ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 1 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 1

2022-05-02 10:03:35+04:00


ამწუთას ოცდაცამეტი წლის ვარ. აქედან ათი წელი სარეკლამო სააგენტოში გავატარე, თოხარიკი ცხენივით დავრბოდი აღმა-დაღმა, რათა დამკვეთები მეშოვა და ჩემი წილი პროცენტები მიმეღო. ცუდად არ გამოვიმუშავებდი, თვეში ათას ლარამდე გამომდიოდა, მაგრამ წინ მაინც ვერ წავიწიე, ხელმძღვანელ თანამდებობამდე ვერ გავქაჩე. ბინაც მაქვს თბილისში, დიდი ხანია, გაქირავებულია, იქიდანაც ვიღებ ორას დოლარს. ასე რომ, უფულობას არ ვუჩივი. გათხოვილი არ ვყოფილვარ, მაინცდამაინც არც ახლა ვიკლავ ამაზე ფიქრით თავს, თუმცა მამაკაცი არ მაწყენდა. ცხოვრებაში ერთხელ ვცადე ოჯახის შექმნა და ბოლო მომენტში, როცა უკვე დანიშნულები ვიყავით, საკუთარი სურვილით ვთქვი უარი კარს მომდგარ ბედნიერებაზე. მქონდა მიზეზი.

ლამაზი არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ. მახსოვს, ერთხელ, ცამეტი წლის რომ შევსრულდი, მამამ საჩუქრად კაბა მომიტანა. რომ ჩავიცვი, შემომხედა და სიცილი დამაყარა.

- რა მახინჯი მყავხარ, ელენე, ყველაფერში მე როგორ დამემსგავსე.

მაშინ ამ სიტყვებმა ძალიან ჩამაფიქრა. უფრო მეტიც, მამის «განაჩენმა» გამანადგურა. ისე დავკომპლექსდი, ქუჩაში გასული ყველას თვალებში შევყურებდი, სხვებიც ხომ არ ამჩნევდნენ ჩემს სიმახინჯეს. თავდახრილი დავაბიჯებდი, რომ გარშემო მყოფთა დამცინავ მზერას არ წავწყდომოდი. შეიძლება სულაც არ იყო ასე, მაგრამ მაინც მეშინოდა. ყოველ საღამოს სარკეში ვიყურებოდი, იქნებ რაღაც საუკეთესო მეპოვა ჩემში და მამაჩემის ნათქვამი გამექარწყლებინა, მაგრამ უშედეგოდ. გამოწეული კბილები განსაკუთრებულად მიშლიდა ნერვებს, რომ აღარაფერი ვთქვა ჩემს საწამლავივით უფერო თვალებზე, ღრმად რომ ჩამსხდარიყვნენ ბუდეში. ცხვირიც მიჭყლეტილი მქონდა, თითქოს აგური ჩამარტყესო. არადა, ბავშვობაში მართლაც გავიტეხე, კარადიდან ჩამოვვარდი, ოპერაციის გაკეთებაზე კი არავის უფიქრია. ახლა ფეხები? კლასელი ბიჭები დამცინოდნენ, რა როიალის დაგრეხილი ფეხები და რა შენიო. ეჰ…. ერთადერთი, რასაც ვერავინ დამიწუნებს, ჩემი კანია - ნაზი, აბრეშუმივით პრიალა, გასაოცრად გლუვი. ასეთი მართლა არავის აქვს ირგვლივ.

და კიდევ თმა - კუნაპეტივით შავი, ხშირი, გრძელი და სწორი.

და კიდევ მკერდი - მკვრივი, მაღალი და თეთრი, ვარდისფერი კერტებით.

და კიდევ… თეძოები, მრგვალი და სექსუალური, რომელსაც წვრილი წელი აგვირგვინებს.

