიხურე და კარისკენ გავემართე, მაგრამ ვაი შენს ნაკას, როცა ზღურბლზე მოღუშული, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული ლუკასი დავინახე, რომელსაც სახეზე ბრაზი აღბეჭდვოდა.

გაგრძელება იქნება