ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 2 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 2

2022-05-03 10:42:14+04:00


წინა თავი

თებერვალი ისე დადგა, ჩემს ცხოვრებაში სასიკეთო არაფერი მომხდარა. ცივი ზამთარი იდგა, ირგვლივ თოვლს დაეფარა არემარე. ქალაქში იმდენად არ იგრძნობა სიცივე, როგორც აქ. ხუთი გრადუსი მაინც იქნება სხვაობა ტემპერატურაში. შაბათი დღე იყო, ადრე დავბრუნდი სამსახურიდან. მოულოდნელად დავინახე, რომ ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა გაკვალული იყო, ნაბიჯების კვალი გარკვევით ჩანდა თოვლში. მეზობლები რომ არ იქნებოდნენ, დანამდვილებით ვიცოდი, იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ ვურთიერთობ მათთან. ამასთან, ზამთრობით სულ რამდენიმე ადამიანი რჩება აგარაკზე, თბილისში გადადიან ხოლმე გამოსაზამთრებლად. «ღმერთო, ქურდები ხომ არ იყვნენ? ხომ არ გამძარცვეს?» - გამიელვა გონებაში და გავიქეცი. ჭიშკარი ღია დამხვდა, ვიღაცას კლიტე გაეტეხა. ამის დანახვაზე გული გადამიქანდა. ეზოში შევედი და გაოცებისაგან ადგილზე გავშეშდი. ვიღაცას სახლამდე, ჭამდე და ბაღამდე მიმავალი ბილიკები გაესუფთავებინა თოვლისგან, შეშა დაეპო და სახურავიც გადაეწმინდა. იქვე, შეშასთან ახლოს, არყის ცარიელი ბოთლი იდგა.

«მამაკაცი… ჩემს სახლში მამაკაცია!» - გავიფიქრე შეშინებულმა თუ გახარებულმა და სახლის კარი ჩუმად შევაღე, ფეხაკრეფით შევიპარე საკუთარ სახლში. მიმოვიხედე. თითქოს არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მაგიდა ვიღაცას ფანჯარასთან მიედგა, ოთახის შუაგულში აღარ იდგა. მერე ისიც დავინახე - კაცი, რომელიც ჩემს დივანზე წამოკოტრიალებულიყო ზურგით ჩემკენ და მშვიდად ფშვინავდა. თავთან ზურგჩანთა ედო, სკამზე - ტყავის ქურთუკი. ნაცრისფერი პლედი, ჩემი საყვარელი ნაცრისფერი პლედი უცნობს ზედა გადაეფარა, მაგრამ ცალი კუთხით ჩამოცურებულიყო და იატაკს ეფინებოდა. ეჭვი არ იყო, დაუპატიჟებელი სტუმარი მამაკაცი გახლდათ.

მამაკაცი, რომელსაც ეძინა.

მამაკაცი, რომელიც თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მეყვირა და ქვეყანა შემეყარა თუ ხმა არ ამომეღო? ისევ მშვიდად ყოფნა ვამჯობინე. ქურდი და მკვლელი რომ იყოს, არ დამელოდებოდა, არც დაიძინებდა და თუ რამის წაღება უნდოდა, დიდი ხნის წინ გააყოლებდა ხელს. არც ბილიკებს გაწმენდდა და არც სახურავიდან ჩამოყრიდა თოვლს, მით უმეტეს, შეშას არ დააპობდა. იქვე, სავარძელში ჩავესვენე და დაველოდე, მისი უდიდებულესობა მამაკაცი როდის ინებებდა გაღვიძებას.

