მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ადამიანია, ბოლო პერიოდში ის საკუთარი ფოტოების დადებას ერიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი მომატებული კილოგრამები გახდა. თუმცა, ის ერთი თვეა, რაც სავარჯიშო დარბაზის ყოველდღიური სტუმარია და როგორც თავად ამბობს, უმოკლეს დროში საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და ვიზუალზეც საგრძნობლად ეტყობა.
ნინო მუმლაძე: სანამ ვარჯიშს დავიწყებდი, კრიტიკულ წონამდე ვიყავი მისული. ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილარ ამხელა. ალბათ, როგორც უმეტესობამ, პანდემიის დროს მოვიმატე და პანდემიის შემდეგ რომ მეგონა, აქტიური მუშაობით თავს მოვაბამდი დაკლებას, პირიქით მოხდა – რაც დავისვენე ორი წელი, ერთიანად მომაწვა ბევრი საქმე, სამმაგად მომიწია სირბილი და გარეთ ვიკვებებოდი, შესაბამისად, ცომით და კიდევ უფრო მოვიმატე. არის მომენტი, როცა კი გინდა დაკლება და რაღაცის შეცვლა შენს ცხოვრებაში, მაგრამ შენით ამას ფსიქოლოგიურად ვერ ახერხებ. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუნდაც გადაღლა, დროის უკმარისობა და ასე შემდეგ. ანუ ხვდები, რომ ვიღაცის დახმარება გჭირდება და მარტო ვერ გაუმკლავდები. ზუსტად ეს მომენტი დამიდგა მეც, მივხვდი, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ჩემით ბევრჯერ დამიკლია, მაგრამ ახლა ამის თავი არ მქონდა. მივმართე ფიტნესინსტრუქტორ ბიჭს, ანრის და ძალიან კარგადაც მოვიქეცი. ფსიქოლოგიურად სწორად მომიდგა, რადგან არის მომენტები, როცა სტიმულისთვის ვიღაც გჭირდება. ამ ბიჭმა სწორი სტიმული მომცა. თან, ურთიერთობას აგრესიული ვარჯიშით არ იწყებს, მით უმეტეს, მძიმეწონიან ადამიანებთან. პირველ რიგში, ანალიზები გამაკეთებინა და აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის კატასტროფული ნაკლებობა მაქვს და ზუსტად ამიტომ ვიყავი მუდამ დაღლილი და გათიშული. ასე რომ, გადაღლას რომ წონას ვაბრალებდი, აღმოჩნდა, მთლად ამის ბრალი არ არის და ორგანიზმში D ვიტამინის მწვავე დეფიციტმა გამოიწვია. მერე ვიტამინები დამინიშნა და ფსიქოლოგიურად სწორად მომიდგა. სანამ ვიტამინების ხარჯზე გამოვცოცხლდებოდი, ორგანიზმს მოძრაობას აჩვევდა და როცა სხეული მოითელა, ფიზიკურ დატვირთვას მიეჩვია, გაახსენდა კუნთებს, რომ მათი ფუნქცია მოძრაობა და ვარჯიშია. მეც ენერგია მომემატა და მერე დამინიშნა რადიკალური კვება – დიეტა და დავიწყეთ აგრესიული ვარჯიში. ერთი სიტყვით, ამისთვის სწორად მომამზადა.
– რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ და რამდენი კილოგრამი დაიკელი?
– უკვე ოთხი კვირა გავიდა, რაც ინტენსიურად ვვარჯიშობ და მკაცრ დიეტაზე ვარ. შედეგი კი უკვე მინუს ექვსი კილოგრამია. ამ ეტაპზე შედეგი მომწონს. მინდა გითხრათ, დაკლებული კილოგრამები ვიზუალურად უფრო მეტყობა, ვიდრე სასწორზე ჩანს. ეს ბუნებრივი ფაქტორია.
– როგორც ვიცი, ადრე შენი ძალებით ცდილობდი წონის დაკლებას და თუ არ ვცდები, ჯანმრთელობაც კი დაიზიანე...
