„გადავწყვიტე, დამეთმო ყველაფერი და დავრჩენილიყავი ამ ოჯახის ტყვედ“ - ჟურნალისტი თეა ადეიშვილი იხსენებს, როგორ მოიტაცეს და გაათხოვეს სრულიად უცნობ მამაკაცზე - Marao

„გადავწყვიტე, დამეთმო ყველაფერი და დავრჩენილიყავი ამ ოჯახის ტყვედ“ - ჟურნალისტი თეა ადეიშვილი იხსენებს, როგორ მოიტაცეს და გაათხოვეს სრულიად უცნობ მამაკაცზე

2022-04-26 15:44:17+04:00


ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ლელა წურწუმიას გადაცემას ესტუმრა. თეამ თავისი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ისტორია გაიხსენა, როდესაც ის ყოფილ მეუღლეს ძალადობრივი გზით გააყოლეს ცოლად.

„გათხოვების აზრი არასდროს მქონია, რადგან უნდა მესწავლა და რაიმე ჩემი უნდა მქონოდა, რომ შემდეგ შემექმნა ოჯახი. ჩემმა მეუღლემ რომ გამიცნო, მთხოვა, შენზე მომიყევიო. სკოლა არ მქონდა დამთავრებული, მაგრამ ორი უნივერსიტეტი დავამთავრე. ვიცოდი, რომ ვიღაც მამაკაცს მოვწონდი. ისტორიის მასწავლებელთან მივდიოდი. უცებ შემოვარდა მანქანა, გადმოხტა იქიდან ოთხი ბიჭი და დაგვეტაკნენ, მე და დედაჩემი დაგვაშორეს ერთმანეთს. წამებში გავაცნობიერე, რომ ეს არ იყო „მხედრიონის“ თავდასხმა ან ყაჩაღობა, ვიცანი ერთ-ერთი ადამიანი. ვიცოდი, რომ ერთ ადამიანს მოვწონდი, მაგრამ ჩვენ არასდროს გვისაუბრია მანამდე. ამ ისტორიას ასე სრულად ვყვები პირველად და ამაზე აღარასდროს ვისაუბრებ, რადგან ეს არ არის ადვილი ისტორია, თუმცა შეიძლება დადგეს უმძიმესი სიტუაციები, საიდანაც შეიძლება, რომ იპოვო გამოსავალი.

ვეუბნებოდი, რომ არ მიყვარდა და მეზიზღებოდა, მაგრამ არ მისმენდა. 27 თებერვალი იყო. იმერეთში ჩავედით. რაღაც სახლთან გადმომიყვანეს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რომ ვიცოდი, არ გავთხოვდებოდი. ამიტომ მათთან არ უნდა დავრჩენილიყავი მარტო. ერთ ქალს ვუთხარი, რომ ამ ცოდვაში ფეხი არ ჩაედგა. რაღაც ოთახში შემიყვანა, პატარა ოთახი იყო, ფანჯარა ჰქონდა. დღემდე არ ვიცი, ეს როგორ შევძელი, გადმოვხტი ფანჯრიდან და გავიქეცი. სახლის გვერდით იყო კიდევ ერთი დანგრეული სახლი, მაგრამ იქ არ შევედი და გავაგრძელე გზა. არანაირი შიშის განცდა არ მქონია. დავწექი ძირს. მალე გავიგე, რომ დაიწყეს ჩემი ძებნა. დავიწყე ფორთხვა და აღმოვჩნდი ორმოში, რომელიც იყო სველი, რადგან თოვდა. იმდენად ღრმა იყო, რომ მე კარგად დავიმალე და მანქანები ცდილობდნენ, ამ ორმოსთვის გვერდი აევლოთ. შესაბამისად, ასე გადავრჩი. ალბათ, 4-5 საათი გავატარე ამ ორმოში. დავიწყე მბჟუტავი სინათლის მიმართულებით სიარული. ერთმა ადამიანმა შემთხვევით წამომკრა ფეხი და ვთხოვე, რომ სახლში წავეყვანე. ამ კაცის ცოლმა თავისი ხალათი ჩამაცვა და თავის შვილთან დამაწვინა. მეორე დღეს მივხვდი, რომ ამ ოჯახმა მიღალატა, რადგან ჩემი საქმროს დეიდამ გამაღვიძა დილით. 3 დღის შემდეგ შევხვდი ჩემს მშობლებს. ასე გავიგე, რომ დედაჩემი ცოცხალი იყო. საბოლოოდ, დაღლილმა და შეშინებულმა გადავწყვიტე, დამეთმო ყველაფერი და დავრჩენილიყავი ამ ოჯახის ტყვედ.“