„ხვიჩა კვარაცხელია ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან დაიწყო ოცნება და ამ ოცნებისკენ მიისწრაფვის. მშრომელი ადამიანი, რომელიც თავისი საქმისთვის და ოჯახისთვის აკეთებს ყველაფერს“ - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის სახელი იტალიაში გამგზავრებამდეც ხშირად იწერებოდა და ისმოდა. ფეხბურთის გულშემატკივრები კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელმაც ერს ქართული ფეხბურთის რწმენა დაუბრუნა.
საფეხბურთო ნიჭის გარდა, 21 წლის ხვიჩა მისი თავმდაბლობისა და ხასიათის გამოც შეიყვარეს. როგორც თავად ამბობს, მისთვის ოჯახი და ფეხბურთი ყველაფერია, თამაშის წინ ყოველთვის კითხულობს ლოცვას და ყველაზე მეტად სურს მისი პატარა გულშემატკივრები გაახაროს. კვარაცხელიას და ფეხბურთის ურთიერთობა ადრეულ ასაკშივე დაიწყო, ამის შესახებ მან თავად ისაუბრა:
"სადღაც 4-5 წლის ასაკში მივხვდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. ვუყურებდი ამ სპორტს. მახსოვს, ფეხბურთი გუტიმ შემაყვარა, ძალიან მომწონდა. ზოგადად, ყველას უყვარს ფეხბურთელი, რომელიც გოლს იტანს. არ მინდოდა, ვინმეს რაიმე ცუდად ეფიქრა. ვფიქრობდი, რომ მეც ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიყავი. დიდად მაგ დროს არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდი“ - იხსენებს ხვიჩა.

სპორტისადმი მისმა გატაცებამ შედეგი მალევე გამოიღო და პროფესიონალურ გუნდებში დაიწყო თამაში, რის გამოც უმაღლესი განათლების მიღება ვერ მოახერხა, თუმცა ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში აუცილებლად ისწავლიდა, რადგან მაქსიმალისტია და სურს ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს.
მისივე ინტერვიუებიდან თამამად შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდ პატივს ხვიჩა მის მშობლებს სცემს. გასულ წელს ის ამბობდა, რომ მისი შემოსავალი მშობლებს და ოჯახს ეკუთვნოდა, რადგან მათ მისცეს ყველაფერი, რისი წყალობითაც წარმატების მიღწევა შეძლო.

„ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო“ - ამბობს კვარაცხელია.

ოჯახის, პროფესიონალიზმის და გულშემატკივრების მხარდაჭერის ხარჯზე, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სახელიც წლების წინ არავინ იცოდა და მხოლოდ ერთი უბრალო ბიჭი იყო, რომელიც წალენჯიხაში ცხოვრობდა და სხვების მსგავსად, სიამოვნებას სპორტის თამაშით იღებდა, დღეს იტალიის საფეხბურთო კლუბში თამაშობს და მის თითოეულ თამაშს ასი ათასობით ადამიანი დიდი სიამაყით უყურებს.
