„გამიმართლა, რომ დავიბადე შემოქმედებით ოჯახში. დედამ ყველაფერი მასწავლა - კერვის, ჭრის, ხარისხის იტალიური ტრადიციები. და არამხოლოდ პრაქტიკული რამ. მისი წყალობით გავიგე, რა არის დისციპლინა და რომ შრომა მაქსიმალურად უნდა იყოს დაფასებული. მოდა მთელი ჩემი ცხოვრებაა. ჩემთვის ეს დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ჯანიმ ბავშვობაში ტანსაცმელი დამიხატა. მახსოვს, ვტოვებდი კოლეჯის გაკვეთილებს, რომ წავსულიყავი მასთან მილანში და ვუყურებდი მისი ბრენდის განვითარებას.“ - იხსენებს დონატელა ვერსაჩე, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი.
დღეს ლეგენდარული ვერსაჩე 65 წლის გახდა. დონატელამ ბოლო ინტერვიუში თავისი ბავშვობისა და განვითარების შესახებ ისაუბრა:
- ტყავის ქურთუკი გაფორმებული საკინძებით, აბრეშუმის კაბა, ლითონისა და მინისგან დამზადებული სამკაულები, ვინტაჟი, კიდევ რა გახსოვთ ჯანის გვერდით გატარებული ბავშვობიდან?
- ბავშვობიდან მისი მინი-მუზა ვარ. მაცმევდა და ყველას შურდა ჩემი. ზოგადად, ჯანი იყო ნამდვილი ხედვა, როგორც ყველა დიდი ხელოვანი. მისთვის ყველაფერი ძალიან მარტივი იყო! ყოველთვის რაღაცას ხატავდა, ესკიზებს აკეთებდა – კოლექციები იყო თუ ოპერის კოსტიუმები. ეს იყო უწყვეტი პროცესი.
- მოდაში ვერსაჩე ქალის სხეულის ტრიუმფის სინონიმია. როგორ დაახასიათებდით საკუთარ ბრენდს?
- ვერსაჩე არის გამბედაობა და ექსცენტრიკულობა.
- როგორ შეიცვალა „ვერსაჩეს ქალი“ ბოლო წლებში?
- დღეს მას არაფრის ეშინია. მართალია, ის ყოველთვის მამაცი იყო, უბრალოდ, დღეს მასში ეს თვისება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. და მხოლოდ „ვერსაჩეს ქალზე“ არ ვსაუბრობ. ყველა ჩვენგანზე ვსაუბრობ - ჩვენი დრო დადგა. შეიძლება სერიოზულად ველოდოთ, რომ მამაკაცებთან თანაბარი პირობებით მოვექცევით, მეტი უფლება გვაქვს და გვაქვს აზრის გამოთქმის თავისუფლება. ვერსაჩეს სამოსი უბრალოდ გეხმარებათ, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ - დანარჩენი თქვენზეა. ჩვენი კოლექციები არის როგორც ჯავშანი, ასევე იარაღი.
- ძმისადმი მიძღვნილი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ძალიან ფემინისტური და ძლიერი გამოდგა. რა მოხდა კულისებში?
- გამუდმებით ვიჭერდი ჩემს თავს იმაზე ფიქრში, რომ თითქოს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დავბრუნდი სახლში. მე და გოგონები (კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი, ჰელენა კრისტენსენი, კარლა ბრუნი და ნაომი კემპბელი) ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. თითქოს 1990-იან წლებში დავბრუნდი! ყველას სურს პოდიუმზე გასვლა ერთი და იგივე მეტალის ბადისებრი კაბებით - და რა თქმა უნდა, ისინი ყველა ნაომის ოთახში ეკიდა.
- სუპერმოდელები მართავდნენ მოდას ოთხმოცდაათიან წლებში, დღეს რა მატებს სწრაფვას ინდუსტრიას?
- შემიძლია ვთქვა, რა შეიცვალა მოდაში წლების განმავლობაში - ინტერნეტი და სოციალური ქსელები. ადრე ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდებოდა: ბუტიკები, სტუდია, რედაქცია. დღეს ყველაფერი საჩვენებლად არის, თითქმის არანაირი საიდუმლო. და ჩვენ ყოველთვის კონტაქტში ვართ - კლიენტები ჩვენთან არიან.
- თქვენ გამოიყვანეთ უამრავი ნიჭიერი ადამიანი მსოფლიოს წინაშე - თქვენი კარიერის გარიჟრაჟზე მხარი დაუჭირეთ კრისტოფერ კეინს, ჯონათან ანდერსონს...
