ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 6 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 6

2022-05-07 11:27:40+04:00


წინა თავი

უკვე მოსაღამოვდა. ორსართულიანი რესტორნიდან სიმღერის ხმა გამოდიოდა. ვიღაცის ჩახლეჩილი ხმა ოდესურ ძველბიჭურს «უბერავდა». იგრძნობოდა, რომ ჯინოს ქურდულ სამყაროსთან «დიდი კავშირები» ჰქონდა. მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეს ავუყევით. მიშა შავად შეღებილ ხის კართან შეჩერდა, გასაღებების აცმა მოიძია ჯიბეში და კარი გააღო. შევედი, თან გული მეთანაღრებოდა. მიაშმ ერთი ამხედა თავიდან ბოლომდე, დაკვირვებით შემათვალიერა, აქ დაელოდეო, სიტყვა გადმომიგდო და ოთახიდან გავიდა. გასაღების გადატრიალების ხმა არ გამიგია. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ სურვილი გამიჩნდებოდა, თავისუფლად შემეძლო წასვლა, მაგრამ ფეხს ვითრევდი. რადგან გადავწყვიტე, დავრჩები, რაც იქნება, იქნება. ვნახოთ, რა გამოვა.

მარტო დავრჩი თუ არა, მივიხედ-მოვიხედე. ირგვლივ კედლებზე სულ სარკეები იყო აკრული, ჭერზეც კი. მიუხედავად ამისა, ოთახში სიმყუდროვე სუფევდა. ბროლის თეთრ, სამფეხა მაგიდაზე, რომელსაც თეთრი ატლასის ნაჭერი ეფარა, ხილით და შოკოლადებით სავსე ვაზა იდო. ერთი «დათუნია» გავსინჯე, მეგემრიელა, ბავშვობაში რომ მიჭამია, ისეთი გემო ჰქონდა. ალბათ ჩამოტანილია, დავასკვენი ჩემთვის და მოჩუქურთმებულ თეთრ ტახტზე მოხერხებულად ჩამოვჯექი. იატაკზე ლამაზი ხალიჩა ეფინა. ოთახის შორეულ კუთხეში, ერთ კედელთან, ხატების კუთხე იყო მოწყობილი, ნახევრად ჩამწვარი რამდენი მე სანთელიც იქვე იდო. ყველა ხატი ოქროსფერ ჩარჩოში იყო ჩასმული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩარჩო ნამდვილი ოქროსგან იქნებოდა დამზადებული. ხოლო ფანჯრებთან, სპეციალურ რკინის სადგამებზე, ოთახის ყვავილები ჩაემწკრივებინათ. ცხოვრობს ხალხი, მე კი არ მგვანან, თავი გავაქნიე ასეთი ფუფუნების შემხედვარემ.

ვეცადე, მოვშვებულიყავი, ასე დაძაბულს არანაირი მასაჟი არ გამომივიდოდა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, რით დამთავრდებოდა დღევანდელი საღამო. «იმას» თუ გადავურჩებოდი, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა ახლა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ქირურგი გავიცანი. მიუხედავად იმისა, ამდენი წელია, კაცი არ გამკარებია, მის გარდა არავისთან არ მქონდა სექსის სურვილი. იმედია, ძალას არ დამატანენ.

მოულოდნელად კარი გაიღო და ჯინო შემოვიდა. მას ვიღაც ძალიან ლამაზი ქალი მოჰყვებოდა. შვებით ამოვისუნთქე, რადგან მარტო არ არის, ესე იგი, არც არაფერს მიპირებს, გამიხარდა. ჯინო მეორე ოთახში გავიდა, მე უცნობ ქალთან ერთად მარტო დავრჩი.

_ ტანსაცმლის გამოცვლა ხომ არ გინდა? _ მკითხა მან.

_ არა, გმადლობთ. ხომ ვერ მეტყვით, ჯინო ვინ არის?

