ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 10 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 10

2022-05-12 08:47:43+04:00


წინა თავი

- რა თვეა ახლა? - ვკითხე ფრიდას.

- დეკემბერი, დღეს 10 დეკემბერია. აი, ახლა კი ნამდვილად მზად ხართ, - მომესიყვარულა ფრიდა და აღტაცებით შემომხედა. - წავალ, გივი ექიმს დავუძახებ, სადღაც ეჩქარება.

მოსამსახურე ნარნარად გავიდა ოთახიდან. ფანჯარას მივუახლოვდი. სასახლე, სადაც ვიმყოფებოდი, სამსართულიანი ჩანდა. ეზოში ბაღი იყო გაშენებული ათასნაირი ყვავილის ბუჩქებით, რომლის შუაში კამკამა წყლით სავსე აუზი და შადრევანი იწონებდა თავს.

კარზე დააკაკუნეს. მოვტრიალდი და გაოცებულმა ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.

- მობრძანდით.

საძინებელში ორი მამაკაცი შემოვიდა. საშუალო სიმაღლისას ჭკვიანური გამოხედვა ჰქონდა, პროფესორს ჰგავდა, მეორე კი, მაღალი, მოწიწებით რომ შემომღიმოდა, ალბათ გურამი იყო, ასე დავასკვენი. ქმარი! აი, ეს არის ჩემი ქმარი! მაშინვე მივხვდი. ისე, მართლა სიმპათიური იყო. კიდევ კარგი, რომ ასეთია, მახინჯ მეუღლეს ნამდვილად არ ვისურვებდი.

შევყურებდი მას და აშკარად ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა, თანაც სასიამოვნო უცნაურობა. კმაყოფილმა გავიღიმე. გურამს მოეწონა ჩემი ღიმილი. მომიახლოვდა, ჯერ ხელზე მეამბორა ნაზად, მერე ლოყაზე მაკოცა.

- ლელუკა, ახლა გივი გაგსინჯავს, შემოგევლე, - მითხრა «ქმარმა», - და მერე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს. მეხსიერება მალე აღგიდგება, პიროვნების გაორებაც უკვალოდ გაგივლის და ცხოვრება ძველებურად გაგრძელდება…

- მთლად ძველებურად ალბათ ვეღარ გაგრძელდება, გურამ, - წამოიწყო გივი ექიმმა, - ლელა უწინდებურად ვეღარ იჯირითებს, მოუწევს ამაზე უარის თქმა. ხომ ხედავ, რა შედეგი გამოიღო ცხენით ამდენმა გასეირნებამ?

- მე უკვე გავყიდე ორივე ცხენი, - თავი დააქნია გურამმა, - ჩემიც კი. არ მინდა მათმა დანახვამ ის საბედისწერო ჩამოვარდნა გაახსენოს.

- და მინიმუმ ერთი თვე მოუწევს სახლში ჯდომა. მე თვალს მივადევნებ მის მდგომარეობას და თუ შეტევები არ გამეორდება, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, - დაასკვნა ექიმმა.

- მერე კი ერთად გავემგზავრებით ჰავაიზე, დავისვენებთ, ზღვაზე გავირუჯებით, მოქმედ ვულკანს შევავლებთ თვალს. შენ ხომ გინდოდა ეს? გახსოვს, როგორ მეხვეწებოდი საგზურების მოტანას?

- გურამ, იქნებ ცოტა ხნით დაგვტოვო? - მორიდებით შეახსენა გივიმ ჩემს «ახალგამომცხვარ» არცთუ ურიგო ქმარს.

იმანაც ხელები ასწია დანებების ნიშნად.

- მივდივარ, მივდივარ, ხელს არ შეგიშლით. ჩემთვის ჩემი ულამაზესი მეუღლის ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი საზრუნავია ამქვეყნად. ვიცი, რომ ძალიან გეჩქარება, ჩემო გივი, ახლავე წავალ, - თქვა გურამმა და უკუსვლით გავიდა ოთახიდან.