თუმცა ოცდაცამეტი წლის ასაკში ისეთი ვეღარ ვარ, როგორც მაშინ. რა ვქნა, ჭამა მიყვარს, ამიტომაც ფიგურას არ ვუფრთხილდები. ახლა ჩემთვის სულერთია, როგორ გამოვიყურები, არ მაინტერესებს. კარგი კვება უფრო მაინტერესებს, ვიდრე ჩემი მოვლილი სხეული. კვება, სიგარეტი და წიგნი. და კიდევ - ჩემი აგარაკი. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გულმოდგინებით ვუვლი. მთლიანად ყვავილებშია ჩაფლული, ფერად-ფერად ყვავილებსა და ალუბლის ხეებში. ყველაზე ლამაზი გაზაფხულზე და ზაფხულშია. გაზაფხულზე ალუბლები ყვავიან, ხოლო ზაფხულში ბორდოსფერი ნაყოფი გამომწვევად გიცინის ხიდან. ტოტები ისეა ხოლმე დახუნძლული ალუბლებით, პირზე ნერწყვი მოგადგება. მთლად ალუბლისფერია იქაურობა. ბაღის გვერდზე ბოსტანია. აქ ყველაფერი მაქვს, ყოველ წელს ერთ ორას ქილა ხილ-ბოსტნეულს მაინც ვაკონსერვებ - კიტრი, პომიდორი, მწნილები, კომპოტები და რა ვიცი, რაც გულს გაუხარდება… ერთია მხოლოდ, რად მინდა ეს ყველაფერი, როცა გვერდით მამაკაცი არ მყავს. გაზაფხულზე, როცა ახალი კონსერვების სეზონი დგება, იძულებული ვარ, ბევრი რამ მეზობლებს მივცე ან სამსახურში დავურიგო თანამშრომლებს. ცოტას მაინც ვიტოვებ ჩემთვის. საკუთარ თავს არ ვუტყდები, მაგრამ კაცის მოლოდინში ქვეცნობიერად მაინც ვარ. ისე როგორ მოვკვდები, კიდევ ერთხელ არ გამოჩნდეს საყვარელი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში? აწი აღარ ვიტყვი უარს, არ ვკრავ ხელს. მიუხედავად ამ მოლოდინისა, თავს მაინც არ ვუვლი, არ ვიპრანჭები. მინდა «იმან» ისეთი შემიყვაროს, როგორიც ვარ ბუნებრივად. დახატულ-მიხატული ვერასდროს გავხდები, მაინც არ შემცვლის და იმიტომ, ჩემს სიუშნოვეს ვერაფერი დამალავს.

სკოლის პერიოდში მომწონდა ერთი ბიჭი. მას, მგონი, ვუყვარდი კიდეც. ძალიან კეთილი იყო, თანაც უთქმელი. ყოველდღე მაცილებდა სახლში. მეუბნებოდა, შენგან ისეთი ენერგია მოდის, მთლიანად მავსებსო. მაგრამ რამდენიმე თვეში დაქალმა «დამაწერა». მერე პაატა იყო, ეს უკვე მაშინ, ოცდაშვიდი წლის რომ გავხდი. სტუმრად ჩამოდიოდა მეზობელთან. მაღალი იყო, მხარბეჭიანი. ყოველ ზაფხულს აქ ატარებდა, ჩვენს სოფელში. თბილისთან ხომ ძალიან ახლოს ვართ, ამიტომ, დავუახლოვდი თუ არა, სხვა დროსაც მოუხშირა სიარულს. ის ჩემი პირველი მამაკაცი გახდა. მახსოვს, როგორ უყვარდა ჩემი მოფერება, ზურგზე მასაჟსაც მიკეთებდა. რატომაც არა, ზურგიდან რომ შემომხედოს ვინმემ, ვენერა ვეგონები, ისეთი კანი მაქვს. მერე დამნიშნა, თავისი მშობლები ამოიყვანა და ლამაზი ოქროს ბეჭედი წამომაცვა თითზე. რა ბედნიერი ვიყავი. დედ-მამაც ცოცხლები იყვნენ, მათაც უხაროდათ, მაგრამ ქორწილამდე არ მივიდა საქმე. მე არ მივიყვანე. იმიტომ, რომ…

<div>***</div>
ახალი დანიშნული ვიყავი, ჩვენთან სტუმრად მამაჩემის ძმაკაცი რომ ჩამოვიდა, ბიძია ჯანო. იგი ხშირად გვსტუმრობდა. მამას ძალიან უხაროდა მისი გამოჩენა, სათევზაოდ დადიოდნენ მერე ერთად. ჩემი დანიშვნის ამბავი რომ გააგებინეს, მაშინვე ჩამოვიდა. საჩუქარიც ჩამომიტანა, ოქროს მსხვილი ჯაჭვი. დედა სიხარულით დაფრინავდა, როგორი ძვირიანი საქორწინო საჩუქარი ჩამოგიტანაო, კმაყოფილებისგან თვალები უბრწინავდა. მამა და ძია ჯანო ყოველდღე დადიოდნენ ტბაზე, მოიტანდნენ თევზს, დედა შეწვავდა და ქეიფობდნენ მთელი საღამო. ერთი კვირა დარჩა ჩვენთან. ერთ ღამეს, გვიან, ძალიან გვიან, უფრო გამთენიისას, მამის ყვირილმა გამომაღვიძა. დაფეთებული წამოვხტი, ეზოში გავვარდი. მამას ოთხი კაცი ძლივს აკავებდა, დედისკენ მიიწევდა გინებით, მოგკლავ, შე ბოზოო, ემუქრებოდა. ძია ჯანო არსად ჩანდა… თურმე დედაჩემის ხათრით ჩამოდიოდა ის კაცი, დედა ჰყვარებია თურმე, უფრო სწორად, ერთმანეთი ჰყვარებიათ. ვინ იცის, რამდენი წლის საყვარლები იყვნენ. მამამ შემთხვევით წაასწრო თურმე ორივეს სამზარეულოში, როცა წყლის დასალევად ადგა. სამარცხვინო ამბავი. ამან ისე დამთრგუნა, ცუდად გავხდი. მამა სახლიდან წავიდა, დედა მთელი დღე ბაღში იჯდა მოწყენილი და ხმას არ იღებდა. არა, ამ ამბის შემდეგ არ შემეძლო პაატას ცოლად გავყოლოდი. რა მეთქვა მისთვის, როგორ ამეხსნა სახლში დატრიალებული ტრაგედია? ის ვერ გაიგებდა ამას. ძალიანაც რომ მდომებოდა, ვერ დავმალავდი, უკვე მთელმა სოფელმა იცოდა. ამასთან, არც მინდოდა დამემალა. ავდექი და დავურეკე. თბილად მომიკითხა, შენები როგორ არიანო, შენ რას შვრები, უჩემოდ ხომ არ მოიწყინეო. უხალისოდ ვპასუხობდი მის შეკითხვებს და ვგრძნობდი, დანარჩენს ვერაფერს ვეტყოდი, არ შემეძლო. სწორედ ამიტომაც, არ შემეძლო ცოლად გავყოლოდი ადამიანს, რომელსაც დანარჩენს ვერ მოვუყვებოდი.

- მე ორ დღეში ჩამოვალ, ელენე, არ მოიწყინო. ხომ იცი, ერთ თვეში ქორწილი გველის და მერე სულ ერთად ვიქნებით.

ის სასიამოვნო სიტყვებს მეუბნებოდა, მე კი ყურს მჭრიდა მისი ფრაზების გაგონება. ვიფიქრე, გავაღიზიანებ, წავეჩხუბები და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დავშორდები-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. ამიტომ პირდაპირ ვუთხარი.

- ჩვენი ნიშნობა ჩაიშალა, პაატა, მე ცოლად ვერ გამოგყვები, არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია. ვიცი, ძნელია ტელეფონით ამის მოსმენა, მაგრამ… - თან გული მიკვდებოდა, ამას რომ ვამბობდი, ჩემი ბედნიერება დასასრულს უახლოვდებოდა.

- ელენე, მოდი, ამაზე რომ ჩამოვალ, მაშინ ვილაპარაკოთ. ვიცი, შენ დედაჩემი არ მოგეწონა, მაგრამ ის სულაც არ არის ისეთი, როგორიც შენ წარმოგიდგენია.

- არა, არა, არ მინდა ასე იფიქრო, პაატა, დედაშენი არაფერ შუაშია, უბრალოდ, არ შემიძლია, მიზეზს ნუ მკითხავ, არ მაქვს მიზეზი. მაპატიე.

ის დიდხანს დუმდა. მერე კი თქვა:

- მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ჩვენ ხომ ხალხი გვყავს დაპატიჟებული, უკვე დიდი ხარჯი გავწიეთ, ყველაფერი ვიყიდეთ შენთვის.

ამის გაგონებაზე ლამის ჩავიკეცე. რომ ეთქვა, რა სისულელეა, ეგ რა მოიგონე, ახლავე შენთან მოვქრივარო, შეიძლება გადამეფიქრებინა კიდეც, მან კი… მან თქვა ის, რაც თქვა… მეც წყნარად დავემშვიდობე და დავუკიდე ყურმილი. არ ვნანობდი ჩემს საქციელს, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მეორე დღესვე დავუბრუნე ყველაფერი და საბოლოოდ დავუსვი წერტილი ჩვენს ურთიერთობას.