გაუგრძელდა უცნობს ძილი. ცოტა ხანში ავდექი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საოცარი რამ ჩავიდინე - ცხოვრებაში პირველად, თვალები დავიხატე, პომადა წავისვი. საკუთარ თავზე გამეცინა, ქვეცნობიერად ვეპრანჭებოდი ვიღაცას, თავადაც არ ვიცოდი, ვის. სარკეში ჩავიხედე. რა ტყუილად დავიხატე, რას ვგავარ. კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ უშნო ვიყავი და კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს მიშველიდა. პომადა ისევ მოვიცილე და გარეთ გავედი, კიბეზე დატოვებული პროდუქტებიანი პარკი რომ შემომეტანა.

ცეცხლი დავანთე და საქმეს შევუდექი. კარტოფილი გავთალე, დავჭერი და გაცხელებულ ტაფაზე დავყარე. ზეთი აშიშხინდა, ცოტა ხანში კი შემწვარი კარტოფილის სურნელი ჰაერში დატრიალდა. ამასობაში დათბა ოთახში, შეშის ღუმელი ბოლო ხმაზე გუგუნებდა. პარალელურად, ჩახოხბილის მომზადებას შევუდექი. ეს ჩემი საყვარელი კერძია, მის გარეშე ვერ ვძლებ. კვირაში ერთხელ აუცილებლად ვაკეთებ. ამიტომაც ქათამი ყოველთვის მოიპოვება ჩემს მაცივარში. მაიონეზის სალათაც მქონდა, გუშინდელი მომზადებული. ისიც გამოვიტანე და სუფრის გაშლა დავიწყე. სადღაც ერთი ბოთლი ღვინოც მქონდა გადანახული, ისიც მოვიძიე, ორი ჭიქაც შემოვდგი მაგიდაზე და უცნობის გაღვიძებას დაველოდე. მაინც არ გაიღვიძა. ხმამაღლა ჩავახველე, არ უშველა. სკამი გავახრიგინე, არც ამან გამოიღო შედეგი. ისევ ჩემმა პლედმა მიშველა. ვიფიქრე, მიწაზე რომ დასთრევს, გავასწორებ-მეთქი, ავწიე და ის იყო, მზრუნველად უნდა გადამეფარებინა დაუპატიჟებელი სტუმრისთვის, რომ მამაკაცი შეირხა და გვერდი იბრუნა, ჩემკენ გადმოტრიალდა…

ნაბახუსევი და ნამძინარევი თვალები საყვედურით, მაგრამ გაოცების გარეშე მომჩერებოდნენ. მერე მაგიდისკენ გადაიტანა მზერა.

- ასეც ვიცოდი, - თქვა მან, ღვინის ბოთლს რომ მოჰკრა თვალი, - ვიცოდი, სადღაც რომ გექნებოდა გადამალული.

«ღმერთო, რა ლამაზი კაცია, უცხოპლანეტელი გეგონება», - გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა… რა შუაში იყო უცხოპლანეტელი? თვალს არ ვაშორებდი უცნობს, რომელიც თავხედურად გაიზმორა და წამოჯდა.

- სიმართლე გითხრა, სწორედ ასეთი წარმომედგინე, - თქვა «უცხოპლანეტელმა» და ღიმილით შემომხედა.

შევცბი.

- თქვენ რა, გრძნობდით, რომ ასეთი ვიქნებოდი? - დავეკითხე გაშინაურებულ უცნობს.

- არა, არაფერსაც არ ვგრძნობდი. საერთოდ, იშვიათად, რამე ვიგრძნო. უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი, მეტი არაფერი.

ორივე გავჩუმდით. პაუზა გაიწელა, ბოლოს დუმილი მან დაარღვია.

- სუფრასთან ხომ არ მიმიწვევდი? სხვათა შორის, დროზე უნდა დავლიო, სანამ გინების კორიანტელი დამიყენებია. ცუდი ჩვევა მაქვს, მაპატიე.

- ვინ ხარ? - მაინც შემეშინდა და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

- მე? მე ქირურგი მქვია.

- ეს მეტსახელია? თუ ქირურგი იყავით?..

უცნობმა ჩაიცინა და ქვემოდან ამომხედა.

- მე ახლაც ქირურგი ვარ.