უხმოდ ვადევნებდი თვალს ამ სანახაობას და წარმოდგენა არ მქონდა, რა უბედურება თუ ბედნიერება ტრიალებდა ჩემს თავს. ექიმმა გულმოდგინედ გამსინჯა, ფონენდოსკოპით გულისცემას მოუსმინა, წნევაც გამისინჯა და ბოლოს სავარძელში ჩაესვენა.

- ლელა, იქნებ მითხრა, რა გაწუხებს? რამე ჩივილები ხომ არ გაქვს? თავის ტკივილი, პულსის აჩქარება, გულისრევის ან უსიამოვნო შეგრძნება, კოშმარული სიზმრები, ცუდი წინათგრძნობა…

- მეჩვენება, რომ სახე და ფეხები საშინელი ჭრილობებით მაქვს დაფარული, - ვუპასუხე გივის.

- მერედა, რა არის ამაში გასაკვირი? მართლაც ასეა. ერთი წლის წინ ელენემ დაგასახიჩრა. მე თუ მკითხავ, საშინელი ცხენი იყო, ურჩი. ისე აიწყვიტა, რომ უნაგირიდან გადმოგაგდო და ფეხები დაგემტვრა, სახეც დაგიმახინჯდა, მაგრამ მას შემდეგ გიმკურნალეს, პლასტიკური ოპერაციებიც გაგიკეთეს და ისევ გაგალამაზეს. ახლა ის ნაჭრილობევი არც ერთი არ ჩანს, ყველა კვალი მოსპეს პლასტიკურმა ქირურგებმა.

- აბა, ეს რა ჭრილობაა, ფეხზე რომ მამჩნევია? საიდან მაქვს, რატომ დამრჩა?

გივი ექიმი თითქოს შეცბა.

- რატომ არ მცემთ პასუხს? მომიყევით, მაინტერესებს, - არ მივეცი საშველი.

- ლელუკა, ლელუკა… რატომ გინდა, ეს იცოდე? რისთვის უნდა გაიხსენო ის უსიამოვნო ამბები? დამიჯერე, ძალიან მტკივნეული ისტორიაა…

- მომიყევით, მე ეს მჭირდება, - მტკიცედ მოვითხოვე.

- კარგი, რახან არ იშლი… - გივიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და მოყოლა დაიწყო, - ეს სამი თვის წინ მოხდა. შენ ბანდიტებმა გაგიტაცეს, გურამი უკან დაგედევნათ პატრულთან ერთად, მოხდა ავარია, ბანდიტების მანქანა გზიდან გადავარდა. შენ ფეხი მოიტეხე, მაგრამ ჩვენ შევძელით შენი გადარჩენა.

ავარიის მომენტი თითქოს ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად, ისიც კი ვერ გავიხსენე, ვისთან ერთად ვიჯექი მანქანაში, მხოლოდ თეთრი «მერსედესი» მიტრიალებდა თვალწინ.

- ის მანქანა თეთრი «მერსედესი» იყო?

გივი თითქოს გამწვანდა სახეზე.

- გახსოვს? - ჩამეკითხა და ჩემკენ გადმოიხარა.

- ბუნდოვნად.

- მართლა ასე იყო, სწორედ ამ მანქანით გაგიტაცეს.

- და რატომ გამიტაცეს, რა დავაშავე?

- გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით. ხომ იცი, შენი ქმარი როგორი მდიდარია… ფული უნდოდათ, სხვა არაფერი.

რა თქმა უნდა, ერთი სიტყვაც არ დავიჯერე მისი. ვხვდებოდი, რომ ზღაპრებს მიყვებოდა, მაგრამ ეს, ახლა მიმდინარე «ზღაპარი» იმდენად მაცდუნებელი იყო, მერჩივნა, საერთოდ არ გამხსენებოდა წარსული. იქ სიბნელე იყო, სიმწარე, ბევრი ტკივილი, უფულობა, მარტოობა… ამ ყველაფერს ვგრძნობდი, ფილმის ფირებივით ცვლიდა ერთმანეთს კადრები გონებაში.

ამ დროს ფრიდა შემოვიდა ოთახში.

- სუფრა გაშლილია, - თქვა მან და დაკვირვებით შემომხედა, - ბატონი გურამი ორივეს გელოდებათ.

