მედეა ჯაფარიძე - ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე. ის 1994 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მედეა ჯაფარიძის სახელი უკვდავია, მის მიერ შესრულებული როლები კი - დაუვიწყარი.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვ.
მისი წარმატებების პარალელურად, საინტერესოა მედეა ჯაფარიძის პირადი ცხოვრებაც. ბევრს არ ეცოდინება, რომ უმშვენიერესმა მსახიობმა საკუთარ გვარზე უარი თქვა და დედის გვარი მიიღო. მისი მამა, ვალერიან მაჭავარიანი, მენშევიკი იყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მედეამ დედის გვარის ტარება ამჯობინა.
როგორც ცნობილია, მედეას მამა ემიგრირებული იყო, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ კი საფრთხის ასარიდებლად ის დედის გვარზე ოფიციალურად გადავიდა. თავად ყოველთვის ამბობდა, რომ დედა ძალიან უყვარდა და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო, სიმართლე კი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი.