თუ დილაობით დაქანცულს გეღვიძებათ და თვალების გახელა გიჭირთ, ძალ-ღონე გაქვთ გამოლეული და აპათია და მოთენთილობა გეუფლებათ, ჩანს, არტერიული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება) გაწუხებთ.
ეს დაავადება მამაკაცებისთვისაც ნაცნობია, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო "სწყალობს". ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა წნევის დაქვეითებისკენ არის მიდრეკილი. ჰიპოტონიას ხშირად უჩივიან დიეტაზე მყოფი გოგონები, ორსულები, სპორტსმენები და ასთენიური აღნაგობის - თხელი, ფაქიზი, გრძელფეხება, ვიწრობეჭება - ქალბატონები.
ჰიპოტონიის მთავარი მიზეზი არტერიების დაბალი ტონუსია, რასაც არაერთი დაავადება იწვევს (პირველ რიგში - ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცია), თუმცა ქალებში ხშირად გვხვდება რამდენიმე ტიპის ჰიპოტონია, რომლებიც არც ერთ დაავადებას არ უკავშირდება. ასეთი სულ ოთხია: დროებითი, პროფესიული, ასაკობრივი და ორთოსტატიკური.
მრავალ ქალბატონს დროებითი ჰიპოტონიის შეტევა ელექტრომაგნიტური გამოსხივების (მაგნიტური ქარიშხლების), ხანგრძლივი ვიბრაციის (მაგალითად, ტრანსპორტში) დროს, ხმაურისა და მკვეთრი სუნის შეგრძნებისას ეწყება.
პროფესიული ჰიპოტონია იმ ქალთა ხვედრია, რომლებიც ზომაზე მეტ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას განიცდიან. წნევის დაქვეითება მათთვის ერთგვარი დამცავი მექანიზმია - ორგანიზმი ცდილობს, კონკრეტულ მომენტში გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადამეტებული აქტივობა დაარეგულიროს.
ასაკობრივი ჰიპოტონია აქვთ გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონებს, რომელთაც ახლაღა უყალიბდებათ მენსტრუალური ციკლი. ამ პერიოდში სისხლძარღვოვან სისტემას, ერთი მხრივ, უჭირს სწრაფად მზარდი ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მეორე მხრივ კი, ჰორმონული ფონის მკვეთრ ცვლილებაზე რეაგირებს.
ორთოსტატიკური ჰიპოტონია სხეულის მდებარეობის მკვეთრი ცვლილებით გახლავთ გამოწვეული. ის უმთავრესად აწუხებთ ხანშიშესულ ქალბატონებს (განსაკუთრებით მათ, ვისი ორგანიზმიც ქრონიკული დაავადებებით ან ხშირი ოპერაციებითაა დასუსტებული) და ორსულებს, ფეხმძიმობის მეორე ნახევარში. სწრაფი ადგომის ან დახრის დროს ისინი ყურების დაგუბებას, თვალების დაბნელებასა და გონების დაბინდვას გრძნობენ.
ჰიპოტონიის კლასიკური სიმპტომები ასეთია:
სისტოლური (ზემოთა) წნევის მაჩვენებელი 100-ს ქვემოთაა, დიასტოლური კი 70-ს არ აღემატება.
სისუსტე, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა, ძილიანობა;
ხშირი თავის ტკივილი, პულსის გახშირება, წაბარბაცებისა და გულის წასვლისკენ მიდრეკილება;
მოუსვენრობა და დროდადრო აუხსნელი შიშის შეგრძნება.
ჰიპოტონიკის ცხოვრება წნევასთან მუდმივი ბრძოლაა.
ყველა "სტაჟიან" ჰიპოტონიკს წნევის ნორმალურ მაჩვენებლამდე მომატების ინდივიდუალური ხერხი აქვს შემუშავებული. ჩვენ შემოგთავაზებთ შვიდ უნიკალურ მეთოდს, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში უთუოდ დაგეხმარებათ. თითოეული 5-5 დღის მანძილზე გამოსცადეთ (ამ ხნის განმავლობაში რეგულარულად იზომეთ წნევა, რათა მეთოდის ეფექტურობა დაადგინოთ), შემდეგ კი ყველაზე ეფექტური გამოიყენეთ.
2 ჩ/კ ნედლ, დაქუცმაცებულ უსუპს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ჩაიტარეთ 2-კვირიანი კურსი, მერე კი 1-2 თვე დაისვენეთ.
დილით და დღის განმავლობაში 1-2-ჯერ დალიეთ მაგარი მწვანე ჩაი.
წელიწადში 3-4-ჯერ (თუ მკურნალი ექიმი წინააღმდეგი არ იქნება) 21 დღის განმავლობაში მიიღეთ აფთიაქში შეძენილი ჟენ-შენის ან ევკალიპტის ნაყენი. თუ წნევა მეტისმეტად დაბალი გაქვთ, ლიმონურას მიღებაც შეგიძლიათ (10-20 წვეთი 1/4 ჭიქა წყალზე საუზმისა და სადილის წინ).
დილით და საღამოს, დაწოლამდე 1 საათით ადრე, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
კვირაში ორჯერ (უკეთესი იქნება, ყოველ მეორე დღეს) მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ჯერ 5-7 წუთი თბილი წყლის ნაკადის ქვეშ დადექით, შემდეგ წყალი ნელ-ნელა გააცივეთ, მერე კი ისევ გაათბეთ.
თუ ჭამის შემდეგ თავს კარგად გრძნობთ, შეეცადეთ, მიირთვათ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით.
ყოველ დილას, საწოლიდან ადგომამდე, შეასრულეთ ასეთი ვარჯიშები:
დაწექით ზურგზე და ხელები ტანის გასწვრივ ჩაჭიმეთ. ექვსჯერ ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და პირით ამოისუნთქეთ.
მიაბრუნეთ თავი მარჯვნივ და მარჯვენა ხელისგული ქვედა ყბის კუთხიდან ლავიწამდე გაისვით. შემდეგ თავი მარცხნივ მიაბრუნეთ და იგივე მოძრაობა მარცხენა ხელით შეასრულეთ.
მარჯვენა და მარცხენა ხელები 25-25-ჯერ რიგრიგობით გადაისვით შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ, შემდეგ კი თითის ბალიშების მსუბუქი დარტყმით საფეთქლების მასაჟი გაიკეთეთ.
მოდუნდით და გააკეთეთ 3 ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა.
საჩვენებელი და ცერა თითები თვალის შიგნითა და გარეთა კუთხეებზე დაიწყვეთ და მოახდინეთ პერიოდული ზეწოლა ასეთი სქემით: ძლიერი ზეწოლა (დაითვალეთ 7-მდე) - შესვენება (დაითვალეთ 15-მდე) - ზეწოლა - პაუზა - სრული მოდუნება.
დახუჭეთ თვალები და ორივე ხელის საჩვენებელი თითები შიგნიდან გარეთ რამდენჯერმე გადაისვით ქუთუთოებზე.
რამდენჯერმე გაჭიმეთ ხელები ჯერ წინ, შემდეგ - ზევით.
თავი რამდენჯერმე მიაბრუნეთ მარჯვნივ და მარცხნივ, შემდეგ კი გადაწექით ჯერ ერთ, მერე მეორე გვერდზე.
დაწექით მარჯვენა გვერდზე და 5-6-ჯერ ასწიეთ გამართული მარცხენა ფეხი. შემდეგ მარცხენა გვერდზე გადაწექით და იგივე გააკეთეთ მარჯვენა ფეხით.
დაწექით ზურგზე, ხელები განზე გაშალეთ, წამოჯექით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვის დროს კი ნელ-ნელა დაიხარეთ წინ და თითებით შეეხეთ ტერფებს. რამდენიმე წამით ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით, მერე კი დაწექით. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
ექიმი ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)