ქალმა ფართოდ გაიღიმა და ლამაზი კბილები გამოაჩინა.

_ განგსტერია, რუსული მაფიის წევრი, ძირითადად მოსკოვში მუშაობს. სულ ორი წელია, თბილისში ჩამოვიდა.

წამით სუნთქვა გამიჩერდა. რა მინდოდა ასეთ ადამიანთან? ალბათ მეხუმრება, გამიელვა თავში.

_ გაგიმართლა, რომ გაიცანი, მაგარი კაცია, _ ისევ გამიღიმა ქალმა და ხელით მანიშნა, გამომყევიო.

სააბაზანოში შემიყვანა. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა და ისეთი ნაზი სურნელი იფრქთეოდა, მემშურდა, ჩემს ბაღშიც კი არ არის ხოლმე ასეთი კარგი სუნი. ხელები დავიბანე. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვათვალიერებდი იქაურობას. ამასობაში ჯინოც გამოვიდა, ხელში ერთი ბოთლი გახსნილი შავი ღვინო და ორი ჭიქა ეჭირა.

_ რამდენ ხანს გაგრძელდება შენი მასაჟი? _ მკითხა და გამომცდელად შემომხედა.

შევყოყმანდი.

_ დაახლოებით ორმოცი წუთი, შეიძლება ერთი საათიც, გააჩნია, როგორი გინდათ.

_ დამამშვიდებელი, _ თავისთვის ჩაილაპარაკა და მერე იმ ქალს მიუბრუნდა, _ დაგვტოვე და ერთ საათში მოდი.

ქალმა თავი დაუქნია, გამიღიმა და გავიდა.

_ დალევ? _ მკითხა და ღვინო ჭიქებში ჩამოასხა.

_ კი, ერთ ჭიქას დავლევ, _ მორიდებით ვთქვი.

სადღეგრძელოს გარეშე დავლიეთ. ის თვალს არ მაშორებდა.

_ მართლა შენი ქმარია? _ მკითხა ბოლოს.

გავწითლდი.

_ ჯერ არა, მაგრამ მალე გახდება.

_ სექსიც ხომ არ გინდა, არ მოგერიდოს, _ წარბები აზიდა ქვემოდან ამომხედა.

_ არა, არა, _ ისეთი ხმით წამოვიძახე, თითქოს მოკვლას მიპირებდნენ.

_ შენი ნებაა, მაინცდამაინც დიდად არც მე მეხალისება.

ჰო, რა თქმა უნდა, აბა რას იტყოდა. აბა, ერთი ლამაზი ვყოფილიყავი, თუ არ დამატანდა ძალას და არ დამიყოლიებდა? კიდევ კარგი… ეს რომ მელოდა, ალბათ ამიტომაც გამაჩინა ღმერთმა ასეთი უშნო.

_ მე რა უნდა ვქნა, ბოლომდე გავშიშვლდე?

_ წელს ზემოთ საკმარისი იქნება, _ ნერვებმა ამიტანა, ლამის კანკალი დამაწყებინა. ღმერთო, გამომივიდეს მაინც და არ გავაწყილო ეს კაცი.

_ გასაგებია, _ ჩაილაპარაკა ჯინომ და გახდა დაიწყო.

დაბალი და ჯმუხი კი იყო, მაგრამ ისეთი კუნთები ჰქონდა, მოკრივეს შეშურდებოდა. ალბათ ბევრს ვარჯიშობს. ხომ თქვა იმ ქალმა, განგსტერიაო. თუ ასეა, გამართლებულიც არის მისი ასეთი აღნაგობა.

ჯინომ ჯერ რაღაც ღილაკს მიაჭირა თითი კედელზე, რის შემდეგაც წყნარი მუსიკა ჩაირთო, მერე დივანზე ჩამოჯდა, გადატრიალდა და მუცელზე დაწვა.

_ მე ზეთი მჭირდება, «ჯონსონ ბეიბი», _ ვთქვი შემცბარმა.

_ ზეთი? მერე აქამდე ვერ თქვი? მიდი აბა, აბაზანაში, კარადა გამოაღე, უნდა იყოს.

მუხლები მომეკვეთა, სანამ წავიდოდი და უკან დავბრუნდებოდი. ჯონსონის ზეთი იქ მართლაც იყო. ხელზე დავისხი და კარგად დავისრისე ხელისგულები, რომ ცოტათი გამთბობოდა. ალბათ რომ ვნერვიულობ, იმიტომ გამეყინა ასე, დავასკვენი.

ნელა, წრიულად დავიწყე მის ზურგზე თითების მოძრაობა. თავიდან ცოტა უხერხულობას ვგრძნობდი, მაგრამ ნელ-ნელა გავთამამდი და ცოტა ხანში ისეთ ეშხში შევედი, სულ გადამავიწყდა, სად ვიყავი. ხელების მოძრაობას მუსიკის მელოდიის ხმას ვაყოლებდი. მამაკაცი გატრუნული იწვა, ხანდახან სიამოვნების კვნესა აღმოხდებოდა ხოლმე. ამაზე მეღიმებოდა. რა კატებივით არიან ეს კაცები, საკმარისია, ხელი შეახო, მაშინვე გაიყურსებიან და «კრუტუნს» იწყებენ. ზურგის მხარეს რომ მოვრჩი, გულაღმა დაწოლა მოვთხოვე და ახლა მკერდის მასაჟი გავუკეთე, მერე თავისაც, რადგან მითხრა, მთელი დღეა, თავი მტკივაო.

პროცედურა დიდხანს გაგრძელდა, ალბათ საათზე მეტხანს. როცა მოვრჩი, აბაზანაში შევედი და ხელები საპნით კარგად დავიბანე. ოთახში რომ შემოვბრუნდი, ის ქალი უკვე მოსული დამხვდა.

_ ბოლო ორით თვის განმავლობაში პირველი ღამეა, თავი რომ არ მტკივა, _ ღიმილით თქვა მან და მადლიერებით შემომხედა, _ მართლა კარგი მასაჟი გცოდნია. მუშაობ სადმე?

_ სარეკლამო სააგენტოში.

_ იქაც სჭირდებათ მასაჟი, კაცო? _ გაიკვირვა.

_ არა, ამ კუთხით არსად ვმუშაობ.

_ გინდა, კარგი სამსახური გიშოვო?

_ არა, არ მინდა. ამ ეტაპზე სამუშაოდ არ მცალია, დიდი მადლობა.

_ როგორც გსურს. აი, ეს შენი საჩუქრებია _ კაბა და ოქროს საყურე. ეს ასი დოლარიც შენი, ღმერთმა შეგარგოს, _ ლამაზი ქალის მიერ მოტანილი შავი პარკი ჩემკენ მოწია ჯინომ, _ მოგერგება, ზუსტად შენი ზომაა.

_ რატომ შეწუხდით, არ იო საჭირო, დიდი მადლობა, მე ამისთვის არ გამიკეთებია, არც ფული მინდა, _ ვიუარე.

_ ვიცი, რისთვისაც გააკეთე. საქმე მოგვარებულია, შენი კაცი მანქანაში გელოდება ქვემოთ.

_ კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.

_ გაიხარე, გენაცვალე.

ქალმა მანქანამდე მიმაცილა. თეთრი «ვოლვო» ზუსტად რესტორნის კარიბჭესთან იდგა. შენობიდან მუსიკის და ღრიანცელის ხმა ერთდროულად გამოდიოდა, ალბათ მოქეიფეები შეთვრნენ.

საჭესთან უცხო ტიპი იჯდა, ალბათ ის სვირინგა იყო, ჯინომ რომ უხსენა მიშას. გვერდით ქირურგი ეჯდა. გული ლამის ამომივარდა საგულიდან. ორივეს მივესალმე და უკან ჩავჯექი.

