„ჩემი მეუღლის გაღიმებას ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს... ჩემთვის ოჯახი მთავარია“ - გიგა კვეტენაძე ოჯახისა და კარიერის შესახებ - Marao

„ჩემი მეუღლის გაღიმებას ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს... ჩემთვის ოჯახი მთავარია“ - გიგა კვეტენაძე ოჯახისა და კარიერის შესახებ

2022-06-01 10:40:34+04:00

"ვცდილობთ, ჩვენს ურთიერთობაში რომანტიზმი სულ იყოს. ყოველდღიურობა ერთფეროვნებაში რომ არ გადაიზარდოს, ეს საჭირო და აუცილებელია", - ამბობს კალათბურთელი გიგა კვეტენაძე. რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს, რით ამაყობს, რა აკვირვებს და რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

 

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 16 იანვარი.

 

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...წარმატებული ადამიანი. სპორტით ყოველთვის ვიყავი გატაცებული, კალათბურთი გამორჩეულად მიყვარდა და მაინტერესებდა.

 

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ შრომისმოყვარე და მიზანდასახული.

 

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, იმ გზას გავივლიდი, რომელიც დღემდე გავიარე. შეცდომები, რა თქმა უნდა, დამიშვია, მაგრამ მტკივნეულად არც ერთი არ მახსენდება. ყველა შეცდომა გამოცდილებად ვაქციე.

 

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...18 წლის ასაკში, როდესაც ესპანურ გუნდთან პირველი კონტრაქტი გავაფორმე. ძალიან გახარებული და მოტივირებული ვიყავი, თავდაჯერებულობა მომემატა. იმ ასაკში და მით უმეტეს, იმ წლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა ნამდვილად მიღწევა იყო.

 

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ და დღესაც არიან: მშობლები, მეუღლე, შვილი... ჩემი აზრით, ადამიანი თავად თუ არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, თავად თუ არ გაქვს სურვილი, იყო წარმატებული, მხოლოდ გარშემო მყოფების მცდელობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. ვაცნობიერებ, მარტო ვერავინ ვერაფერს გახდება, მაგრამ წარმატების პროცენტულ წილში პირადი ინტერესი ჭარბობს.

 

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გვერდით მყავს ძალიან სანდო და საიმედო ადამიანები, ოჯახი მთავარია.

 

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მხარში ამოვუდგე მათ, ვისაც სჭირდება. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ხაზია, მთავარი მოწოდებაა. თანადგომის სანაცვლოდ არასდროს არავისგან არაფერს ვითხოვ, არც ველი, ამას ყოველთვის უანგაროდ ვაკეთებ და თავად პროცესისგან ვიღებ უდიდეს სიამოვნებას.

 

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ის, რაც ახლა ვთქვი. მიხარია თანადგომის უნარი რომ მაქვს. მომწონს, რომ შრომისმოყვარე ვარ, არასდროს ვნებდები, მებრძოლი გახლავართ. სულ ვფიქრობ, სხვას თუ გამოსდის, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოვინდომებ, მეც გამომივა. ბარიერები არ მთრგუნავს, მაძლიერებს. ბევრი რამ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეს უნარი ჩემს თავში ვიპოვე, ბავშვობიდან ასეთი ვარ, როცა რაღაც არ გამომდიოდა, ჟინი მემატებოდა და ადრე თუ გვიან საწადელს მაინც ვაღწევდი.

 

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ალბათ, ასეთი ბევრი თვისება მაქვს. არ ვიცი, კონკრეტულად რა ვთქვა.

 

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ შეცდომების დაშვების არ უნდა მეშინოდეს. ჩემს შვილსაც ამას ვეუბნები, ადამიანი ყველაზე მეტს საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

 

- პატიება შემიძლია...

- ...იოლად, მით უმეტეს მაშინ, თუ ის პიროვნება გულწრფელად ნანობს და შეცდომას აღიარებს. ადამიანები ისეთ შეცდომებსაც ვუშვებთ, რომელთა პატიებაც ყოველთვის იოლი არ არის. შეიძლება მერე ურთიერთობაც გაგიფუჭოს. მქონია ასეთი შემთხვევები, რამდენიმე ადამიანი დამიკარგავს.

 

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან წარმატებული უნდა ვიყო, ახლა ასეთი შემართება მაქვს.

 

- ვიბნევი...

- ...უკვე აღარ ვიბნევი, დაბნეულობა თინეიჯერობის და ბავშვობის წლებში უფრო მქონდა.

 

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო ესპანეთში დასასვენებლად. ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან "ახლობელია". ხალხს კარგად ვიცნობ, მეგობრულები არიან. ესპანეთი გასაოცარი ქვეყანაა.

გაგრძელება