- სახელი რა გქვიათ? რა გვარი ხართ?

- ამის თქმა არ მინდა. ქირურგი ვარ და მორჩა, როგორც გინდა, ისე დამიძახე.

- გასაგებია, მესმის თქვენი. ხანდახან მეც მიჩნდება სურვილი, ყველაფერი დავივიწყო და არაფერი გავიხსენო, - ცოტათი ამოვისუნთქე, ბოროტმოქმედს არ ჰგავდა.

- შენ რა გქვია?

- ელენე. მობრძანდით, ვივახშმოთ, თორემ ჩახოხბილი გაცივდება.

- მარტო ეს ერთი ბოთლი გაქვს? - უკმაყოფილოდ შემომხედა.

- კი, ერთი.

ქირურგმა სახე მოჭმუხნა და თავი უსიამოვნოდ გადააქნია. მისი დამშვიდება ვცადე.

- სამედიცინო სპირტი მაქვს კიდევ, ნახევარ ლიტრამდე იქნება, - ვთქვი და ენა მოვიკვნიტე, რას სისულელეს ვროშავ, რაში მჭირდება ვიღაცის დათრობა, როცა ისიც არ ვიცი, ვინ არის, მით უმეტეს, ღმერთმა უწყის, როგორი სიმთვრალე აქვს.

- ვერ ვიტან სპირტს, მეზიზღება, - ამოიხვნეშა ქირურგმა.

არ დავიჯერე, მაგრამ არც შევიმჩნიე. ისეთი დაწითლებული ჰქონდა ცხვირი, ეტყობოდა, სასმელზე უარს არასდროს იტყოდა.

- რატომ, საავადმყოფოს გახსენებთ?

- არა, უბრალო რამის დალევა არ მიყვარს. მიყვარს, როცა გემოვნებიან სასმელს ვსვამ.

- გემოვნებიანს? სამლარიანი არაყიც მშვენივრად მიგირთმევიათ წეღან, ეზოში დავინახე, - თავი ვერ შევიკავე.

- რას იზამ, როცა სამარკო ღვინის საყიდელი ფული არ გაქვს, იაფფასიანს უნდა დასჯერდე.

- მაშინ თქვენ დალიეთ, მე არ მინდა.

- რას ჰქვია, არ გინდა, მე და შენ ერთად უნდა დავლიოთ ჩვენი გაცნობისა.

- მაშინ ჩემთვის სპირტს გავაზავებ, დიდი მსმელი მაინც არ ვარ, - მხრები ავიჩეჩე, - მუშაობთ?

- არა, ახლა უმუშევარი ვარ.

- აბა, სასმლის ფულს საიდან შოულობთ?

- რომ გითხრა, არ შეგეშინდება?

- ვეცდები.

- ხანდახან დავდივარ ამ აგარაკზე სახლიდან სახლში და მიტოვებულ ბინებში ვიპარავ. ხანაც ვინმეს ვსინჯავ, როგორც ექიმი, წამლებს ვუწერ, ვმკურნალობ, ამაში კი ფულს მიხდიან.

მისი სიტყვები ბოლომდე არც მომისმენია, ისე მოვირბინე მზერით ოთახი, რამე ხომ არ მომპარა-მეთქი. მგონი, ყველაფერი ადგილზე იყო.

- კარგი, საკმარისია ოხუნჯობა, დავსხდეთ, მეც მომშივდა. ახლა მოვედი სამსახურიდან.

უცნობი მაგიდას მიუახლოვდა, სუფრას გადახედა, მაგრამ არ დაჯდა, დამნაშავესავით მომხედა მხოლოდ.

- რამის თქმა გინდოდათ? - შემცბარმა ვკითხე.

- იცი, ელენე, ერთი ცუდი თვისება მაქვს, ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ.

- გისმენთ, თქვით თქვენი სიმართლე.