- დიდი მადლობა, ფრიდა, გენაცვალე, - ფეხზე წამოდგა გივი, - მაგრამ მე ძალიან მეჩქარება, უნდა დაგტოვოთ. სხვა დროს აუცილებლად შემოგიერთდებით. აგერ არის დანიშნულება, ეცადეთ, ლელამ დროზე მიიღოს ეს წამლები, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. მე კი სამი-ოთხი დღის მერე კვლავ შემოგივლით, - მან ხელზე მაკოცა, მოწიწებით დამემშვიდობა და გავიდა.

* * *

აბაზანაში შესულმა, პირველ რიგში, სარკეში ჩავიხედე. იქიდან სრულიად უცხო ქალი მიყურებდა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ჩემთან. მე სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩემი თავი. ნუთუ ასეთი ლამაზი ვარ? ადრეც ასეთი ვიყავი? არა, ეს ნამდვილად სიზმარია, არ მჯერა, რომ ყოველივე რეალობაში ხდება. ღმერთო, მართლა ასეთი ვარ? ეს თვალები, ცხვირი, ტუჩები, წარბები, სახის კანი… ეს ტანი, ფეხები… დავიჯერო, ყველაფერი მე მეკუთვნის? მე ვარ ამ საოცარი სილამაზის მატარებელი? გაოცებას ვერ ვმალავდი. მერე ხელი ჩავიქნიე, ტყუილად ვიტანჯავ თავს ეჭვებით, რაც არის, არის-მეთქი და ღიღინ-ღიღინით შევუდექი ბანაობას…

აბაზანიდან რომ გამოვედი, ფრიდამ გრძელი, ზურგამოჭრილი ვარდისფერი კაბა მომიტანა, საუზმისთვის უმჯობესია, ეს ჩაიცვათო. როცა მოვწესრიგდი, მოსამსახურე დავითხოვე და ჩემი გარდერობის დათვალიერებას შევუდექი. იქ ყველა ტანსაცმელი ჩემი ზომის იყო, თანაც რა ტანსაცმელი! ყველაფერი საუკეთესო. უმრავლესობა ახალი გახლდათ, მხოლოდ რამდენიმეს თუ ეტყობოდა, რომ ჩანაცმი იყო. ჩემდა გასაოცრად, ნახმარი ტანსაცმელი უფრო მომეწონა. ალბათ ისინი ჩემი საყვარელი სამოსია და იმიტომ, გავიფიქრე.

საუზმემ მხიარულად ჩაიარა. ჩვენთან ერთად კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელსაც თენგიზი ერქვა. თურმე ის პოლიციის კაპიტანი ყოფილა, ბანდიტებს რომ გაეკიდა და სიკვდილს გადამარჩინა. მას მთელი საუზმის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მხოლოდ რამდენჯერმე ფარულად შემავლო თვალი.

- თუ გივისთან არ დამასმენ, საყვარელო, საუზმის შემდეგ გავისეირნოთ ჩვენი «ლექსუსით», - მითხრა გურამმა, - ოღონდ მასთან არ დაგცდეს, თორემ დავისჯები. ხომ გესმოდა, რა გითხრა, ერთი თვე სახლიდან ფეხი არ გაადგაო?

კეკლუცად გავუღიმე და ნაზად დავუქნი თავი, თანახმა ვარ-მეთქი.

ფრიდამ ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ მომამზადა. შავი, ჩემთვის სრულიად უცხო ნაჭრის მოკლე კაბა ჩამაცვა, ყელზე ბრილიანტის კოლიე გამიკეთა, ხელზე ასეთივე სამაჯური მომარგო, ბეჭდებიც ამასხა, მერე თეთრი ქურქი მომახურა და სარკის წინ დამატრიალა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ერთბაშად რამდენი რამ მოვიპოვე - ფუფუნება, კარგი ცხოვრება, მოსიყვარულე ქმარი, უამრავი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი… არადა, ვგრძნობდი, რომ ადრე ამის საშუალება არ მქონდა. რას ვაკეთებდი ადრე? ვინ ვიყავი? მაინც მაწვალებდა ამაზე ფიქრი.

სულ ერთი საათით ვიყავით გასული.

