იცით, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები? რა თქმა უნდა, იაპონიაში. მათი სიცოცხლის გახანგრძლივება სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. აბა, ოცდაათი წლის განმავლობაში ტყუილად ხომ არ იკვლევდნენ რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის ხანმოკლეობის მიზეზებს.
სხვათა შორის, კვლევებს ატარებდნენ არა მარტო მედიკოსები, არამედ სტატისტიკური სამმართველო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად! კვლევების დასრულების შემდეგ, მედიკოსებმა სახელმწიფო დაკვეთით დაამუშავეს პროგრამა "ერის ჯანმრთელობა 21-ე საუკუნეში", რასაც თქვენც წარმოგიდგენთ.
დარჩი ისეთი, როგორიც იყავი
მთავარი დასკვნა, რაც იაპონელებმა კვლევების შედეგად გამოიტანეს, გახლავთ სიცოცხლის ხანგრძლივობის უშუალო დამოკიდებულება ადამიანის წონის მერყეობასა და მის სულიერ მდგომარეობასთან.
აღმოჩნდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს არა ზედმეტი, არამედ მხოლოდ ის წონა, რომელიც გვემატება განსაზღვრულ ასაკში! სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ოცდაათი წლის შემდეგ, წონის მატება სიცოცხლეს ერთი წლით ამოკლებს.
როგორც კი ადამიანს 50 წელი უსრულდება, ყოველი კგ წონის მომატებით მას ორი წლის სიცოცხლე აკლდება.
ამ მოვლენის უმთავრესი მიზეზი გახლავთ უმოძრაობა, ერთგვაროვანი საკვები კალორიების დიდი რაოდენობით და სტრესებისადმი მიდრეკილება.
კირკიტა იაპონელებმა გამოითვალეს, რომ ჩვეული წონის შესანარჩუნებლად აუცილებელია დღეში დაახლოებით ათი ათასი ნაბიჯის გადადგმა ან კვირაში ორჯერ საათნახევრიანი ფიტნესი. ამასთან, რა თქმა უნდა, სწორი კვებაც საჭიროა:
ყოველდღიურად მიირთვით 350 გ ბოსტნეული, ხოლო ტკბილი და ცხიმიანი საკვები, არა უმეტეს 100 გრამისა.
თუ გსურთ ახალგაზრდული გარეგნობის დაბრუნება, უნდა იზრუნოთ სულიერი წონასწორობის აღდგენაზე: გაზრდილი ნერვული დაძაბულობა სისხლში "აშხაპუნებს" ჰორმონ კორტიზოლის მომატებულ დოზას, რომელიც ორგანიზმს აიძულებს წარმოქმნას კანქვეშა ცხიმი, რაც გარე უსიამოვნების დამცველად გვევლინება.
სწორედ ეს ცხიმი არათანაბრად ილექება სხეულზე და იწვევს ზედმეტ დატვირთვას გულზე, ღვიძლსა და სახსრებზე. იაპონელების კვლევების შედეგების თანახმად, 40 წლის შემდეგ ყოველი კილოგრამის მოცილება იწვევს:
1. მომატებული არტერიული წნევის დაკლებას (არსებობს მკაცრი კანონზომიერება - სხეულის მასის 1%-ით დაკლებით არტერიული წნევა 2 ერთეულით მცირდება);
2. ვენის ვარიკოზული დაავადების განვითარების შენელებას (1 კგ - 1 წელი).
3. ართროზისა და ხერხემლის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკის შემცირებას, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის გაუმჯობესებას (5 კგ წონის დაკლება შინაგან ორგანოებსა და სახსრებს 4 წლით "აახალგაზრდავებს").
ლამაზი აღნაგობის არითმეტიკა
ყველამ ვიცით, რომ "ცხიმოვან მარაგში" თავს იყრის საკვებიდან მიღებული ზედმეტი კალორიები. ლოგიკური დასკვნა: წონის დასაკლებად იმაზე მეტი კალორია უნდა დაიწვას, ვიდრე იღებ.
არსებობს კალორიის რაციონის ნორმატივი: 35-39 წ. - 2000 კალორია, 40-45 წ. - 1800 კალორია, 45 წლის შემდეგ - 1600 კალორია. მაგრამ იაპონელი მეცნიერების გამოკვლევების თანახმად, ეს ნორმატივები პირობითად არ ასახავს ადამიანის პირად პარამეტრებს. საკუთარი ენერგიის მოთხოვნილების განსასაზღვრელად შეავსეთ რაციონის კალორიის გაანგარიშების (კრგ) ტაბულა.
ყურადღება მიაქციეთ ტაბულის მეექვსე ხაზს. თუ თქვენ გახდომა გსურთ, თქვენი პარამეტრი H=200 (ქალებისთვის), H=400 (მამაკაცებისთვის). თუ გინდათ წონის შენარჩუნება, მაშინ H =0. წონა ნორმაზე ნაკლები გაქვთ? ამ შემთხვევაში გირჩევთ რაციონის კალორიის მომატებას და გამოკლების ნაცვლად დაამატეთ 200-300 კალ.
