მსახიობი ნანა დათუნაშვილი ყველასთვის საყვარელი გოგიჩას, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის, დედა, ვაჟის გარდაცვალების შემდეგ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, თუმცა, როდესაც აქვს შანსი, რომ თავის პროფესიას, მსახიობობას, დაუბრუნდეს, იმ წუთებით ბედნიერია. მსახიობების წყვილი – ქალბატონი ნანა და მისი მეუღლე, სოსო გოგიჩაიშვილი, 20 წელია, თეატრის გარეშე ცხოვრობს. არადა, ერთ დროს რუსთავის თეატრის წამყვანი მსახიობები იყვნენ. როგორია ნანა დათუნაშვილის ცხოვრება თავის დიდ ტკივილთან ერთად, ამის შესახებ ის ,,სარკეს” უამბობს:
– ჩემი ცხოვრება დიდი ხანია სხვანაირად შეიცვალა და სულ სხვა ემოციები მაქვს. ჩემი ტრაგედია სულ თან დამყვება, ამიტომ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ. ჩემი ემოციები არ არის სხვა ადამიანების ემოციების მსგავსი, კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი.
ასე მგონია, რომ ეს სამყარო უკვე ჩემი აღარ არის, მე უფრო იქით ვარ ფიქრებით და ემოციებით წასული. ხანდახან, როცა ვინმეს გავახსენდები და მიწვევენ გადაღებებზე, მაშინ ცოტა გამოვცოცხლდები ხოლმე. ამ დროს მაქვს გარესამყაროსთან შეხების წერტილები.
– რამდენ წელს ითვლის თქვენი ოჯახი?
– 63 წელია უკვე. როცა დიდი სიყვარულია, იქ დათმობაც ბევრია. თუ გინდა, რომ მყარი ოჯახი გქონდეს, პატარა რაღაცებზე ჩხუბი არ უნდა ატეხო. შემდეგ შვილები არ გვაძლევდნენ იმის უფლებას, რომ ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა რამე.
გოგიჩა ძალიან ემოციური ბავშვი იყო, პატარა რაღაცაზეც ძალიან დასევდიანდებოდა. ამიტომ ვცდილობდით, უარყოფითი გარემო არ შეგვექმნა. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანს დაუთმო. დამიჯერეთ, ამ 63 წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახში ჩხუბი არ გვქონია. ასე იყო გიორგიც. არ მახსოვს, რომ მეუღლესთან ეკამათოს. როცა ნათია შემოვიდა ჩვენს ოჯახში (ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, გოგიჩას ცოლი, ავტ.), მანაც იმხელა სიყვარული დამანახა, დღემდე ვგრძნობ, რომ ხანდახან მშობლებზე წინ მაყენებს.
– ანუ არასოდეს გქონიათ რძალდედამთილური პრობლემები ოჯახში?
– არა, როგორ გეკადრებათ! ძალიან ზრუნავს ჩვენზე. ერთს რომ დავიწუწუნებთ, მაშინვე ხან ექიმთან წაგვიყვანს. თვითონაც ძალიან კარგი ადამიანია და მეც ძალიან ბევრი კარგი გავუკეთე. ოჯახი და ბავშვები საკუთარ თავზე ავიღე და კარიერაში განვითარების საშუალება მივეცი.
– როგორ შეძელით ამ უდიდესი ტკივილის გადატანა, რა იყო ის ძალა, რამაც ცხოვრების გაგრძელების სტიმული მოგცათ?
– ოჯახში ისეთი განცდა გვაქვს, რომ გიორგი სულ სახლშია და ბევრ რამეს გვიმსუბუქებს. თუ ვიხსენებთ ხოლმე გიორგის, მხოლოდ დადებითს, მხიარულ ისტორიებს. წარსულში არც გვიყვარს ლაპარაკი. ასეთი დამოკიდებულებით გადაგვაქვს ყველაფერი. გარეთ გასვლა იმიტომაც არ მიყვარს, რომ გიორგის სულ სახლში ვგრძნობ.
რასაც უნდა ვაკეთებდე, ფიქრებით სულ მასთან ვარ, სულ ისე ვიქცევი, როგორც მას უნდოდა. როცა ვიღაცებზე გავბრაზდებოდი ან ცუდს ვიტყოდი, გიორგიმ იცოდა ერთი სიტყვის თქმა: ,,დედა”. ახლაც სულ ასე ვიქცევი, როგორც გიორგის მოეწონებოდა.
წყარო: ჟურნალი "სარკე"