გურამმა მალევე მომაბრუნა უკან, შენი გადაღლა არ შეიძლებაო. როგორც მივხვდი, თავის საქმეზე წავიდა, მე კი მხოლოდ გამიყოლა თან, რადგან ჯერ ერთ შენობასთან შეჩერდა, ჩემი აზრით, საავადმყოფო იყო, ცოტა ხნით შევიდა და მალევე მობრუნდა, დიდხანს არ შეყოვნებულა.

მერე კიდევ ერთ ადგილას გააჩერა მანქანა და გადავიდა. აქ, ცოტა არ იყოს, შეაგვიანდა. მომბეზრდა ლოდინი და მანქანიდან გადმოვედი. რატომღაც, ნაცნობი მეჩვენა იქაურობა. გავიხედ-გამოვიხედე და… ჰოი, საოცრებავ! ცოტა მოშორებით სახლი მეცნო. ეს ხომ… ეს ხომ… ვერა, ვერაფრით გავიხსენე, საიდან მეცნობოდა ეს სახლი. რამდენიმე ნაბიჯი გავიარე აფორიაქებულმა და ჩემდა უნებურად, უკან მოვიხედე. გურამის თვალებს შევეფეთე, რომელიც შეცბუნებული მადევნებდა თვალს.

ეზოს მივუახლოვდი. ჭიშკარზე აბრა ეკიდა, რომელზეც გაკვრით ეწერა: «იყიდება სახლი, 1200 კვ.მ., კეთილმოწყობილი». აკანკალებული ხელით შევაღე ჭრიალა კარი. ეზოში ახალგაზრდა ბიჭი დავლანდე, ნაჯახით შეშას ჩეხდა. ჩემ დანახვაზე ჩეხა შეწყვიტა და შემომეგება.

- განცხადების თაობაზე მოხვედით? - მკითხა ზრდილობიანად.

- არა, უბრალოდ… - დავიბენი.

- მთელი წელია, ვერ გავყიდეთ, - თქვა ბიჭმა, - არადა, ისე მინდა ქალაქში გადასვლა, ვერ წარმოიდგენთ, ოცნებად მაქვს გადაქცეული. არ შემიძლია ამ სიცივეში და უკაცრიელ ადგილზე ცხოვრება. ზამთარში კაციშვილი არ ჭაჭანებს.

- მალე თქვენს ოცნებას ფრთები შეესხმება, - მოულოდნელად აზრი დამებადა თავში და უცნობს გავუღიმე, - ჩემი ქმარი აპირებს აგარაკის ყიდვას და აუცილებლად ამაზე დავიყოლიებ.

ამის თქმა და გამოვტრიალდი. თავში ელვის სიწრაფით იცვლებოდა კადრები, თითქოს მახსენდებოდა რაღაც, მაგრამ მაინც ვერ აღვიდგინე ბოლომდე, ერთ კვანძსაც კი ვერ ჩავჭიდე ხელი, არადა ეს სახლი მართლა მეცნობოდა. უფრო მეტიც, რაღაც ძალიან მშობლიურს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც მეწეოდა აქეთკენ, რაღაც ძალიან, ძალიან მათბობდა.

მანქანას მივუახლოვდი. გურამს ისევ ისეთი სახე ჰქონდა, გამომცდელად და შიშით მომჩერებოდა.

- ყველაფერი რიგზეა, საყვარელო? - დიდი სიფრთხილით მკითხა.

- ჰო, რა თქმა უნდა, წავედით, - ნაძალადევად გავუღიმე და მის გვერდით დავჯექი, თუმცა ხასიათი გამიფუჭდა, რაღაც საშინელება მემართებოდა.

- დღეს წარმატებული დღეა, ჩვენ კიდევ უფრო გავმდიდრდით. კიდევ ერთი საქმე დაგვირგვინდა ეფექტურად. შენ ჩემთვის ბედნიერება მოგაქვს და კიდევ - იღბალი. მეც მინდა ჩემი მხრიდან სამაგიერო გადაგიხადო. არის ისეთი რამ, რასაც ჩემი მზეთუნახავი ცოლი ისურვებს? - მკითხა გურამმა გზაში, მანქანა რომ დაძრა.