ყურადღება! რაციონისთვის საჭირო კალორიის (რსკ) გამოთვლის დროს, გახსოვდეთ, რომ მიღებული შედეგი არ უნდა იყოს რაციონის დღე-ღამის ნორმის მინიმუმი ქალებისთვის რსკ (MIN)=1200 კალ-ს, მამაკაცებისთვის რსკ (MIN)=1500 კალ-ს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გაახალგაზრდავების მაგივრად, თქვენს ჯანმრთელობას საგრძნობ ზიანს მიაყენებთ!
შეგახსენებთ, რომ 100 გ პროდუქტის კალორიულობის მაჩვენებელი მითითებულია პროდუქტის ეტიკეტზე, ხოლო ბურღულეულის, ხორცის, ბოსტნეულის კალორიების გაგება შესაძლებელია სპეციალური ტაბულების მეშვეობით.
კარგი გუნება-განწყობილება
წონასთან დაკავშირებული საკითხები ასე თუ ისე, გავიგეთ. ახლა ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სულიერ კეთილდღეობას. პედანტმა იაპონელებმა სკრუპულოზურად შეისწავლეს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების ყველა ფაქტორი და გამოყვეს შვიდი გადამწყვეტი პირობა.
მოკლედ, თუ თქვენ გსურთ, შეუერთდეთ მსოფლიო მოძრაობას, "ხანგრძლივი, აქტიური სიცოცხლე", მაშინ შეასრულეთ შემდეგ მოთხოვნები:
1. დასაძინებლად დაწექით კარგ ხასიათზე! თუ გაბრაზებული და ანერვიულებული ხართ, მიიღეთ თბილი აბაზანა ან შხაპი, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი, გაერთეთ და უყურეთ გასართობ პროგრამებს. მოკლედ, შეეცადეთ, გუნება-განწყობილება გაიუმჯობესოთ. თუ ამ პირობას შეასრულებთ, სიცოცხლეს 8-10 წლით გაიხანგრძლივებთ.
2. მიირთვით ნატურალური პროდუქტები. უარი თქვით ნახევარფაბრიკატებსა და ფასტ-ფუდის საქონელზე. დამატებით მიიღეთ ვიტამინები და სიცოცხლეს 15-20 წლით გაიხანგრძლივებთ.
3. დაიცავით მოძრაობის აქტივობის ნორმები: ფეხით იარეთ რაც შეიძლება ბევრი, ყოველდღე მსუბუქად ივარჯიშეთ ან კვირაში 2-ჯერ სერიოზულად მაინც. სიცოცხლეს 8-10 წლით გაიხანგრძლივებთ.
4. აუცილებელია სრულფასოვანი დასვენება. სამუშაო დღის განმავლობაში ოთხჯერ 20-20 წუთით დაისვენეთ - დახუჭეთ თვალები, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები და გაიარ-გამოიარეთ, თუ სამსახურში ჯდომა გიწევთ.
მაგრამ თუ მოძრავი სამუშაო გაქვთ, მაშინ დაჯექით, სხეული მოადუნეთ, ფეხები გაჭიმეთ. დიდი შესვენების შემდეგ მოიწყვეთ ხანმოკლე "სიესტა". თუ ამ პირობებს დაიცავთ, აქტიური ცხოვრების მომატების 5-8 წელი გარანტირებული გაქვთ.
5. თბილი წყალი - სხეულის დასატენიანებლად და რელაქსაციისთვის.
რეგულარულად მიიღეთ აბაზანა, შხაპი და სვით ყლუპ-ყლუპით წყალი, როცა არ გწყურიათ, მაშინაც კი. დღეში 1 ლ მინერალური წყალი მაინც უნდა დალიოთ. იაპონელებმა გამოარკვიეს, რომ როდესაც წყურვილი შეგაწუხებთ, მაშინ უჯრედები უკვე დაცლილია სითხისგან და წყლის დალევა დაგვიანებულია.
ასევე დღის განმავლობაში დალიეთ 1-2 ჭიქა ჩაი. ყავა რეკომენდებულია სადილის შემდეგ, რათა გაუმჯობესდეს საკვების გადამუშავება და შრომისუნარიანობის აღდგენა. დილაობით კი უმჯობესია ახალგამოწურული ხილის წვენი და მწვანე ჩაი. ამ წესების დაცვით სიცოცხლის 10-15 წელი მოგემატებათ.
6. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდილობის ფორმებს. არ დაგვავიწყდეთ დროულად მადლობის გადახდა, ღიმილით მისალმება და დამშვიდობება, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა, რაც თქვენც და თქვენს თანამოსაუბრეებსაც სიცოცხლეს 5-7 წლით გაგიხანგრძლივებთ.
7. ყოველწლიურად ჩაიტარეთ სრულფასოვანი დისპანსერიზაცია. იაპონელების გამოკვლევების თანახმად, სამედიცინო დისპანსერიზაცია სიცოცხლეს მინიმუმ 2-3 წლით ახანგრძლივებს.
ერთი სიტყვით, იყავით იაპონელებივით ზრდილი, მოძრავი, აქტიური, დაიცავით კვების წესები და იცოცხლეთ ხანგრძლივად და ჯანმრთელად!
ჟურნალი "ბომონდი"