ნანა ჩარკვიანმა „პრაიმ-ტაიმის“ ეთერში გელა ჩარკვიანისა და მისი მეუღლის გაცნობის ისტორია გაიხსენა:
“ბაბუაჩემი სულ ჰყვებოდა, მე რომ რამდენიმე წამით ადრე გამოვსულიყავი სახლიდან, ავტობუსს რომ არ დაეგვიანა, ვერ გავიცნობდიო ნანას.
ეს რაღაც მაგიური, წამზე დამოკიდებული ცხოვრება და პერსპექტივა ჩემთვის ძალიან მიმზიდველია.
ბედი მუშაობს და ის საათიც, რომელიც შენ არ იცი, როგორ მუშაობს და ვინ ამუშავებს. ჩემთვის ეს არის ცხოვრებასა და სიყვარულში ერთადერთი სინამდვილე, რაც დაგვრჩა”, – აღნიშნა გელა ჩარკვიანის შვილიშვილმა.
გელა ჩარკვიანის სიყვარულის შესახებ ლეგენდები მთელ ქალაქში დადიოდა. ის მეუღლეს ხშირად უძღვნიდა ემოციურ წერილებს.
„ბოდიში მაქვს მოსახდელი იმაზე, რომ ნანასთან ურთიერთობისას სიტყვით არასდროს გამოვხატავდი იმ ყოვლისმომცველ გრძნობას, რომელიც მასთან მაკავშირებდა; იმ სითბოს, მთელ სხეულში რომ დამივლიდა მისი სახელის ხსენებისას, ან მისი სახის გონებაში წარმოსახვისას სადმე, შორეული ქვეყნის სასტუმროს ნომერში.
ვიცი, ნანამ იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში, როცა არაერთმა სენმა შემოუტია და დაუხმარებლად მარტივი, ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადაჭრასაც ძნელად ახერხებდა, ეჭვები გაუჩნდა. ერთხელ მწარედაც იხუმრა: მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო. ყოველ ღამე, როცა ჩემგან განსხვავებით, ნანას მშვიდად ეძინა, ჩემს თავს ფიცს აღვუთქვამდი, რომ ხვალ ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული ლანჩის შემდეგ, რომლისთვისაც კერძს მე ვამზადებდი და სუფრასაც მე ვაწყობდი, დავსვამდი ნანას მის ძველებურ სავარძელში და იმ იდიოტური მამაკაცური შეცბუნების გარეშე, გულწრფელად აღვუწერდი ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას. ძველებურად მოვეფერებოდი და გავუფანტავდი ყველა ეჭვს. ეს „ხვალ“ არასდროს დადგა...“ - წერდა გელა ჩარკვიანი ნანას შესახებ.
"ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება, მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა... ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს..." - ამბობდა ჩარკვიანი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.