- ეს სუფრა, შემწვარი კარტოფილი, ჩახოხბილი, სალათა, ღვინო… მგონი, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებ… მინდა გითხრა, რომ…

- რა უნდა მითხრათ? - წამოვწითლდი სახეზე.

- ის მინდა გითხრა, რომ პოტენციასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს, ამიტომ ჩემზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებ. ეს ერთი, მეორეც - არასდროს ვწვები ქალთან, თუ მასთან სულიერი სიახლოვე არ მაკავშირებს.

გამეცინა.

- გამოდის, რომ პოტენცია არაფერ შუაშია.

- არ ვიცი, არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ქალთან.

რატომღაც პაატა გამახსენდა. მასთან ჰარმონიული სექსი მქონდა ყოველთვის.

- აბა, რა გადაწყვიტე, მივუჯდე სუფრას თუ განქორწინებას ითხოვთ და ქალიშვილობის გვარის შენარჩუნებას? - გაიხუმრა უცნობმა.

- აჯობებს, დავსხდეთ, განქორწინებაზე მერე ვიფიქროთ, - ავყევი მეც, მიხაროდა, რომ ამჯერად მარტოს არ მომიწევდა ვახშმობა, ხმის გამცემი მაინც მყავდა.

ქირურგმა ბოთლი გახსნა, ღვინო თავის ჭიქაში ჩამოასხა და დაკვირვებით შემომხედა.

- რატომ მიყურებთ ასე? - ვერ მოვითმინე.

- აკი სპირტს დავლევო? სად არის?

გამეღიმა. სამზარეულოში გავედი, კარადიდან სპირტი გამოვიღე, ქილით წყალიც მოვაყოლე და შემოვბრუნდი.

- მომეცი, მე გავაზავებ. ეს საკმაოდ დელიკატური საქმეა. სპირტი ფრთხილად უნდა ჩაუშვა წყალში.

- მართლა?

- ჰო, ოღონდ ეს მე მოვიფიქრე, - ისევ გაიღიმა უცნობმა. ძალიან უხდებოდა ღიმილი, უდავოდ ლამაზი კაცი იყო.

ხუთი წუთის შემდეგ ჩემ წინ, მაგიდაზე გაზავებული სპირტით სავსე ბოთლი იდგა. თითო ჭიქა დავლიეთ. რომ გადავკარი, დავიჭყანე, სასმელმა გულ-მუცელი ჩამიწვა. პურის ნაჭერი დავაყოლე და ამოვისუნთქე, თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა.

- ჩახოხბილი გადმოგიღოთ? - ვკითხე, ცოტა რომ მოვსულიერდი.

- სიამოვნებით, - თავი დამიქნია.

რამდენიმე წუთის შემდეგ ღვინო აღარ იყო, «უცხოპლანეტელს» თვალები აუჟუჟუნდა. ის ხან მე მიყურებდა, ხანაც სპირტიან ბოთლს. შევშინდი. «ახლა რომ გამოთვრეს და ჩხუბი დამიწყოს», - უფრო ამიტანა შიშმა.

- ნუ გეშინია, - მიმიხვდა დაუპატიჟებელი სტუმარი, - ცოტას წავილაპარაკებ და მერე დასაძინებლად დავწვები, არაფერს დაგიშავებ.

- მიირთვით, სანამ ცხელია, - სასმელმა ოდნავ მომადუნა, შიშიც გაქრა ნელ-ნელა. კარგ ხასიათზე დავდექი, დიდი ხანია, ასე არ ვყოფილვარ. არადა, შეიძლებოდა ახლა მარტო ვმჯდარიყავი.

მარტო ვმჯდარიყავი და ფანჯარაში უაზროდ მეყურებინა.

მარტო ვმჯდარიყავი და ტელევიზორისთვის მეყურებინა.

მარტო ვმჯდარიყავი და მეფიქრა, რა პროდუქტი მეყიდა ხვალისთვის სადილის მოსამზადებლად.

