"...სულ რაღაც ხუთ დღეში ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 550 მეტრი სიგრძის ხიდი ააგეს, რომელიც ტივტივებდა, 20 სანტიმეტრით წყალქვეშ იყო მოქცეული და 30 ტონას უძლებდა. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. ამ ტექნიკურმა მიგნებამ მთელი უკრაინის გათავისუფლება მოიტანა, ხოლო ირაკლი ციციშვილს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა... "ირაკლი ციციშვილის გმირობას მიეძღვნა ფილმი "ხიდი", რომელშიც მთავარ როლებს გიორგი შავგულიძე და მედეა ჯაფარიძე ასრულებდნენ. "ხიდი" ეკრანზე 1942 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა, მაგრამ დავიწყებას ისე მალე მიეცა, ქართული კინოს მშვენების, მედეა ჯაფარიძის ამ როლის შესახებ მისმა შთამომავლებმაც კი არაფერი იციან. ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე წლებია, ქართულ კინოსა და ქართველ მსახიობთა ცხოვრებას იკვლევს. "ხიდის" შესახებაც სწორედ იგი გვიამბობს.
- მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ხიდი" ასახავს მეორე მსოფლიო ომის საომარ ეპიზოდს. იარაღით დატვირთული ეშელონები ვერ გადადიან მდინარეზე, რომელზეც ფაშისტებმა ხიდი ააფეთქეს. კაპიტან ილო გიგაურს (გიორგი შავგულიძე) და მის ბატალიონს ხიდის სწრაფად აღდგენა ევალებათ. ბატალიონის სიმტკიცისა და გმირობის წყალობით საბრძოლო დავალება წარმატებით სრულდება - ხიდი აღდგენილია, იარაღითა და საჭურვლით დატვირთული ეშელონები კი დასავლეთისკენ მიდიან ფაშისტ დამპყრობთა შესამუსრავად. ფილმი ტიპური საბჭოთა, ანტიფაშისტური და პროპაგანდისტული პროდუქტია. ფილმის რეჟისორები არიან შოთა მანაგაძე და კონსტანტინე პიპინაშვილი, სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. მთავარ როლებს ასრულებენ იმ დროს დამწყები და სრულიად ახალგაზრდა მსახიობები - მედეა ჯაფარიძე, რომელიც მანანას განასახიერებს და გიორგი შავგულიძე. სამწუხაროდ, ,,ხიდს" ქართველ მაყურებელთა უმეტესობა არ იცნობს.
გოგი დოლიძე, კინომცოდნე: - ირაკლი ციციშვილმა თავად უამბო გიორგი მდივანს ხიდის აგების შესახებ. მდივანი ისეთი ნიჭიერი იყო, თუკი რაიმე ფაქტს ყურს მოჰკრავდა, სცენარს ერთ დღეში გაამზადებდა, სიუჟეტიც უცებ იქმნებოდა. ეს ფილმიც ომის პერიოდში ძალიან მალე გადაიღეს. ჩვეულებრივი საბჭოთა პროპაგანდა იყო, მხატვრული დონით ვერ დაიტრაბახებდა და დავიწყებასაც მალევე მიეცა.
ედიშერ ჯაფარიძე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი: - ირაკლი ციციშვილი 1918 წლის 17 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მან მთელი შეგნებული სიცოცხლე არქიტექტურასა და სამშენებლო ხელოვნებას მიუძღვნა, მისი სახელი კი დნეპრის ხიდის აგებამ უკვდავყო. არქივებმა შემოგვინახა ამ ფაქტთან დაკავშირებული საიდუმლო მასალები, რომელთაც გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამ საიდუმლო დოკუმენტებში არის ბერიას დაცვის ყოფილი უფროსის, რაფაელ სარქისოვის, ჩანაწერები, რომლებშიც ვკითხულობთ: "მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საბჭოთა არმია ფაშისტებს ძლიერ დარტყმებს აყენებდა, საქმე წინ მაინც ნელა მიიწევდა და მდინარე დნეპრის ფორსირებაც ჭიანურდებოდა. ამიტომ სიტუაციის გასარკვევად სტალინმა ადგილზე ლავრენტი ბერია მიავლინა. მას მეც თან ვახლდი. დნეპრის ფორსირება პირველ უკრაინულ ფრონტს უნდა მოეხდინა, რომელსაც არმიის გენერალი ნიკოლაი ვატუტინი მეთაურობდა, სამხედრო საბჭოში კი ნიკიტა ხრუშჩოვი შედიოდა. ადგილზე რომ ჩავედით და სიტუაციას გავეცანით, აღმოჩნდა, რომ დნეპრზე ხიდის გადება ვერ ხერხდებოდა და ბერიას სწორედ ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა…გაგრძელება