_ წავედით? _ თავი მოაბრუნა სვირინგამ.

_ წავედით, _ ძლივს ამოვთქვი.

მას არც უკითხავს, საით უნდა წავსულიყავით, ალბათ ვატომ უკვე უთხრა, სადაც ვცხოვრობდი.

_ როგორ ხარ? _ ვკითხე ქირურგს, მანქანა რომ დაიძრა.

_ აბა, შენა ხარ, რა, _ გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა.

გამიკვირდა, მისგან ასეთ ტონს არ ველოდი. გადავარჩინე და მადლობის მაგიერია? რას მერჩის? გონება დავძაბე. ეგ დეგენერატი ხომ არ ფიქრობს, რომ მე ჯინოს ლოგინში ჩავუგორდი? ამიტომ ხომ არ ბრაზობს? აჰა… ძალიანაც კრგი, როგორი სიამოვნება ვიგრძენი… ეგონოს, ცოტა იეჭვიანოს, არაფერი უჭირს. მე რომ ამ დღეში ჩამაგდო ამდენი ხანია, კარგი იყო?

_ არ მეტყვი, როგრ ხარ?

_ მშვენივრად.

_ ფული სად წაიღე? _ ახლა მე გადავედი შეტევაზე.

_ დავხარჯე… ნახევარი.

_ რაში დახარჯე, დასალევში? _ «სტაჟიანი ცოლივით» ვუტევდი.

_ არა, საქმისთვის.

_ რა საქმისთვის?

_ ჩვენი, ოჯახური საქმისთვის. შენ რა, დაკითხვას მიწყობ? ნუ გეშინია, არ მომიტყუებიხარ, ხვალვე შევუდგებით საქმეს, ყველაფერი შევიძინე, რაც დაგვჭირდება. იქნებ ნანობ, ბინა რომ გაყიდე? ხომ არ გადაიფიქრე? იქნებ აღარ გჭირდება გარეგნობის შეცვლა? ფულის კეთების ახალი ხერხისთვის მიგიგნია უკვე და…

_ შენ ვინ გეკითხება, ჩემი ქმარი ხარ თუ საყვარელი? რაც საჭიროდ ჩავთვალე, ის გავაკეთე. ტყუილად ნუ მიბრაზდები.

_ გიბრაზდები? ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება გავბრაზდე ადამიანზე, რომელმაც ეს წუთია, საკუთარი სხეულის გაყივის ფასად გადამარჩინა?

_ მორჩი რა, როცა არ იცი, ნუ ლაპარაკობ.

_ აბა, ბიჭო, შენი ლამაზი თვალების გულისთვის გაირჯებოდნენ სწორედ, _ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა ვატო.

სვირინგა ხმას არ იღებდა, ნელა ატრიალებდა მანქანის საჭეს.

_ ან ახლავე მორჩები ამ თემაზე ლაპარაკს, ან გადახვალ ანქანიდან და აღარ დამენახვები, _ წავუყენე ულტიმატუმი.

_ იცი, რა? ბევრი ვიფიქრე და, შენგან ისეთი ვინმე ხომ არ შევქმნა, როოორიც, მაგალითად, მატა ჰარი იყო? ელიტმეძავი… საოცარი იქნება, _ არ ჩუმდებოდა ქირურგი.

მოთმინების ფიალა ამევსო.

_ მე მას მასაჟი გავუკეთე მხოლოდ, მეტი არაფერი, _ ისეთი ხმით ვიყვირე, კისრი ძარღვები დამეჭიმა.

_ კარგი, კარგი, პირობას გაძლევ, აწი ამაზე სიტყვას არ დავძრავ, _ ხელები ასწია ვატომ, დაიხარა და მოულოდნელად ქვემოდან ღვინის ბოთლი ამოაძვრინა.

_ სმას ისევ არ იშლი, არა? _ ზიზღით წარმოვთქვი.

