სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. თუ ადრე ქალი, რომელსაც 30 შეუსრულდებოდა, შინაბერად ითვლებოდა და თავადვე გამოჰქონდა საკუთარ თავისთვის განაჩენი, ახლა ბევრი ქალბატონი შეგნებულად არ ჩქარობს გათხოვებას
რადგან პირველ ადგილზე მათთვის კარიერა და სტაბილური მატერიალური მდგომარეობაა. ეს კი, თავის მხრივ, პირადი ცხოვრებისთვის არც ძალას ტოვებს და არც დროს.
დღეს მარტოხელა ქალებს სულ სხვაგვარად უყურებენ. ისინი უკვე არ იწვევენ შეცოდებას და თანაგრძნობას გარშემომყოფების მხრიდან. თუმცა, თუ თქვენ მაინც გსურთ გათხოვება, გაგანდობთ რამდენიმე წესს იმისათვის, რომ 30 წლის შემდეგ ცხოვრების თანამგზავრი იპოვოთ.
იმისათვის, რომ იშოვოთ ქმარი და შექმნათ ბედნიერი ოჯახი, უნდა დაიწყოთ საკუთარი თავით. ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომლებიც ქალს ხელს უშლის, იბრძოლოს პირადი ბედნიერებისთვის.
ცხოვრების მეგზურის არჩევას 30 წლის შემდეგ, პირველ რიგში, ართულებს ის, რომ ქალი ამ დროს უკვე შემდგარი პიროვნებაა და მას გარკვეული მოთხოვნები აქვს მამაკაცების მიმართ. ის უკვე აღარ უყურებს მხოლოდ გარეგნობას და არ უსმენს საკუთარი სხეულის ხმას კონკრეტული მამაკაცის მიმართ.
ქალს აინტერესებს პოტენციური მეუღლის სოციალური სტატუსი, მისი მატერიალური მდგომარეობა, ბავშვებისადმი მისი დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა და წრე. ეს კი საგრძნობლად ამცირებს მომავალი ქმრის შესაძლო კანდიდატების არეალს.
ამიტომაც, თუ თქვენ გსურთ გათხოვდეთ, მაშინ მოგიწევთ, რომ უპირატესობების სია მინიმუმ ორჯერ შეამციროთ. ორიენტირება გააკეთეთ არა საფულესა და სოციალურ სტატუსზე, არამედ სულიერი კომფორტის შეგრძნებაზე, რომელიც კონკრეტულ მამაკაცთან ურთიერთობისას ან ჩნდება, ან არა.
კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც გათხოვებას უშლის ხელს - დადგენილებაა: მე აუცილებლად უნდა ვიშოვო ქმარი. ეს დადგენილება ბეჭედს ასვამს თქვენს ხასიათს და გარეგნობასაც. ასეთ ქალებს გამოხედვა მაძებრის აქვთ და ისინი მამაკაცს აძლევენ სიგნალს, რომ საყვარელ მამაკაცს კი არა, ქმარს ეძებენ. ეს მამაკაცებს აფრთხობს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ასეთი ქალებისგან თავი შორს დაიჭირონ.
გახსოვდეთ, რომ თავგადასავლების მაძიებელი ქალები უფრო იზიდავენ მამაკაცებს, ვიდრე ისინი, ვისაც შუბლზე აწერია: გათხოვება მინდა! მამაკაცები ბუნებით მონადირეები არიან და ამიტომაც ფრთხიან, როცა მათ აგრძნობინებენ, რომ ნადირობა ამჯერად მათზე მიდის.
შემდეგი ფაქტორია - შინაგანი წინააღმდეგობა. ერთი მხრივ, ქალი ოცნებობს ოჯახზე, მეორე მხრივ - მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ჩვევები, რომლებთან გამოთხოვებაც უჭირს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: მზად ხართ შეიცვალოთ, მოერგოთ სხვა ადამიანს, უარი თქვათ ჩვევებზე? უპასუხეთ ამ კითხვებს მაქსიმალურად გულახდილად და მიხვდებით, რომ ერთია აბსტრაქტული ოცნება და მეორე - იმის შეგნება, რაზე ხართ წამსვლელი.