- არის, - ვთქვი ჩემდა გასაკვირად.

- აბა, მითხარი, რა არის შენი სურვილი? - «ქმარმა» ოდნავ შეანელა სვლა.

- ის სახლი მიყიდე.

- რომელი? - ვითომ ვერ მიმიხვდა.

- რომელშიც ახლა ვიყავი, მომწონს იქაურობა, რაღაცას მაგონებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რას. ასე მგონია, ძალიან ახლობელია ჩემთვის.

- როგორც გინდა, ძვირფასო, როგორც გინდა. ოღონდ ჯერ არა. მოვიდეს გაზაფხული, დათბეს, მერე ამოვიდეთ და უფრო დაკვირვებით შეათვალიერე აქაურობა, იქნებ სხვა უფრო მოგეწონოს? აქ ბევრი უკეთესი აგარაკია, რომელსაც ხელს დაადებ, იმას გიყიდი.

პასუხი არ გამიცია, მხოლოდ თავი დავაქნიე, რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი. ბურუსით იყო მოცული მთელი ეს მასკარადი. ნუთუ ეს სასწაულია? ნუთუ სხვა სამყაროში მოვხვდი? იქნებ სხვა განზომილებაში ვარ? პასუხს ვერ ვპოულობდი, თითქოს გაყინული მქონდა გონება.

ჩვენი გასეირნებაც ამით დამთავრდა.

***

შინ დაბრუნებულმა საშინელი დაღლა ვიგრძენი. სადილის შემდეგ ჩემს ოთახში შევედი და დაძინება ვცადე, თუმცა გონებიდან არ მშორდებოდა ერთი საათის წინ ნანახი აგარაკი. რატომ მომეჩვენა ასეთი ნაცნობი და ახლობელი? რატომ ამაღელვა ასე? ფიქრები ერთმანეთში მერეოდა, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი. მალე რული მომერია და ღრმა ძილს მივეცი თავი. მესიზმრა: ძალიან ძალიან სიმპათიური მამაკაცი, უგონოდ მთვრალი, ის სასთუმალთან მეჯდა სწორედ იმ აგარაკზე და სახიდან სახვევს მხსნიდა. ღმერთო ჩემო, ეს ხომ ვატოა! ვატო, ჩემი ქირურგი, მან მე პლასტიკური ოპერაცია გამიკეთა. სად ვარ? სიზმარია ეს ყველაფერი თუ სინამდვილე? ის თითს მიქნევდა, თითქოს რაღაცას მსაყვედურობდა. შიშისგან თვალები დავაჭყიტე, ოფლში ვიყავი გაწურული. გამახსენდა! მე ხომ ელენე მქვია! ელენე და არა ლელა. რა კოშმარია? ვინ ვარ სინამდვილეში? ლელა თუ ელენე? სიზმარია სინამდვილე თუ სინამდვილეა სიზმარი?

მოულოდნელად თავში ერთმა აზრმა გამიელვა. ლოგინიდან წამოვიჭერი და სასტუმრო ოთახში შლეგიანივით შევვარდი. ჩემი ძვირფასი «ქმარი» კომპიუტერს მისჯდომოდა და ინტერნეტში იქექებოდა. უნდა გავიგო, სად არის ელენე და რას აკეთებს. მისამართი არ მახსოვს, მაგრამ გვარი ხომ ვიცი? ვთხოვ გურამს და გამიგებს, მისთვის რა პრობლემაა, წამის ამბავია.

- გურამ, ერთი თხოვნა მაქვს, უარი არ მითხრა, გთხოვ, - მაცდური ღიმილით მივუახლოვდი შუბლშეჭმუხნულს, - ჩემი ცხენის სახელმა ერთი თანაკლასელი გოგო გამახსენა, იმასაც ელენე ერქვა. იქნებ შეხვიდე ინტერნეტში და გამიგო, სად ცხოვრობს, როგორ არის, ცოცხალია თუ არა?

- მისამართი იცი? - ამომხედა გურამმა.

- მისამართი არ მახსოვს, მაგრამ გვარი მახსოვს, - ისევ გავუღიმე და ჩემი ნამდვილი გვარი ვუკარნახე.