გემრიელად ვივახშმე. ქირურგმა ღვინის მერე თავისივე ხელით დაყენებული სპირტი დალია, ჩახოხბილიც მიაყოლა და ბოლოს, ჭამას რომ მორჩა, თავი გვერდზე გადახარა და მრავლისმეტყველად შემომხედა.

- ასე რატომ მიყურებთ? - გავუმეორე შეკითხვა.

რა არის ეს - ინტერესი, მცდელობა, ჩემს სულში ჩაძვრეს, გულში ჩაიხედოს?

- მიკვირს თქვენი, ქალების, უმრავლესობა უცნაურები ხართ.

- რითი?

- არ იცით, როგორ მიაწოდოთ თავი მამაკაცებს.

«იქნებ ვიცი კიდეც? რატომ ჰგონია, რომ არ შემიძლია?» - გავიფიქრე.

- სულ არ იცით… - დაასრულა ქირურგმა და ბოთლში დარჩენილ სპირტს გახედა.

გამეღიმა და დარჩენილი სპირტი ბოლომდე ჩამოვუსხი ჭიქაში.

- რა გაქვთ მხედველობაში? - ვკითხე და გულში გავიფიქრე, თეთრეული რომ დაუთოებული არა მაქვს, ნეტავ თუ შეამჩნევს?

- იცი, რა-ა? ყველა ნორმალური ქალი ოცნებობს, ცხოვრებაში რამდენიმე ნორმალური რაღაც ჰქონდეს. პირველ რიგში, ოცნებობს იდილიურ ოჯახზე, მეორეც - იმდენ ფულზე, უდარდელად ხარჯოს და მესამე - მამაკაცებს მოსწონდეს. ეს უკანასკნელი იმისთვის სჭირდება, რომ გათხოვდეს ან გათხოვების შესაძლებლობა მიეცეს და ისეთი მამაკაცი შეარჩიოს, რომელიც უპრეტენზიოდ გაუსქელებს საფულეს.

«თქვა ამანაც, რა, - გავიფიქრე ჩემთვის, თან თავს ვუქნევდი, - საინტერესოა, როგორი კოცნა იცის? პაატა ისე მკოცნიდა, გონს ვკარგავდი…»

- ქალს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, - აგრძელებდა სტუმარი, - ოღონდ მიმზიდველი უნდა იყოს. რაც უნდა ბრძენი ჩანდეს, მომხიბვლელობა თუ არ გააჩნია, გაუჭირდება მამაკაცებში თავის დამკვიდრება. თუმცა სულიერად მიმზიდველი ქალებიც არსებობენ. მაგრამ ეს თანდაყოლილია, დაბადებიდან აქვს ქალს. რაღაც აზრები ამერია, არა? - თავად გაეცინა თავისსავე ნათქვამზე.

- არა, არა, უბრალოდ, ვერ გავიგე, რას გულისხმობდით.

- ის, რომ პრაქტიკულად ყველა ქალს შეუძლია ლამაზი გახდეს, მაგრამ არც შეუძლია. აი, შენ, მაგალითად… შენგან მაგარ ქალს დავაყენებდი, თუმცა… ვიცი, რომ არ გენდომება, ხომ არ გენდომება? - დაასლოკინა ქირურგმა.

- რატომ არ მენდომება? - გავიკვირვე.

- იმიტომ, რომ ამისთვის რამდენიმე მტკივნეული ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო… იმიტომ, რომ ასეთი ოპერაციებისთვის ბევრი ფულია დასადები… კიდევ იმიტომ, რომ მოგიწევს დაარღვიო შენი უღიმღამო, ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული წესი.

ტუჩი მოვიკვნიტე. მივხვდი, საითაც უმიზნებდა ჩემს სახლში შემოჭრილი დაუპატიჟებელი სტუმარი. აფერისტი, მატყუარა, ვიგინდარა! ქალებთან თავს ქირურგად გაასაღებს, ფულს დაცინცლავს და მორჩა, მშვიდობით, სამუდამოდ აორთქლდება.