ძალიან ხშირად ქალები ქვეცნობიერად იშორებენ პოტენციურ ქმარს, როცა ხვდებიან, რომ მის გამო მსხვერპლის გაღება მოუწევთ. ასე რომ, ქმრის ძებნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა და არა უბრალოდ მარტოხელა ქალის სტატუსის შეცვლა გათხოვილ ქალზე.
ბევრი ქალი თვლის, რომ თუ მან 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო მოეწყო თავისი პირადი ცხოვრება, მაშინ ის "წუნდებულია", იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ყველაფერი წესრიგში აქვს: საკუთარი ბინა, კარიერა, სოლიდური ხელფასი, ბევრი მეგობარი და ფართო ინტერესის სფერო. ქვეცნობიერად მაინც არსებობს კომპლექსი: მე რაღაც ისე არ მაქვს.
და ჩნდება დახურული წრე. ქალს არ უყვარს და არ აფასებს საკუთარ თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც სხვა შეიყვარებს და შეაფასებს სათანადოდ. იამაყეთ ყველა თქვენი მიღწევით და არ დაგავიწყდეთ ამის ყველა იმ ადამიანთან მოყოლა, ვინც თქვენს გვერდით არის.
გარშემომყოფებს უნდა შეექმნათ წარმოდგენა, რომ თქვენ - ჭკვიანი ხართ, ლამაზი და წარმატებული ცხოვრების ყველა სფეროში. არ გყავთ ოჯახი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენ არ გინდოდათ! და რომ ეს თქვენი კი არა, მათი პრობლემაა, ვინც ხელიდან გაგიშვათ.
შეცვალეთ შეხედულება თქვენი მარტოობის მიმართ და გარშემომყოფები შეცვლიან თქვენს მიმართ დამოკიდებულებას.
ტრანსპორტი, ქუჩა... საერთოდ, გაცნობა ყველგან არის შესაძლებელი. დაივიწყეთ სტერეოტიპები: წესიერი ქალები მამაკაცებს ქუჩაში და ტრანსპორტში არ იცნობენ. რა მნიშვნელობა აქვს - სად იქნება ეს, თუ თქვენთან მოსული მამაკაცი ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია.
სხვა საქმეა, რომ მასთან ერთად მაშინვე საეჭვო დაწესებულებისკენ ან, მით უმეტეს - მისი სახლისკენ არ უნდა გაემართოთ. პირველი პაემნისთვის შეარჩიეთ ადგილები, რომლებიც ძალიან კარგად იცით და სადაც თქვენ კარგად გიცნობენ.
გაცნობისთვის ძალიან კარგი ადგილია - კაფე, რომელიც თქვენს სახლთან ან სამსახურთან ახლოს მდებარეობს. გაიხადეთ ჩვევად, თუნდაც კვირაში ორჯერ მიირთვათ იქ ყავა ან ჩაი. თუმცა რეკომენდებულია, კაფეტერიაში მარტომ იაროთ და არა ჯგროდ, დაქალებთან ერთად.
დაჯექით ხოლმე ერთი და იგივე მაგიდასთან, მიირთვით შეკვეთილი სასმელი, იკითხეთ ან აკეთეთ ჩანიშვნები უბის წიგნაკში. საქმე ისაა, რომ ყველა კაფესა თუ ბარს ჰყავს მუდმივი კლიენტები და ისინი სიამოვნებით შედიან ურთიერთობაში მათთან, ვინც ასევე რეგულარულად ჩნდება მათ ტერიტორიაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ მათზე, ვინც ბარში რეგულარულად დადის დასალევად. დადეთ ფსონი მამაკაცზე, რომელიც, როგორც თქვენ, შერბის ყავის დასალევად ან წასახემსებლად.
გააანალიზეთ თქვენი მეზობლები. თქვენს სახლში აუცილებლად იცხოვრებს მარტოხელა მამაკაცი, თანაც თქვენთვის შესაფერის ასაკში. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ უნდა გაიცნოთ ის უფრო ახლოს? გაუღიმეთ, მიესალმეთ, ჰკითხეთ რჩევა ან სთხოვეთ დახმარება.
ნუ მოგერიდებათ გონიერი ინიციატივის გამოხატვის. თუმცა აქ ერთი ნიუანსია: თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს მამაკაცი მზად არის დაახლოებისთვის, მაშინ არ ღირს ყველას თვალწინ მისი მოხიბვლა. ხომ არ გინდათ, ჭორის ობიექტი რომ გახდეთ?