მას შემდეგ არავინ მყოლია. მერე ისედაც აირია სიტუაცია. მამა თბილისის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და სმა დაიწყო, დედა ავად გახდა, ფილტვების ანთება დაემართა. ერთხელაც უგონოდ მთვრალი მამაჩემი მანქანას შეუვარდა და დაიღუპა… წელიწადიც არ იყო გასული, რომ დედაც მიჰყვა… დავრჩი მარტო, ჩემი აგარაკის ანაბარა. სასწრაფოდ დავიწყე სამუშაოს ძებნა, თავის რჩენა ხომ მინდოდა. პირველ რიგში, მამაჩემის ბინა გავაქირავე, მე აგარაკზეც კარგად ვგრძნობდი თავს. აქედან დედაქალაქში ჩასვლაც არ მიჭირდა, ოც წუთში თბილისში ვიყავი. სამარშრუტო ტაქსი ყოველ ნახევარ საათში გადიოდა ჩვენგან. მერე ის იყო, გამიმართლა და სარეკლამო სააგენტოში მოვეწყვე.

დღემდე სულ ეს არის ჩემი ბიოგრაფია.

შვებას აქ ვპოულობ, ჩემს აგარაკზე, ჩემს ყვავილებთან და ალუბლებთან. ყვავილები მთელი სამი სეზონი ყვავიან, ზამთრის დადგომამდე. იქამდე მეც კარგად ვარ. ზამთარში კი, როცა ყველაფერი შავ-თეთრი ხდება, მეც მოვიწყენ, სიცოცხლე აღარ მინდა. ერთადერთი, ახალი წელი მიხარია, ჩემთვის პატარა დღესასწაულს ვიწყობ. 31 დეკემბერს აუცილებლად ჩავდივარ თბილისში, თავისუფლების მოედანზე და იქ თავმოყრილ ხალხთან ერთად ვხვდები ახალი წლის შემობრძანებას. მარტო ვარ, მაგრამ მაინც მიხარია. ყოველ 31დეკემბერს მგონია, რომ ახალი წლიდან ყველაფერი შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში.

წელსაც ასე მოვიქეცი. მაშხალებმა და სალუტებმა ცა გადაფარეს. მერე კონცერტი დაიწყო. ცოტათი შემცივდა, მაგრამ წასვლას არ ვჩქარობდი. რა უნდა მეკეთებინა სახლში მარტოს, მელოდა ვინმე თუ? ტელევიზორის ყურება კი ყელში მქონდა ამოსული. არც თანამშრომლებიდან დამპატიჟა ვინმემ, რომ სტუმრად ვწვეოდი. ყველამ იცის, ქალაქგარეთ რომ ვცხოვრობ, ამიტომ ასეთ დღესასწაულებზე ნაკლებად მეპატიჟებიან.

პირველის ნახევარზე მოულოდნელად ვიღაცამ ზურგიდან თვალებზე ამაფარა ხელი.

- თუ გამოიცნობ, რა მქვია, წელს ბედნიერი გახდები, - მამაკაცის სასიამოვნო ხმა გაისმა.

- პაატა, - რატომღაც ძველი სიყვარულის სახელი მომადგა ენაზე.

- ერთი ამას დამიხედეთ, ასე ხომ დედაჩემი მეძახის! - გაკვირვებით წამოიძახა უცნობმა და ხელები მომაშორა.

მოვტრიალდი და ძალიან სიმპათიური, კარგად ჩაცმული მამაკაცი დავინახე. დაახლოებით ჩემი ტოლი იქნებოდა, შეიძლება ცოტათი უფროსი. მან მხიარულად გამიღიმა, ნასვამი იყო, მაგრამ კარგად რომ დამაკვირდა, მისი ღიმილი შეცოდების ამსახველმა გრიმასმა შეცვალა.

- თქვენ აუცილებლად გახდებით ბედნიერი, - თქვა და სასწრაფოდ გამეცალა…

პირველ იანვარს მთელი დღე საწოლში გავატარე, ვიწექი და ჭერს უაზროდ მივშტერებოდი…

გაგრძელება იქნება