როგორც ჩანს, უცნობი ნააზრევს მიმიხვდა, რადგან თვალები დახარა. კარგა ხანს ჩუმად იჯდა, მერე უკანასკნელი ყლუპიც გადაჰკრა და ისევ დაასლოკინა.

- მე აწი რა ოპერაცია მიშველის, ჩემთვის ყველაფერი დამთავრებულია, - ხელი ჩავიქნიე, - არ არსებობს ოპერაცია, ჩემნაირი ქალი გაალამაზოს, - ვთქვი და ამოვიოხრე, ამწუთას ჩემთვის მთავარი ამოცანა გალამაზება კი არა, მასთან ლოგინში ჩაწოლა იყო. არა, სექსი კი არ მინდოდა, უბრალოდ, ერთად დავწოლილიყავით, კაცის სურნელის შეგრძნება მინდოდა მხოლოდ, შვიდი უმამაკაცო წლის შემდეგ.

«საინტერესოა, ხომ არ ხვრინავს?» - ვაგრძელებდი ფიქრს.

- პირველ რიგში, წვივის ძვლები უნდა გაისწორო, დიდიც და პატარაც… ეს შესაძლებელია. ეგ კარგად მაქვს შესწავლილი, ვიცი.

- ათი ათას დოლარად, არა? - სიცილი ვერ შევიკავე.

- უფრო იაფადაც შეიძლება, სამაგიეროდ ფეხები გექნება, იფ… - და ცერა თითი შემართა.

- კიდევ რა უნდა გავისწორო? - გავხალისდი.

- გასწორება მეტი არაფრის დაგჭირდება. ცოტათი ცხვირს შევალამაზებთ და ეგ არის. კბილებს თავის ადგილზე ჩავსვამთ, ეს წვრილმანია, მავთული და მისი ჯანი. მერე რამდენჯერმე დავუვლით თვალის გარშემო არეს და კონტაქტურ ლინზებს გავიკეთებთ. ასეთი ამღვრეული და უფერო თვალებით ქუჩაში გასვლა არ შეიძლება.

მოვიღუშე. «ნამდვილად ხვრინავს», - დავასკვენი განაწყენებულმა.

- ლინზების გარეშეც შეიძლება, მაგრამ უფრო ძნელი იქნება.

- ძნელი რას ნიშნავს, თვალები უნდა გამომიცვალოთ? - შეშინებულმა დავხამხამე წამწამები.

- რატომ ლაპარაკობ ასე? მე გულით გეუბნები, კარგ ხასიათზე ვარ, შენ კი ყველაფერს აფუჭებ. რატომ დამცინი?

- წავალ, დასალევს ვიყიდი, - ადგომა დავაპირე.

- ო-ო-ო! ეს კარგია. უფრო და უფრო მომწონხარ, რომ იცოდე.

ამ კაცთან სექსს დალევა ჯობია, გადავაქნიე თავი და მომეწონა ჩემი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, გამახსენდა, რომ იგი იმპოტენტი იყო.

- ფეხებიც გამისწორდება? - ჩემდა უნებურად ვიკითხე, გონებაში ისევ პლასტიკურ ოპერაციაზე ვფიქრობდი.

- აბა რა! ფეხებიც გაგისწორდებათ და ცხოვრებაც გაგიხალისდებათ და თქვენ იქნებით იმ ახალ საუფლოში მთავარი დიასახლისი, - უცებ «თქვენობითზე» გადავიდა ქირურგი, თითქოს ჩემში მომავალი მშვენიერი ლედი დაინახა.

- და მამაკაცები მუხლს მოიყრიან ჩემ წინაშე? - გამეცინა.

- თუკი მოისურვებთ.

სივრცეს უაზროდ გავხედე, წამით დავფიქრდი.

- დავუშვათ, დავთანხმდი, მერე რა იქნება? ამისთვის რა უნდა მოვიმოქმედო? - ვთქვი, გულში კი გავიფიქრე, - «ღმერთო, რა ნაზი თითები აქვს, თანაც რა ჩამოქნილი, როგორც სანთელი».

მამაკაცი თითქოს გამოფხიზლდა, სერიოზული გამომეტყველება მიიღო და დინჯად წარმოთქვა.

- პირდაპირ გეტყვი - შენი ფიზიონომია მძიმე შემთხვევაა. ქალების 90 პროცენტი, თავს რომ უშნოდ მიიჩნევდნენ, მზეთუნახავად ვაქციე, შვიდ კვირაში შერონ სტოუნს დავამსგავსე. შენ კი თავის დროზე არ მიაქციე ყურადღება საკუთარ თავს, არ მოუარე იმას მაინც, რაც ლამაზი გქონდა. ამიტომაც მოგიწევს მსხვერპლის გაღება. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გაყიდო - აგარაკი, სახლი, კარი, მანქანა, ავეჯი, ტანსაცმელი - ყველაფერი, რაც გაბადია. მით უმეტეს, სხვა ცხოვრებაში ეს ყველაფერი აღარაფერში დაგჭირდება.

«შეხედე, რა აფერისტია! გამომძალველი, უნდა, რომ გამაცუროს. როგორც ჩანს, მე მისი პირველი სამიზნე არა ვარ. ნეტავ ჩემამდე რამდენის მოტყუება მოახერხა?» - ჩემთვის გავბრაზდი.

- მეორეც, - განაგრძობდა უცნობი, - სადმე მიყრუებულ ადგილას ვიყიდით ერთ ქოხს, მოვაწყობთ საოპერაციო ოთახს, შევიძენთ საჭირო ინსტრუმენტებს, წამლებს და შევუდგებით საქმეს. ამ ყველაფრის მერე თუ მთელი თბილისის კაცები შენს ფეხებთან არ გაწვა, თავი მომჭერი.

- რა ადვილი სათქმელია, - ამოვიოხრე, - რატომ იბადებიან უშნო ქალები? რატომ არის ბუნება ასეთი მკაცრი? - ლამის ავტირდი, გული ამიჩუყდა, სასმელმა თავისი გაიტანა.

- სხვათა შორის, უნდა გითხრა, რომ მამაკაცებს შორის უფრო ნაკლებად მოიძებნებიან შეუხედავები, ვიდრე ქალებში. შეგიმჩნევია?

- კი, როგორ არა, განსაკუთრებით ორმოცს რომ გადასცდებიან.

- და იცი, რატომ? მამაკაცი ბუნებით მონადირეა, ქალებზე მონადირე. სწორედ ეს ქვეცნობიერი მოწოდება მართავს მამაკაცის ბუნებას, მიმზიდველი იყოს… არა, მიმზიდველი კი არა, სიმპათიური. მონადირული ინსტინქტი ზემოქმედებს კაცის ფიზიოლოგიაზე, აღნაგობაზე, მეტ ბრწყინვალებს ჰმატებს მის თვალებს და ა.შ. ქალების უმარვლესობას კი ასეთი ინსტინქტი არ აქვს. ისინი მსხვერპლის როლში უფრო გამოდიან. ყველას და ყველაფერს თავს სწირავენ, ოჯახს, მამაკაცს, სამსახურს, ბავშვებს და ა.შ. ამიტომაცაა, რომ ქალი მომხიბვლელი მხოლოდ ოცდაათ წლამდეა, მერე კი კარგავს თავის შარმს და თავის მოსავლელად ვეღარ იცლის, სხვა საზრუნავი უჩნდება. თუ დამიჯერებ, მე ვხედავ შენში ქალურ საწყისებს, რომელსაც მხოლოდ დახვეწა სჭირდება. ახლა კი წადი და სასმელი მოიტანე, ცოტა დავამატოთ.

გაგრძელება იქნება