„თუ უნდა, ქალს შეუძლია 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს… არ ვეთანხმები, რომ პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ოჯახი უნდა დაანგრიო“ - მაია ბარათაშვილი - Marao

„თუ უნდა, ქალს შეუძლია 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს… არ ვეთანხმები, რომ პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ოჯახი უნდა დაანგრიო“ - მაია ბარათაშვილი

2022-04-28 14:31:53+04:00


ცნობილი ჯაზ-შემსრულებელი მაია ბარათაშვილი ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსია. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში მისი პირადი ცხოვრებაც. მან ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახის შექმნის შესახებ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა:

„თუ უნდა, ქალს შეუძლია 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს. ოჯახის შექმნა არ არის მხოლოდ ფიზიკური ასპექტი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ერთობაა. სულ ვამბობდი, რომ ოჯახის შექმნა არაა მარტივი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც თანამედროვეობაში აქტიურად ისმის და რომლის მიხედვითაც, პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ოჯახი უნდა დაანგრიო. ოჯახი დიდი მოთმინების უნარს მოითხოვს. მე ჩავთვალე, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელთანაც ცხოვრების გატარება მომინდებოდა. არადა, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ სწავლობს ადამიანი უფლის სიყვარულს, ეგოიზმის დათრგუნვას, თუმცა, ვფიქრობ, მისი შექმნა მაშინ ღირს, თუკი ხვდები, რომ ეს შენი ცხოვრების ადამიანია.

არასდროს მქონია იდეაფიქსი, რომ აუცილებლად შემექმნა ოჯახი. უნდა გითხრათ, რომ შესაფერის ადამიანსაც ვერ შევხვდი. ნამდვილად არ ვნანობ. ვიცი, რომ ქრისტიანული ცხოვრების მტკიცე ფუნდამენტია კარგი ოჯახი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდა. ზოგადად, მიყვარს მარტოობა და არ ვგრძნობ თავს დაჩაგრულად. მაქვს საყვარელი საქმე, მყავს მეგობრები და ვცხოვრობ ქრისტიანულად“ - თქვა მან.