_ ძლივს მეღირსა დალევა, ამაზე უარის თქმა შეიძლებოდა? _ გაიცინა ქირურგმა და ბოთლი მოიყუდა.

***

სვირინგამ სახლის კარამდე მიგვიყვანა. ვატო მანქანიდან გადმოვიდა, საბარგული გახსნა და ყუთების გადმოლაგებას შეუდგა, სვირინგაც დაეხმარა. გაოცებული შევყურებდი ორივეს.

_ საოპერაციო იარაღებია, სანამ შენ საქმეს მორჩებოდი, მე და ამ ადამიანმა გავისეირნეთ შემნახველ საკანში, სადაც ნაყიდი ინსტრუმენტები მქონდა დატოვებული. აი, შენი ფულიც აქ არის, ბოლომდე არ დამიხარჯავს. უფრო სწორად, ვერ მოვასწარი.

როცა საქმეს მორჩნენ, მძღოლმა კიდევ ერთი ყუთი ამოიღო საბარგულიდან, ღვინის ბოთლებით გაძეძგილი და ჭიშკართან დადო, ეს ჯინომ გიფეშქაშათო, მერე ჩაჯდა მანქანაში, დამშვიდობების ნიშნად დაასიგნალა და თავის გზაზე წავიდა.

ვატოს არც უვახშმია, არც დაულევია, ისე შეუდგა საქმეს. საოპერაციო საძინებელში მოვაწყოთო, მითხრა და ინსტრუმენტები სწორედ იქ შეიტანა. მერე წყალი გამაცხელებინა და მთელი სახლი საპნიანი ცხელი წყლით მორეცხა. როცა ამ საქმეს მორჩა, მძაფრსუნიანი ხსნარი მოასხურა იატაკსა და კედლებზე, დეზინფექცია უნდა გავაკეთოო.

შუაღამე გადასული იქნებოდა, საქმეს რომ მორჩა. მე ვიჯექი და ვუყურებდი მხოლოდ.

_ სმა რომ არ გიყვარდეს, შრომისმოყვარე ყოფილხარ, _ შევაქე, _ არადა, როგორ მჭირდება შენნაირი ადამიანი ჩემს ბაღ-ბოსტანში.

_ ჰო… ასეთი ვარ _ ან ვსვამ, ან ვმუშაობ. როცა ვმუშაობ, არ ვსვამ. ამიტომ არ შეგეშინდეს, როგორც კი შენს გაქლიბვას დავიწყებ, ერთ წვეთსაც არ ჩავუშვებ პირში. ახლა კი, მომშივდა, მაჭამე რამე, თან უნდა დავლიო. ამაღამ ეს ბოლო იქნება, ხვალიდან ფხიზელი ვარ. ისე მეძინება, ლამისაა, ზეზეულად ჩამეყვინთოს. იმ ჯურღმულში თითქმის არ მეძინა, ვერ ვიტან მაზუთის და ბენზინის სუნს, იქ კი ყარდა ყველაფერი.

ამდენი ხნის მერე კვლავ მეღირსა გემრიელად ვახშმობა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

სანამ მაგიდა ავალაგე, ვატო დასაძინებლად დაწვა. როცა მეც გავიხადე და გვერდით მივუწექი, მას უკვე ეძინა, ტკბილად ფშვინავდა. მეგონა, ამაღამ მაინც მოუნდებოდა სექსი, შევცდი, თავში აზრადაც არ გაუვლია, როგორც ჩანს…

<div>***</div>

დილით პირველს მე გამეღვიძა. ფანჯარასთან ტკბილად ჟღურტულებდნენ ბეღურები. ნათელი დღე იყო, ამინდს კარგი პირი უჩანდა. ქირურგის სახე მძინარე ბავშვისას მოგაგონებდათ, ისეთი გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა. ფრთხილად გამოვძვერი საბნიდან და სამზარეულოში გავედი. ორი ჭიქა ყავა მოვადუღე და შემოვიტანე. ერთი ტუმბოზე შემოვდე, მეორე კი ხელში დავიკავე და ფანჯარასთან მივედი. ჩემი ბაღი უკვე გაყვავილებულიყო.