მან ძებნა დაიწყო.

- აი, ტელეფონის ნომერი ამოაგდო, დარეკავ? - მკითხა და მობილური მომაწოდა.

- ახლავე, ახლავე დავრეკავ, - აკანკალებულმა ძლივს ავკრიფე ციფრები.

არავინ მიპასუხა.

- ყურმილს არავინ იღებს, - დაღონებულმა მობილური უკან დავუბრუნე.

- კარგი, მაშინ მონაცემთა ბაზაში შევიხედოთ, - მან კვლავ დააწკაპუნა კლავიატურაზე და მონიტორს ყურადღებით მიაჩერდა, მერე დამწუხრებული მზერა ჩემზე გადმოიტანა.

- ვწუხვარ, მაგრამ შენი კლასელი ავტოავარიაში დაღუპულა აპრილის თვეში, საკუთარ სახლთან მანქანა დასჯახებია, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიმალულა, - თავი გადააქნია «ქმარმა».

«ძალიანაც კარგი, თუ ასე მოხდა, - გავიფიქრე იმწუთას, - ესე იგი, მე თავისუფალი ვარ და ლელა მქვია, არავითარი ქირურგი და ელენე არ არსებობს, ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია», - მაგრამ რომ ჩავუფიქრდი, ელენე შემეცოდა. «საწყალი გოგო, უაზროდ ცხოვრობდა, არაფერში არ გაუმართლა. ისე მოკვდა, ვერაფერი სასიკეთო ვერ ნახა ცხოვრებაში. წარმომიდგენია, როგორ უპატრონოდ დამარხავდნენ, მას ხომ არავინ ჰყავდა. მაგრამ მე? ვინ ვარ მე? ის ხომ მე ვიყავი სინამდვილეში?» - თავი ამტკივდა ფიქრისგან.

- რა გჭირს, საყვარელო? - მკლავზე შემეხო გურამი, - ნუთუ ასე ახლობელი იყო შენთვის?

- როგორ გითხრა, - შევყოყმანდი, - ჩვენ ვმეგობრობდით… ერთი უბედური გოგო იყო, ობოლი, გაჭირვებით ცხოვრობდა…

- ეჰ, რას იზამ, ჩემო კარგო, ყველას თავისი ბედი აქვს. არ იდარდო, შენ ჩემთანაც ბევრი მეგობარი გყავს, მათაც გაიხსენებ და ელენესნაირები დაგავიწყდება. მოდი ჩემთან, რადგან მეხსიერება გიბრუნდება, გამოდის, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ბედნიერი ვიქნებით ერთად, - მან კალთაში ჩამისვა და მოფერება დამიწყო.

რაღაც მომენტში თითქოს აღვიგზენი და კოცნას კოცნით ვუპასუხე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რასაც მოველოდი. რას მოველოდი? მოულოდნელად გონებაში სხვა მამაკაცის ტუჩები და ხელები ამომიტივტივდა და ის სხვა მამაკაცი გურამი ნამდვილად არ იყო… ვატო… ჰო, ქირურგი იყო. მან სხვანაირი მოფერება იცოდა, სხვანაირი კოცნა… მან სიყვარულიც კი სხვანაირი იცოდა.

მერე რა? სამაგიეროდ, ეს მდიდარია, წარმატებული ბიზნესმენი, ფულიანი, ჩემთვის არაფერი ენანება, ფუფუნებით მაცხოვრებს, ხელისგულზე მატარებს… განა ეს ცოტაა? რა თავში ვიხლი კარგ სექსს? რამდენი ცოლ-ქმარი ცხოვრობს წლების განმავლობაში ერთად და ნამდვილი სექსი რას ნიშნავს, არც იციან. ბოლოს და ბოლოს, სიყვარული სულ რაღაც ორი-სამი წელი გრძელდება, ფუფუნებაში ცხოვრება კი სულ მექნება. ახლა თუ არ მიყვარს, შევიყვარებ, ან სულაც, არც შევიყვარებ. ამით რა შეიცვლება? მთავარია, კომფორტულად ვგრძნობდე თავს. თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეპასუხაო, უცებ გურამი ალაპარაკდა.

გაგრძელება იქნება