მათ დღეს ხან "ჯინსების თაობად" მოიხსენიებენ, ხანაც "თვითმფრინავის ბიჭებად". 1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდამ: დავით მიქაბერიძემ, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, გეგა კობახიძემ, თინა ფეტვიაშვილმა, კახა და პაატა ივერიელებმა - საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი"TY-134 გაიტაცა. მათ თურქეთში გადასვლა სურდათ და... ხანმოკლე ფრენის შემდეგ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და სპეცრაზმმა შტურმით აიღო. დაიღუპა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. რაც შეეხებათ გამტაცებლებს, გია ტაბიძე თვითმფრინავის სალონშივე დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა, დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, დანარჩენები დააპატიმრეს. მოგვიანებით დაპატიმრებულთა რიცხვს შეემატა მღვდელი თევდორეც, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე. გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები და მღვდელი თევდორე სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპყრობილე 5,5 წლის შემდეგ დატოვა.
მუსიკოსი დათო ევგენიძე იმ ტრაგიკულ დღემდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:
- ჩვენ უბრალოდ ვამბობდით, რომ ჩვენ თქვენ არ გგავართ. ჩვენი პროტესტი იყო ჩვენი შემოქმედება, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. მაშინ ღამის კლუბები არ იყო, ერთმანეთის სახლებში ვიკრიბებოდით, სადაც პოეზიის საღამოებს, კონცერტებსა და კინოჩვენებებს ვმართავდით...
განსაკუთრებული ხუთეული გვქონდა მე, გეგა კობახიძეს, ირაკლი ჩარკვიანს, ლევან კერესელიძესა და დათო გომართელს. ლევან აბაშიძე მოგვიანებით შემოგვიერთდა, ის ჩვენზე უმცროსი იყო. ჩვენი მეგობრობა სკოლიდან დაიწყო. შატალოებზე "მუზასთან" ვიკრიბებოდით, ჩანთებს იქვე, ურნის უკან ვმალავდით, მერე ჩავუყვებოდით გზას ალექსანდროვის ბაღისკენ, თან ნაყინს ვჭამდით. იქიდან ამოვუყვებოდით ჩემს სახლთან, მაშინ რუსთაველის 44-ში ვცხოვრობდით. იქვე ფოტოსალონი იყო, სადაც ალიკა და თამაზა გვიღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. მერე ფულს შევაგროვებდით და ლაღიძეში ჩავდიოდით.
- თავგადასავლებიც არ გაკლდათ...
- 15-16 წლისები ვართ. ერთი გოგო მიყვარდა, რომელიც ლიკანში ისვენებდა. მე, გეგა და ირაკლი ჩარკვიანი წავედით. დილის 6 საათზე ჩავედით. არ ვიცოდით, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა. ველოდით, საიდან გამოვიდოდა. გავიხედე და დილის 7 საათზე ბაბუამისი, ცნობილი აკადემიკოსი, ვიღაც ბიჭთან ერთად გამოვიდა. ბიჭს ვკითხეთ, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა ჩემი შეყვარებული. პასუხად, შენ დათო ევგენიძე არა ხარ, სულ შენზე მელაპარაკებაო. მეც პირდაპირ კოტეჯში შევაკითხე, ეძინა, თავი წამოსწია და რომ დამინახა, შეუძლებელიაო, წაიბუტბუტა და ძილი განაგრძო, ეგონა, ვესიზმრებოდი. მერე დიდხანს ვისეირნეთ. ერთ ადგილას ხიდი უნდა გადაგვევლო, ფეხი აგვიცდა და ორივენი ტალახში ჩავცვივდით. მე მასთან დავსეირნობდი, ირაკლი და გეგა კი მოთმინებით მელოდებოდნენ. ასე დავყვებოდით ერთმანეთს. ხშირად ერთი გოგოც გვყვარებია, უფრო მეტად მე და ირაკლის... გაგრძელება