მაყურებელი მასობრივად მაინც სატელევიზიო სერიალებიდან და ამა თუ იმ შოუდან იცნობს, თეატრის მოყვარულებმა კი მისი როლები და სპექტაკლები უკეთესად იციან... მსახიობ ნინო მუმლაძეს ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც მუდმივად დიდ დროს, ენერგიას და ემოციას უთმობს. წუხს იმაზე, რომ მისი საქმე დაუფასებელია, რომ მსახიობი, თავისი შრომის შესაბამისად, ფინანსურადაც წელში გამართული ვერ არის...
"ჩვენი საქმე ძირითადად რომანტიზებული ეჩვენებათ, ვიდრე რეალურად არის...„თეატრალურში“ რომ ვაბარებდი, ვიღაცები მეუბნებოდნენ, არ გირჩევ, არ გინდა" - რაც ძალიან მიკვირდა, მაგრამ ახლა, როცა ვიგებ, ვინმე მსახიობობას აპირებს - ვურჩევ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კარგად დაფიქრდეს,“ - გვეუბნება ნინო და წუხილით აღნიშნავს იმას, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა სირთულეების გადალახვა უწევთ მსახიობებს იმისთვის, რომ პროფესიაში იარსებონ.
"ეს სირთულეები დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვანები სათანადოდ არც ფინანსურად და არც მათ მიმართ დამოკიდებულებით არ ფასდებიან. ადრე სხვა დამოკიდებულება იყო...
რაც დრო გადის, არავის ადარდებს ემოციურად როგორ ვიწურებით, რომ დღე და ღამე თეატრში ვართ და ვიხარჯებით... და კიდევ ვიღაცებს შეუძლიათ თქვან, რომ - ჩვენ ვერთობით და რაღაცას ვმაიმუნობთ... სინამდვილეში თითოეული როლის შესასრულებლად დიდი ადამიანური რესურსია საჭირო,“ - აღნიშნავს ნინო მუმლაძე.
- და მსახიობობა შენი მხრიდან არ იყო სწორი გადაწყვეტილება?
- მაინც ის პროფესიაა, რომელიც კარგად მეხერხება. რა ნიჭიერი ვარ-მეთქი, - ამას არ ვამბობ, - საკუთარი თავის ასე შეფასება სწორი არ იქნება. ჩემზე ნიჭიერებიც არიან, მაგრამ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიყვარს ჩემი პროფესია და ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში ამ შრომას მეტი დაფასება ჰქონდეს...
- სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ფოტოები ატვირთე, ვარჯიში დაგიწყია და წონაც დაკლებული გაქვს...
- პანდემიის პერიოდში ძალიან მოვიმატე. მთელი ცხოვრებაა ჭარბ წონას ვებრძვი, რადგანაც წონის მომატებისკენ დიდად მიდრეკილი ვარ. პანდემიის დასრულების მერე, მეგონა, ფორმაში ჩავდგები, დაკლებას აქტიურად დავიწყებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც 2 წელი დავისვენე, ერთბაშად ბევრი საქმის კეთებამ მომიწია. ჭამა უმეტესად გარეთ მიხდებოდა, გადარბენა მქონდა და დაკლების ნაცვლად წონაში მოვიმატე. ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე. მივხვდი, ამ ამბავს ჩემით ვეღარ მოვერეოდი, ვიღაც უნდა დამხმარებოდა. ამიტომ ერთ კარგ ფიტნეს-ინსტრუქტორს მივმართე. ანრიმ სასწაული მოახდინა.
- რას გულისხმობ?
- ფსიქოლოგიურად სწორად მომიდგა. ვარჯიშების დაწყებამდე ანალიზების ჩატარება მომთხოვა, ვიტამინები დამინიშნა და როდესაც ამის ფონზე ოდნავ ჯანსაღად ვიგრძენი თავი, დიეტა მერე დავიწყე.
აგრესიულ ვარჯიშს თავიდანვე არ შევდგომივარ, ფიზიკურ აქტივობას ორგანიზმი ნელ-ნელა, ეტაპობრივად შემაჩვევინა. არ მაკომპლექსებს, უბრალოდ მარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია. სწორი მიდგომა აქვს ფსიქოლოგიურადაც და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. მოკლედ, დიდი სტიმული მომცა და ამის გარეშე რაც არ უნდა გინდოდეს, რთულია პრობლემის დამარცხება. მოკლედ, ჯანსაღი კვება, ვარჯიში და სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა - ესაა ის, რასაც ახლა დროს ვუთმობ, ამიტომ, სავარჯიშოდ სიხარულით გავრბივარ. წონის კლებაც მიდის და ეს პროცესი კიდევ წინ არის.