_ მე არ მინდოდა ყავა? _ მომესმა უკნიდან ხმა.

მოვტრიალდი. ქირურგი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ჩემი შესწავლა აქვს განზრახულიო. თითით ვანიშნე, თავთან გიდგას-მეთქი. წამოჯდა, ფინჯანს ხელი დაავლო და ერთბაშად მოიყუდა, არაყივით გადაჰკრა.

_ ლოთური მანერები გაქვს, _ გამეცინა.

_ მერე რა არის ამაში ცუდი? მგონი არაფერს ვაშავებ.

_ მართლა არ დალევ დღეიდან?

_ არა. როცა ვმუშაობ, არ ვსვამ. მამაჩემი სიტყვაძუნში კაცი იყო, მუშაობა მან მასწავლა, თანაც კარგად მასწავლა. ამიტომაც არ შემიძლია უბრალოდ ვიმუშაო, უნდა ვიმუშაო მხოლოდ ძალიან კარგად. კარგად მუშაობა კი ყველგან და ყოველთვის არ შეიძლება.

_ ამიტომაც უთხარი იზას საყვარელს კლინიკის გახსნაზე უარი?

_ ჰო. მე შემეძლო მისთვის გრანდიოზული სილამაზის ცენტრის გახსნა. მაგრამ იცი, რაშია საქმე? ექიმმა პაციენტის მიმართ, პირველ რიგში, გრძნობა უნდა გამოხატოს _ სიყვარული, შეცოდება, თანაგრძნობა… თუ ამას არ განიცდი, შენი საქმე სრულყოფილი ვერ იქნება.

მე მესმოდა მისი. მას შეეძლო ჩემგან საყვარელი ქალის შექმნა, მაგრამ ჩემი შეყვარება არ სურდა. ეშინოდა, იზასავით არ მოვქცეოდი და მერე არ მიმეტოვებინა. ამიტომაც მკითხა, ვინ გინდა გახდეო. რეჟისორი თუ ტელეწამყვანი? ვნახოთ. ჯერ დაამთავროს ყველაფერი და მერე ვილაპარაკოთ. მე ახალი ადამიანი გავხდები და იმ ახალმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რას ამჯობინებს _ ვატოსთან დარჩენას თუ ტელევიზიის დაპყრობას.

_ ბევრი სხვა მიზეზიც გამაჩნდა. ადამიანები უცნაურები არიან. ისინი ცხოვრებაში რაღაცას მიაღწევენ და მერე ჩერდებიან, რაღაც ეტაპზე იყინებიან. შეიძლება ამიტომაც გამიტაცა კოსმეტიკურმა ქირურგიამ.

_ ვერ გავიგე.

_ როგორ აგიხსნა… ნებისმიერი ურთიერთობა, პირველ რგში, მიმართულია იქითკენ, საერთო ენა გამონახო სხვა ადამიანთან. ალაპარაკდებიან მამაკაცები პოლიტიკაზე და ამის გამო დაძმაკაცდებიან. ორი ქალი დაიწყებს საუბარს ჭინჭებზე და დაქალები ხდებიან. მე კი ასე არ შემიძლია, არ გამომდის. რაც უფრო გულღია ვხდები ადამიანებთან, მით უფრო მშორდებიან ისინი. მე კი მინდა მათი ნაწილი ვიყო, მიყვარდეს ყველა. მიყვარდეს და არა მეცოდებოდეს. ამას ვერ მივაღწიე. ვერ შევაღწიე მათ სულში, ამიტომაც გადავწყვიტე, თუ სულიერად ვერ გარდავქმნიდი, ფორმით მაინც შემეცვალა ისინი, გარეგნულად მაინც გამელამაზებინა.

