როგორ და რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს უცხო ენების შესწავლა? - Marao

როგორ და რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს უცხო ენების შესწავლა?

2012-10-17 14:47:29+04:00

დღეს მოდაში შემოვიდა ბავშვის ადრეული განვითარების მეთოდიკა, მათ შორის, უცხო ენების შესწავლის მხრივ.

თუმცა ფსიქოლოგები და პედაგოგები ადრეულ ასაკში ბავშვისთვის უცხო ენის შესწავლაში, პლუსებთან ერთად, მინუსებსაც ხედავენ. ორენოვან ოჯახებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვის მეტყველების განვითარება ასეთ ოჯახებში დუნედ მიმდინარეობს, ისინი შედარებით გვიან იწყებენ ლაპარაკს და ხანდახან მეტყველების სირთულეები და დეფექტებიც აღენიშნებათ.

მაშ ასე, კარგია თუ არა ბავშვისთვის ადრეულ ასაკში უცხო ენების შესწავლა? როგორ გავაკეთოთ ეს სწორად?

რას აძლევს ბავშვს უცხო ენები?

რა თქმა უნდა, უცხო ენის შესწავლა ბავშვს ბევრს აძლევს - ავითარებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს, ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ამაღლებს ერუდიციას და აყალიბებს ბავშვის ინდივიდუალურ ბუნებას. უცხო ენის ცოდნა მომავალში სწავლასა და საქმიანობაში გაუფართოებს არეალს.

უცხო ენის შესწავლისას ამოქმედდება მარცხენა ნახევარსფერო და ტვინის მარჯვენა ნაწილები - სწორედ მათი მეშვეობით ხდება ახალი სიტყვების დამახსოვრება, მათი მნიშვნელობის შესწავლა ინტონაციის ან გამოყენების თავისებურებები.

რომელი უცხო ენა ავარჩიოთ შესასწავლად?

ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ინგლისურ ენას ირჩევენ - ის ხომ პრაქტიკული, საერთაშორისო და ერთგვარი უნივერსალური ენაა. მაგრამ ჰარმონიული განვითარებისთვის ენის არჩევა არ უნდა ხდებოდეს მისი გავრცელების გათვალისწინებით, არამედ ბავშვის მიდრეკილებისა და ტემპერამენტის მიხედვით.

გსურთ, რომ არაორდინარული პიროვნება გაიზარდოს თქვენი პატარა? მაშინ უკეთესია, თუ პირველ უცხო ენად მისთვის იაპონურს აირჩევთ. დიახ, ის ყველაზე რთულია, მაგრამ მისი შესწავლის დროს აქტიურად ჩაერთვება ტვინის ორივე ნახევარსფერო და ბავშვი ყოველმხრივ განვითარდება.

თუ ბავშვი მუსიკალურია ან გსურთ, რომ განუვითაროთ სმენა - ჩინური ენა გჭირდებათ. მასში ტონის მიხედვით იცვლება ერთი და იგივე სიტყვის მნიშვნელობა. წარმოთქმის ტონი ჩინელებს უამრავი აქვთ, რაც მძლავრად ასტიმულირებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში მუსიკალურ ცენტრებს და ეხმარება სმენისა და მუსიკალურობის განვითარებას. ამასთან, ბევრი ექსპერტი-ლინგვისტი ამტკიცებს, რომ სწორედ ჩინურია - ჩვენი მომავალი ენა.

კომუნიკაბელური და ძალიან გახსნილი ბავშვისთვის ყველაზე კარგი იქნება რბილი ფრანგული ან ვნებიანი ესპანური ენა.

თუ თქვენი პატარა პრაქტიკული და ლოგიკურია, ყველაფრის მკაცრად განსაზღვრული წესით კეთება უყვარს, მაშინ მისთვის შესაფერისი უცხო ენა გერმანულია.

აი, მეოცნებე და ფანტაზიორი ბავშვისთვის, რომელსაც უყვარს კითხვა და ხატვა, ინგლისური ენა ზედგამოჭრილია.

როდის დავიწყოთ უცხო ენის შესწავლა?

თუ ოჯახში არიან სხვა ენაზე მოლაპარაკენი, რა თქმა უნდა, ბავშვთან საუბარი თავიდანვე ორივე ენაზე უნდა დაიწყოთ - და მაშინ უცხო ენის შესწავლის საკითხი თქვენს ოჯახში აღარ დადგება. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვისთვის აბსოლუტურად ორგანული იქნება ორ ენაზე ურთიერთობა, იქნებიან ესენი მშობლები, თუ უცხოელი მეგობრები.

როცა ოჯახი ერთენოვანია, რა ასაკიდან უნდა დააწყებინოთ ბავშვს უცხო ენის შესწავლა - ამ საკითხში ლოგოპედების, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. ბევრი ამტკიცებს, რომ ბავშვმა უცხო ენის შესწავლა ადრეულ, 5 წლის ასაკში უნდა დაიწყოს, მაშინ, როცა მშობლიური ენა უკვე მთლიანად ათვისებული აქვს; მეორენი ამტკიცებენ, რომ 3 წელი ზედგამოჭრილია ბავშვისთვის უცხო ენების შესწავლის დასაწყისად. ამ დროს ბავშვის ტვინი ყველაზე მოქნილია და გაკვეთილებს ისე აღიქვამს, როგორც თამაშს.

ნებისმიერ შემთხვევაში - გადაწყვეტილების მიღება მშობლებს მართებთ, მაგრამ ერთში პროფესიონალები თანხმდებიან: თუ ბავშვს აქვს მშობლიურ ენაზე მეტყველების პრობლემები ან ლოგოპედიური სირთულეები, მათი მთლიანად აღკვეთის მომენტამდე უცხო ენის შესწავლის დაწყება რეკომენდებული არ არის. ამან შესაძლოა გაართულოს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.

რომ დავაგვიანოთ?

8 წლის შემდეგ უცხო ენის შესწავლა უკვე რთულად მიმდინარეობს. ათვისებას უფრო ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება, გაჭირდება აქცენტის დაჭერა და წარმოთქმის სისწორე. ერთი სიტყვით, ენაში სრულყოფილების მიღწევა რთული იქნება.

10 წლამდე ტვინი უფრო მოქნილია. ამ ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ერთდროულად 2-3 ენის ათვისება. თუ თქვენ პოლიგლოტი შვილი გინდათ გყავდეთ, აუცილებელია, ენების შესწავლა ადრეული ასაკიდან დააწყებინოთ, მაგრამ თუ თქვენთვის საკმარისია, ბავშვს ენის საბაზისო ცოდნა ჰქონდეს, რათა, როგორც იტყვიან, "გაქცეული მოაბრუნოს" - შესაძლებელია შესწავლა 6-8 წლიდან დაიწყოთ.