- წარსული სულ უფრო ნაკლებად მაინტერესებს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანების აღზრდა და მათი დახმარება.
- მაგრამ მაინც წარსულის შესახებ. როგორი იყო ვერსაჩეს ოჯახში ცხოვრება ძმის გარდაცვალების შემდეგ?
- არ მომწონს სიტყვა "მძიმე". ვთქვათ, ადვილი არ იყო, ნამდვილ გამოცდას ჰგავდა. ჯანის სიკვდილმა გამაკვირვა, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მაგრამ მყისიერად უნდა მემოქმედა, დრო არ მქონდა ყველაფრის აწონვისთვის. მთელი მსოფლიო მიყურებდა, მაგრამ მე მასზე კი არა, ჩემს ოჯახსა და შვილებზე ვფიქრობდი. მემკვიდრეობა არ არის წარსული, არამედ ის, რაც თქვენთან ერთად წამოვა მომავალში.
- თავს ფემინისტად თვლით?
- ფემინისტი ისეთი მოძველებული სიტყვაა, მე მირჩევნია ქალსა და კაცს შორის თანასწორობის ადვოკატირება. ჩვენ უკვე ბევრი სამუშაო გვაქვს გაკეთებული, ქალებს დღეს ბევრად მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე ადრე, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ თანასწორობას. მსოფლიოში არ არის ბევრი ქალი პოლიტიკოსი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თუნდაც შემოქმედებითი დირექტორი. ხელფასებზე აღარაფერს ვამბობ - ისინი ყოველთვის ნაკლებია იმავე თანამდებობებზე მყოფ მამაკაცებზე. და მიხარია, რომ "ვერსაჩეში" ჩემი პოზიცია საშუალებას მაძლევს ვისაუბრო ამ საკითხებზე და შევცვალო ისინი საზოგადოებაში.
- ათასობით ქალს აცმევთ, მაგრამ როგორ იპოვეთ თქვენი სტილი?
- ყოველთვის მომწონდა პროვოცირება, ეს ბუნებრივად მომდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ნიჭია. მე არ მომწონს, როცა ტანსაცმლის მიღმა მალავენ საკუთარ ვინაობას, როცა თავს სხვებად აჩენენ: უნდათ ინტელექტუალურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში წიგნებს არ კითხულობენ. მათ უნდათ, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეშინიათ ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის. ერთხელ ჯანი დამეხმარა ჩემი იმიჯის პოვნაში – 11 წლის ასაკში თმა გავითეთრე, შემდეგ ვიწრო შარვალი ჩავიცვი. განიხილეს, დაგმეს და მაკრიტიკებდნენ. მაგრამ მაინც ვიპოვე გამბედაობა, რომ ჩემი თავი ვყოფილიყავი.
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს? და რას აკეთებთ, როცა არ მუშაობთ?
- ჩემი გვარი არის ვერსაჩე, მე მაქვს ვერსაჩეს სისხლი, მაქვს ვერსაჩეს დნმ. არანაირი ალტერნატივა ან სარეზერვო გეგმა: ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა, ჩემი სამუშაო ჩემი ცხოვრებაა. როგორც კი დილით საწოლში თვალებს ვახელ, უკვე სამსახურში ვარ. მაგრამ ცოტა თავისუფალი დროც მაქვს – მირჩევნია პილატესზე გავატარო. ეს ხელს უწყობს ფოკუსირებას და მოდუნებას.
- როგორ გახდით ქერა?
- ჯანის იდეა იყო - 11 წლის ვიყავი და მან გადაწყვიტა, რომ ქერა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. რა ვქნა, უფროსი ძმა ყოველთვის უდავო ავტორიტეტად რჩებოდა ჩემთვის. მას შემდეგ თმის ფერი არასდროს შემიცვლია.
- რა მოგწონთ რუსეთსა და რუს ქალებში?
- ბევრჯერ ვყოფილვარ რუსეთში და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. რაც მხიბლავს, არის კონტრასტი ისტორიასა და თანამედროვეობას შორის.
- ვინ არის თქვენი საყვარელი ყველა დროის ქერა?
- რა თქმა უნდა, მე თვითონ ვარ.
პლასტიკა-ფანტასტიკა: რა დამართა სკალპელმა და ბოტოქსმა ვარსკვლავებს (+ფოტო)