– დიახ, ყურმოკრული დიეტებით გავიფუჭე ნივთიერებათა ცვლა ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკში. მაშინ არ იყო იმის ფუფუნება, დიეტოლოგებთან გვევლო და რასაც გავიგონებდით ან მეგობარი გვირჩევდა, იმას ვაკეთებდით. საკმაოდ რადიკალურ დიეტებს ვიცავდით და ეს ძალიან ცუდი და არასწორია, რადგან ამით გავინადგურე ორგანიზმი და ეს პრობლემა ამით გავხადე სამუდამო. რომ ჩავაბარე, მაინცადამაინც მსუქანი არ ვიყავი, უბრალოდ, თვლიდნენ, რომ ლირიკული მსახიობი ვარ და სჯობს, თხელი ვიყო და ქარს რომ გაჰყვები, იმ წონის. შედეგს კი რადიკალურ დიეტაზე ყოფნა მაძლევდა, მაგრამ მერე ორმაგს ვიმატებდი. როცა წლები გავიდა, გავიცანი ძალიან კარგი ენდოკრინოლოგი და მისი დახმარებით 20 კილოგრამი დავიკელი. ასეთ წონას წელიწად-ნახევარი ვინარჩუნებდი, გრამი არ მომმატებია. თუმცა, როცა ზედმეტი წონისკენ გაქვს მიდრეკილება, ბოლომდე ვერ აკონტროლებ. ეს ის დაავადებაა, როცა მუდმივად სჭირდება კონტროლი და მეც მთელი ცხოვრებაა, გამექცევა წონა – მივსდევ, ხან ვიჭერ და ხან გამირბის, სულ ამ ბრძოლაში ვარ (იცინის).
– ბოლო დროს სოციალურ ქსელში ფოტოების დადებას ერიდებოდი. ალბათ, ეს წონის გამო იყო. თუმცა ამ ბოლო დროს დადე ფოტო, როგორი იყავი მანამდე და ვარჯიშის შემდეგ. ამით იმის თქმა ხომ არ გინდოდა: ადამიანებო, არ დანებდეთ და ყველაფერი შესაძლებელია?
– რასაკვირველია, მინდოდა, ჩემი სიხარული გამეზიარებინა და სტიმული მიმეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წონა აწუხებთ. სხვათა შორის, ამ ფოტოს მერე ბევრმა მკითხა, რა გზით მოვახერხე და როგორ დავიკელი. ვფიქრობ, როცა ვიღაცის შედეგს ხედავ და თუ იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც გინდა და რაღაც გაფერხებს – პრობლემა, სიზარმაცე თუ უდროობა, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დგამ, სხვისმა პატარა წარმატებამ, შესაძლოა, უდიდესი სტიმული მოგცეს. დაფიქრდები: სანამ მე აქ ვზივარ და ვსუქდები, ვიღაც აქტიურობს და ხდება, მოდი, არც მე დავკარგავ დროს და მეც დავიკლებ, იქნებ მეც მივაღწიო რაღაცას. ზოგს არ სურს დაკლება, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, ვისაც სურს და სტიმული, ხელის წამოკვრა, თქმა და სწორი მიდგომა სჭირდება? არა მარტო ახლობლებს, უცხო ადამიანებსაც მოუწერიათ და რჩევა უკითხავთ.
– ყოველთვის, როცა ადამიანს ჭარბი წონა აქვს, უჭირს ტანსაცმლის მორგება, ცდილობს, დაფაროს ზედმეტი კილოგრამები და ამისთვის მუდმივად უწევს ფიქრი ტანსაცმლის შერჩევაზე...
– დიდი ზომის ტანსაცმლის შერჩევა სერიოზული პრობლემაა საქართველოში. მე არასოდეს არ ვიქნები ძალიან გამხდარი, ანუ „პლუს საიზ“ დავრჩები, რადგან ეს ჩემი გარკვეული იმიჯია, მეკომფორტულება ეს ვიზუალი და არ მინდა, ვიყო ძალიან გამხდარი. ვიღაცას უხდება ძალიან სიგამხდრე, მე კი ვთვლი, რომ ჩემი მრგვალი ფორმები ჩემი სახეა, რომლის შეცვლაც არ მინდა. აქედან გამომდინარე, მაინც ყოველთვის მიწევს დიდი ტანსაცმლის მოძიება და ვერ ვშოულობ. ძირითად შემთხვევაში ვიკერავ, რადგან ცოტა მაღაზიასა და ბრენდს აქვს ჩემი ზომის სამოსი. სხვათა შორის, გარდერობის გადახალისება არ მომიწევს, რადგან ის წონა, რომელიც ახლა უნდა დავიბრუნო, ისეთია, რომ ბევრი ადრე ნაყიდი ლამაზი, ჩაუცმელი სამოსი მაქვს, რომლებიც მომიხდება. როგორც კი დავიკლებდი, გავვარდებოდი, შევიძენდი ახალ ტანსაცმელს და მერე ისევ ვიმატებდი და ეწყო ხელუხლებელი და ჩაუცმელი (იცინის). ასე რომ, იმის ხათრით, რომ მალე დავიკლებ, იმდენი ტანსაცმელი დამიგროვდა, ყიდვა აღარ დამჭირდება. მომატებულზე არ ვიცოდი რა ჩამეცვა, თორემ დაკლების სტიმულისთვის უამრავი ტანსაცმელი მაქვს ნაყიდი.