ფიტნეს-კლუბი - შესანიშნავი ადგილია ნაცნობობისთვის. თუმცა აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი: თქვენი ფიზიკური ფორმა. თუ თქვენი სხეული ფორმაში არ არის, საეჭვოა, ამ დაწესებულებაში მამაკაცის ყურადღება მიიპყროთ. ის მამაკაცები, რომლებიც ფიტნესით რეგულარულად არიან დაკავებულები, აპრიორი კარგ სხეულზე აკეთებენ ორიენტირებას. ისინი თავად ძერწავენ საკუთარ სხეულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტკუნებს ყურადღებას არ მიაქცევენ.
და მეორე ფაქტორი: მხოლოდ ფიტნეს-კლუბში სიარული და თვალების ჟუჟუნი არ გიშველით. უნდა მოძებნოთ მეთოდი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. ფიტნეს-კლუბში მამაკაცთან ურთიერთობის დაწყება შესაძლებელია, უბრალოდ, იმ კლუბზე საუბრით, სადაც ერთად დადიხართ ან კომპლიმენტით, რომელიც ხაზს გაუსვამს მამაკაცის ნავარჯიშებ სხეულს. ხშირად მამაკაცები თავად იჩენენ ინიციატივას მაშინვე, როგორც კი მიხვდებიან, რომ თქვენ კლუბში რეგულარულად დადიხართ და თან მარტო.
უამრავი "ელექტრონული მაჭანკალი" სთავაზობს მომსახურებას მათ, ვინც გათხოვებაზე ოცნებობს და მათი კლიენტების უმრავლესობა 30 წელს გადაცილებული ქალია.
ურიგო არ იქნება, თუ ეწვევით გაცნობის საიტებსაც, მაგრამ იქიდან ფასიანს, კარგი რეპუტაციის მქონესა და მაქსიმალურად მისაღებს შეარჩევთ. იქ მართლაც იმაზე მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი და ამ საიტისთვის გაწეული თქვენი ხარჯი, დიდი შანსია, დაგვირგვინდეს კარგი ქორწინებით. მაგრამ ნუ ფიქრობთ, რომ ასეთ საიტებზე იოლი იქნება "საკუთარი ბედის" პოვნა. ამისათვის ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. მეტიც, ყოველი წარუმატებლობა შესაძლოა, რომ სერიოზული იმედგაცრუების მიზეზი გახდეს.
ეს, რა თქმა უნდა, გაცნობის ადგილი არ არის, მაგრამ ძველი მეგობრებისგან ორნაირი სარგებელი შეიძლება რომ მიიღოთ. პირველ რიგში, მათ შეუძლიათ, რომ ვინმე გაგაცნონ. მეორეც, იცოდით, რომ ბავშვობის მეგობრებისგან ძალიან კარგი მეუღლეები გამოდიან? გაიხსენეთ, ვისთან გქონდათ თბილი და ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. და დაიწყეთ იმ მამაკაცების მოძებნა, რომლებიც ოდესღაც გულს გიჩქროლებდნენ.
დიახ, ვიცით, რომ უმეტესობა უკვე ცოლშვილიანია, მაგრამ შეუძლებელია, რომ მათ შორის მარტოხელაც არ ერიოს (ან უკვე განქორწინებული). დაპატიჟეთ ის სახლში. მამაკაცები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სენტიმენტალური ხალხია. მათ ძალიან ესიამოვნებათ ბავშვობის მეგობართან საუბარი, ძველი, უდარდელი დროის მასთან ერთად გახსენება. და თუ საუბარი გულითადი გამოვა, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ პირველ შეხვედრას გაგრძელება მოჰყვეს.
და საერთოდაც, ქმრის ძიება - ეს ერთგვარი სამუშაოა. ამის კეთება სისტემატურად არის საჭირო და არა, როცა დროს გამონახავთ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, შეცვალეთ საურთიერთო წრე, ხშირად გადით ხალხში. და რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა და ნუ დაზოგავთ დროსა და ენერგიას საქმროს მოსაძებნად. ჰო, და კიდევ... შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებიც აუცილებლად შეგიყვარებენ.