მუსიკოს გია დავითიანისა და ექიმ ეკა არჩვაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მათ ოჯახი გასულ წელს შექმნეს და ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას. პირადი ცხოვრების შესახებ ეკა არჩვაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:
მე დიდი ხანი მიჩვეული ვიყავი მარტო ცხოვრებას, საკუთარი პრობლემების თავად მოგვარებას. მაქვს სახლი, სამსახური, მყავს შვილები, რძლები, შვილიშვილები და მათზე ზრუნვაში გადიოდა დრო. რომ არა ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული, სუფთა გრძნობა და არა ანგარება, არანაირად არ ვიფიქრებდი ცხოვრების შეცვლას.
ხალხი იცნობს გიას, როგორც კარგ მომღერალს, მეგობრების, სამშობლოს მოყვარულს. მე დავამატებდი, რომ საუკეთესო მეუღლეა, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ქალისთვის მთავარია გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის. მე ამას ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად ერთად ყოფნა. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ გია დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავს, მკითხულობს.
ზოგს კითხვა უჩნდება: “ეჭვიანია”? არა, არ არის ეჭვიანი, ყურადღებიანია. აინტერესებს, თავს როგორ ვგრძნობ, რამე ხომ არ მჭირდება. კარგი იუმორი აქვს, ასეთ ადამიანთან ადვილია ურთიერთობა. ყოველ მეორე დღეს ბროწეულაში დადის. იქ საყვარელი ძაღლი ჰყავს, მეცხვარე, ქოფაკის ჯიშის. ამიტომ მუდმივად გარბის ხოლმე იქითკენ. იქიდან კი ფოტოებს მიგზავნის, თუ რომელიმე ყვავილი აყვავდა ან ჯერ კიდევ შემორჩა, ყველაფერს სურათს უღებს.
მე ორი ბიჭის დედა ვარ. ყოველთვის მინდოდა, გოგო მყოლოდა, მეტიჩარა, გაპრანჭული, მაგრამ სურვილი არ ამისრულდა და ეს სიყვარული რძლებზე გადავიტანე. გულწრფელად გეუბნებით, ასე მგონია, ნანატრი გოგონები შემომივიდნენ სახლში. ჩემი განწყობა ასეთი იყო, რომ მე არ ვარ შენთვის დედამთილი, ვარ დედა.
მე და გია ერთმანეთით ნამდვილად ბედნიერები ვართ. კიდევ ვიმეორებ, გადაწყვეტილებას ყოველთვის მარტო ვიღებდი. ზოგჯერ ახლაც მავიწყდება და ვინმე სადმე რომ დამპატიჟებს, ვპასუხობ, მოვდივარ-მეთქი. “მოვდივართ”, – მისწორებს გია. მოკლედ, ვსწავლობ მრავლობითში ცხოვრებას. გიას უნდა, ყოველთვის ვიყო მის კონცერტებზე, მის მეგობრებთან. მეც ვცდილობ, მისი სურვილები ჩემს სურვილებად ვაქციო.