– თუნდაც ხუმრობით, მეგობრისგან, ახლობლისგან ან უცნობისგან წონის გამო ბულინგის მსხვერპლი თუ ყოფილხარ?
– მეგობრები სულ ვეღადავებით ერთმანეთს და ბულინგს ვერ დავარქმევ. ხანდახან ჰგონიათ, სტიმულია, როცა აქცენტს წონაზე აკეთებენ, იქნებ ცოტა შევწუხდე და რაღაც შევცვალო, მაგრამ ამას ბულინგად არ აღვიქვამ, რადგან მათი მიზანი ჩემი წყენა და გაბრაზება არ არის. მათ უნდათ, რომ რაღაც მოვიმოქმედო და შევცვალო. წყენაც „გამიტრუხდა“ და აღარ მწყინს, როცა წონაზე მელაპარაკებიან (იცინის). ვაღიარებ, მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად უსვამდნენ ჩემს წონას ხაზს, მაგრამ იმიტომ არა, რომ მწყენოდა, არამედ იმისთვის, რომ თვალებში გამოვიხედო და მივხვდე, რომ მართლა ცუდად გამოვიყურები და რაღაც შევცვალო. თუმცა ბევრი კმაყოფილია ჩემი წონით (იცინის). მაგალითად, ძალიან რომ მომიმატებია წონაში, გადამიღია ფოტო, დამიდია სოციალურ ქსელში და ჩემი წონით აღფრთოვანებულ უცნობ მამაკაცებს მოუწერიათ, როგორ გიხდებაო. გემოვნების ამბავია და არიან მამაკაცები, რომლებსაც ძალიან ფუმფულა ქალები მოსწონთ, უყვართ და ძალიან რომ ვიმატებ, მაშინ უფრო აქტიურდებიან (იცინის).
– ოჯახის წევრები ახსენე და მინდა, ჟურნალის სახელით მოგილოცო დაიკოს გაბედნიერება. წარმომიდგენია, როგორ გაგიჭირდა ამ საზეიმო დღისთვის მომატებულ წონაზე სამოსის შერჩევა...
– მადლობა მოლოცვისთვის. ის ფოტო, რომელიც დავდე და სადაც კრიტიკულ წონაზე ვიყავი მისული, ზუსტად ჩემი დის ქორწილიდან იყო. ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, მხოლოდ ოჯახის წევრები და მეჯვარეები ვიყავით და ამიტომ დიდად არ გამიჭირდა. თან, ვფიქრობდი: გადავაგორებ ჩემი დის ქორწილს და მერე დავიწყებ წონაში კლებას-მეთქი. ასეც მოვიქეცი, რადგან ბუნებრივია, სუფრასთან გამიჭირდებოდა თავის შეკავება (იცინის). ის ფოტო იყო ჩემი ბოლო ფოტო იმ წონაში და იმედია, იმ დონეს აღარასოდეს დავუბრუნდები. კი, შეიძლება, ვიღაცას ასეთი უფრო მოვწონვარ და არიან ასეთი ადამიანებიც, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემთვის ზედმეტია, არ მიხდება და ცოტა გამხდარი უკეთესად გამოვიყურები. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვაპირებ რადიკალურ ცვლილებას და ძალიან გახდომას. ისე, რომ ხალხმა ვერ მიცნოს, ისეთ წონამდე არ მივალ, მაგრამ ცოტას დავიკლებ და ისეთი გავხდები, რაც პანდემიამდე ვიყავი.
ჟურნალი "თბილისელები"
ნონა დათეშიძე