სპეციალურად მომზადებულ ძაღლებს შეუძლიათ დიდი სიზუსტით დაადგინონ ონკოლოგიური დაავადებები, ისეთებიც კი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჯერ კიდევ ახალფორმირებულია.
ლუსი და გლენი პირველი "ოთხფეხა ექიმები" არიან, რომლებმაც იტალიის ქალაქ ტრენტინოს საავადმყოფოში დაიწყეს "მუშაობა". ორმა ლაბრადორმა მზადება დიდ ბრიტანეთში გაიარა. ისინი ცოცხალი "ლაბორატორიები" არიან ცხვირებით, რომლებიც არასდროს ცდებიან. ისინი სიმსივნეს გრძნობენ ჯერ კიდევ სამეცნიერო ტესტების ჩატარებამდე და არა მხოლოდ. ისინი რეაგირებენ პირველი ტიპის დიაბეტიანების სისხლში შაქრის დონის დაცემაზე და შეუძლიათ ნარკოლეპსიის დიაგნოსტირება.
ინგლისელებმა პირველებმა დაიწყეს ამ "სათუთი დინგების" შესაძლებლობების გამოყენება მას მერე, რაც ამ კუდიანი "ექიმების" უნარები მეცნიერულად შეისწავლეს.
ლუსი ექვსი წლისაა, ის ვეტერანია და უკვე გააოცა გამოცდაზე მიწვეული იტალიელები. გლენი კი 18 თვის ლეკვია, მისი სწავლება იტალიურ კლინიკაში დასრულდება. ასე გამოდის, რომ ლუსი წამყვანი სპეციალისტია, გლენი კი - მოწაფე.
ლუსის შეუძლია პროსტატის, ფილტვების, თირკმელების სიმსივნის დიაგნოსტირება.
პროფესორი დიეგო პინტარელი, რომელიც ექიმების ოთხფეხა თანაშემწეების მუშაობას კურირებს, ამბობს: "ინგლისში, სადაც ძაღლებს დიაგნოსტიკური მიზნებით რამდენიმე წელია იყენებენ, არაერთხელ დამტკიცდა, რომ მათ შეუძლიათ ამოიცნონ სიმსივნური უჯრედების არსებობა დაავადების დაწყებით სტადიებზე".
"15 წელზე მეტია, ვიკვლევთ ძაღლების შესაძლებლობებს და მათ კლინიკებში სამუშაოდ ვამზადებთ. ყველაზე მთავარი დასკვნა, რაც გავაკეთეთ, ასეთია: სიმსივნურ უჯრედებს თავისებური სუნი აქვს, როგორც ვირუსებსა და ბაქტერიებს და ამიტომაც ახერხებენ ძაღლები მის გამოვლენას", - აღნიშნავს ბრიტანელი ექიმი კლერ გესტი.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)