_ შენ ჩემთვის ახლობელი ხდები, მაგრამ ძალიან ნელა, არ დაგიმალავ.

_ ეს იმიტომ, რომ მე რომ მიყურებ, საკუთარ კბილებს და ფეხებს ხედავ.

_ და შენ რას ხედავ, როცა მე მიყურებ?

_ იმავეს. ჰო, მართლა, არ მივხედოთ შენს კბილებს?

_ რა თქმა უნდა, კბილებსაც და სხვა დანარჩენ ნაწილებსაც.

_ უკვე გადაწყვიტე? კარგად მოიფიქრე?

_ მოვიფიქრე. მთლიანად განდობ ჩემს თავს.

_ მაშინ დავიწყოთ. აბა, ერთი გააღე პირი… სხვათა შორის, ჯანმრთელი კბილები გაქვს. არც ერთი ღრმული, არანაირი კარიესი. ახლა მავთულს გაგიკეთებ და რამდენიმე თვის შემდეგ ჰოლივუდის მსახიობებსაც შეშურდებათ შენი ღიმილის, _ თან მელაპარაკებოდა ვატო, თან საქმეს აკეთებდა. როცა მავთულის დამაგრებას მორჩა, ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ყბები დაბმული მქონდა.

რა სულელი ვიყავი აქამდე. სამსახური, სახლი, სახლი, სამსახური, ბოსტანი და ბაღი _ აი, მთელი ჩემი წლიური მარშრუტი. არსად არ დავდიოდი, სულ მარტო ვიყავი. რისთვის? ვისთვის? რა მოვიგე? სამსახურიდან წამოვედი და უცებ ვიგრძენი თავისუფლების გემო. ახლა კბილებიც თუ გამისწორდება, მეც სხვა ქალებს დავემსგავსები და მამაკაცებსაც აღარ შეეშინდებათ ჩემი შემოხედვის. ერთ უბრალო ადამიანს როგორ ვერ ვიპოვი, რომ ცოლად შემირთოს. მერე ერთად ვიმუშავებთ ბოსტანში, მე შვილებს გავაჩენ და…

არა, ვატოს ვერ ვუღალატებ. მას ვერ დავტოვებ, არ შემიძლია. როგორ იეჭვიანა მანქანაში? ხომ არ შემიყვარდა? არა, არა, არა! ჯერ არა. აი, გამალამაზებს და მერე ვნახოთ. რომ იცოდეს, როგორ შევიყვარებ! ძალიან მაგარი ცოლი ვიქნები, _ თან კარტოფილიან ღვეზელებს ვაცხობდი, თან ვფიქრობდი.

_ უკვე მეოთხეს ვჭამ, მალე ალბათ გავსკდები, _ ქირურგის ხმამ გამომარკვია.

_ შენც ნუ შეჭამ.

_ ძალიან გემრიელი რომ არის? თანაც ცხელი სასიამოვნოა, ამასთან _ ზეთში დაბრაწული. შენ რატომ არ ჭამ?

_ არ მინდა, ვფიქრობ.

_ რაზე?

_ ჩვენზე.

_ ნუ ფიქრობ ამაზე, უმჯობესია, ხვალინდელ დღეზე იფიქრო. ხვალ მარჯვენა ფეხის გაქლიბვას დავიწყებ.

_ მარჯვენა? მარცხენამ რა დააშავა?

_ ორივეს ერთად გაქლიბვა _ ეს ხელოსნური სამუშაოა, არადა ამ საქმეს სული უნდა ჩააქსოვო, შთაგონებაა საჭირო. გასაგებია?

ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. შთაგონება კარგია, მაგრამ ტკივილი? რა გადაიტანს ხერხვას თუ ქლიბვას. მერე კიდევ… იქნებ გიჟია? იქნებ ფსიქიურად არის დაავადებული? ამქვეყნად იმდენი ფსიქოპათია… გაზეთებში ამის მეტს რას წერენ. რა სულელი ვარ, ეს როგორ არ მომაფიქრდა აქამდე! თუ კარგი ქირურგია და მართლა ოქროს ხელები აქვს, რატომ გამოაძევეს სამსახურიდან? ალბათ იმიტომ, რომ არ ჭრიდა და კერავდა იქ და იმას, რაც და სადაც საჭირო იყო. ცივმა ოფლმა დამასხა. ამ დროს ერთმა აზრმა გამიელვა თავში. მალულად ავიღე მისი კოლეგა ექიმის მიერ დატოვებული მობილური, ბოსტანში შევიპარე და ჩემს თანამშრომელს დავურეკე, მამამისი ექიმი იყო.

_ ლია, მამაშენი სახლშია?

_ ჰო, რა იყო?

_ ერთი წამით დამალაპარაკე, რა?

_ ახლავე დავუძახებ.

_ გისმენ, ელენე, ხომ მშვიდობაა? _ გაისმა ავთანდილის ხმა.

_ ბატონო ავთო, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.

_ აბა, მითხარი, გენაცვალე, რა გაწუხებს…

_ ერთი კაცია, ქირურგი. მეუბნება, სასწაულ კოსმეტიკურ ოპერაციებს ვაკეთებო. ვერ გადამიწყვეტია, ვენდო თუ არა.

_ ვინ არის, რა გვარია?

_ არ ვიცი.

_ არ იცი? აბა ოპერაციას როგორ გიკეთებს? სად გაიცანი? რომელ საავადმყოფოში მუშაობს, სად წვები?

_ აქ მიკეთებს, ჩემთან, სახლში.

_ შეიშალე? ვინ აკეთებს ოპერაციებს სახლში, რომელი საუკუნეა. გიჟია ალბათ ვიღაც, არც კი მოუსმინო! _ ლამის იყვირა ლიას მამამ.

_ მან უკვე იყიდა საჭირო ინსტრუმენტები.

_ გამაგიჟებთ მე თქვენ. რა ჰქვია და რამდენი წლისაა, ის მაინც თუ იცი?

_ არ ვიცი. ის ძალიან ბევრს სვამს, ამიტომ ვერ ვხვდები, რა ასაკის შეიძლება იყოს. ალბათ უფრო მეტად გამოიყურება თავის წლოვანებასთან შედარებით. დაახლოებით ორმოცის იქნება.

_ ყველა სიკეთესთან ერთად ლოთიც ყოფილა. ამხელა ქალს ეგეთი რამეები როგორ გეშლება, პატარა გოგო ხომ არ ხარ?

_ მგონი ვახტანგი ჰქვია, თუ არ მატყუებს.

_ ვახტანგი? ეს ის ხომ არ არის, კალანდაძე? იყო ერთი ასეთი _ ცნობილი მრავალპროფილიანი ქირურგი, თუ არ ვცდები, ორმოცდასამი წლის. რუსეთშია ნამუშევარი. ერთ დროს მთელი მოსკოვი მასზე ლაპარაკობდა. შვიდი წლის წინ თავის ქალიშვილს გაუკეთა ოპერაცია და ხელში ჩააკვდა. ამის ნიადაგზე სმა დაიწყო და გარეკა. ერთი წლის წინ გამოწერეს მგონი ფსიქიატრიულიდან.

შემამცივნა ამის გაგონებაზე. ხომ ვამბობდი, მანიაკია-მეთქი. ასაკიც ემთხვევა და სახელიც…

_ არ შეგეშინდეს, ელენე. გინდა, დავრეკავ ერთ ადგილას და ერთ საათში მოგაშორებენ მაგ კაცს. და თუ სხვა ვინმეა და კალანდაძე არ არის, არც არაფერს დაუშავებენ.

ჩემდა უნებურად დავთანხმდი. შიშისგან ისე ვძაგძაგებდი, სხვა გზა არ მქონდა…

გაგრძელება იქნება