რამდენიმე დღეა ფემიციდი ისევ განხილვის თემაა. მართალია, ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრია, მაგრამ ქალთა უფლებადამცველები კანონში ცვლილებას და ფემიციდის ჩამდენთათვის ცალკე მუხლის ამოქმედებას ითხოვენ. სტატისტიკა მართლაც მძიმეა. 2019 წელს საქართველოში 19 ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს, 2020 წელს - 24, 2021 წელს - 22. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობისა და ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებიც. გასულ კვირას სამი ქალი გახდა მოძალადე ქმრის მსხვერპლი. ფაქტებს ისიც ამძიმებს, რომ ეს შემზარავი დანაშაულები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
ქვეყანა შეძრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორი მცირეწლოვანი შვილის, დისა და დისშვილის თვალწინ ახალგაზრდა ქალის მკვლელობამ. 26 წლის ზუგდიდელ სოფო კვარაცხელიას ავტობუსში მეუღლემ დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და ის იქვე გარდაიცვალა. დამნაშავე როინ მებონია დაპატიმრებულია. მკვლელობის მოტივზე არაფერს ამბობს, თუმცა დანაშაულს აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და არაფერი ახსოვს.
"საქმეში ჯერჯერობით არ გვაქვს მასალები, რატომ გამოწერეს ბრალდებული სტაციონარიდან, მაგრამ ფაქტია, მკურნალობდა და დღესაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ქმედების ჩადენისას შეეძლო თუ არა მას სრულად გაეცნობიერებინა, რას აკეთებდა, სერიოზულად გამოსაკვლევია. ცოლ-ქმარი იყო, ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ავტობუსში რა მოხდა, დაკავებული ვერ იხსენებს. ბრალდებას არ უარყოფს, შემთხვევის ადგილიდან არსად წასულა, პოლიციას ჩაბარდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ხსნის, იქ რა მოხდა. მედიკამენტებიც დანიშნული ჰქონია, მაგრამ ბოლო პერიოდში არ სვამდა" - განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
გამოძიება ადგენს, იყო თუ არა აღრიცხვაზე ბრალდებული როინ მებონია და რა დიაგნოზით გამოწერეს ის კლინიკიდან. პროკურორის თქმით, ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მართლაც აქვს მას ფსიქიკური პრობლემა თუ ამ გზით ცდილობს სასჯელისგან თავის დაღწევას...
როცა მოსამართლე მებონიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობდა, თბილისში ახალი დანაშაული მოხდა. ამ შემთხვევაშიც დღისით, ხალხის თვალწინ, დიდუბეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, თამარ ჭეიშვილს თავს ყოფილი მეუღლე ლევან ასლანიშვილი დაესხა და დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. ამ ფაქტსაც მათი შვილი შეესწრო, რომელიც დედას სკოლაში მიჰყავდა. ბავშვი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, თუმცა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია. ის სასწაულებრივად გადარჩა. ბრალდებულმა პროცესზე თავის მართლება სცადა და ყოფილი მეუღლე ბავშვების პროსტიტუციაში ჩართვაში დაადანაშაულა. ეს ამაზრზენი ბრალდება დაჭრილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გააპროტესტა...გაგრძელება